OpenAI ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ბრაუზერს გამოუშვებს — რა ვიცით

ფოტო: Shutterstock
Reuters-ის ცნობით, OpenAI ვებბრაუზერის გამოშვებას აპირებს, რომელიც Google Chrome-სა და Safari-ს გაუწევს კონკურენციას. ახალი ბრაუზერი თითქმის მზადაა და მომდევნო კვირებში გახდება ხელმისაწვდომი.
OpenAI-ს ბრაუზერი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმუშავებს. ბრაუზერის მეშვეობით კომპანია ვებზე ძიების მონაცემებსაც მიიღებს — ინფორმაციას, რომლის წყალობითაც Google Chrome-მა ბრაუზერებში მოწინავე ადგილი შეინარჩუნა.
ცნობილია, რომ წარსულში OpenAI-მ გუგლს ძიების მონაცემები სთხოვა, რათა საკუთარ ჩატბოტში ძებნის ფუნქცია (SearchGPT) გაეუმჯობესებინა, თუმცა გუგლმა იუარა.
Google-ის მშობელი კომპანია, სახელად Alphabet, თავისი ბრაუზერიდან მიღებულ მონაცემებს იმისთვის იყენებს, რომ მომხმარებლებს უკეთ მორგებული რეკლამები შესთავაზოს. OpenAI-ს უკვე აქვს ძიების ფუნქცია SearchGPT; შესაბამისად, შემდეგი ლოგიკური ნაბიჯია ბრაუზერი, რომელშიც ეს ფუნქცია იქნება ინტეგრირებული.
ცნობილია, რომ OpenAI-ს ბრაუზერში ინტერაქციების ნაწილი ChatGPT-ს მსგავს ინტერფეისში შედგება, ანუ მომხმარებლებს ბრაუზერი სხვადასხვა ბმულზე არ გადაამისამართებს.
ბრაუზერში, შესაძლოა, OpenAI-ს სხვა პროდუქტებიც მოხვდეს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, Operator, რომელიც ბრაუზერს სხვადასხვა მოქმედების შესრულების საშუალებას მისცემს, იქნება ეს რაიმეს დაჯავშნა თუ განაცხადების შევსება.
ცნობისთვის, OpenAI ბრაუზერის შექმნის იდეაზე 2024 წელს ალაპარაკდა.
კომენტარები