რატომ იღუპებიან და სახიჩრდებიან ადამიანები სამუშაო ადგილებზე საქართველოში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევის შედეგად, 691 ადამიანი დაშავდა, 212 კი გარდაიცვალა. აღნიშნული მიზეზით, უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში 3 ადამიანია გარდაცვლილი, რომელთაგან ბოლო, ლიანდაგის მონტიორი, 63 წლის ზაურ გერლიანი, კიდურის ამპუტაციისა და 15 დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, 27 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რატომ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შრომით უსაფრთხოებას, რა ვალდებულებებს არ ასრულებენ დამსაქმებლები და დასაქმებულები და რა შეიძლება იყოს გამოსავალი იმისთვის, რომ სამუშაოდ წასული ადამიანები არ იღუპებოდნენ - On.ge სხვადასხვა მხარის არგუმენტებსა და სამართლებრივ რეგულაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გთავაზობთ.

რაში მდგომარეობს პრობლემა?

ლინა ღვინიანიძე

ლინა ღვინიანიძე

ფოტო: ნინა კოპალეიშვილი / On.ge

EMC-ის ადამიანის უფლებების პროგრამის ხელმძღვანელი, ლინა ღვინიანიძე On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ქვეყანაში შრომითი პოლიტიკა მთლიანადაა გადასახედი, თუმცა, ამ ეტაპზე ყველაზე მწვავედ შრომითი უსაფრთხოების საკითხი დგას. მისი თქმით, დღეს მოქმედი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, თავის მანდატიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ძალიან სუსტია:

უმთავრესი გამოწვევაა, რომ სახელმწიფოს შრომის პირობების და კონტროლის ეფექტური მექანიზმი არ აქვს, რაც რეალურად უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულების მთავარი ფუნდამენტი უნდა იყოს

ლინა ღვინიანიძე

"მთავარი პრობლემა არის ის, რომ სათანადო უსაფრთხოების სტანდარტები არ არსებობს, ხოლო რაც არსებობს, ხშირად მოძველებულია. უმთავრესი გამოწვევაა, რომ სახელმწიფოს შრომის პირობების და კონტროლის ეფექტური მექანიზმი არ აქვს, რაც რეალურად უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულების მთავარი ფუნდამენტი უნდა იყოს".

ღვინიანიძის თქმით, გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას არაერთი კონვენცია აქვს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში არსებული შრომის ისნპექტირების მექანიზმი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ის განმარტავს, რომ საქართველო ამ ორგანოს წევრია და ამიტომაც ზემოაღნიშნული კონცენციები რატიფიცირებული უნდა ჰქონდეს, თუმცა ქვეყანა უშუალოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ კონვენციებს არ უერთდება.

ღვინიანიძე ასევე აცხადებს, რომ გარდა ზემოაღნიშნული პრობლემისა, შრომითი პოლიტიკა დასაქმებულის სამუშაო საათების ხელფასის, ზეგანაკვეთური შრომის ნორმირებასა და სხვა საკითხებს უნდა არეგულირებდეს:

"გარკვეული რეგულაციები ამ ნაწილში 2012 წელს ჩაიდო, რაც პოზიტიურ ნაბიჯად შეგვიძლია შევაფასოთ. ცალკეული სტანდარტები შრომის კოდექსში სწორედ ამ პერიოდში დაადგინეს. თუმცა, მთავარი პრობლემა ამ ნაწილშიც არის აღსრულება".

რა აკეთებს არსებული შრომის უსაფრთხოების ინსპექცია?

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არა კანონის დონეზე, არამედ პრემიერმინისტრის დადგენილებით არის შექმნილი. საერთაშორისო სტანდარტებისგან განსხვავებით, მას არ აქვს უფლება დამსაქმებლის ნებართვის გარეშე კერძო, ან საჯარო ორგანიზაციაში შევიდეს. მას ასევე არ აქვს უფლება, რომ დარღვევის აღმოჩენისა და კონკრეტული კომპანიის მიერ მისი გამოუსწორებლობის შემთხვევაში, დამსაქმებელს რაიმე სანქცია ან ჯარიმა დააკისროს.

