გვიანი, ნათელი ღამეა. მაგისტრალზე მიქრიხარ - უკვე კილომეტრებია, შემხვედრ მანქანას არ ჩამოუვლია. გზის განაპირას ჩერდები, მანქანიდან გადმოდიხარ და ელოდები, როდის ჩაქრება ფარები. აი, ამის მერე კი მზერას ცაში აპყრობ - პირველად, დიდი ხნის განმავლობაში. იქ, ზემოთ, ვარსკვლავები კაშკაშებენ და ისეთ წყობებს ქმნიან, რომელთა უკან მნიშვნელობების დანახვას ადამიანები ათასწლეულებია ცდილობენ. ისინი ბევრნი არიან, ზოგი მათგანი ჩვენი მზის პატარა ვერსიაა, ზოგიც - დიდი; და ძალიან შორს იწვიან.

ვაჰ! - გეფიქრება შენ.

მათი უმრავლესობის გარშემო პლანეტები ბრუნავენ - ზოგი მათგანი ჩვენი მზის სისტემის ციური სხეულების პატარა ვერსიები არიან, ზოგიც - დიდი.

ვაჰ! - ისევ გეფიქრება.

და უცებ, შეცბუნებულს, სხვა აზრიც გიჩნდება თავში. "არის მანდ ვინმე?" - ყვირი შენ ისე, თითქოს ეჭვობ, რომ შენს სახლში უცხოა შემოპარული. ოღონდ ამჯერად სინათლის წერტილებით დაწინწკლულ სიბნელეს შეღრიალებ.

ბავშვივით იქცევი: ამ ღამით პასუხს არავინ გაგცემს და შენ ეს იცი. თუმცა მეცნიერებამ შეიძლება შენს ამ კითხვას ოდესმე უპასუხოს. მკვლევრები გონიერი უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულების პოვნას დაახლოებით 60 წელია ცდილობენ. ამის მიუხედავად, მათ მიერ ჩატარებული მოკვლევა ზღვაში წვეთად თუ ჩაითვლება. კოსმოსი ძალიან დიდია და ვარსკვლავები, რომლებსაც ხედავ, მასში გამოკიდებული ციური სხეულების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ. გონიერი უცხოპლანეტელები - თუკი ისინი საერთოდ არსებობენ - შესაძლებელია, შეტყობინებას ან უნებლიე სიგნალებს კონკრეტულ სიხშირეზე გვიგზავნიდნენ. ისინი კომუნიკაციის დასამყარებლად, შეიძლება, გრავიტაციულ ტალღებს, ნეიტრინოებს ან ისეთ საშუალებებსაც კი იყენებდნენ, რომლებიც კაცობრიობას ჯერ არ აღმოუჩენია. ვინ იცის!

ფოტო: Wired

ასტრონომებმა სამყაროში უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიების ძიების პროგრესი ახლახანს ხელახლა შეაფასეს. ამ გამოთვლის თანახმად, SETI-ის - არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნაზე ორიენტირებული საერთო კვლევის შედეგად, ჩვენ გალაქტიკის იმხელა პროცენტი გვაქვს შეთვალიერებული, რამდენიც ერთ აბაზანაში ჩატეული წყალია დედამიწის ოკეანეებთან მიმართებაში.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ოკეანეების წყლის დასატევად 166,875,000,000,000,000 აბაზანის გავსება იქნება საჭირო, შესაძლოა, გაიფიქროთ, საერთოდ რატომ იწუხებენ თავებს SETI-ის მეცნიერები.

