საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში ძალისხმევისთვის მადლობას უხდის საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს:

"მათ უპრეცედენტო ყურადღება და სიმტკიცე გამოიჩინეს უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების საკითხზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი დაუღალავი ძალისხმევით, დიპლომატიითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით გადავჭრით იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რასაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აწყდება".

დღეს, 28 დეკემბერს 48-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს. ექიმი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ოჯახთან ერთად.

ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.

საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა.

საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა და აშშ-ს მთავრობამ.