1944 წლის ფილმ გაზლაითში ინგრიდ ბერგმანი ოპერის ახალგაზრდა მომღერლის, პაულას, როლს თამაშობს. პაულა აღმზრდელი დეიდის სიკვდილითაა ტრავმირებული, თუმცა მომხიბლავ მუსიკოსთან — რომლის როლსაც ჩარლზ ბოიერი ასრულებს — დაწყებული ქორწინება ქალს განცდების ახალ მორევში აგდებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ წყდება თანდათან პაულა გარესამყაროს და გზააბნეული ხდება, რადგან მეუღლე არწმუნებს, რომ იგი გიჟდება: ნივთები იკარგება; ჩაკეტილი სხვენიდან უცნაური ხმაური ისმის; სახლის გაზზე მომუშავე განათება ავისმომასწავებლად ციმციმებს. მაყურებელი პაულაზე ადრე ხვდება, რომ ამ გონებისამრევი მოვლენების უკან მისი ქმარი დგას. ერთ-ერთ სცენაში პაულა აღელვებული ეკითხება მას: "შენ გინდა მითხრა, რომ მე გავგიჟდი?"; ქმარი კი ღვარძლიანად მიუგებს: "ალბათ ახლა ხვდები, რატომ არ შემიძლია მოგცე ნება, ხალხს შეხვდე".

გაზლაითინგი არის ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმა, რომლის დროსაც მოძალადე რეალობის დამახინჯებითა და მუდმივი ტყუილებით მსხვერპლს აიძულებს, საკუთარ საღ გონებაში და რეალობის აღქმის უნარში ეჭვი შეიტანოს. ეს ტერმინი, მართალია, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ იგი ფსიქოანალიტიკურ კვლევებში ათწლეულებია, რაც განიხილება. თავად სახელი მომდინარეობს ზემოხსენებული თრილერისაგან, რომელიც პატრიკ ჰამილტონის 1938 წლის პიესასა და 1940 წლის ბრიტანულ ფილმზეა დაფუძნებული. ამბის თითოეული ვერსია წაროგვიდგენს მძაფრ და ინტიმურ გარემოს, რომელშიც ვითარდება ოჯახური ძალადობა, რაც იმ პერიოდში ტაბუირებულ თემას წარმოადგენდა.

ჯორჯ კიუკორის რეჟისორობით გადაღებული 1944 წლის ფსიქოლოგიური თრილერი, გაზლაითი, გვაჩვენებს ქმრის მცდელობას, მანიპულაციით დაარწუმნოს ცოლი, რომ იგი ჭკუიდან იშლება.

ფოტო: Alamy

რაოდენ ირონიულიც უნდა იყოს, ჰოლივუდურმა რიმეიქმა სცადა, მიეჩქმალა თავისი წინამორბედი და მოითხოვა ბრიტანული ფილმის ფირის განადგურება — შემოსავალზე ორიენტირებული ბიზნესი იშვიათადაა პატიოსანი. და მაინც, მასებზე გათვლილ დრამას თავისი პლიუსები და დადებითი ცვლილების მოტანის პოტენციალი აქვს. მას შეუძლია, ისტორიის თხრობით მრავალფეროვანი და დიდი აუდიტორია მიიზიდოს; ასახოს, რა ხდება დახურულ კარს მიღმა; უკეთ გაგვაცნობიერებინოს, რა სახე შეიძლება მიიღოს ოჯახურმა ძალადობამ. მიუხედავად პრობლემის უნივერსალურობისა, შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში გადაღებულმა ამ დრამებმა მეტწილად განსაზღვრა კიდეც, როგორ აღიქვამს კაცობრიობა ძალადობის ამ ფორმას.

ოცდამეერთე საუკუნეში, როცა დასავლური დრამის აუდიტორია კიდევ უფრო გლობალური გახდა, ადამიანებმა მეტი იციან ამ ფენომენის შესახებ. საზოგადოება ნელ-ნელა აღიარებს, რომ ეს უნივერსალური პრობლემაა, რომელსაც ზეგავლენა ნებისმიერი თაობის, გენდერის და წარმომავლობის ადამიანზე შეიძლება ჰქონდეს (თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მსხვერპლი ქალია, ხოლო მოძალადე — კაცი); და მიუხედავად იმისა, რომ ის რთულად შესამჩნევია ხოლმე, გაზლაითინგსა და იძულებით კონტროლს მსხვერპლისთვის დამანგრეველი შედეგები აქვს.

