პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისის აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ მან გადაცემა რეაქციაში განაცხადა.

"მე მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, იმედით ველოდები, რომ ადრე, ის მიიღებს დაზარალებულის სტატუსს", — აღნიშნა თალაკვაძემ.

წამყვანის კითხვაზე აქამდე უნდა მიეღო თუ არა გომურს დაზარალებულის სტატუსი, თალაკვაძემ უპასუხა, რომ აქამდე მას სახელმწიფოს დახმარება უნდა მიეღო.

ოქტომბრის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის ღამეს დაშავებულებს, მაკო გომურს, გიორგი სულუაშვილსა და კიდევ 14 პირს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. დაზარალებულის სტატუსის მინიჭებით სასამართლოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციამ მიმართა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 16 პირის, მათ შორის 8 ჟურნალისტის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პროკურორის იმ დადგენილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც 20-21 ივნისს დაზარალებულ პირებს სტატუსი არ მიენიჭათ.

დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საიამ გენერალურ პროკურატურას 2019 წლის 19 სექტემბერს მიმართა. ორგანიზაციის განმარტებით, მოთხოვნა პროკურორმა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომმა პროკურორმა, ასევე, არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

მანამდე საიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. მონაცემების მიხედვით, დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქეა ცნობილი. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.

20 ივნისის აქცია

20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ თავმჯდომარის სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს პარლამენტთან და სასტუმროსთან, სადაც ასამბლეის წევრები გადაიყვანეს. დღის ბოლოს ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას.

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყო On.ge-ს სამი თანამშრომელი.

20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.