ადამიანები, რომლებიც დეპრესიაში არიან, ხშირად თავს მარტოსულად და იზოლირებულად გრძნობენ. ისინი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებისას იმედგაცრუებას განიცდიან, მათი მდგომარეობა კი გარშემომყოფების დამოკიდებულებით შეიძლება გამწვავდეს.

ეს შინაგანი მდგომარეობა ყველა მათგანში განსხვავებულად გამოიხატება, ზოგი განწყობის ცვალებადობას განიცდის, ზოგს კი პირიქით — გამუდმებით სდევს უიმედობის განცდა. ადამიანების ნაწილი დეპრესიის დროს უფუნქციოა, თუმცა ეს ყველას არ ახასიათებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2019 წლის სტატისტიკით, მსოფლიო მასშტაბით დეპრესიით 264 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება. დეპრესიას არ აქვს ასაკი, თუმცა WHO-ს მიხედვით, ის ქალებში უფრო ხშირად გვხვდება.

დეპრესია შეიძლება იყოს მოულოდნელი, გარდამავალი ან ხანგრძლივი, ნებისმიერ შემთხვევაში მას მონსტრის ეფექტი აქვს და მისი ნიშნების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. მკურნალობა სხვადასხვა გზებს მოიცავს — მათ შორის თერაპიებს, სამედიცინო და ექსპერიმენტულ ჩარევებს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სპეციალისტის ჩართვით მდგომარეობის შემსუბუქება, მისი მართვა და სრულად განკურნება შესაძლებელია.

მართლია, საქართველოში არ არსებობს სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც დარეკავ, თუ გაწუხებს სუიციდური აზრები ან გინდა ამ მხრივ მეგობარს, ოჯახის წევრს დაეხმარო, სამაგიეროდ, არის ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც მსგავს შემთხვევაში რეკავენ ხოლმე:

  • მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
  • ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 116 111; 2 421 422
  • ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

დეპრესიასთან გასამკლავებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა მასზე ცნობიერების ამაღლება და პრობლემაზე საუბრის დაწყებაა. თუმცა, როგორ გამოვარჩიოთ დეპრესიის ნიშნები ყოველდღიურ ქცევებში და შევძლოთ საკუთარი თავის ან გარშემომყოფების დახმარება? On.ge საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების თანადამფუძნებელს, ფსიქოლოგ ანა ღვინიანიძეს ესაუბრა.

რა შეიძლება იყოს დეპრესიის მაპროვოცირებელი მიზეზი?

დეპრესიის გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია, ეს შეიძლება იყოს მოვლენათა ერთობლიობა.

ითვლება, რომ, როგორც წესი, [დეპრესია] გენეტიკური წინასწარგანწყობის, ფსიქიკური მოწყვლადობის და ცხოვრებისეული მოვლენების ურთიერთქმედების შედეგად ვლინდება. ჩვენ შესაძლოა განსაზღვრული განწყობები გვქონდეს, და ასევე, ჩვენს ცხოვრებაში განვითარდეს მოვლენები, რომლებიც შესაძლოა, ზრდიდეს დეპრესიისადმი წინასწარგანწყობის გამოვლენის ალბათობას.

წინასწარგანწყობებში იგულისხმება მიდრეკილებები, რომელსაც განსაზღვრული მოვლენა ავლენს. შესაძლოა, არ მოხდეს ტრავმული, ძლიერი სტრესის აღმძვრელი მოვლენა და არსებობდეს წინასწარგანწყობა, მაგრამ დეპრესიის ეპიზოდი არ ჩამოყალიბდეს.

ფსიქიკური განწყობები არსებობს როგორც გარესამყაროს მიმართ, ისე საკუთარი თავის მიმართ, მაგალითად დაბალი თვითშეფასება. ესაა ერთ-ერთი ფსიქიკური მოწყვლადობა, იგივე ხელშემწყობი გარემოება, რომელიც დეპრესიის ეპიზოდის გამოვლენას ხელს უწყობს.

დეპრესიის ეპიზოდის გამოვლენას ხელს უწყობს ადამიანისადმი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გარშემომყოფების მხრიდან. ესაა ინდივიდისგან დამოუკიდებელი გარემო-ფაქტორი, რომელიც ზრდის დეპრესიის ეპიზოდის ჩამოყალიბების ალბათობას.

ანა ღვინიანიძე

რომელი ცხოვრებისეული მოვლენები შეიძლება იქცეს ამ მდგომარეობის წინაპირობად?

ერთ-ერთი მაპროვიცირებელი მოვლენა შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანის გარდაცვალება ან მასთან ურთიერთობის დასრულება, ან განქორწინება.

ასევე გარდამტეხი და ე.წ. სტრესული მოვლენები, რომლებიც შეგუების აუცილებლობის წინაშე გვაყენებს. მაგალითად:

  • საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
  • ახალი სამსახური;
  • სასწავლო პროგრამის დასრულება;
  • პენსიაზე გასვლა...

მაგალითად, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ იმაზე უნდა ვიფიქრო, როგორ გავაგრძელო ცხოვრება. რა იქნება მის ნაცვლად. ეს შეიძლება წინ უძღოდეს დეპრესიის ეპიზოდის გამოვლენას. მაგალითად პენსიაზე გასვლა ცხოვრების სტილის შეცვლას გულისხმობს და ჩნდება გარკვეული ცხოვრების წესის დანაკლისი. შესაძლოა, არ მიფიქრია ან არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე მას შემდეგ, რაც ცხოვრების სტილი შემეცვლება.

პირადი პრობლემები — სოციალური იზოლაცია, მარტოობა, მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომელიც დეპრესიის ეპიზოდის გამოვლინებასა და შენარჩუნებას ხელს უწყობს.

ანა ღვინიანიძე

ფოტო: Glenn Thomas

დეპრესიის ეპიზოდის გამოვლენას შეიძლება ხელი შეუწყოს სერიოზული დაავადების დიაგნოზის გაგებამ.

ასევე, შეიძლება დეპრესიის გამოვლენას წინ უძღოდეს ფსიქო-აქტიური ნივთიერების გამოყენება. გარდა ამისა, არსებობს განსაზღვრული მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც ამძაფრებს დათრგუნვილობას.

რას განიცდის ადამიანი, რომელიც დეპრესიაშია?

დეპრესიის ეპიზოდი არის ფსიქიკური აშლილობა. ადამიანები ზოგჯერ დათრგუნვილობასა და სევდას აიგივებენ დეპრესიასთან, თუმცა ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს ამ ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზის დასადგენად. დეპრესიის ეპიზოდის დიაგნოზის დადგენა, რა თქმა უნდა, არის ფსიქიატრის კომპეტენცია და ახასიათებს განსაზღვრული სიმპტომები, რომლებიც სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში უნდა ვლინდებოდეს ადამიანში.

კონკრეტულად რომელ ქცევებში შეიძლება ამოვიცნოთ დეპრესიის სიმპტომები?

ეს სიმპტომები არის შემდეგნაირი:

სევდისა და სიცარიელის განცდა

ადამიანი მოცულია სევდით და აღნიშნავს, რომ სიცარიელის განცდა ეუფლება.

მოტივაციის ნაკლებობა

ადამიანი აქამდე ყოველდღიურ საქმიანობებს სიხარულით ასრულებდა და ახლა ეს შეიცვალა, აქვს ძალდატანების განცდა, თითქოს ძალიან დიდი ძალისხმევის გაღება სჭირდება იმისთვის, რომ ყოველდღიური, ჩვეული საქმიანობები, რომლებსაც აგვარებდა უპრობლემოდ, შეასრულოს. ამის მიზეზია სხვადასხვა ქცევის თუ ქმედების განხორციელების უნარის შეზღუდვა დაქვეითებული გუნება-განწყობისა და დათრგუნვილობის საფუძველზე.

ძილის ჩვევის ცვლილებები

ადამიანები უჩივიან იმას, რომ ჩაძინება უჭირთ. ან გაღვიძებას სდევს დათრგუნვილობისა და სევდის განცდა არის მოზღვავებული, ეს ხშირშემთხვევაში კლასიკური ჩვეული გამოვლინებაა. დეპრესიის ეპიზოდის მქონე ადამიანები ხშირად თავს არიდებენ დილით ადრე გაღვიძებას. ესეც ერთ-ერთი თავისებურებაა.

კვების ჩვევის ცვლილება

ამ შემთხვევაში უპირატესად ვლინდება მადის დაქვეითებით, თუმცა პირიქითაც არსებობს. როცა ადამიანი საკვებს იღებს არა იმიტომ, რომ ისიამოვნოს, არამედ იმიტომ, რომ დამშვიდდეს. დეპრესიის ეპიზოდის დროს, ადამიანს სიამოვნების განცდის უნარები დაქვეითებული აქვს, ამიტომ კვებას სიამოვნების განცდა ხშირად არ მოაქვს. ამ შემთხვევაში, ადამიანი საკვებს, დიდწილად, დამშვიდების მიზნით იღებს.

გაღიზიანებადობა და შფოთვა

ფოტო: Glenn Thomas

არის დეპრესიის სახეები, როდესაც უფრო გამოხატულია ეს ემოციები, ვიდრე სევდა და დათრგუნვილობა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დიაგნოზის დადგენა ფსიქიატრის კომპეტენციაა. მაგალითად ე.წ. მამაკაცური დეპრესია ზუსტად ბრაზის მართვის სირთულეებში და გაღიზიანებაში ვლინდება.

გადაწყვეტილების მიღების სირთულე

დეპრესიის ეპიზოდის მქონე ადამიანები ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღებისას მერყეობენ. მაგალითად, რა ჩაიცვან დღეს, შეიძლება ძალიან გაუჭირდეთ ეს და მტანჯველ განცდასთან იყოს დაკავშირებული.

საკუთარ თავზე ზრუნვის სურვილის არქონა

ჰიგიენისადმი გულგრილობა და საკუთარ თავზე ზრუნვის სურვილის არქონა, ხშირად, ენერგიის უკიდურეს დაქვეითებაზე და ქმედებების შესრულებისა და განხორციელების საგრძნობ სირთულეზე მიანიშნებს.

სხეულებრივი სიმპტომები

ტკივილის შეგრძნება, რომელიც სხეულებრივი დაავადების გამოვლინება არ არის. ასეთი სხეულებრივი შეგრძნებები, შესაძლოა, გუნება-განწყობის დაქვეითების თანმხლები სიმპტომები იყოს.

სუიციდური აზრები

უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უიმედობის განცდა ეუფლება საკუთარი ცხოვრებისეული სიტუაციის გაუმჯობესების, ან დეპრესიის დაძლევის იმედი არ აქვს, შეიძლება სასოწარკვეთამ მოიცვას და, აქედან გამომდინარე, ებადებოდეს აზრები გარდაცვალებაზე და თვითმკვლელობაზე. ეს აზრები ხშირად აღენიშნებათ მათ, ვისაც აქვს ე.წ. უსარგებლობის განცდა: "არარა ვარ", "არარაობა ვარ".

გამოყოფდი ნიშნებს, რომლებიც ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს? რა ქცევებში ვლინდება სუიციდური აზრები?

თუ ადამიანი ხშირად საუბრობს, ან თუნდაც რამდენჯერმე ახსენა თვითმკვლელობა, როგორც გამოსავალი, და ვიცით რომ მისი მდგომარეობა ყურადსაღებია, ეს არის მიმანიშნებელი და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. არ შეიძლება გავაუფასუროთ საუბარი სიკვდილზე და გარდაცვალებაზე, ისევე როგორც თვითმკვლელობაზე.

დეპრესიის ეპიზოდის დიაგნოზის დადგენა, რა თქმა უნდა, არის ფსიქიატრის კომპეტენცია.

ანა ღვინიანიძე

ყურადღებით უნდა ვიყოთ, თუ ჩვენს ახლობელს გუნება-განწყობის ცვლილება აღენიშნება, ან გუნება-განწყობის აშლილობის დიაგნოზი დადგენილი აქვს, ან თუ თვითღირსების განცდა აქვს დაქვეითებული. მაგალითად მეტყველებისას იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა "მერე რა, მე თუ არ ვიქნები, შეიძლება უკეთესიც იყოს". ამ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ადამიანი ფიქრობს გარდაცვალებაზე, ან თვითმკვლელობაზე. ყურადსაღებია თუ წარსულში თვითმკვლელობის მცდელობა ან მცდელობები ჰქონდა ამ ადამიანს.

იმპულსურობა

სხვა ყურადსაღებ ნიშნებთან ერთად, იმპულსური ქმედების განხორციელების გახშირება შესაძლოა, ერთ - ერთი მანიშნებელი იყოს. ხშირად კაცებში ვლინდება, რომ როდესაც დათრგუნულები არიან, შეიძლება მიიღონ სულსწრაფი გადაწყვეტილებები.

მაგალითად, იმპულსურობიდან გამომდინარე მიმართონ თვითდაზიანების გამომწვევ ქცევებს — ეს გარშემომყოფებისგან შეიძლება პირდაპირ ასეთ ქცევად არ აღიქმებოდეს, მაგრამ გამოიხატებოდეს ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებაში. აზარტულ თამაშებზე ჩამოყალიბებული დამოკიდებულება. ან წინდაუხედავი ქცევები, რომლებიც მისი შედეგების უგულებელყოფას გვიჩვენებს. მაგალითად მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა და ა.შ. თუ კი გვრჩება, ასეთი განცდა [რომ სიცოცხლე აღარ ადარდებს], ეს ერთ-ერთი ყურადსაღები ნიშანია.

თვითიზოლირება

ხშირად დეპრესიის მქონე ადამიანი იმდენად გამოფიტულად გრძნობს თავს და იმდენად სწრაფად იღლება, რომ, შესაძლოა, ვერ შეძლოს იმ სპეციალისტების მოძიება, რომლებსაც უნდა მიმართოს. ამ დროს შეგვიძლია მხარდაჭერა შევთავაზოთ.

ანა ღვინიანიძე

როდესაც ადამიანი თვითონ გაირიყავს თავს, ოჯახთან და მეგობრებთან აღარ ურთიერთობს, ხშირად აღნიშნავს უიმედობის განცდას, ან მის მეტყველებაში შეინიშნება, რომ მომავლის იმედი არ აქვს. თვითიზოლირების დროს, მას აქვს განცდა, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა მიმართული და გამოიხატება ისეთ ფრაზებში, როგორიცაა "ჩემი არავის არ ესმის", "ვერ გაგაგებინეთ, რომ ცუდად ვარ".

ერთი შეხედვით მუქარის ტონით ნათქვამი ირიბი ფრაზები: "მალე გაიგებთ, როგორ ცუდად ვიყავი", "სხვანაირად ვერ გაგაგებინეთ" — უკვე მინიშნებაა უკიდურეს სასოწარკვეთაზე.

ამ შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება იმდენად ძლიერ სასოწარკვეთას განიცდიდეს, რომ დამოუკიდებლად, ჯანსაღი გამკლავების გზების მოძიება უჭირს და ამ განცდებისგან გასათავისუფლებლად ერთადერთ გზად თვითმკვლელობა წარმოუდგენია.

ადამიანს, რომელიც თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას იღებს, ამ ქმედების მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს. რეალურად, მათ უმეტესობას სიცოცხლე უნდა, მაგრამ არ უნდა ის ძლიერი, ყოვლისმომცველი, მტანჯველი განცდები, რომელთან გამკლავებაც განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში უჭირს.

ანა ღვინიანიძე

ფოტო: Glenn Thomas

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია დროული დახმარება. სწორი მკურნალობის და მხარდაჭერის შემთხვევაში, ადამიანების დიდი ნაწილი ამ მდგომარეობიდან გამოდის და აგრძელებს ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას.

სპეციფიკური, ყურადსაღები ნიშნები:

  • ნივთების სხვა ადამიანებისთვის გადაცემა;
  • ანდერძთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
  • ახლო წარსულში გაზრდილი მნიშვნელოვანი დანაკლისები;
  • აკადემიური და ფინანსური სტრესი.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს სუიციდის რისკის მართვაში მედიის მიერ თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვალების ფაქტების სწორად გაშუქებას.

დეპრესიაში მყოფი ადამიანის დახმარების სურვილის დროს, ხშირად გარშემომყოფებმა არ იციან, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ სიტყვებს. რა არ უნდა ვუთხრათ ადამიანს, რომელსაც დეპრესია ტანჯავს?

დეპრესიის ეპიზოდის მქონე ადამიანისათვის, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, მივიღოთ და ვაღიაროთ ადამიანის მდგომარეობა. "რაღაცას აჭარბებ", "შენ ხო მაგარი გოგო ხარ, ისედაც გაუმკლავდები" და მსგავსი ფრაზები აუფასურებს დეპრესიის ეპიზოდის მქონე ადამიანის განცდებს, ის ვერ გრძნობს, რომ მისი მდგომარეობის არსებობა აღიარეს.

არსებობს კონკრეტული ფრაზები, რომელთა გამოყენებისგან, სასურველია, თავი შევიკავოთ:

  1. ეს პრობლემები, რომლებზეც საუბრობ, შენი გამოგონილია და არ არსებობს — ეს ფრაზა აუფასურებს ფაქტს, რომ ადამიანი დათრგუნვილია და მას საშუალებას არ აძლევს, განაგრძოს დახმარების ძიება;
  2. დრო განგკურნავს — ეს ფრაზაც უშედეგოა, რადგან დეპრესიის ეპიზოდი არის ფსიქიკური აშლილობა, რომელიც "თავისით" არ "გაივლის" და ამ მდგომარების მქონე ადამიანს შესატვისი მკურნალობა სჭირდება;
  3. ეცადე ნათელ მხარეზე კონცენტრირდე — ეს ფრაზაც როგორც წესი დამაკნინებელი და გამაუფასურებელია და დეპრესიის ეპიზოდის მქონე ადამიანს უმძაფრებს უუნარობის განცდას. როგორც წესი, ისინი ფიქრობენ, რომ მათი მდგომარეობა უმადურობის ტოლფასია;
  4. რატომ ხარ ასე, როცა ამდენი სასიხარულო გაქვს — ხშირად, დეპრესიის ეპიზოდის მქონე ადამიანი თავადვე აცნობიერებს, რომ მის ცხოვრებაში, ბევრი დადებითი რამ ხდება, თუმცა, სიხარულის განცდის უნარი იმდენად შემცირებულია, რომ მასში დადებითი მოვლენები სიხარულის განცდას არ აღძრავენ. ამდენად, ეს ფრაზა მხარდაჭერის გამომხატველი არ არის;
  5. შენ შეგიძლია ამას შენი ძალისხმევით დააღწიო თავი — ეს ბრალეულობის განცდის გამძაფრებას უწყობს ხელს, იმიტომ, რომ როგორც წესი დეპრესიის ეპიზოდის მქონე ადამიანები ისედაც დამნაშავედ გრძნობენ თავს საკუთარი მდგომარეობის გამო, ხოლო, როდესაც ვეუბნებით, რომ ეს მდგომარეობა მათი არჩევანია, ვამძაფრებთ ბრალეულობის განცდას;
  6. აქამდე თავი კარგად უნდა გეგრძნო — მაგალითად, მკურნალობა დაიწყო და ამ მკურნალობას შედეგი არ ჰქონდა. ესეც დეპრესიის ეპიზოდის მქონე ადამიანებისგან აღიქმება როგორც დადანაშაულებად, რომ მან ვერ შეძლო ამ მდგომარეობასთან გამკლავება.

არის კონკრეტული ფრაზები ან რეაქციები, რომელთა თქმაც რეკომენდირებული არაა იმ ადამიანთან, რომელიც სავარაუდოდ მიგვანიშნებს, რომ სუიციდს გამოსავლად მიიჩნევს?

თუ ადამიანმა გაგვიზიარა, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობს ან გეგმავს მას, სასურველია თავი შევიკავოთ შეკამათებისგან ან აღშფოთების გამოხატვისგან. ეს დამოკიდებულება უშედეგო და, ამასთან ერთად, დამაზიანებელი შეიძლება იყოს. მაგალითად: "შენი ოჯახის წევრებს გულს დაწყვეტ", "დადებითი მხარისკენ მიმართე შენი ყურადღება", "შენ სულელი ხომ არ ხარ, რეებზე ფიქრობ" და მსგავსი ფრაზები ადამიანს, სამწუხაროდ, ვერ ეხმარება.

ასევე რეკომენდებული არაა რჩევის ან ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვის გზების შეთავაზება, რადგან მას სირთულეების გადასალახად პროფესიონალის დახმარება სჭირდება. კარგი იქნება, თუ თავს ავარიდებთ საკუთარი თავის დადანაშაულებასაც.

ამ ვცრელი რეკომენდაციების შემდეგ, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ ადამიანთან, რომელიც დეპრესიის ეპიზოდს განიცდის, ჩნდება მთავარი კითხვა — როგორ შეიძლება დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც დეპრესიის მიმანიშნებელი სიმპტომები აქვს?

აუცილებლად უნდა გამოვხატოთ გულისხმიერება სიტყვებთან ერთად. საუბარი შეგვიძლია დავიწყოთ ასე:

  • ბოლო დროა, შენზე ვღელავ;
  • ბოლო დროა შენი ქცევის ცვლილებას ვამჩნევ და მინდა გავიგო, როგორ ხარ;
  • მინდოდა მეკითხა რა შეიცვალა, რადგან ბოლო დროს თითქოს შეიცვალე.

ეს კითხვები გამოხატავს დაინტერესებას. თუ ადამიანი გაგვენდო, შეგვიძლია შემდეგი კითხვები ეს იყოს:

  • რამდენი ხანია, ასე ხარ?
  • რამე ხომ არ მოხდა, რასაც უკავშირებ შენი მდგომარეობის შეცვლას?
  • რა შემიძლია შენი მხარდაჭერისთვის გავაკეთო?
  • გიფიქრია თუ არა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მკურნალობაზე ან შესაბამისი სპეციალისტების მოძიებაზე?

დადებითად მოქმედებს თუ მხარდამჭერი, გულისხმიერი ტონით ვეტყვით, თუ კონკრეტულად რა ცვლილებები დავაფიქსირეთ მის ქცევაში. ეს უნდა იყოს ფაქტები და არა ვარაუდები. მაგალითად, "ვამჩნევ, რომ ბოლო დროს შენს თავზე ნაკლებად ზრუნავ", "ბოლო დროა, ვამჩნევ, რომ განმარტოებას ცდილობ და თავს არიდებ ჩვენთან ურთიერთობას." ასევე, შეგიძლიათ, დაუზუსტოთ, რა გაფიქრებინებთ ამას.

ხშირად დეპრესიის მქონე ადამიანი იმდენად გამოფიტულად გრძნობს თავს და იმდენად სწრაფად იღლება, რომ შესაძლოა ვერ შეძლოს იმ სპეციალისტების მოძიება, რომლებსაც შეუძლია მიმართოს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევთავაზოთ მხარდაჭერა: მკურნალობის გზების, სპეციალისტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გაზიარება. პირდაპირი კითხვითაც, "რით შემიძლია დახმარება", შეიძლება გულწრფელი პასუხი მივიღოთ.

თუ ადამიანი არ აღიარებს პრობლემას და უარს ამბობს ფსიქოთერაპევტის დახმარებაზე, ამ შემთხვევაში რისი გაკეთება შეგვიძლია?

ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პირველ რიგში ოჯახის წევრების ფსიქოგანათლება, როცა ადამიანი არ აღიარებს იმას, რომ მისი მდგომარეობა შეიცვალა, აქ საჭიროა, რომ ოჯახის წევრებმა გაიარონ კონსულტაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტთან და უშუალოდ კონკრეტული ადამიანის ქცევის საფუძველზე შეიქმნას მოქმედების გეგმა, თუ ეს შესაძლებელია.