კიდევ ერთი ქალი მოკლეს. ტელეფონს იღებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში რეკავ და ელოდები, რომ არ დადასტურდება. ცდები. ბრაზს იკავებ, წერ. ამბავი ვრცელდება. დუმხარ, თითქოს სიჩუმეს მის ხსოვნას უძღვნი.

შიში გეპარება. ფიქრობ, რომ არც შენ ხარ დაცული. ის მხოლოდ იმის გამო მოკლეს, რომ ქალია. ბრაზდები. დუმილის დარღვევა გინდა, მაგრამ არ იცი, რა უნდა თქვა, რომ ყველამ გაგიგოს.

ოდესმე სხვისი მკვლელის სახეში დაგინახავთ კაცი, რომელსაც თქვენზე უძალადია? შეშინებულხართ იმის გამო, რომ შემდეგი შეიძლება თქვენ იყოთ? გქონიათ განცდა, რომ ვერავინ დაგიცავთ? თუ ამ კითხვებზე პასუხი უარყოფითია, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ მკვლელ კაცში ქალები ვხედავთ მის სახეს, ვინც ჩვენს მოკვლას ცდილობს. ყველა მოქნეული ხელი, რომელიც ქალებს ხვდება, ჩვენც გვტკივა. თითოეული ტომარაჩამოცმული გოგო, რომელსაც სურვილის წინააღდეგ მიათრევენ მანქანაში, ჩვენ ვართ.

გვინდა, მოგვისმინოთ

ფოტო: by Eszter Czajkowski-Nyári

ნინო 37 წლის ქალია, რომელზეც ყოფილი ქმარი ძალადობდა. ფიზიკური აგრესიის მსხვერპლი ის ორივე ორსულობის დროს იყო. ცხრა თვის ფეხმძიმე ქმარმა კუკიის სასაფლაოზე აიყვანა, მოკვლით დაემუქრა, შემდეგ კი მოსთხოვა მანქანაში იქამდე მჯდარიყო, სანამ მშობიარობა არ დაეწყებოდა. იმ ღამის წამებას თავი დააღწია, მოძალადეს ვერა.

მოღერებული დანისგან დედამთილი იცავდა, რომელიც მასვე ამტყუნებდა "ქმრის იმედების გაცრუების" გამო. სცემდნენ "ზედმეტი ლაპარაკისთვის" ისევე, როგორც დუმილისთვის. გადარჩა, მაგრამ ეშინია, რომ მასაც მოკლავენ.

როცა ქალების მკვლელობაზე ვიგებ, ბევრ ემოციურ ფაზას გავდივარ — შიშს, სიბრაზეს, დაუცველობას, სასოწარკვეთას, ბრძოლისუნარიანობის გამძაფრებას. თითქოს, ყველა გრძნობა ერთდროულად იღვიძებს ჩემში. თუმცა, პირველი არის შეგრძნება, რომ მეც მომკლეს და არაფრის გაკეთება შემიძლია.

მახსენდება ყველაფერი, რასაც გადავურჩი და უსუსურობას ერთვის შიში. ერთხელ ქმარმა იმდენი მირტყა თავში, გავითიშე. შეეშინდა და თვითონ წამიყვანა საავადმყოფოში. ტვინის შერყევა მქონდა. დავინდე, ვერ დავაჭერინე. რაც უფრო მეტს ვპატიობდი, მით უფრო ვკარგავდი საკუთარი თავის პატივისცემას და უფრო ვუახლოვდებოდი საფრთხეს.

შეიძლება, მალე ჩემზე გამოაცხადონ, რომ მომკლეს...

ყველა მუქარა ამისრულა გარდა ერთისა — ჯერ ცოცხალი ვარ...

მახსენდება ჩემი შვილები და ისინი მეცოდებიან უდედოდ დარჩენისთვის. ყელში უამრავი ემოცია და სიბრაზე მაწვება. თუ ტირილად ამოიფრქვა ხომ კარგი, თუ არა და მიწევს კიდევ ერთხელ ვიმუშაო საკუთარ თავზე და "ახლიდან დავიბადო".

ყველაზე მეტად უსამართლობის განცდა "მკლავს" და უსასრულო სურვილი მაქვს, ხმა ამოიღოს ყველამ. მინდა მთელი ქვეყანა დადგეს ფეხზე, დაინახონ და გაიაზრონ მოძალადე არაადამიანებმა, რომ ძალადობასა და მკვლელობას არაფერი ამართლებს და გაუჩნდეთ შიში იმისა, რომ თუ მოკლავენ, სათანადოდ დაისჯებიან.

ელენე 27 წლის ქალია, რომელზეც ქმარი ფიზიკურად ძალადობდა, უკრძალავდა გადაადგილებას და საუბარსაც. კაცი მას იქამდე სცემდა და ახრჩობდა, სანამ გონებას არ დაკარგავდა. შემდეგ მარტო ტოვებდა, ტელეფონს ართმევდა და ოთახიდან გამოსვლასა და ჭამას უკრძალავდა.

დახმარებას დედამთილს და მულს სთხოვდა, თუმცა ყელზე ჩალურჯებებს ჩვეულებრივ მოვლენად იღებდნენ. მხარს არც მეგობრები უჭერდნენ. ეუბნებოდნენ, ქალები უფრო მეტს უძლებენ, შენ დარტყმა ვერ აგიტანიაო.

როცა ქალების მკვლელობაზე ვიგებ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მეც... საშინელი ბრაზი მეუფლება, აბსოლუტურად ყველა კაცის მიმართ. მათი თავგასულობის გამო უსუსურად და უმწეოდ ვგრძნობ თავს, როგორც ქალი, როგორც ადამიანი. ეს განცდა, თავის მხრივ, უარესად მაბრაზებს. იმის გაფიქრება, რომ აქვე, სადღაც ახლოს კლავენ ჩემი ასაკის გოგონას, ზუსტად იმავე შეგრძნებებით, ემოციებით, სიხარულით, იმედებით სავსეს, როგორიც მე ვიყავი ერთ დროს, მაგიჟებს. ვგრძნობ, რომ ამ მკვლელობებით თითოეული ქალის დაშინება, დადუმება უნდათ.

თითოეული ეს მკვლელი, თითქოს, პირადად ჩემს მოკვლასაც ცდილობს

პირველ ხანებში რთულა გაიაზრო, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ. ისე მშვიდად და ნორმირებულად გაიძულებენ დამორჩილდე ამ მარწუხებს, რომ პირველი გარტყმები, დახრჩობის პირველი მცდელობები ისევ შენი ბრალი გგონია. თითქოს, შენ მოახდინე ამ "ანგელოზივით საყვარელი" კაცის პროვიცირება შენი სიცუდით.

ხანდახან იაზრებ, მაგრამ... ორჯერ, როდესაც უზომოდ გამამწარა, ჩავალაგე ბარგი და ღამით სახლიდან მოვდიოდი. როგორც კი ამას დაინახავდა, ისტერიკაში ვარდებოდა, მახსენებდა, რომ უზომოდ ვუყვარვარ და მის გარეშე რა მეშველება, რა საცოდავი ვიქნები, არასოდეს არავინ შემიყვარებს... მჯეროდა. ერთადერთი შიში, რაც მიჩნდებოდა, მის გარეშე დარჩენის შიში იყო.

თუმცა, რომ არ წამოვსულიყავი, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი...

აბსოლუტურად ყველა ქალს მინდა ვუთხრა, რომ ჩემსავით არ დამალონ ეს ამბები. აუცილებლად გაანდონ თავის ახლობლებს, მშობლებს, მეგობრებს. დროულად გაიაზრონ, რაც ხდება მათ თავს და პირველივე მსგავსი ინცინდენტისთანავე წამოვიდნენ მოძალადისგან. ითხოვონ შველა და დახმარება საზოგადოებისგან. აუცილებელია, რომ ყველამ ხმამაღლა ვილაპარაკოთ ამის შესახებ და ვიყოთ ერთმანეთისადმი სოლიდარულები. მე იმ რთულ პერიოდში არაფერი მინდოდა, გარდა იმისა, რომ მელაპარაკა, მოესმინათ. ჰაერივით მჭირდებოდა, მეგრძნო თანადგომა, მხარდაჭერა ამ მოსმენით.

როგორმე კაცებს უნდა გავაგებინოთ, რომ ქალიც ზუსტად ისეთივე ადამიანია.

ნატალია 27 წლის ქალია, რომელიც მიიჩნევს, რომ დუმილი და თვალების დახუჭვა უფრო მეტ ქალს წირავს სასიკვდილოდ. მას უნდა, სახელმწიფოს როლთან ერთად, საზოგადოების, ეკლესიის, ცნობილი ადამიანების ჩართულობა გაიზარდოს და ყველამ ერთად იბრძოლოს მარტივი ჭეშმარიტებისთვის — სიცოცხლის უფლება ხელშეუხებელია.

ყოველ დღეს შიშით ველოდები, შეიძლება "ზედმეტად" განვიცდი, მაგრამ როცა მსგავს საშინელებას ვიგებ, პანიკური შეტევები მემართება. საშინელი უსუსურობის გრძნობა მეუფლება. რა არის გამოსავალი? წამოსვლა? ხომ წამოვიდა. მკვლელმა მაინც მიაგნო.

