საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატურის განხილვას იწყებს. რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის ბიურომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი სია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაუგზავნა.

უზენაესის მოსამართლეთა ექვსეულის სიაში არიან:

  1. ილონა თოდუა;
  2. გენადი მაკარიძე;
  3. ნინო სანდოძე;
  4. პაატა სილაგაძე;
  5. გიორგი ტყავაძე;
  6. თეა ძიმისტარაშვილი.

ამ სიაში მოხვდნენ ის კანდიდატებიც, რომლებიც იუსტიციის საბჭომ წინა გასაუბრებების დროს დაიწუნა. მოსამართლეობის ექვსივე კანდიდატი იყო შერჩევის პირველ ეტაპზე ფარული კენჭისყრით მხარდაჭერილ 50 კანდიდატს შორის. გარდა ამისა, პაატა სილაგაძე 2018 წლის 10-კაციან სიასა და 2019 წლის პარლამენტისთვის მხარდასაჭერად გადაგზავნილ 20-კაციან სიაშიც იყო, თუმცა უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის მაშინ ვერ მოხვდა.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატურებს, 2018 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შედგენილ მოსამართლეთა სადავო 10-კაციან სიაში იყვნენ ნინო სანდოძე და გიორგი ტყავაძე.

2018 წლის დეკემბერში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციან სიას პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ისე ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში. ამ დაპირისპირების შემდეგ მმართველი გუნდი დატოვა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ.

უზენაესის მოსამართლეთა კონკურსი

2018 წელს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ სიაში მოსამართლეობის 10 კანდიდატი იყო, მათ შორის, საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანია. ამჟამინდელ კონკურსში გვრიტიშვილი და ჩინჩალაძე მონაწილეობას აღარ იღებენ. გიორგი მიქაუტაძე კი საქალაქო სასამართლოში უვადოდ გაამწესეს.

2018 წლის დეკემბერში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციან სიას პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ისე ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში. კრიტიკა ორ ძირითად საკითხს ეხებოდა:

  • კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე შერჩეული 10 კანდიდატი;
  • ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის გაძლიერების საფრთხე.

უმრავლესობის დეპუტატებმა, მათ შორის ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ, პროტესტის ნიშნად ქართული ოცნებაც დატოვეს. ეკა ბესელია აცხადებდა, რომ 10-კაციანი სიის დამტკიცებას ქართული ოცნება და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლობირებდა.

იუსტიციის საბჭომ სია პარლამენტიდან გამოითხოვა. ქართულმა ოცნებამ კი უზენაესის მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურების კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა. კანონი პარლამენტმა პირველ მაისს დაამტკიცა. სწორედ, აღნიშნულ კრიტერიუმებისა და პროცედურების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს იუსტიციის სამინისტრომ მოსამართლეობის კანდიდატები და შემდგომ, პარლამენტს წარუდგინოს.

ქართული ოცნების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა და საპარლამენტო ოპოზიციამ. ისინი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას მოითხოვდნენ. მათი პოზიციით, ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ე.წ. კლანს საშუალება მისცა "უზენაეს სასამართლოშიც გაძლიერებულიყო".

უზენაესის მოსამართლეების დამტკიცება

საქართველოს უკვე ჰყავს უზენაესი სასამართლოში უვადოდ დანიშნული 14 მოსამართლე. მოსამართლეთა დამტკიცებას წინ ახლდა პიკეტის მცდელობა, სადაც სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპზიციის აქციაზე პოლიციამ ჯამში 16 პირი დააკავა.

პროცესის ჩასაშლელად კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. ამ მიზეზით სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დეპუტატებს და კენჭისყრამ რამდენიმე საათით გადაიწია. ქართული ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა მომხდარი ტერორისტულ აქტად, დანარჩენებმა კი ქიმიურ თავდასხმად შეაფასეს. კენჭისყრა მაინც ჩატარდა და ქართულმა ოცნებამ მოსამართლეთა სია დაამტკიცა.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების გარდა კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც. ეუთო/ოდირის შეფასებების მიხედვით დარღვევები იყო გასაუბრების, არჩევისა და კენჭისყრის ეტაპებზე, ანგარიშში, ასევე, მოხვდა მოსამართლეთა კვალიფიკაციის საკითხიც. არჩევანით კმაყოფილი მხოლოდ მმართველი გუნდი დარჩა.