კაშხლებში იმდენი წყალია, რომ ამან დედამიწის პოლუსებს ადგილი შეუცვალა
ფოტო: Getty Images
ახალი კვლევის თანახმად, 1835 წლის შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კაშხლების აშენებამ დედამიწის პოლუსებზე იქონია გავლენა. ასეთ დიდ წყალსატევებში იმ მოცულობის წყალია, რომ ამან ჩვენს პლანეტაზე მასა სხვაგვარად გადაანაწილა და მანტიის მიმართ ციური სხეულის ქერქის მდებარეობა შეცვალა.
ქერქი მანტიის ზემოთაა განლაგებული და მას აწვება სიმძიმით, რომელიც დედამიწის პოლუსების მდებარეობაზეც მოქმედებს. საქმე ისაა, რომ პლანეტის ზედაპირზე ან სიღრმეში მასის ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაადგილება მანტიის მიმართ ბრუნვის ღერძის ორიენტაციას ცვლის. ამას "ნამდვილი პოლარული ხეტიალი" ეწოდება.
მეცნიერებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ადამიანთა აქტივობების შედეგად წყლის დიდი მოცულობების სხვაგვარად განაწილებას ასეთი პოლარული გადანაცვლების გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, იგივე ეფექტი აქვს კლიმატის ცვლილების გამო ყინულის დნობასა და მიწისქვეშა რეზერვუარების დაცლას. უკანასკნელ კვლევაში ყურადღება მსოფლიოს 6862 კაშხლის გავლენაზე გამახვილდა. ავტორებმა უკვე გამოქვეყნებული მონაცემები გამოიყენეს, რომელთა თანახმადაც მათში წყლის დაგროვებამ გლობალურად ზღვის დონის 23 მილიმეტრით შემცირება გამოიწვია.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ 1835-დან 2011 წლამდე კაშხლებმა პოლუსები 1.1 მეტრით გადაანაცვლა. ეს მათ კომპიუტერული სიმულაციებისა და მოდელირების მეშვეობით გამოითვალეს. პროცესი ორ საკვლევ პერიოდად დაყვეს: 1835-1954 და 1954-2011 წლებად.
პირველი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მასშტაბური კაშხლების მშენებლობას მოიცავს, რამაც ჩრდილოეთ პოლუსი 103-ე მერიდიანული აღმოსავლეთის გრძედთან 20 სანტიმეტრით დააახლოვა (ის რუსეთზე, მონღოლეთსა და ჩინეთზე გადის); მეორე პერიოდში აღმოსავლეთ აფრიკასა და აზიაში ძვირადღირებული კაშხლები აშენდა, რამაც იგივე პოლუსი 117-ე მერიდიანული დასავლეთისკენ 57 სანტიმეტრით გადაწია (ეს გრძედი ჩრდ. ამერიკის დასავლეთსა და სამხრეთ წყნარ ოკეანეს კვეთს).
მსგავსი პოლარული ხეტიალი წრფივი არაა, არამედ უსწორმასწორო ხაზზე ვრცელდება. ამის შედეგად, საბოლოო გადანაცვლება 1.1 მეტრს არ აღემატება. აღნიშნულ პროცესს დედამიწაზე დიდი გავლენა არ აქვს, მაგრამ ზღვის დონეზე კაშხლების ზემოქმედება მნიშვნელოვანია.
მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

კომენტარები