მეშინია. არ ვიცი, ეს შიში რისგან არის გამოწვეული, იმისგან, რომ მეც შეიძლება დამემართოს? შიში იმის, რომ ჩემი ახლობელი ადამიანი გამოივლის იგივეს და ვერ დავეხმარები? მაგრამ იცით რა მაშინებს ყველაზე მეტად? ეს ამბები რომ მალე გვავიწყდება და ვაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულებრივად. ყველა მოკლული ქალი გვავიწყდება, ყველა ყელგამოჭილი გოგო...

პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მგონია რომ მეც მიმიძღვის ბრალი. მეც უნდა ამომეღო ხმა, მეც უნდა გამეკეთებინა რაღაც. თავს გამოუსადეგარად ვგრძნობ.

ყველას დაცვა მინდა, მაგრამ არ ვიცი, როგორ და ეს შინაგანად მეც მკლავს

სტერეოტიპების გამო კაცები ხატად გვყავს წარმოდგენილი. გვგონია, რომ ისინი არიან ყველაფრის გამგებლები, მფლობელები, მესაკუთრეები, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. სანამ ეს დაყოფა იქნება, სანამ იტყვიან, რომ რაღაც კაცის უფლებაა და ქალის — არა, კაცს შეუძლია და ქალს — არა, კაცს არ ეკრძალება და ქალს კი, იქამდე გვეყოლება მოკლული ქალები.

თავად ქალებმა უნდა გაითავისონ, რომ დამოუკიდებელი პიროვნებები არიან და ძალადობაზე არასდროს არ უნდა დახუჭონ თვალი. ერთი გარტყმა, ერთი გინება თუ ერთი ნივთის სროლა უკვე ძალადობაა.

ფოტო: UN Women

28 წლის მარიამი მალე დედა გახდება. უნდა თავის გოგოს ფიზიკური თავდაცვა ასწავლოს, რომ ვერავინ შეძლოს მისი დაჩაგვრა მხოლოდ იმიტომ, რომ კაცია და ბიოლოგიურად მასზე ძლიერია. პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სახელმწიფომ გაიაზროს თავისი როლი საზოგადოების ფორმირებაში.

"ვფიქრობ, როგორ გეგმავდა მოკლული ქალი ხვალინდელ დღეს, რისი იმედი და მოლოდინი ჰქონდა და უცებ გაქრა. როგორ შეიცვალა მისი მშობლების სამყარო, გაუფერულდა... თანაგრძნობის შემდეგ მოდის უზარმაზარი აგრესია დამნაშავის მიმართ.

მიჩნდება დანაშაულის გრძნობა. მგონია, რომ ჩემი, შენი, მისი ბრალია. ყველანი დამნაშავეები ვართ. მათ შორის ის მეზობლის ქალი, რომელიც არ ჩაერია "სხვის პირად ცხოვრებაში", ის ქუჩაში გამვლელი გოგო, რომელმაც "თავი აარიდა ზედმეტ უსიამოვნებას", მე, რომელმაც ჩავთვალე, "ყველაფერს თავად მოაგვარებდნენ". შეგვეძლო რაღაცის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ. თანადგომა დავკარგეთ, თუმცა საკითხავია, ოდესმე, ქალები ერთმანეთის მიმართ ვიჩენდით თუ არა საჭირო სოლიდარობას. არადა, ალბათ ყველაზე მეტად თავისი ტომის გვერდში დგომა დაეხმარებოდა ყველა გარდაცვლილ გოგოს.

არ მინდა ერთით მეტი საფლავი შეემატოს სასაფლაოს და ერთით მეტი პატიმარი ჰყავდეს ციხეს

დაავადებული, ეჭვიანი, ვერრეალიზებული კაცების მიერ მოკლული თითოეული ქალის სული მენანება. თავისუფლება ასეთი ძვირადღირებული არ უნდა იყოს. ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი უპირობოდ, ვალდებულებების გარეშე.

არ არსებობს მიზეზი, რომლითაც ოდნავ მაინც შეიძლება გაამართლო მსგავსი ტიპის დამნაშავე. ვთვლი, რომ უმაღლესი სასჯელის ღირსია და ეს უკანასკნელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ნამდვილად არ არის.

ჯობია კაცებმა იმაზეც იფიქრონ, რომ საკუთარ თავს მაინც არ მოექცნენ ასე. შვილების მიმართ დანაშაული არასდროს გაუქრებათ. სულ ცოტა დრო დასჭირდებათ მომხდარის გასაცნობიერებლად და მაშინ ვერავინ უშველით".

ფოტო: Kevin Craft

ნია 24 წლის ქალია. ფემიციდის სტატისტიკაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას, პოლიციასა და პასუხისმგებელ სისტემებს აკისრებს. ასევე, დედებს, რომლებიც ქალებზე მოძალადე შვილებს ამართლებენ.


"რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ ყოფილ ცოლს ყელი გამოჭრა ბავშვების თვალწინ, ახლა ვიგებ, რომ რეესტრში ხელის გაწერისას მოკლეს ქალი. ბოლო თვეში მეოთხედ მესმის მსგავი ამბავი.