ეს პრობლემა შთამბეჭდავი ნიუანსებით არის აღბეჭდილი ლიანა მორიარტის 2014 წლის რომანის მიხედვით გადაღებულ HBO-ს სერიალში, დიდი პატარა ტყუილები, სადაც ნიკოლ კიდმანისა და ალექსანდრ სკარსგარდის პერსონაჟების, სელესტისა და პერის ერთი შეხედვით იდეალური ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ საბურველია, რომელიც მწარე და მრავლისმომცველი შედეგების მქონე სიმართლეს ფარავს. ნეტფლიქსის მინისერიალში, დაუჯერებელი, რომელიც ძალადობის რეალურ შემთხვევებს ეყრდნობა, ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება გაუპატიურების მსხვერპლი სასამართლო სისტემის მხრიდან გაზლაითინგის მსხვერპლიც. მრავალსერიიანი ბრიტანული საპნის ოპერა, კორონაციის ქუჩა, კი წლების განმავლობაში მიმდინარე იძულებითი კონტროლის ისტორიას სათანადო სიფრთხილითა და მგრძნობელობით გვიყვება.

სერიალში, დიდი პატარა ტყუილები, ნიკოლ კიდმანისა და ალექსანდრ სკარსგარდის მიერ განსახიერებული ცოლ-ქმარი გარე სამყაროსთვის იდეალური წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ფოტო: HBO

გამეინსტრიმება

პოპკულტურაში მსგავსი თემების სიღრმისეულად წარმოსაჩენად გარკვეული ეტაპების გადალახვა გახდა საჭირო. ომისშემდგომმა დრამამ სხვადასხვა სოციალური პრობლემისადმი მეტი მიმღებლობა მოიტანა; მაგალითად, კენ ლოუჩის 1967 წლის ფილმში, საბრალო ძროხა, რომელიც ნელ დანის რომანს ეფუძნება, აღწერილია ძალადობრივ ურთიერთობაში გამოკეტილი მუშათა კლასის წარმომადგენელი ქალის ყოფა. თუმცა კულტურაში გარდამტეხი მომენტი მოგვიანებით, მას შემდეგ დადგა, რაც ბრიტანეთსა და აშშ-ში არსებითი სოციალური და კანონმდებლობითი ცვლილებები მოხდა.

ამ სფეროებში პროგრესის უდიდესი ნაწილი გასაოცრად უახლესია; ბრიტანეთში ქალთა პირველი თავშესაფარი 1971 წელს გაიხსნა დასავლეთ ლონდონში, ერინ პრიზის დაფინანსებით და ის მოგვიანებით საქველმოქმედო ფონდ Refuge-ად გარდაიქმნა, რომელიც დღემდე ეხმარება ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს. ქორწინებაში ყოფნისას გაუპატიურება მხოლოდ და მხოლოდ 1991 წელს აღიარა ბრიტანეთის სასამართლომ დანაშაულად, აშშ-მ კი ეს კანონმდებლობითი ცვლილება ყველა შტატში 1993 წლისთვის განახორციელა. 2015 წელს ბრიტანეთის სასამართლომ იძულებითი კონტროლიც ცნო ოჯახური ძალადობის ფორმად და, შესაბამისად — დანაშაულად.