საქმე ისაა, რომ თუ ჭკვიანი უცხოპლანეტელები არსებობენ და მათ ადამიანები ოდესმე იპოვიან, დიდი ალბათობით, მათი ცივილიზაცია ჩვენსაზე ბევრად ასაკოვანი იქნება. ამის გამო სავარაუდოა, რომ მათ ბევრად შთამბეჭდავი ტექნოლოგიაც ექნებათ - ისეთი, რომლის წარმოდგენაც კი რთულია (მაგალითად, კოსმოსური ჭიის ხვრელების ბურღები, სილიკონში მოთავსებული ცნობიერება ან სოციალური მედიის კეთილსინდისიერი კომპანიები). ეს გამოგონებები სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლის, არტურ კლარკის მიერ შემუშავებული იმ მესამე კანონის ქვეშ შეიძლება მოექცეს, რომელიც ამბობს, რომ "ნებისმიერი საკმარისად განვითარებული ტექნოლოგია მაგიისგან განურჩეველი შეიძლება იყოს".

SETI, გარკვეულწილად, ღმერთის ძიების მეცნიერული ვერსიაა. ბოლოსდაბოლოს, რა არის ღმერთი, თუ არა ძლიერი, აღმატებული არსება, რომელიც ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიას წარმოადგენს და ისეთ სივრცეში სუფევს, რომლამდე ასვლაც საკმარისი დროის გასვლისა და განსაცდელთა გამოვლის მერეა შესაძლებელი? SETI-ის მრავალ მეცნიერთა ლოგიკაზე დაყრდნობით, უცხოპლანეტელი ღმერთები ძველბერძნული ღვთაებების მსგავსი კამათის მოყვარული, ეჭვიანი, შურისმაძიებელი ქმნილებები არ იქნებიან: თუ მათ მაღალტექნოლოგიურ განვითარებას ისე მიაღწიეს, რომ გზად საკუთარი თავი არ გაანადგურეს, აუცილებლად გააზრებული ექნებათ, როგორ უნდა გამოიყენო რესურსები ხანგრძლივად, არ გაწირო პლანეტის კლიმატი, აიცილო ბირთვული უბედურება ან სხვა ნებისმიერი სახის კონფლიქტი. მათი არსებობის დადასტურება ჩვენთვის იმ იმედის მომცემი იქნება, რომ ჩვენც შევძლებთ ოდესმე მსგავსი ტექნოლოგიის გამოგონებას; ვისწავლით მშვიდობიანად თანაარსებობასა და პლანეტის მოვლას; შევძლებთ, გავიზარდოთ და მათნაირები გამოვიდეთ.

თუ ჩვენ მათ ვიპოვით, ჩვენი მთლიანი ისტორიის ხანგრძლივობის მარტოობასაც ბოლო მოეღება. მათი არსებობის მაგალითით შთაგონებულები, ჩვენ დავიჯერებთ, რომ აღმატებული, ზეციური რეალობის მიღწევას შევძლებთ.

თუმცა მეცნიერები თავიანთ საქმიანობას ამ კუთხიდან არ უდგებიან და რწმენის ქონის საჭიროებაზეც არ საუბრობენ. გარე დამკვირვებელმა, შეიძლება, იფიქროს, რომ SETI-ის მეცნიერებს უცხოპლანეტელების არსებობის სჯერათ - ასე რომ არ იყოს, რატომ გაფლანგავდნენ წლებს მათ ძებნაში? მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისინი რაიმე ტიპის მტკიცებისგან თავს იკავებენ და, სულ მცირე, მხარს აგნოსტიკურ ხედვას უჭერენ. მოტივაციას მათ არა რწმენა ან წინასწარშემუშავებული დასკვნის დამადასტურებელი საბუთის დოგმატური ძიება აძლევს, არამედ - პოტენციური აღმოჩენის მნიშვნელობა: იმის ძალიან დაბალი ალბათობა არსებობს, რომ რომელიმე მეცნიერი უცხოპლანეტელების პოვნას შეძლებს, მაგრამ ეს თუ მოხდება, ცხოვრების, სამყაროსა და ზოგადად ყველაფრის საზრისის ჩვენეული აღქმა ფუნდამენტურად შეიცვლება.