გარდა ამისა, დღეს მოქმედ ინსპექციას ასევე არ შეუძლია, შეამოწმოს საერთაშორისო სტანდარტებით დარეგულირებული შრომის უფლებების სხვა საკითხები. ამასთან, ინსპექციას საწარმოში გაუფრთხილებლად შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ტრეფიკინგისა და იძულებითი შრომის შემთხვევებზეა საუბარი.

როგორი შრომის ინსპექციაა სხვაგან?

ლინა ღვინიანიძე განმარტავს, რომ შრომის ინსპექტირება აპრობირებული მექანიზმია უამრავ განვითარებულსა და განვითარებად ქვეყანაში და ამბობს, რომ ძალიან ცოტაა იმ სახელმწიფოთა რიცხვი, სადაც ეს მექანიზმი არ მოქმედებს.

შრომის ინსპექცია, როგორც წესი, გაეროს საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის 81-ე კონვენციის საფუძველზე იქმნება. მასში წერია, რომ შრომის ინსპექციას ნებისმიერ დღესა და დღის ნებისმიერ მონაკვეთში, უფლება აქვს შევიდეს ნებისმიერ კერძო თუ საჯარო დაწესებულებაში, რომელში შესვლის უფლებაც მისთვის კანონით არის დადგენილი.

ინსპექტორები ამოწმებენ, კანონთან შესაბამისობაშია თუ არა შემდეგი: შრომითი უსაფრთხოების ნორმები, სამუშაო განაკვეთი, დასაქმებულთა ხელფასის ოდენობა, დაცულობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური უზრუნველყოფა და სხვა. ასევე, ხომ არ არიან საწარმოში ბავშვები დასაქმებულები.

ინსპექციას უფლება აქვს, ჩაატაროს ნებისმიერ სახის გამოძიება ან კვლევა იმისთვის, რომ დაადგინოს მისთვის საეჭვო გარემოება. ის საკმარისი ოდენობის შრომის ინსპექტორებით უნდა იყოს დაკომპლექტებული და საწარმო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს ინსპექციის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე.

ვრცლად აღნიშნულ დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

როგორ რეგულირდება საქართველოში შრომითი სტანდარტები?

საქართველოში შრომითი უსაფრთხოება შრომის კოდექსითა და სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტებით რეგულირდება. შრომის კოდექსის 35-ე მუხლში საკმაოდ ზოგადად და ზედაპირულად წერია, რა იგულისხმება უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოში და როგორ უნდა იყოს ის უზრუნველყოფილი:

"დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ.

აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად.

მძიმე, მავნე და საშიშ პირობები ან სამუშაოთა ნუსხა, შრომის უსაფრთხოების წესები, მათ შორის, დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევები და წესები, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით".

გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა სფეროს მარეგულირებელი რეგლამენტებიც, რომელიც შრომის უსაფრთხოებას, სხვადასხვა სფეროს მიხედვით, ცალცალკე ეხება (მშენებლობაზე, მაღაროებში და სხვა). ამასთან, შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არსებობს მომეტებული ტექნიკური საფრთხის მქონე ობიექტების ტექნიკური კონტროლის მექანიზმიც, რომელიც კანონის დონეზეა გაწერილი.

რა პასუხი აქვს ხელისუფლებას?

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტს მთავრობა უკვე 3 წელია "ღეჭავს" და არასდროს არის მზად, რომ ის პარლამენტში გადააგზავნოს

გოჩა ალექსანდრია

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და პარლამენტში ჯერაც არ შესულა. გაერთიანებული პროფკავშირის თავჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია ამბობს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს მთავრობა უკვე 3 წელია "ღეჭავს" და არასდროს არის მზად, რომ ის პარლამენტში გადააგზავნოს.