ტკივილია ყველა ქალი, რომელიც კაცის აგრესიას შეეწირა. სერიოზული აგრესია მიჩნდება მკვლელის მიმართ. უმწეობას, უუნარობას ვგრძნობ, არაფრის გაკეთება შემიძლია ამის აღსაკვეთად.

სულ ვფიქრობ, რატომ გაჩერდნენ ქალები ან იმ კაცებმა როგორ გაბედეს. მაგრამ, წამოსულ ქალებს რომ ემართებათ ასეთი, ორმაგად სასოწარკვეთილი ვარ. ეს ქალები იყვნენ ძლიერები, გაქცევაც სცადეს მაგრამ...

მუდმივად ამაზე მეფიქრება, როგორ აძლევს კაცი თავს იმის უფლებას, ქალს სიცოცხლე მოუსწრაფოს. რა სოციუმში იზრდება, როცა ფიქრობს, რომ ამის სრული უფლება აქვს და იცის აუცილებლად გაამართლებენ. ციხეში ჩასმა ასეთ ადამიანებს გადაწყვეტილებას არ აცვლევინებს. იცის მაყვალა დეიდა და ჯემალი ბიძია მხარს დაუჭერენ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გვერდით დაუდგებიან და თავზე ხელსაც გადაუსვამენ. გამოსვლის წამიდან რეაბილიტაციას განიცდის და განაგრძობს ცხოვრებას ისე, თითქოს ერთ ულამაზეს ქალს, რომელსაც სიცოცხლე უნდოდა და ძალიან კარგი ცხოვრებაც ექნებოდა მის გარეშე, ეს შანსი არ წაართვა.

ბევრ გოგოზე გავბრაზებულვარ, როცა ამბობენ: დამარტყა და მივატოვო? ვუყვარვარ/მიყვარს, შვილი გვყავს და წასასვლელი არ მაქვს. მინდა ყველას ვუთხრა: როგორც კი დისკომფორტს იგრძნობთ, ხელის დარტყმას ან ქცევას, რომელიც უკონტროლო აგრესიას გამოხატავს, არის საკმარისი მიზეზი რომ წამოხვიდეთ.

თითს თუ დაგაკარებთ 112-ში უნდა დარეკოთ. არ შეიძლება იმაზე ფიქრო, რომ ჩემი შვილების მამაა და ხო არ დავაჭრინებ! მისი შვილების დედები ხართ და წარმატებით გიმეტებენ საცემად და როგორც ხედავთ, მოსაკლავადაც. ჩვენ კიდე იმის გვეშინია რომ ვინმემ ბუზი არ აუფრინოს და ციხეში არ გაცივდნენ".

გვინდა, ციფრებში არ დაგვინახოთ

ფოტო: Eleni Kalorkoti

13 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახური დანაშაულის სტატისტიკა წარადგინა. უწყების თქმით, 2019 წელს ოჯახურ დანაშაულს 7 ქალი ემსხვერპლა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს უდრის, თუმცა წინა წლებზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.

შსს-ში ამბობდნენ, რომ ამ დანაშაულზე მიმართვიანობა გაიზარდა და 6 000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, ბრალი წარუდგინეს 4 564 მოძალადეს და 10 266 შემაკავებელი ორდერიც გამოწერეს.

ერთი შეხედვით, სტატისტიკა პრევენციის მექანიზმის შედეგიანობაზე გვიჩვენებდა, თუმცა ამ პრესკონფერენციის მეორე დღეს დმანისში ქალი მოკლეს, 3 დღეში ყარაჯალაში ყოფილმა ქმარმა ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა, მომდევნო ორ დღეში კი სამტრედიაში კაცმა განქორწინების გასაფორმებლად მისული ცოლი რეესტრში მოკლა.

სისტემამ ისევ არ იმუშავა. მომავლის იმედით სავსე ქალები ისევ ციფრებად იქცნენ. ისევ გაცოცხლდა დაუცველობის და უსამართლობის შეგრძნება, რომელმაც თავი ქალების ჯგუფებში მოიყარა, სადაც არ გვჭირდება დეტალურად იმის ახსნა, რატომ გვეშინია ან ვბრაზდებით. ეს ერთადერთი სივრცეა, სადაც თავს დაცულად ვგრძნობთ, სადაც ჩვენს ტკივილს ციფრებით არ ითვლიან.

ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა.

საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 116 006.

შესაძლებელია 112-ის აპლიკაციის გადმოწერაც, სადაც ღილაკზე SOS დაჭერით პოლიციასთან შეტყობინება შევა და სამართალდამცველები ლოკაციის მიხედვით გიპოვიან.

არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას უფასოდ სთავაზობენ. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ მათ.

რესპონდენტების ნაწილის სახელები შეცვლილია.