მოძალადე ქმარი მხოლოდ პირდაპირ არ ესხმის თავს მსხვერპლს: ის მანქანას აზიანებს, რათა ცოლი სამსახურში ვერ წავიდეს; ის აკონტროლებს მის ხარჯებს; ის უარს ამბობს მუშაობის დაწყებაზე, მაგრამ მეუღლის ხელფასის აზარტულ თამაშებში განიავებას არ ერიდება. ოჯახში ძალადობის მრავალ შემთხვევას თან ახლავს ელემენტი, რომელსაც მკვლევრები ეკონომიკურ ძალადობას ან მსხვერპლის თვითკმარობაზე თავდასხმას უწოდებენ. არ აქვს მნიშვნელობა შემოსავლის ზომას, მსგავსი ძალადობა ურთიერთობიდან თავის დაღწევას და დამოუკიდებლობის მოპოვებას საგრძნობლად ართულებს.

The California Sunday Magazine-ში გამოქვეყნებული სტატია ამ ტიპის ძალადობისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს ორი ამერიკელი ქალის მონათხრობზე დაყრდნობით გვიყვება. მათი გამოცდილებიდან აშკარაა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო თავშესაფრებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ორგანოებისა და სარეაბილიტაციო სერვისების არსებობასა და გამართულ მუშაობას.


მერიმ სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ დააღწია ქმარს თავი. იმ მომენტისთვის მათი შვილი ორი წლის იყო, თუმცა ქალს კიდევ ორი შვილი ჰყავს წინა ურთიერთობიდან. ფულის, სამსახურისა და მანქანის გარეშე მყოფს, თითქოს წასვლის ყველა გზა გადაკეტილი ჰქონდა. სამანტა კი პირიქით, 15-წლიან ქორწინებაში თვითონ იყო ოჯახში მარჩენალი და ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე კომპანიაში მაღალი თანამდებობა ეკავა. მაგრამ ამ გარემოებას ერთი წლის შვილთნ ერთად გაქცევა სრულებით არ გაუმარტივებია. სამანტას თქმით, ქმარს მისი გეგმების შესახებ რომ ეეჭვა, აუცილებლად მოკლავდა.

მერი, ორეგონიდან: ექთნად ვმუშაობდი და უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც ალკოჰოლს და ნარკოტიკებს არ გავკარებოდი. სწორედ ამ დროს გავიცანი. ის სამართალდაცვით სფეროში მუშაობდა. ყველაფერი ბრალდებებით დაიწყო: თითქოს პაციენტებთან და ექიმებთან ვღალატობდი. შეეძლო, დღეში ორმოცდაათჯერ მოეწერა და ეთქვა, როგორი ნაგავი ვარ. შემდეგ გადაწყვიტა, რომ ჩემი მანქანის ხარჯებს ვერ გავწვდებოდით, ამიტომ მას უნდა ვეტარებინე სამსახურში. მაიძულებდა, მქონოდა დაუცველი სექსი — ახლა მგონია, მიზანმიმართულად დამაორსულა. ბავშვი რომ მეყოლა, მუშაობაც შევწყვიტე.

სამანტა, სილიკონ ველიდან: ჩემი პარტნიორი სატვირთოს მძღოლი იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩემი კომპანია გაფართოვდა და ჩემი შემოსავლით კარგად ცხოვრება შეგვეძლო, სამსახურიდან წამოვიდა. სახლის პირველადი შენატანი დავფარე და გადასახადებსაც მარტივად ვუმკლავდებოდი. მეგონა, ფინანსებს მე ვაკონტროლებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო. დაორსულების შემდეგ სპორტული მანქანა ვიყიდეთ. ეს სრულიად უაზრო შენაძენი იყო. ორადგილიან მანქანაში საბავშვო სამგზავრო სავარძელს მაინც ვერ ჩავდებდი. მაგრამ ფიზიკური ძალადობით მუდმივად მემუქრებოდა. ის, უბრალოდ, მუშტებს შეკრავდა და მე მომენტალურად ვიცოდი, რომ სჯობდა, ის მეთქვა, რისი გაგებაც სურდა.

მახსოვს, სამზარეულოში ვიდექი, ცრემლიანი თვალებით გასარეცხი ჭურჭლით სავსე ნიჟარას ვუყურებდი და უცებ გავიფიქრე: "ასე ცხოვრება აღარ შემიძლია".

მერი: ერთ დღესაც მოვიდა და მითხრა, რომ სოფელში სახლი ნახა ბაღით, რომელიც ოთხი კილომეტრით იყო დაშორებული უახლოესი მაღაზიისგან. არც მართვის მოწმობა მქონდა, არც მობილური და არც საბანკო ანგარიში. სრულიად მასზე ვიყავი დამოკიდებული. რას ვჭამდი, იმასაც კი მიკონტროლებდა.

სამანტა: ერთ საღამოს სამსახურში ღონისძიება იყო დაგეგმილი. თანამშრომლებმა მთხოვეს, აუცილებლად მივსულიყავი. ჯერ სახლში შევიარე. აშკარად გაღიზიანებული დამხვდა. წვნიანი რომ მოვუმზადე და მივუტანე, თეფში მესროლა, მხრებში მწვდა, იატაკზე ჩამკეცა და მითხრა: "შენთვისვე აჯობებს, აწმინდო". სხვა რა გზა მქონდა, იატაკიდან წვნიანი ავლოკე, თან ორჯერ ვაღებინე. პარალელურად ნეკნებში მირტყამდა. როცა ვკითხე, რატომ მექცეოდა ასე, მიპასუხა, რომ ჩემთვის საქმე მასზე მნიშვნელოვანი იყო. ამ გამოცდილების შემდეგ სამუშაო საათების დასრულების მერე გამართულ აღარანაირ სამსახურეობრივ ღონისძიებაში მონაწილეობა აღარ მიმიღია.

მერი: ზოგჯერ მეზობლებსაც ესმოდათ ჩვენი ყვირილი. ეს ხმები მთელ სოფელში ექოდ ვრცელდებოდა. პოლიციელებიც მოსულან, თუმცა ეს შემთხვევები ყოველთვის ერთნაირად სრულდებოდა: ვიტყუებოდი. მაგალითად, ვამბობდი, რომ ყელზე დატოვებული კვალი ნათითურები არ იყო. როცა ყველაფერი გაუარესდა, ნარკოტიკების მიღება დავიწყე. ამიტომ მეშინოდა, რომ დამაპატიმრებდნენ და ბავშვს წაიყვანდნენ — იმ ერთადერთს, რაც მებადა.

სამანტა: მივხვდი, რომ ეს ურთიერთობა კი არა, ციხე იყო, რომლიდანაც არ ვიცოდი, როგორ დამეღწია თავი. ადგილმდებარეობის დამდგენი მოწყობილობა ეყენა ჩემს მანქანასაც და მობილურსაც; შვილსაც კი ვერ ვასეირნებდი დამოუკიდებლად.

მერი: სახეში შუბლს მირტყამდა და მეუბნებოდა, რომ ლამაზ კბილებსაც ჩამიმსხვრევდა. ვხედავდი, როგორ დარბოდა ჩემი პატარა ბიჭი ჩემ გარშემო და ისტერიულად ტიროდა. რამდენიმე დღის შემდეგ თითქოს გონება გამინათდაო: სახლში ვიყავი ბავშვებთან ერთად, ამჯერად შეურაცხმყოფელ სიტყვებს ტელეფონით მწერდა. მახსოვს, სამზარეულოში ვიდექი, ცრემლიანი თვალებით გასარეცხი ჭურჭლით სავსე ნიჟარას ვუყურებდი და უცებ გავიფიქრე: "ასე ცხოვრება აღარ შემიძლია".

მდელოს გადაღმა სახლში მცხოვრებ გოგოსთან ვმეგობრობდი. მასთან წავედი და ბავშვთა უსაფრთხოების სააგენტოში დავრეკეთ. ყურმილში ყველაფერი ამოვთქვი: "წამლებს ვიღებ. ბავშვები უსაფრთხოდ არ არიან. ქმარი მცემს. ამის შედეგად ფილტვი მაქვს დაზიანებული". ბავშვები რომ ჩემგან წაეყვანათ, არ მინდოდა, ნამდვილად არ მინდოდა. მაგრამ ფული არ მქონდა, ყველაფრისგან მოწყვეტილი და იზოლირებული ვიყავი. მანამ, სანამ მივხვდებოდი, რომ ბავშვთა უსაფრთხოების სააგენტოში დარეკვა შემეძლო, სუიციდზეც ხშირად მეფიქრებოდა.

