მარსის გარშემო შეიძლება რგოლები ჩამოყალიბდეს — როდისაა ეს მოსალოდნელი
ფოტო: janez volmajer/Shutterstock
მარსს თავისი მოწითალო შეფერილობა გამოარჩევს, მაგრამ შეიძლება მომავალში ის პლანეტარულმა რგოლებმაც "დაამშვენოს". მეცნიერთა პროგნოზით, ეს მაშინ მოხდება, როცა მისი ერთ-ერთი ბუნებრივი თანამგზავრი — ფობოსი — ნაწილებად დაიშლება და ფრაგმენტები ციური სხეულის ირგვლივ რგოლებს წარმოქმნის. ახალი კვლევის თანახმად, ეს იმაზე ადრეა მოსალოდნელი, ვიდრე გვეგონა.
მარსის გარშემო ფობოსთან ერთად კიდევ ერთი თანამგზავრი მოძრაობს, რომელსაც დეიმოსი ეწოდება. ისინი შეიძლება ადრეული მოზრდილი თანამგზავრის ან თავად წითელი პლანეტის ნაწილები იყოს. ამასთან, ფობოსი უფრო დიდი ზომისაა და ციურ სხეულთან ახლოს გადაადგილდება.
მთვარესთან შედარებით ის მაინც პატარაა; ვინაიდან მის ფორმას ხშირად კარტოფილს ადარებენ, ზომებიც არათანაბარია: 27 x 22 x 18 კმ. ეს თანამგზავრი მარსის ცენტრიდან 9 400 კილომეტრითაა დაშორებული და სიმცირის მიუხედავად მზის დაბნელება მაინც შეუძლია.
მარსთან ასეთი დისტანცია ფობოსისთვის დამღუპველია. საქმე ისაა, რომ არსებობს როშის საზღვარი, რომლის მიღმაც მომცრო ობიექტი პლანეტის გრავიტაციის გავლენით ნადგურდება. ეს თანამგზავრი აღნიშნულ რეგიონთან უკვე ძალიან ახლოსაა, მაგრამ მაინც რა მანძილზე უნდა მივიდეს მარსთან, რომ დანაწევრდეს?
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ამის გამოთვლა სცადეს და დაადგინეს, რომ ასეთი მიჯნა პლანეტიდან იმაზე შორსაა, ვიდრე აქამდე შექმნილი სიმულაციები აჩვენებდა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი შედგენილობა აქვს ფობოსს. ახალ სიმულაციებში ის წარმოადგინეს, როგორც არა მყარი ობიექტი, არამედ ერთმანეთთან სუსტად შეკავშირებული ქვების გროვა, როგორიც, მაგალითად, ასტეროიდები ბენუ, რიუგუ, დიდიმოსი და დიმორფოსია (ბინარული სისტემა).
ამჟამად ფობოსის საშუალო დისტანცია მარსის 2.76 რადიუსის ტოლია. კვლევის შედეგების მიხედვით, ის მაშინ განადგურდება, როცა მარსის 2.03 რადიუსამდე მიაღწევს. ამის მიუხედავად, დაშლის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ მარსის 2.25 რადიუსზე იჩენს თავს. მაშასადამე, თუკი ფობოსი პლანეტას მომავალშიც წელიწადში 1.8 სანტიმეტრით მიუახლოვდება, ის 94 მილიონ წელში დანაწევრდება.
არსებობს მოსაზრება, რომ ამ თანამგზავრის დაშლა და რგოლების ფორმირება ციკლური პროცესი იქნება: სხეული დაიშლება, რგოლები წარმოიქმნება, ამ ფრაგმენტებიდან ფობოსი "აღდგება", მაგრამ ბევრად პატარა ზომა ექნება და შემდეგ ისევ დაიშლება. ობიექტის არამყარი შედგენილობა და კრატერები ამგვარ სცენარს შეესაბამება, მაგრამ მის სტრუქტურაზე მეტის გაგებაა საჭირო.
იმედს ამყარებენ იაპონიის რობოტულ მისია The Martian Moons eXploration (MMX)-ზე, რომელსაც მიმდინარე წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში გაუშვებენ. მის ფარგლებში ფობოსს შეისწავლიან და ნიმუშებს დედამიწაზე 2031 წელს ჩამოიტანენ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.

კომენტარები