ფოტო: Wired

მიუხედავად პოტენციური აღმოჩენის ამხელა მნიშვნელობისა, ტრადიციული მეცნიერება SETI-ის კვლევებს ათწლეულების განმავლობაში სერიოზულად არ აღიქვამდა. თუმცა 2018 წელს NASA-მ უმასპინძლა ვორკშოპს, რომლის მიზანიც უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიის საპოვნელად საუკეთესო გზის განსაზღვრა იყო. ამ ინიციატივის მიღმაც მეცნიერებმა მრავალი ახალი პროექტის განხორციელება და ახალბედა მკვლევრების მომზადება დაიწყეს. სხვა სიტყვებით, სამეცნიერო წრეებში უცხოპლანეტელებზე ნადირობა სულ უფრო აქტუალური ხდება.

უცხოპლანეტელებზე ნადირობის ისტორია


ყველაფერი ერთ მიყრუებულ ადგილას - დასავლეთ ვირჯიანიაში მდებარე გრინ-ბენკში დაიწყო. ამ ტერიტორიის ყველაფრისგან მოწყვეტილობა გახდა იმის მიზეზი, რომ 1950-იან წლებში ასტრონომებმა ის რადიო ტელესკოპების აშენების ადგილად აირჩიეს - ადამიანური ტექნოლოგიის დამბინძურებელი ზემოქმედებისგან მოშორებით ყოფნა კვლევის მიზნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო. გრინ-ბენკში მომუშავე ერთ-ერთ პირველ მეცნიერთა შორის იყო ადამიანი, სახელად ფრენკ დრეიკი. მან, სხვა მრავალი მეცნიერის მსგავსად, ჟურნალ Nature-ში ფიზიკოსების, ჯუზეპე კოკონისა და ფილიპ მორისონის მიერ გამოქვეყნებული სტატია წაიკითხა, სადაც ეწერა, რომ თუ ადამიანს გონიერი (ამ შემთხვევაში, სიტყვა გონიერი ტექნოლოგიით ამოცნობადი სიგნალის გადაცემის უნარის მქონეს ნიშნავს) უცხოპლანეტელების პოვნა სურდა, რადიოტალღების გამოყენება უნდა ეცადათ. მათ მეცნიერებს ძებნისთვის გამოსადეგ სიხშირეთა დიაპაზონიც შესთავაზეს. ამ ინფორმაციით შთაგონებულ დრეიკს 1960 წელს ობსერვატორიის დირექტორმა ნება დართო, 25-მეტრიანი ტელესკოპი ორი, მზის მსგავსი ვარსკვლავისკენ მიემართა და მისთვის იმგვარი სიგნალების ამოცნობა დაევალებინა, რომელთა გამოცემა მხოლოდ ტექნოლოგიურ დანადგარებს შეეძლოთ და არა - ვარსკვლავებს, გაზებს ან გალაქტიკებს.

ამან არ იმუშავა. მაგრამ პროექტმა SETI-ის კვლევას ჩაუყარა საფუძველი. ერთი წლის შემდეგ გრინ-ბენკმა მეცნიერების ეროვნული აკადემიის საიდუმლო შეხვედრას უმასპინძლა, სადაც დრეიკმა დღეისათვის უკვე დრეიკის განტოლების სახელით ცნობილი ფორმულა წარადგინა. ამ განტოლების მიხედვით, თუ იცი, რამდენად ხშირად იბადებიან ვარსკვლავები გალაქტიკაში, მათგან რამდენ პროცენტს ჰყავს პლანეტები, ამ პლანეტათაგან რამდენი არის საცხოვრებლად ვარგისი, მათგან რა წილზე არსებობს რეალურად სიცოცხლე, ამ სიცოცხლის რა ნაწილია გონიერი, მათგან რამდენს შეუძლია ვარსკვლავებს შორის კომუნიკაციის დამყარება და რამდენი ხნის განმავლობაში არსებობენ მსგავსი ტექნოლოგიური განვითარების მქონე ცივილიზაციები, შენ შეგიძლია დაადგინო, რამდენი არამიწიერი საზოგადოება ელოდება შენგან აღმოჩენას. ამ ფორმულას არასდროს ჰქონია ზუსტ გამოთვლებზე პრეტენზია; ეს, უბრალოდ, კონტაქტის შესაძლებლობის ზოგად ხედვას ასახავდა.