სამანტა: ოჯახურ ძალადობაზე მომუშავე ჯგუფს დავუკავშირდი. მირჩიეს, ფულის გადადება დამეწყო. მაგრამ საბანკო ანგარიშიდან თანხას ვერ გამოვიტანდი, აუცილებლად გაიგებდა. პარანოიდულად იქცეოდა, პასპორტსა და რამდენიმე ათას დოლარს ბავშვის საფენების ყუთში ინახავდა. დროდადრო ყუთიდან 40-50 დოლარს ვიღებდი და სამსახურის მაგიდის ქვეშ დამალულ ჩანთაში ვინახავდი. ჩემს სამსახურში არასდროს მოსულა, ამიტომ არ მეშინოდა, რომ ჩანთას მიაგნებდა.

დილის 8 საათზე ექიმთან მყავდა ბავშვი ჩაწერილი. ვიცოდი, არ წამოვიდოდა. ჩემი მეგობრები გავაფრთხილე, რომ მანქანას, მობილურს, ლეპტოპს, ერთი სიტყვით, ყველაფერს საავადმყოფოსთან დავტოვებდი. მათ იქ ჩემი ფულით სავსე ჩანთა უნდა მოეტანათ, მე და ჩემი შვილი სხვა მანქანაში ჩავესვით და ისეთ ადგილას წავეყვანეთ, რომელზეც ჩემს ქმარს წარმოდგენა არ ჰქონდა. არ ვიცოდი, სამსახურს დავკარგავდი თუ არა. არ ვიცოდი, ანგარიშებს დამიცარიელებდა თუ არა. იმაშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული, რომ არ გაგიჟდებოდა, ჩემს სამსახურში იარაღით არ მივარდებოდა და ხალხს არ ჩახვრეტდა.

მერი: სოფლის თავშესაფარში გავჩერდით. იმ პირველ ღამეს რომ დავწექი, მახსოვს, ჭერს მივაშტერდი და ვფიქრობდი, აქამდე პოლიციელის მეუღლე ვიყავი, ახლა კი თავშესაფარში ვცხოვრობ-მეთქი. იმ დღეს უკანასკნელად მივიღე ნარკოტიკი. ამის მერე უბრალოდ შევწყვიტე. შემდეგ დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებელ, ეგრეთ წოდებულ ფხიზლად ცხოვრების თავშესაფარში გადავედი. ჩემსა და ქმარს შორის შემაკავებელი ორდერი არსებობდა, თუმცა თავადვე დავარღვიე. დავურეკე და ვიჩხუბეთ. ბოლოს ყურმილი დამიკიდა. ამის შესახებ სოციალური კეთილდღეობის სამსახურს ესაუბრა და მეორე დღესვე ბავშვი წამართვეს. სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ 9 თვე იმყოფებოდა.

ფოტო: Cecilia Carlstedt

სამანტა: რადგან ვცდილობდი, არაფერი ეეჭვა, ამიტომ თან მხოლოდ 800 დოლარის წაღება შევძელი. განქორწინებაზე მომუშავე პირველმა ადვოკატმა წინასწარ ჰონორარად 20 ათასი დოლარი მომთხოვა. თანხა მამაჩემის საკრედიტო ბარათით დავფარე, რადგან არ მინდოდა, სცოდნოდა, რომელ ადვოკატთან ვმუშაობდი.

ჩემს ბარათს განქორწინების საქმეების მოსაგვარებლად ვერანაირად ვერ ვიყენებდი. რამდენიმე კვირაში მეგობრისგან გავიგე, რომ ჩემი ყოფილი სამოგზაუროდ წასულიყო. პოლიციის ესკორტის თანხლებით სახლში დავბრუნდი, ერთ-ერთი მანქანის გასაღები ვიპოვე და 20 ათას დოლარად გავყიდე. კალიფორნია განქორწინებისას მიზეზს არ ითვალისწინებს და წყვილზე ყველაფერს თანაბრად ანაწილებს. ამიტომ 10 ათასი დოლარი ჩვენს საერთო ანგარიშზე ჩავრიცხე, ქურდობად რომ არ ჩამთვლოდა. მეორე ნახევრის შეტანას კი ახალ, ჩემ პირად ანგარიშზე ვგეგმავდი.

იმავე ბანკში რომ ვცადე ახალი ანგარიშის გახსნა, მითხრეს, ჯერ წინა უნდა დამეხურა ყოფილი ქმრის თანხმობით. ვუხსნიდი, რომ საფრთხეში ვიყავი, თუმცა პასუხი მტკიცე იყო: "ეს ჩვენი პრობლემა არ არის". მამაჩემი განყოფილების მენეჯერს ესაუბრა. აღმოჩნდა, რომ წარსულში ისიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. მეორე დღესვე დამიხურა ძველი ანგარიში და ახლით ჩამინაცვლა.

მერი: ფხიზლად ცხოვრების თავშესაფარი თვეში სადღაც 350 დოლარი ჯდება. არ ვიცოდი, როგორ მიმეხედა ჩემი თავისთვის. არასდროს გადამიხდია გადასახადები. სამსახურის ძებნა დავიწყე, ყველაფერზე თანახმა ვიყავი. მეგობარმა, რომელიც ვულკანიზაციას ფლობდა, სამუშაოდ ამიყვანა. უბრალოდ, მანქანებს ქვიშაჭავლით ვწმენდი და ვცდილობდი, თავი ხელში ამეყვანა. ოჯახური ძალადობის მსხვერპლად ყოფნა გზააბნეულს გხდის. იმისთვისაც კი დიდი დრო დამჭირდა, რომ სამსახურში დროულად მისვლა დამეწყო. ცოტა ხნის შემდეგ კი ათას დოლარად მანქანაც შევიძინე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატი ყოველ კვირას მოდიოდა, რათა ენახა როგორ ვიყავით მე და ბავშვები და რამე ხომ არ გვჭირდებოდა — თუნდაც შამპუნი.

იმდენი ხანი იყო გასული, რაც რაიმეს ფლობის შესაძლებლობა მქონდა, რომ ტანსაცმლის უკონტროლოდ დაგროვება დავიწყე. თუ რამე პატარა მქონდა, მაინც ვინახავდი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი წინა ტანსაცმელი სრულიად დავკარგე. სახლიდან მხოლოდ ერთი ჩემოდნით წამოვედი. მახსოვს, ერთ დღეს წინდების საყიდლად წავედი მაღაზიაში და უცებ მივხვდი, რომ კალათაში ცხრა წყვილი მქონდა ჩაგდებული. ანონიმურ ალკოჰოლიკთა ორგანიზაციის მიერ ჩემთვის გამოყოფილ სპონსორს დავურეკე და აქვითინებულმა ვუთხარი, არ მჭირდება ამდენი, მაგრამ მაინც ძალიან მინდა ყველას ყიდვა-მეთქი. როდესაც წამალზე ხარ დამოკიდებული, ზედმეტი ოცი დოლარი არასდროს გაქვს. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ხარჯვასთან პრობლემები შემექმნა. მომიწია, ხელახლა მესწავლა, როგორ უნდა მოიქცე, როცა ფული გაქვს.

სამანტა: სამსახურისთვის მომხდარის შეტყობინება მაშინებდა. საბოლოოდ, ხელმძღვანელობა გაგებით მოეკიდა ჩემს ამბავს, თუმცა, მგონია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი შიდა შეხვედრა გამართეს. ახალი ლეპტოპიც მომცეს. წინა, რომელზეც ქმარი მითვალთვალებდა, თან არ წამიღია. სახლიდან მუშაობის ნებაც დამრთეს. მე და ჩემი შვილი სახლიდან სახლში გადავდიოდით: ხან ჩემს მეგობრებთან ვრჩებოდით, ხან — ნათესავებთან, რადგან მეშინოდა, რომ გვიპოვიდა. დეიდაჩემს დავურეკე. მან და მისმა ქმარმა თავიანთი კაბინეტი გამოგვითავისუფლეს, მატრასი გვიყიდეს და იქ რამდენიმე თვე გავატარეთ. ამასობაში ჩემი ფინანსებიც მწყობრში ჩავაყენე. საცხოვრებლად დეიდასთან ახლოს ბინაში გადავედით. იქაურობა მძლავრი დაცვის სისტემით აღვჭურვე. ნებისმიერ ხმაზე ვფიქრობდი, ის ხომ არ ცდილობს შემოჭრას-მეთქი. ფანჯრიდან ყოველი გახედვისას მისი მანქანა მელანდებოდა და ვშიშობდი, რომ ქუჩიდან მითვალთვალებდა.

