ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მინისტრმა საერთაშორისო ტრიბუნა არ გამოიყენა და ქვეყნის პრობლემებზე სასაუბროდ "შანსი ხელიდან გაუშვა". როგორც ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, ზალკალიანს ევროპის საბჭოს ტრიბუნიდან "ცივილიზებული სამყაროსთვის" საქართველოს მოთხოვნები უნდა გაეჟღერებინა.

"ბატონ ზალკალიანს არ უსაუბრია იმაზე, თუ რას ითხოვს საქართველო. კერძოდ, მას არც უხსენებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ევროკავშირის სანქციებში შეტანის საკითხი. მან აღწერა პრობლემები, მაგრამ არ უთქვამს რას ვითხოვთ", — განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დავით ზალკალიანი ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ ქვეყნის ოკუპაციაზე საუბრის საშუალებას ევროპის საბჭოს წესდება არ აძლევდა. როგორც ზალკალიანი განმარტავს, მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასაუბროდ "საშუალება" მაინც გამოძებნა და ამისთვის კითხვა-პასუხის რეჟიმი გამოიყენა.

ზალკალიანის თქმით, ეროვნული პოზიციიდან ევროსპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს.

"როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, მე პირველ რიგში ვალდებული ვარ, რომ თავმჯდომარის პრიორიტეტებზე ვისაუბრო. მე ამ ორგანიზაციის წესდებით შეზღუდული ვარ, რომ უფრო ფართოდ მოვიცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია... მე ვიცოდი, რომ ოპოზიციის მხრიდან მსგავსი სახის გამოხმაურება მოჰყვებოდა და გამოვიყენე კითხვა-პასუხის რეჟიმი, რომ უკვე ეროვნული პოზოციიდან მესაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მე ყველაფერს თავის სახელი დავაქრვი", — განაცხადა ზალკალიანმა.

გუშინ, 27 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა იმ თემებზე ისაუბრა, რაც საქართველოს თავმჯდომარეობის დროს ორგანიზაციისთვის პრიორიტეტული იქნება.

ამასთან, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ლიეტუვის დეპუტატის შეკითხვაზე პასუხისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპაციაზე ისაუბრა. დავით ზალკალიანმა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეც ახსენა და აღნიშნა, რომ კვლავ გრძელდება მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება.

დღეს, 28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ასამბლეის სესიას სიტყვით მიმართავს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციაზე.