5 იდეა ქართული საშინელებათა ფილმების გადასაღებად
ჰელოვინი და კოსტიუმირებული ტანსაცმელი განუყოფელი ცნებებია, თუმცა ამ დღესასწაულთან კიდევ ერთი ტრადიციაა დაკავშირებული: ეკრანთან მყუდროდ მოკალათება და საშინელებათა ფილმების ყურება.
სამწუხაროა, მაგრამ ქართულ კინემატოგრაფიაში მხოლოდ ერთი-ორი დაბალბიუჯეტიანი ჰორორ ფილმი მოგვეპოვება, რომელიც ამ დღისთვის კი არა, საერთოდ არაფრისთვის გამოდგება. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ეროვნული კინემატოგრაფი ნამუშევრებით თუ ვერა, იდეებით მაინც შევავსო.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 5 იდეას ქართული ჰორორ ფილმებისთვის:
1. შავი ხელი
ლეგენდა: შავი ხელი ურბანული ლეგენდაა, რომლის წარმომავლობაც უცნობია. ზოგი ვერსიით, ის ღამღამობით პიანინოზე უკრავს, ხოლო ზოგი ვერსიით - ჰაერიდან მოულოდნელად ჩნდება და ხალხს ხოცავს.
სოფელში ძველი სახლის სხვენში შვილიშვილები თავიანთი დიდი ბებიის სკივრს პოულობენ, რომელსაც უცნაური ჩუქურთმები აქვს და ჟანგიანი ბოქლომითაა ჩაკეტილი. ბოქლომის გატეხვის შემდეგ ბავშვები უცნაურ ნივთებს აღმოაჩენენ: მოჭრილ ნაწნავს, ხელის გაბზარულ სარკეს და დღიურს, რომელსაც გაცრეცილი და ძველი ფურცლები აქვს. გვერდები გაუგებარი სიტყვებითა და ნახატებითაა სავსე. დღიურთან ერთად დევს რამდენიმე ძველი ფოტო და ტყავის შავი ხელთათმანები, რომლებიც ახალივით გამოიყურება. ბიჭს ეს ხელთათმანები მოეწონება და მოირგებს, იქნებ გამოვიყენო ხოლმეო. უცებ მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე ჩხვლეტას იგრძნობს და მაშინვე გაიძრობს ხელთათმანებს. აღმოაჩენს, რომ ნაჩხვლეტი აქვს, რომლიდანაც სისხლი სდის.
ღამით ბიჭს საშინელი სიზმრები ესიზმრება. მათ შორის არის ქალი, რომელიც უცნაურად უყურებს და ბოროტად უღიმის. ბიჭს გაოფლილს ეღვიძება და წყლის დასალევად დგება. სამზარეულოში გასვლისას ეჩვენება, რომ სახლში ვიღაც დადის, მაგრამ სიზმრიდან გამოყოლილი შეგრძნება ჰგონია და ყურადღებას არ აქცევს. ჭიქის ავსებისას როგორც კი ნაჩხვლეტ თითზე წყალი შეეხება, საშინელ ტკივილს იგრძნობს. ნატკენი ადგილი გაშავებული და გასიებული აქვს.
გადის რამდენიმე დღე, ჭრილობა უფრო და უფრო უარესდება და ხელიც ნელ-ნელა უშავდება, სიზმრები კიდევ უფრო საშინელი ხდება, ექიმები ვერაფერს იგებენ, რადგან ინფექციაც არ აქვს შეჭრილი და რეალურად ჯანმრთელია. ხასიათიც ეცვლება: ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უყვირის, ხელში კი განუსაზღვრელ ძალას გრძნობს.
ხელი რომ ბოლომდე გაუშავდება, იწყებს ოჯახის წევრებზე ნადირობასა და მეზობლების ხოცვას.
ფილმის დამთავრების რამდენიმე ვარიანტი არსებობს:
- ბებიას დღიურიდან ამოკითხული შელოცვით გმირის განკურნება - ოღონდ ეს ბედნიერი დასასრული არ უნდა იყოს, ვიღაც სხვაზე უნდა გადავიდეს ეს წყევლა.
- ბიჭი იჭრის ხელს. ხელთათმანსაც და ხელს წვავენ.
- ბიჭი ყველას ხოცავს და ბოლოს შავი ხელით იკლავს თავს (თან პიანინოზე უკრავს).