კანონპროექტის ავტორები ჯანდაცვის სამინისტრო, დამსაქმებელთა ასოციაცია და გაერთიანებული პროფკავშირები არიან. როგორც ჯანდაცვის შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა აგვიხსნა, დოკუმენტზე მუშაობა უკვე დასრულდა, ახლა მისი მთავრობისთვის გადაცემაა დარჩენილი, ეს უკანასკნელი კი ინიციატივას პარლამენტში წარადგენს:

"კანონის თანახმად, თუ საწარმოს ასი ან ასზე მეტი დასაქმებული პირი ჰყავს, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირიც უნდა ჰყავდეს. უნდა შეფასდეს, დაითვალოს და გამოსწორდეს რისკები, დასაქმებულები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უნდა აღიჭურვონ. ასევე, კოლექტიური დაცვის საშუალებებს უპირატესობა უნდა მიენიჭოს.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, ტექნოლოგიურად საწარმო მოდერნიზებული უნდა იყოს, დასაქმებულები კი სპეცეკიპირებით აღჭურვილნი. შემუშავებული უნდა იყოს უსაფრთხოების გეგმა. ამასთან, დასაქმებულმა უნდა იცოდეს, რა უსაფრთხოების წესები მოქმედებს კომპანიაში. გარდა ამისა, დასაქმებულს ექნება უფლება, უარი თქვას შეასრულოს სამუშაო თუ აშკარაა, რომ მას ზიანი მიადგება ან უსაფრთხოების ზომებია დანგრეული"

ჟორჟოლიანს საზოგადოების იმ ნაწილის მოსაზრებაც შევახსენეთ, რომლის თანახმადაც, ამ დოკუმენტზე მუშაობის პარალელურად საწარმოებში გარდაცვლილთა რიცხვი იმატებს. მან კი გვიპასუხა, რომ დოკუმენტზე მუშაობა დიდხანს მხოლოდ იმიტომ გაგრძელდა, რომ განხილვებში ჩართულები იყვნენ როგორც დასაქმებულები, ისე დამსაქმებლები, რომლებსაც ბიზნესის მიმართ დამოკიდებულება სრულებით განსხვავებული აქვთ:

"ამ არსებულმა ინსტუტუციურმა შეუთანხმებლობამ პროცესი გაწელა. 2006 წლიდან ლიბერალური მიდგომების შემდეგ, ბიზნესსაც გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ სხვანაირ მიდგომებზე გადაეწყოს დასაქმებულებთან მიმართებით".

რას ამბობენ პროფკავშირები?

გოჩა ალექსანდრია

გოჩა ალექსანდრია

ფოტო: რადიო თავისუფლება

გაერთიანებული პროფკავშირების თავჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებული ნორმები არასრულყოფილია, მათ მაინც არავინ ასრულებს. ის მიიჩნევს, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებას ეხმიანება, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს:

სანამ ამ კანონპროექტს არ მიიღებენ და ღმერთმა იცის, როდის მიიღებენ, რა უნდა ვქნათ, ვუყუროთ, რომ ხალხი პანტა-პუნტით იხოცება და ვიძახოთ, რომ არანაირი მარეგულირებელი დოკუმენტი არ გვაქვს?

გოჩა ალექსანდრია

"თუმცა, სანამ ამ კანონპროექტს არ მიიღებენ და ღმერთმა იცის, როდის მიიღებენ, რა უნდა ვქნათ, ვუყუროთ, რომ ხალხი პანტა-პუნტით იხოცება და ვიძახოთ, რომ არანაირი მარეგულირებელი დოკუმენტი არ გვაქვს? რაც ახლა არსებობს, შეიძლება 100 პროცენტით არ არეგულირებს ყველაფერს, მაგრამ რაც არსებობს, იმასაც კი არ ასრულებენ დამსაქმებელი კომპანიები და იმასაც კი არ ამოწმებს შრომის ინსპექცია.

2014 წელს ღარიბაშვილმა სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელ დოკუმენტს მოაწერა ხელი. ეს დოკუმენტი ძალაშია და მასში დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა დაიცვას მშენებელმა კომპანიამ უსაფრთხოება სამშენებლო მოედანზე. რატომ უნდა ველოდოთ შრომის იმ კანონპროექტის განხილვას, როდესაც გვაქვს მარეგულირებელი დოკუმენტი".