1980-1990-იანებში ოჯახური ძალადობა მეინსტრიმულ ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში ხშირად განხილულ თემად იქცა. მრავალ მათგანში მსხვერპლის როლებს ცნობილი მსახიობები ასრულებდნენ. ამის მაგალითებია ფარა ფოუსეტი 1980 წლის სატელევიზიო ფილმში, აალებული საწოლი; ჯულია რობერტსი 1991 წლის ფილმში, მტერთან ძილი; ანჯელა ბასეტი ტინა ტერნერის ბიოგრაფიაზე აგებულ 1993 წლის ფილმში, რა ესაქმება აქ სიყვარულს? და ქეტი ბეითსი სტივენ კინგის წიგნზე დაფუძნებულ 1995 წლის ფილმში, დოლორეს კლეიბორნი. მწვავე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ფოკუსირებულმა ამ ბლოკბასტერულმა სიუჟეტებმა საზოგადოებრივი განხილვები კი გამოიწვია, მაგრამ, რაც უნდა უცნაური იყოს, მათ მაყურებელსა და პრობლემას შორის ერთგვარი დისტანციის შექმნაც განაპირობეს; ამ ჰოლივუდურმა ამბებმა აუდიტორიის წევრებს იმის ილუზია შეუქმნეს, რომ მსგავსი რამ მხოლოდ სხვა ადამიანებს შეიძლებოდა დამართნოდათ.

1993 წლის ბიოგრაფიული ფილმი, რა ესაქმება აქ სიყვარულს? მოგვითხრობს, როგორ ახერხებს მომღერალი ტინა ტერნერი თავისი მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევას.

ფოტო: Alamy

როგორც დაიან შუზი ამბობს თავის წიგნში, ოჯახური ძალადობა ჰოლივუდურ ფილმებში, "მიუხედავად იმისა, რომ ეს ნარატივები თითქოს მთავარი გმირების მიმართ არიან დადებითად განწყობილები და ცდილობენ, შეცვალონ მითები ოჯახურ ძალადობაზე, უმეტესობა გვთავაზობს ზედმეტად კომფორტულ პოზიციას, საიდანაც, უბრალოდ, გვიმყარდება უკვე გათავისებული შეხედულებები მოძალადე კაცებზე, მსხვერპლ ქალებზე და რასობრივი და კლასობრივი ძალადობის ჩვეულ სქემებზე... მსაგვსი ფილმები უარყოფენ ძალადობისთვის დამახასიათებელ იმ კოპლექსურობასა და შიდა წინააღმდეგობებს, რომელთა წარმოჩენაც მარტივი ჰოლივუდური სიუჟეტებით შეუძლებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ ფილმთა უმეტესობა ქალებს ეუბნება, რომ ისინი ვალდებულნი არიან მარტოები, ერთი ხელის მოსმით გაუმკლავდნენ ამ პრობლემას".

"პოპულარული კულტურა ნამდვილად შეიძლება იყოს მასების განათლების შესანიშნავი გზა. მაგრამ 1990-იანი წლების დრამებმა გაამყარეს მითი, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მხოლოდ განსაზღვრული კატეგორიის ადამიანები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ; ან რომ მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ მთვრალი იყო, — ამბობს ლაიზა კინგი, Refuge-ის კომუნიკაციისა და კამპანიების განყოფილების დირექტორი, — "თუმცა ამ მხრივ მდგომარეობა გამოსწორების გზაზეა".

კინგი აღნიშნავს, რომ ამ კუთხით გარდამტეხი ცვლილება BBC-ის რადიოს საპნის ოპერამ, არჩერებმა მოიტანა. მასში პერსონაჟი ჰელენ ტიჩენერი თავისი ქმრის მხრიდან დროში გაწელილად მოქმედი ძალადობრივი კონტროლის მსხვერპლი ხდება. "არჩერებმა სიუჟეტი რეალურ დროში ააგო. მან პასუხი გასცა ხშირად დასმულ კითხვას, თუ ქმარი მასზე ძალადობს, რატომ არ ადგება და წავა? და განავრცობს ცოდნას ოჯახურ ძალადობაზე, ამ ფენომენის ფინანსურ და სექსუალურ მხარეზე, ეჭვიანობასა და მესაკუთრეობაზე და იმ მდგომარეობაზე, როცა რეალობას გიმახინჯებენ. მან ფარდა ახადა იმ სიმართლეს, რომ მსხვერპლ ქალებს ხშირად თავად ადანაშაულებენ და რიყავენ. შოუმ იმ აუდიტორიამდე მიაღწია, რომელსაც ეს პრობლემა ეცნო. პერსონაჟები იდენტიფიცირებადი არიან".

1991 წლის ფსიქოლოგიურ დრამაში, მტერთან ძილი, ჯულია რობერტსი განასახიერებს ქალს, რომელიც ცდილობს გაექცეს თავის მოძალადე ქმარს.

ფოტო: Alamy

ამბის ფორმირება

2016 წლის თებერვალში, როდესაც არჩერების სიუჟეტი უკვე დიდი ხანი იყო, ვითარდებოდა, Refuge-ში ზარების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 17 პროცენტით გაიზარდა. იმავე თვეში არჩერების ფანმა, პოლ თრუმანმა, ფონდი JustGiving ჩამოაყალიბა, რათა ოჯახური ძალადობის რეალურ მსხვერპლებს დახმარებოდა. 2016 წლის 12 მაისამდე ფონდის ვებგვერდმა 193 ათას დოლარზე მეტი მოაგროვა.

ცნობიერების ამაღლების მიზნით Refuge მრავალ სცენარისტთან თანამშრომლობს, რომელთა რიცხვშიც ისეთ სერიალებსა და ფილმებზე მომუშავენი არიან, როგორებიცაა დიდი პატარა ტყუილები და 2011 წლის ტირანოზავრი. ამ უკანასკნელში ოლივია კოლმანი განასახიერებს პერსონაჟ ჰანას, რომელიც ქმრის მხრიდან საშინელი ძალადობის მსხვერპლია. კოლმანი მოგვიანებით Refuge-ის ელჩი და ახალგაზრდებზე ფოკუსირებული საქველმოქმედო ფონდის, Tender-ის მფარველი გახდა.

ძალადობის მსხვერპლთა დამხმარე ორგანიზაციებსა და სატელევიზიო სერიალსა თუ ფილმზე მომუშავე გუნდებს შორის თანამშრომლობის შედეგი მხოლოდ ხარისხიანი დრამა არ არის; ამის წყალობით ადამიანებს საციცოხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების მიღების შანსიც ეძლევათ. კორონაციის ქუჩაში მოთხრობილი გაზლაითინგის ამბავი, რომელშიც სიცოცხლისმოყვარული იასმინ ნაზირი თავისი პარტნიორის, ჯეფის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერლია, ორი წლის განმავლობაში ვითარდებოდა. სცენარისტებს მეგზურობას ძალადობის მსხვერპლ ქალთა დახმარებაზე ორიენტირებული საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები უწევდნენ.

2011 წლის დრამაში, ტირანოზავრი, ძალადობის მსხვერპლის განსახიერების შემდეგ ოლივია კოლმანი ოჯახური ძალადობის მსხვერპლებზე მომუშავე საქველმოქმედო ფონდის ელჩი გახდა.

ფოტო: Film 4

"ფსიქოლოგიური ძალადობა დღემდე ხშირად არასწორადაა გაგებული. ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ საჭირო იყო, გვეჩენებინა ტოქსიკური ურთიერთობების ნიმუშები და აგვემაღლებინა ცნობიერება იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება და რა ფორმას იძენს მსაგვსი სახის კავშირები", — ხსნის სერიალის უფროსი სცენარისტი, ემი ქუმბსი, — "ვიფიქრეთ, ამის წარმოსაჩენად იასმინის მსგავსი ნათელი პერსონაჟის გამოყენება მართებული იყო. ჩვენ კვლვევებზე დაყრდნობით აღმოვაჩინეთ, რომ მოძალადეები მაინცდამაინც დაბალი თვითშეფასების მქონე მსხვერპლს არ ირჩევენ. პირიქით, ისეთი ადამიანების ფსიქოლოგიურად გატეხვა, ვისაც მტკიცე სული და თავდაჯერებულობა აქვს, მათთვის გამოწვევის მსგავსია.

"ყველაზე რთული ჩვენთვის ისტორიის განვითარების ტემპის შერჩევა იყო", — აღიარებს ქუმბსი და იხსენებს, რომ ტრადიციული საპნის ოპერისთვის პრობლემის სწრაფი მოგვარებაა დამახასიათებელი, — "პრობლემის სპეციფიკიდან გამომდინარე სიუჟეტი ნელა უნდა განვითარებულიყო — კონტროლი ერთი ღამის განმავლობაში არ მყარდება და ხშირად ურთიერთობის ადრეულ პერიოდში მოხიბვლის სურვილად, სიყვარულად და რომანტიკულ გრძნობებადაა შენიღბული. ჩვენ გვჭირდებოდა, რომ თავდაპირველად მაყურებლები იასმინისა და ჯეფის ურთიერთობის გულშემატკივრებად ქცეულიყვნენ. სხვაგვარად მოგვიანებით ჯეფის მხრიდან გამოვლენილ ძალადობას საჭირო ეფექტი არ ექნებოდა. ამის გარეშე აუდიტორია ვერც იმას გაიგებდა, რატომ რჩებოდა მასთან იასმინი. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რომ ჯეფი გარე სამყაროს თვალში მისტერ ხუმარა ყოფილიყო. ხშირად, როდესაც სოციუმი მოძალადის ვინაობას იგებს, ისმის კითხვები, ნუთუ, ის? კი მაგრამ, ის ხომ ასეთი კარგი ბიჭი იყო?!"

ქუმბსი ამ სიუჟეტურ ხაზზე საზოგადოებრივმა გამოხმაურებამ შეაგულიანა: "არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქალებს საკუთარ ურთიერთობებში გარკვეული ნიშნების აღმოჩენაში დაეხმარება თუ იმ ადამიანების შემჩნევას და დახმარებას შეგვაძლებინებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან — ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ მიზანს მივაღწიეთ. თუ ჩვენი შოუთი ერთ ადამიანს მაინც მსგავსი ურთიერთობისგან თავის დაღწევაში დავეხმარებით, ფუჭად არ გვიშრომია".

დახშული წრის გახსნა

მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა, გრეისის დაკარგვა, მაყურებლის ყურადღება შექმნამდე მიიპყრო; მასში, დედა თავის ქალიშვილთან ერთად მოძალადე პარტნიორისგან გამოქცევის შემდეგ დროებით თავშესაფარს პოულობს.

ფოტო: Losing Grace Film

დღეისთვის ბევრი ელოდება ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ფილმის, გრეისის დაკარგვა, გამოსვლას. მასზე მრავალი ჯილდოს მფლობელი, სრულად ქალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი მუშაობს და ის მთლიანად ხალხის შემოწირულობით ფინანსდება. ეს პოეტური თრილერი ასახავს რეალისტურ დრამას და კონცენტრირდება იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ოჯახურ ძალადობას უფროსებსა და ბავშვებზე.

"ჩვენ მეტწილად დედისა და ქალიშვილის ურთიერთობასა და მშობლის მხრიდან ბავშვის დაცვის სურვილზე გავამახვილეთ ყურადღება", — ხსნის ფილმის სცენარისტი და რეჟისორი, ათენა მენდისი, — "წარმოიდგინეთ შემთხვევა, როცა დედას ყველა გიჟად აღიქვამს, მაგრამ ის, რეალურად, მოძალადე პარტნიორს გაურბის. როდესაც შენი ნამუშევარი შექმნამდეც ახერხებს, გამოხმაურება მოიპოვოს, ეს პასუხისმგებლობას გიორმაგებს. ადამიანებს სჭირდებათ, კულტურის ნიმუშში საკუთარი თავები ამოიცნონ. ამ გზით ისინი ხვდებიან, რომ მარტონი არ არიან. თუ ჩვენ ამაზე საუბარს არ დავიწყებთ, ვერასოდეს შევძლებთ არსებული სიტუაციის შეცვლას".

ცვლილებები კი სასიცოცხლოდ საჭიროა. მაშინ, როცა ლამის ყოველდღიურად გვესმის ამბები ფემიციდზე და მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკა #metoo-ს ერაში ჯერ კიდევ მყარად ფესვგადმულია, პოპულარული კულტურა ოჯახური ძალადობით გამოწვეულ იზოლირებულობას უნდა სთავაზობდეს ანტიდოტს. ის უნდა გვახსენდებდეს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა რეალურია და მისი მსხვერპლები მარტონი არ არიან.