2. სურამის ციხე: ზურაბის დაბრუნება
ლეგენდა: სურამის ციხის შესახებ არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი მის კედლებში ცოცხლად ჩაკირული დედისერთა ვაჟია. ამ ლეგენდის საფუძველზე დაიწერა დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, რომელიც ამბავს მხატვრულად მოგვითხრობს: ციხე რომ აშენებულიყო, მასში უნდა ჩაეყოლებინათ დედისერთა ზურაბი. ამბობენ, იმ მხარეს, სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად ჟონავს დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებს ციხის ნანგრევებს:
„სურამისა ციხეო,
სურვილითა გნახეო,
ჩემი ზურაბ მანდ არის,
კარგად შემინახეო.“
არქეოლოგიის სტუდენტები სურამის ციხეზე მიდიან, გასვლითი ლექცია და პრაქტიკუმი აქვთ. კლასიკური კოლეჯ-სურვაივორ ჰორორი - სამი ლამაზი გოგო და სამი სიმპატიური ბიჭი.
ღამით კოცონის დანთებისას ერთ-ერთი სტუდენტი გოგონა სელფის გადაიღებს და ფეისბუქზე დადებს. ძალიან უხარია, რომ შეტყობინება შეტყობინებაზე მოდის, მაგრამ როდესაც "ნოტოფიკაციებს" გახსნის, ხედავს, რომ ყველა კომენტარში ერთი და იგივე წერია: "ვაიმე, ის შავებში ჩაცმული ვინაა? ქალია თუ კაცი?". გოგო ფოტოს დააკვირდება, იკივლებს და მეგობრები მისცვივდებიან, რომ გაიგონ, რა ხდება. დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ ახალგაზრდები გადაწყვეტენ, რომ ეს უბრალოდ ოპტიკური ილუზიაა, მაგრამ შეშინებულებს მაინც უნდათ, მანქანით ჩავიდნენ სოფელში და იქ დარჩნენ. მანქანა არ იქოქება, ფეხით სიარული კი საშიშია. გოგონები გადაწყვეტენ, მანქანაში გამოიძინონ, ბიჭები კი იქვე დაანთებენ ცეცხლს და ღამეს გაათენებენ.
ღამით ერთ-ერთი ბიჭი კოცონს შორდება და ხეებისკენ მიდის (ხვდებით ალბათ რისთვისაც), რა დროსაც მას გულს გაუხეთქავს შავებში ჩაცმული მომტირალი ქალი. ბიჭი ცდილობს, შიში არ დაეტყოს და ამ ორ გმირს შორის კლასიკური ქართული ზღაპრული დიალოგი წარიმართება:
- აქ, რამ მოგიყვანა, დედი?
- ჰმ, შენი ბედი რომ დედი მიწოდეო, - უპასუხებს ქალი და სთხოვს, გამომყევიო. ბიჭი მიჰყვება, ტყეში შევლენ და უეცრად ქალი გაქრება. ამ დროს ისმის კივილის ხმა, ბიჭი მანქანასთან მიირბენს და შეშინებული მეგობრები ეტყვიან, რომ მათი ერთ-ერთი მეგობარი (ბიჭი) რაღაცამ გაიტაცა.
საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ზურაბისა და დედამისის სულები ცდილობენ, იპოვონ ახალი ბიჭი, რომელსაც ზურაბის ნაცვლად ჩატენიან ციხის კედელში და შედეგად ორივეს სული დაისვენებს.
ფილმს სამი დასასრული შეიძლება ჰქონდეს:
- ყველა იხოცება, ზურაბი და დედამისი გვამებს ციხის საიდუმლო კატაკომბებში ჩაიტანენ, სადაც ტიტრებამდე ფართო კადრი გაიშლება და დავინახავთ, რომ იქაურობა ძვლებითაა სავსე.
- მხოლოდ ის ბიჭი გადარჩება, რომელმაც დედითი მიმართა ზურაბის დედას.
- ყველა გადარჩება. ბიჭს, რომელმაც დედით მიმართა ზურაბის დედას, სახელად ზურა(ბი) ჰქვია და ამიტომ შესთავაზებს აჩრდილს, დაგეხმარებითო. მისი გეგმა კედლიდან ძვლების ამოღება და წესისამებრ დასაფლავებაა. თუ არ გამოვა ეს ამბავი, მაშინ არქეოლოგმა თვითონ უნდა გასწიროს თავი. ბოლოს ჩანაფიქრი წარმატებით დასრულდება და ყველანი ცოცხლები, მაგრამ საშინლად დასტრესილები ბრუნდებიან თბილისში.