ფოტო: Wired

დაახლოებით ათი წლის შემდეგ, NASA-მ პროექტი ციკლოპი წარადგინა. ამ კვლევაში მეცნიერებმა არამიწიერ არსებებთან კონტაქტის შესაძლო სცენარი და მისი განხორციელებისთვის საჭირო გზა დასახეს. მათ ჰიპოთეტური, მრავალი ანტენით შექმნილი რადიოტელესკოპი გამოიგონეს. 2018 წლის კურსით მისი ფასი $36-$60 მილიარდის ფარგლებში იქნებოდა. ამიტომაც, შეხვედრაზე დამსწრეებმა ტელესკოპის ეტაპობრივი შენების იდეა წამოაყენეს: თავდაპირველად უცხოპლანეტელთა მოსაძებნად რამდენიმე ანტენას გამოიყენებდნენ. თუ ეს შედეგს არ გამოიღებდა, რაღაც რაოდენობას დაამატებდნენ. ისევ არაფერი? უფრო მეტ ანტენას დაამონტაჟებდნენ და ასე შემდეგ.

პროექტი არასდროს განხორციელებულა, თუმცა მან ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორს, სტიუარტ ბაუერს და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტს, ჯილ ტარტერს შედარებით მცირემასშტაბიანი პროგრამის, SERENDIP-ის წამოწყებისკენ უბიძგა. პროგრამის მიზანი ახლომდებარე განვითარებული ცივილიზაციათაგან წამოსული არამიწიერი რადიო სიგნალების ძიება გახლდათ. ბერკლის ახლა უკვე SETI-ის კვლევითი ცენტრი აქვს და SERENDIP-იც განაგრძობს არსებობას. ის გრინ-ბენკისა და პუერტო-რიკოში აღმართულ არესიბოს ტელესკოპებს იყენებს.

70-იან წლებში ოჰაიოს შტატის დიდი ყურის ობსერვატორიაში მიმდინარე SETI-ის პროექტის ფარგლებში ცნობილი WOW! სიგნალი დაიჭირეს - ეს გახლდათ იდუმალებით მოცული რადიოტალღების ნაკადი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დარჩა მეცნიერთა ყურადღების ცენტრში. თუმცა ის, სამწუხაროდ, უცხოპლანეტელებისგან წამოსული სიგნალი არ აღმოჩნდა. ამასობაში NASA-მაც შეიმუშავა SETI-ის პროგრამა და როდესაც მან 1992 წელს ფუნქციონირება დაიწყო, ასტრონომებს რამდენიმე სინათლის წლით დაშორებული სივრციდან "გამარჯობის" მიღების დიდი იმედი ჰქონდათ: ზუსტად იმ დროისთვის მეცნიერებმა მზის სისტემის მიღმა პირველი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც პულსარის გარშემო მოძრაობდა. ცოტა ხანში მათ მეორე, ამჯერად მზის მსგავსი ვარსკვლავის ორბიტაზე მბრუნავ პლანეტასაც მიაგნეს. აღმოჩნდა, რომ უცხოპლანეტელებს ჩვენს სიახლოვეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი შეიძლებოდა ჰქონოდათ. ამის პარალელურად, მეცნიერები დედამიწაზე ისეთი მიკრობების აღმოჩენას იწყებდნენ, რომლებსაც ცხელ, ცივ, მჟავიან, მარილიან, რადიოაქტიურ და, ზოგადად, ბიოლოგიური ორგანიზმისთვის არახელსაყრელ გარემოში არსებობა შეეძლოთ. თუ სიცოცხლემ ფეხის მოკიდება მსგავს პირობებში შეძლო, რატომ არ შეიძლება, რომ ბადურის თანავარსკვლავედის მიდამოებშიც მოეხერხებინა იგივე?