რას ამბობენ კერძო კომპანიები?

სამშენებლო კომპანია სოლო დეველოპმენტის ხელმძღვანელი, გიორგი აფციაური გვეუბნება, რომ 19 ოქტომბერს მისი კომპანიის მშენებლობაზე მუშის, თემურ გურგენაშვილის გარდაცვალება ამ უკანასკნელის დაუდევრობისა და ბედისწერის ბრალი იყო.

თემურ გურგენაშვილის გარდაცვალება მისი დაუდევრობისა და ბედისწერის ბრალი იყო

გიორგი აფციაური

მისი თქმით, დღეს არსებული ინსპექტირების მექანიზმი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს - მიდის და ამოწმებს საწარმოს, თუმცა, მიაჩნია, რომ როდესაც დასაქმებულის მხრიდან დაუდევრობას აქვს ადგილი, ვერც ინსპექტირება უშველის საქმეს და ვერც კონტროლი. თვალსაჩინოებისთვის მან გურგენაშვილის მაგალითი მოგვიყვანა და აგვიხსნა, რომ ის სატვირთო ამწეზე იდგა, რომელზეც არ უნდა მდგარიყო.

მისი თქმით, სოლო დეველოპმენტის მშენებლობებზე უსაფრთხოების ზომები დაცულია, თუმცა, კომპანია რეგულაციების კანონის დონეზე გამკაცრების მომხრე მაინც არის:

"თუ კანონის სახეს მიიღებს, მაგ შემთხვევაში სავალდებულო იქნება და არ მგონია, რომ ჩემი აზრი გადამწყვეტი იყოს. რაც მეტი კონტროლია, უკეთესია".

შრომითი უსაფრთხოების ახალი რეგულაციების შემოღება დაკავშირებული იქნება როგორც ფინანსური, ისე საკადრო რესურსის გამოყოფასთან და ბიზნესს საკმაოდ დიდი ენერგიად დაუჯდება

ნინო ჯორბენაძე

ლეტარული შედეგების ძირითად მიზეზად, უმეტეს შემთხვევაში, დასაქმებულების მიერ უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ასახელებს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადმინისტრაციული დირექტორი, ნინო ჯორბენაძეც. ჩვენს შეკითხვას, არის თუ არა დანარჩენი შემთხვევები კომპანიის მიერ უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფით გამოწვეული, მან ასე უპასუხა:

"ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების ზომების დარღვევა, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც გარკვეული მანქანა-დანადგარი ან ტექნიკა გამოსულა მწყობრიდან და ამას მოჰყოლია ასეთი შედეგი".

შრომითი უსაფრთხოების ახალი რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით კი მან განმარტა, რომ აღნიშნული დაკავშირებული იქნება როგორც ფინანსური, ისე საკადრო რესურსის გამოყოფასთან და ბიზნესს საკმაოდ დიდი ენერგიად დაუჯდება.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 3 ათასზე მეტი ადამიანი. ის ფლობს თბო და ჰიდროელექტროსადგურებს საქართველოში, გარდა ამისა, სწორედ ის მოიპოვებს ქვანახშირს ტყიბულის შახტებში, სადაც ბოლო წლებში ადამიანთა გარდაცვალებისა და დასახიჩრების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯორჯიან მანგანეზის საზოგადოებასთან უერთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, ზაქარია ზალიკაშვილი კი აცხადებს, რომ ზოგადად, კომპანიისვე ინტერსებშია, რომ დაიცვას უსაფრთოხების ნორმები, რადგან ყოველი საწარმოო შემთხვევა კომპანიას, როგორც შრომითი პროდუქტიულობით, ისე იმიჯის თვალსაზრისითაც, აზარალებს. მისი აზრით, გამოსავალი მხოლოდ შრომითი ინსეპექციის მექანიზმის დახვეწა არ არის, რადგან ჯერ კონკრეტული მეთოდიკა უნდა იყოს შემუშავებული და შემდეგ ხდებოდეს შემოწმება:

გამოსავალი მხოლოდ შრომითი ინსეპექციის მექანიზმის დახვეწა არ არის, რადგან ჯერ კონრეტული მეთოდიკა უნდა იყოს შემუშავებული და შემდეგ ხდებოდეს შემოწმება

ზაქარია ზალიკაშვილი

"ჩვენს კომპანიაში 2006, 2008, 2010 წლის მონაცებემთან შედარებთ, [ფატალური შედეგების] სტატისტიკა შემცირებულია, თუმცა შორს ვართ იქამდე, რომ ეს მინიმუმამდე დავიყვანოთ. ყველაზე ხშირად ეს რისკები თავს იჩენს იმ ადამიანებთან, ვისაც უკვე აქვს 10-12 წლიანი გამოცდილება, რადგან თვითდაჯერებულები ხდებიან: ამდენი წელი ვმუშაობ, არაფერი მომსვლია და მერე რა თუ ჩაფხუტს არ დავიფარებ. მათი გაუფრთხილებლობა უფრო არის ხოლმე გამომწვევი მიზეზი. გამოძიების შედეგების თანახმად, ბოლო 4 წლის განნმავლობაში ასეთი შემთხვევებისას ჩვენი საწარმოს ბრალეულობა არცერთხელ არ დადგენილა".

ჯორიან მანგანეზეციც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც ფლობს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატსა (ჭიათურის მაღაროები) და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას.

რა ვალდებულება აიღო საქართველომ?

ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ აიღო ვალდებულება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით დღის წესრიგის ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, საქართველოს დაეკისრა ვალდებულება, უზრუნველყოს შრომითი ურთიერთობების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისი შრომის კანონმდებლობა და პოლიტიკა.

ასოცირების შეთანხმების 30-ე დანართში 40-მდე დირექტივაა, რომელიც შრომის უსაფრთხოების მატერიალურ სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს მოიცავს, რომელთა გათვალისწინებაც შრომითი უფლებებისა და შრომის პოლიტიკის მიმართულებით ეტაპობრივად, დანართის ძალაში შესვლის შემდეგ, 4-დან 9 წლამდე პერიოდში უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონდებლობაში.

აღნიშნული დოკუმენტით მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, ითანამშრომლონ ისეთ სფეროებში, როგორიც არის სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გარანტირება და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა. მხარეებმა უნდა შექმნან სამუშაო პირობების შემოწმების ადეკვატური პოტენციალის მქონე მექანიზმები, რომლებიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან სრულ თანხვედრაში იქნება.

საქართველომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებაზე, შრომის კანონმდებლობისა და შესაბამისი სასამართლო ორგანოების გაძლიერებაზე ვალდებულება აიღო.

ვრცლად აღნიშნული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

როგორია გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკა?

ქვემოთ მოცემულია გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემები, რომელშიც წერია, რომ მხოლოდ 2015 წელს, საწარმოო შემთხვევის გამო, 42 ადამიანი გარდაიცვალა, 81 კი დაშავდა. პროფკავშირების თქმით, 2016 წლის ოფიციალური სტატისტიკა შსს-სგან ჯერ არ აქვთ, თუმცა, მათ მიერ გაკეთებული აღრიცხვის თანახმად, მიმდინარე წელს ზემოაღნიშნული მიზეზით, 15 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი მძიმედ არის დაშავებული.

საწარმოო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკა გასული წლებისა და სფეროების მიხედვით.

ფოტო: გაერთიანებული პროფკავშირები


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს
  3. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  4. ილია II: ცესკომ დაადასტურა ქართული ოცნების გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ ამ წარმატებას
  5. ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ილიაუნის "ა" კორპუსის წინ ხვალ 7 ლექცია ჩატარდება — ლექციების განრიგი

ილიაუნის "ა" კორპუსის წინ ხვალ 7 ლექცია ჩატარდება, ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფ დაიტოვეში ხალიბეგ მაგომედოვმა…