3. ბუა
ბედნიერი ოჯახი, ახალი სახლი, ყველაფერი მშვენივრადაა. ერთ დღეს დედა თავის უმცროს შვილს (2-3 წლის) შეაშინებს, საჭმელს თუ არ შეჭამ, ბუა მოვა და შეგიჭამს ყველაფერსო. აქედან იწყება ყველაფერი. მეორე დილას ამ ბავშვის უფროსი და (თინეიჯერი გოგო) გამოაღებს მაცივარს და ყველაფერი შეჭმული დახვდება. ნარჩენები მაცივარშივე ყრია. ეჭვს შუათანა ძმაზე მიიტანენ, თუმცა ის, ცხადია, დამნაშავე არაა.
სახლში უცნაური მოვლენები ვითარდება. რამდენჯერაც დედა ან მამა პატარას ბუათი დაემუქრებიან, ეს მუქარა ახდება, მაგრამ მოვლენებსა და მუქარას შორის კავშირის პოვნას მაინც ვერ ახერხებენ.
ერთ დღესაც მამა და დედა სადღაც მიდიან სტუმრად, ქორწილში ან ქეიფზე. პატარას დააწვენენ დასაძინებლად, ბავშვი ჭირვეულობს და დედა ეტყვის, თუ არ დაიძინებ, ბუა წაგიყვანსო. მას შემდეგ, რაც მშობლები მიდიან სახლიდან, ბუა ცდილობს, ბავშვი მოიტაცოს. და-ძმა ყველაფერს აკეთებს ბავშვის გადასარჩენად.
ფილმს აქვს სამი ალტერნატიული დასასრული:
- ბუა იტაცებს ბავშვს, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენს, რომ ეს სიმართლეა. ოჯახის ერთ-ერთ წევრს მკვლელობაში და გვამის გადამალვაში ადანაშაულებენ. აქვე იკვეთება მეორე სერიის გადაღების პერსპექტივა: იგივე ამბავი ერთ-ერთ სხვა ოჯახს გადახდება თავს და მეორე სერიაში დაკარგული ბავშვის ოჯახის წევრები ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულს მიადგებიან დეტალების გასარკვევად.
- ბავშვები სახლს დაწვავენ და შეთანხმდებიან, ამის შესახებ არავის არაფერი უთხრან, შემდეგ ვხედავთ ფლეშ-ფორვარდს. 1 თვის შემდეგ ოჯახი ახალ სახლშია გადასული, ყველა იძინებს, კარადის კარი ჭრიალით იღება და ამოდის ტიტრები.
- მშობლები წვეულებიდან ბრუნდებიან, მიხვდებიან რაშიცაა საქმე და ბუას სთხოვენ, ბავშვი არ მოიტაცოს, მადლობას გადაუხდიან გაწეული სამსახურისთვის და ის თავს ანებებს. ბავშვი ამის შემდეგ უპრობლემოდ ჭამს ყველაფერს, რასაც თეფშზე უდებენ.
4. თბილისის მიწისქვეშეთი
სოლოლაკში, ინგოროყვას #6-ში არსებობს უცნაური სახლი, რომელიც ლეგენდის მიხედვით მისტიკის სავანეა და იქ შესვლას ვერავინ ბედავს. თბილისში სულ 5 ასეთი სახლია და მათ შორის რუკაზე ხაზების გავლების შედეგად პენტაგრამა იხატება.
Blair Witch Project-ის სტილში ჰენდიკამით გადაღებული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს სამ მეგობარზე, რომლებიც თვრებიან, ან სულაც ბიოს მოწევენ და თავგადასავლებისთვის ამ სახლს მიადგებიან. განსაკუთრებული არაფერი ხდება, ვიდრე ისინი სახლის სარდაფში არ ჩავლენ და პენტაგრამიან კარს არ შეაღებენ. ეს გვირაბის შესასვლელია, გვირაბი კი მიწისქვეშა ქალაქში მიდის - კატაკომბები, სარიტუალო ოთახები და ა.შ. მეგობრები რაღაც ამოუცნობ ძალას გრძნობენ. ერთ მომენტში კადრში გაიელვებს ვიღაცის სილუეტი. ახალგაზრდები ცდილობენ უკან დაბრუნდნენ, მაგრამ ლაბირინთში იკარგებიან.
რა ან ვინ მოსდევთ, ამას ვერ ვხედავთ, ძირითადი აქცენტი მათ შიშზეა გაკეთებული და იმ ნარატივზე, რომელსაც ეს შეშინებული ადამიანები გვთავაზობენ.
ბოლოს ყველა ისტერიკაში ვარდება, კამერა ძირს აგდია. გოგონა, რომელსაც კამერა ეჭირა, კუთხეში ზის და ტირის. ერთი წამით კამერა იბლოკება, თითქოს ხელი ააფარესო, შემდეგ კი კადრში ჩანს ვიღაცის ფეხები. ეს ვიღაცა გოგოსკენ მიემართება. ამ დროს კამერას ტექნიკური ხარვეზი აქვს და კადრი შავდება, ისმის კივილი, ამოდის ტიტრები.
5. ჭინკა
მავნე ჯუჯა, მიწის ავსული, ღამეული არსება, "ქაჯი", ჰაერის მცველი, "მაცდურად იტყვიან გლეხნი" (სულხან-საბა). ქართულ მითოლოგიაში ამ არსებას უნიკალური ადგილი უჭირავს.
სტუდენტი გოგო, რომელიც წარმოშობით რაიონიდანაა და მდიდარი მშობლები ჰყავს, თავის ერთ-ერთ დაქალს შაბათ-კვირას თავის სახლში ეპატიჟება. ვიდრე ჩავლენ, გოგო დაქალს აფრთხილებს, რომ ოჯახს ჰყავს შინამოსამსახურე, რომელიც ადამიანი არ არის. დაქალს ეს ყველაფერი სასაცილოდ არ ჰყოფნის, მაგრამ მასპინძელი არწმუნებს, რომ ბაბუამისმა დაახლოებით 100 წლის წინ ყანაში მუშაობისას ჭინკა დაიჭირა და ფრჩხილები დააჭრა. ამის გამო ჭინკა ვალდებული გახდა ოჯახის მოსამსახურე გამხდარიყო. მისი გათავისუფლების ერთადერთი გზა ფრჩხილების დაბრუნებაა.
საუკუნის განმავლობაში ჭინკა სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა, იპარავდა ოჯახისთვის ფულს, ეძებდა გადამალულ ოქროულობას, საქმიანობდა სახლში და ასე შემდეგ. ამაზე იდგა საგვარეულოს წარმატება.
ჭინკას ლამაზი ბიჭის სახე აქვს მიღებული და დაქალს ის მოეწონება. ავსული ამას შეამჩნევს და თავს შეაცოდებს, მოუყვება, როგორ ამუშავებენ მთელი 100 წელიწადია მონად. გოგო გადაწყვეტს მას დაეხმაროს და დიდხნიანი ძებნის შემდეგ სახლში დამალულ ფრჩხილებს იპოვის. ამ მომენტიდან "Doby is a free ჭინკ" დაერევა მთელ ოჯახს და ყველას ამოხოცავს. გოგოს დაინდობს, მაგრამ ის საკუთარ თავს ვერ პატიობს დანაშაულს და საბოლოოდ გაგიჟდება.
შემდეგ ჰელოუინზე კიდევ 5 ახალ ფილმს შემოგთავაზებთ, მანამდე ამ ხუთს უყურეთ.
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
-
გადახედვა"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ "ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ
-
გადახედვაქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო
-
გადახედვაანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია ანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია
-
გადახედვა"მეგრელებს წიწაკის სპრეით ვერ შეგვაშინებთ" — თსუ-ის პირველი კორპუსიდან მეგრელების მარში მიმდინარეობს "მეგრელებს წიწაკის სპრეით ვერ შეგვაშინებთ" — თსუ-ის პირველი კორპუსიდან მეგრელების მარში მიმდინარეობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება სალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება
-
გადახედვაევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება ევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება
-
გადახედვა"სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს "სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება
-
გადახედვაკასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს კასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს
-
გადახედვაThe Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა The Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია
-
გადახედვასადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს
კომენტარები