თუმცა პოლიტიკოსები უცხოპლანეტელების - იქნებიან ისინი ექსტრემოფილები და/ან გონიერი და/ან სხვა ტიპის არსებები - ძიებას ყოველთვის არ ემხრობიან. ამის თვალსაჩინო მაგალითი ისაა, რომ მომდევნო წელს აშშ-ის კონგრესმა NASA-ს პროექტის დაფინანსების შეწყვეტას დაუჭირა მხარი.

ამის შემდეგ NASA-ს წლების განმავლობაში SETI-ის პროგრამები საერთოდ არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ადვილად შესაჩერებელნი არ არიან - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი კვლევის ბოლო წერტილი კოსმოსური მასშტაბის გარღვევა შეიძლება იყოს. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ NASA-ს ყოფილმა გუნდმა საკუთარ, კერძო პროგრამას, ფენიქსს ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც სილიკონის ველის რამდენიმე მაგნატმა დაუჭირა მხარი. ცხრა წლის განმავლობაში, კერძოდ კი 1995-2004 წლებში, ამ მეცნიერებმა იმ სამუშაოს შესრულებას მიჰყვეს ხელი, რომლის დაგეგმვაც NASA-ში ყოფნისას დაიწყეს. არესიბოს, გრინ-ბენკის, ინგლისის ჯოდრელ ბენკის ობსერვატორიისა და ავსტრალიის პარკსის ტელესკოპების დახმარებით ისინი ჩვენი პლანეტის მიღმა სივრცეებიდან წამოსულ რადიო სიგნალებს დაეძებდნენ.

ფოტო: Wired

ახალი ათასწლეულის დასაწყისში SETI-ის ინსტიტუტმა ბერკლისთან თანამშრომლობითა და ამერიკელი ფილანტროპის, პოლ ალენის დაფინანსებით საკუთარი ტელესკოპი ააწყო. მართალია, გუნდს 350 ანტენის გაერთიანება ჰქონდა განზრახული, მაგრამ ხარჯებმა დაგეგმილ რაოდენობას მნიშვნელოვნად გადააჭარბა და ალენის ტელესკოპის შენება 42 თეფშზე გაჩერდა. 2011 წელს ბერკლისა და ინსტიტუტის გზები გაიყარა და მას შემდეგ ტელესკოპს SRI - კოსმოსის კვლევის ინსტიტუტი მართავს, რომელიც დაკვირვებისთვის გამოყოფილ დროს SETI-ის ინსტიტუტის მეცნიერებთან ინაწილებს.

დღესდღეობით ამ მეცნიერებს ეს ანტენები კეპლერის ტელესკოპის მიერ ნაპოვნ ახლომდებარე ჯუჯა ვარსკვლავების სისტემებში არსებულ ერთი შეხედვით სიცოცხლისთვის მეგობრული პლანეტებისკენ აქვთ მიმართული. ისინი, ამასთან, ყველა იმ წერტილსაც უყურებენ, რომელიც რომელიმე მეცნიერს უცნაურად და, შესაბამისად, უცხოპლანეტელების კვალის მიგნების პოტენციალის შემცველად მოეჩვენება.

მათ გარდა სულ უფრო მეტი ჯგუფი ინტერესდება კოსმოსში გონიერი არსებების ძებნით. მაგალითად, ასტრონომი შელი ვრაითი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ლაზერულ ძიებას, NIROSETI-ის ხელმძღვანელობს და მისი გუნდი PANOSETI-ის სახელით ცნობილ ფართომასშტაბიან კვლევას იწყებს. ორგანიზაცია METI International ოპტიკურ კვლევებს პანამის ბოკეტეს ობსერვატორიისა და მოხალისეების პირად მფლობელობაში არსებული ტელესკოპების მეშვეობით აწარმოებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები გეგმავენ პროექტს, სახელწოდებით ტრილიონი პლანეტის გამოკვლევა, რომლის მიზანიც გონიერი სიცოცხლის დამადასტურებელი ნიშნების აღმოჩენა იქნება. პენსილვანიის შტატში ასტრონომმა ჯეისონ ვრაითმა საფუძველი ჩაუყარა PSETI Center-ს, რომელიც აქტიურ კვლევებს აწარმოებს და SETI-ის საგანმანათლებლო პროგრამა აქვს. სარდინიაში, ჰოლანდიასა და დასავლეთ ავსტრალიაში განთავსებული ტელესკოპებიც ტექნოლოგიური დანადგარებიდან წამოსული სიგნალების დაჭერაზე მუშაობენ.

მოკლედ რომ ითქვას, გონიერი უცხოპლანეტელების მაძებართა რიცხვი იზრდება, რაც ნებისმიერ სფეროში წარმოებული კვლევის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია: რაც უფრო მეტი ისეთი ადამიანი წევს ძალისხმევას, რომელთაც განსხავებული გეგმებისა და მოსაზრებების შემოთავაზება შეუძლიათ, მით უფრო შემოქმედებითი და მრავალფეროვანი ხდება საერთო მიზნისკენ მიმავალი გზა. ეს კი SETI-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, რა ტიპის ძიებას აქვს სახარბიელო შედეგის მიღების პოტენციალი.

უცხოპლანეტელთა მომავალი


ამ ახალი პროგრამების გარდა, აშშ-ის მთავრობაც სულ უფრო ინტერესდება უცხოპლანეტელთა ტექნოკვალის, ანუ იმ სიგნალების აღმოჩენით, რომლებიც შესაძლებელია, რომ არამიწიერ არსებათა ტექნოლოგიებიდან მოდიოდეს. 2018 წლის აპრილში კონგრესმა NASA-ს შესთავაზა, თავიანთ საქმიანობაში ტექნოკვალის ძებნაც ჩაერთოთ (სააგენტო უკვე აწარმოებს ბიოკვალის ძებნის პროგრამას, რომლის მიზანიც გონიერ ან არაგონიერ არსებათა ქიმიური ნიშნების აღმოჩენაა). ეს სურვილი 2018 წელსვე ავტორიზაციის აქტად გადაიქცა. შედეგად კი, NASA-მ SETI-ის კვლევათა პროგრესის დასადგენად, ყველაზე ნაყოფიერი სტრატეგიის შესამუშავებლად და ყველაზე ეფექტიანი თანამშრომლობის დასაგეგმად შეხვედრა გამართა. NASA TV-ზე შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ასობით მაყურებელი ჰყავდა.

მეცნიერებმა ოფიციალურ ანგარიშში აღნიშნეს, რა ტიპების ტექნოკვალი იმსახურებს ყურადღებას და შეადგინეს ცხრილი, რომელშიც "მეცნიერულისა" და "პრაქტიკულის" აღმნიშვნელი ღერძების კვეთათა გრაფაა წარმოდგენილი. იდეალური სიგნალები ამ ორის ოპტიმალურ კომბინაციას წარმოადგენს.

მსგავსი ოპტიმალური ტექნოკვალის პოვნა არც თუ ისე ძვირადღირებული ტექნოლოგიით უნდა იყოს შესაძლებელი. ამასთან, სიგნალები არ უნდა იყოს ეფემერული (ანუ, მაგალითად, იმ კოსმოსური ხომალდებიდან წამოსული, რომლებიც სინათლეზე სწრაფად მოძრაობენ) და, ამასთან, არც ისეთები, რომლებიც უცხოპლანეტებლებისგან კონტაქტის დამყარების მიზნითაა გამოგზავნილი. იდეალურად მიიჩნევა ნათელი/ხმამაღალი კვალი, რომელიც მდგრადია და სავსეა ინფორმაციით. მისი ძიება კი ისეთი მეცნიერული შედეგების მომტანი უნდა იყოს, რომელთა გამოყენება სხვა სფეროებსაც შეეძლებათ.