მერი: როცა დედაჩემი შვიდი თუ რვა თვის ორსული იყო, მამაჩემი სცემდა. მეგონა, ეს იყო ნორმა და ოჯახის წევრები ზოგადად ასე ექცეოდნენ ერთმანეთს. მართლა არ ვიცოდი, რომ ცოლის ცემა არ შეიძლებოდა. საქმეში ბავშვთა დაცვის სფეროს ჩართულობის გამო დამევალა, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის და მშობელთათვის გამართულ კლასებს დავსწრებოდი. ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებისთვის ჩატარებული მკურნალობის თანხებსაც ისინი ფარავდნენ. როცა გავაანალიზე, რისი გადატანა მომიწია, ძალიან გავბრაზდი.

განქორწინების დღეს ბავშთა დაცვის სექტორმაც დახურა ჩემი საქმე. დაბინავების პროგრამაში გავწევრიანდი, რათა საკუთარ ბინაში ცხოვრება შემძლებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატი ყოველ კვირას მოდიოდა, რათა ენახა როგორ ვიყავით მე და ბავშვები და რამე ხომ არ გვჭირდებოდა — თუნდაც შამპუნი. ყოფილ ქმარს მარტო ისეთ საკითხებზე ვეკონტაქტებოდი, როგორიც შვილის მედიკამენტებია.

ამის შემდეგ სოციალური მომსახურებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ადგილობრივ კოლეჯში ჩავაბარე და იმ არასამთავრობოში დავიწყე მუშაობა, რომელიც დამეხმარა. ახლა ყველა გასადახადს თავად ვიხდი. საავადმყოფოსთვის 4 ათასი დოლარი მემართა იმ დროიდან, როცა ქმრისგან დაზიანებული ფილტვისთვის ვიმკურნალე. ეს ვალი გადავიხადე. ჩემი საკრედიტო ისტორიაც გაუმჯობესდა. სახლის თანხაც გადახდილია და იპოთეკითაც არ მაქვს დატვირთული. ულამაზეს ხისიატაკიანი სამსაძინებლიანი სახლია. უკანა ეზოში მოცვი ხარობს.

სამანტა: ერთი სული მქონდა, განქორწინების პროცესი როდის დასრულდებოდა, რომ ცხოვრების გაგრძელება შემძლებოდა. საქმის სისრულეში მოყვანას დიდი თანხა დავაჯარხე და საბოლოოდ სესხის აღებაც მომიწია. კალიფორნიაში ბიოლოგიურ მშობელს შვილთან ურთიერთობის შენარჩუნების უფლება აქვს. სასამართლომ ჩემს ქმარს კვირაში ორი საათით მეთვალყურესთან ერთად შვილის ნახვის ნება დართო. პირადი დაცვისთვის ყოველ ჯერზე 500 დოლარს ვიხდი, რადგან ბავშვის მანქანიდან გადმოყვანის ან უკან წაყვანის დროს რამდენჯერმე სცადა, თავს დამსხმოდა. ბოლო რამდენიმე წელში დაცვის ხარჯებმა 60-80 ათასი დოლარი შეადგინა და ამაში განქორწინებისა და ადვოკატების თანხა არ შედის.

ყოველ დღეს საფრთხის მოლოდინი გასდევს. პარკინგის გადაკვეთისას მობილურს არ ვიყენებ; როცა მანქანაში ჩემს შვილს ვსვამ, ვამოწმებ, ვინმე ხომ არაა ირგვლივ. ჩემი ახალი ცხოვრება კარგია, მაგრამ ძველის ჩრდილი მუდამ თან დამყვება. დღე არ გავა, არ გამეფიქროს, იქნებ სწორედ ახლაა ის დღე, როცა ტვინი გადაეკეტება და თავს დამესხმება.