ანგარიშში თანამედროვე ტექნო-მაძიებელი პროგრამებიცაა ჩამოთვლილი და ახსნილია, თუ როგორ შეიძლება, რომ ის ტრადიციული ტელესკოპები, რომლებიც უცხოპლანეტური სიცოცხლის ძიებაზე არ მუშაობენ, SETI-ის პროგრამას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაეხმარონ. იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის ეს სფერო მეცნიერების პერიფერიიდან ცენტრისკენ მიიწევს, ასეთი თანამშრომლობა დიდი ალბათობით მომავალში მრავლად შედგება. მონაცემთა ანალიზში პროგრესის წყალობით, ტელესკოპები ანომალიის მეტად ეფექტიან დეტექტორებად შეიძლება იქცნენ, ხოლო ასტრონომებს უჩვეულო, ერთი შეხედვით აუხსნელი მოვლენების აღმოჩენა გაუადვილდებათ. მართალია, დღემდე მსგავსი ტიპის აღმოჩენებს არც ერთხელ მივუყვანივართ უცხოპლანეტელების კვალამდე, თუმცა ერთადერთი შემთხვევაა საჭირო, რომ ეს პესიმისტური სტატისტიკა შეიცვალოს.

ფოტო: Wired

ბოლო დროს ახალ ამბებში არაერთ მსგავს ანომალიურ სიგნალზე ატყდა აჟიოტაჟი. მაგალითად გავიხსენოთ ციური ობიექტი ოუმუამუა, რომელიც ჰარვარდის ასტრონომის, ავი ლოების აზრით, ვარსკვლავთშორისი ხომალდი შეიძლება იყოს. თუმცა, დიდი ალბათობით, ის ვარსკვლავთშორისი ასტეროდი გახლავთ. ასევე აღსანიშნავია ტაბის ვარსკვლავი, რომლის ორბიტაზეც ისეთი რაღაც არის, რაც მის სინათლეს ბლოკავს. ზოგი მეცნიერი ვარაუდობდა, რომ ეს შეიძლება უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურა ყოფილიყო, თუმცა ლამის დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ეს რაღაც, უბრალოდ, მტვრის დიდი გროვაა. და არ დაგვავიწყდეს WOW! სიგნალიც, რომელიც სატელიტი აღმოჩნდა; ასევე, აღნიშვნის ღირსია ზეძლიერი სწრაფი რადიო ამოფრქვევები, რომლის არსიც ჯერ კიდევ არ გვესმის, თუმცა იმის მხოლოდ მიზერული შანსი არსებობს, რომ ეს უცხოპლანეტელების ნაკვალევია.

ამ უცნაური სიგნალების შესახებ სახალხო დისკუსია ხანდახან უპასუხისმგებლო განცხადებებში გადაიზრდება ხოლმე. თუმცა სხვა, მეტად დამაჯერებელი ჰიპოთეზების წამოყენების პარალელურად, ანომალიური მოვლენის ასახსნელად უცხოპლანეტელების ვერსიის განხილვა გამოსადეგი სავარჯიშოა. ერთ დღესაც სწორი პასუხი, სწორედაც რომ, უცხოპლანეტელები შეიძლება აღმოჩნდეს.

სხვა თუ არაფერი, NASA-ს ვორკშოპზე დამსწრე სერიოზულმა მეცნიერებმაც კი განიხილეს უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა. ეს კი ნამდვილად კვლევის სიმწიფის ნიშანია: თავდაპირველად, SETI-მ ფუნქციონირება რადიო სიგნალების კვლევით დაიწყო, შემდეგ ოპტიკურზეც გადაერთო და ახლა "ტრადიციული" სიგნალების მიღმა ავითარებს თავის ძიებას.

NASA-ს მიერ დაფინანსებულმა ჯგუფმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მეცნიერებმა ფიზიკური არტეფაქტები მზის სისტემაშივე შეიძლება აღმოაჩინონ. ეს შეიძლება იყოს უცხოპლანეტური ვერსია ჩვენეული ვოიაჯერის ოქროს ფირფიტისა, ანუ ჩანაწერის, რომელიც დედამიწიდან კოსმოსში 1970-იან წლებში გაუშვეს. ასევე შესაძლებელია, რომ ჩვენს ხელოვნურ ინტელექტს განვითარების რაღაც ეტაპზე უცხოპლანეტური ხელოვნური ინტელექტის ამოცნობის უნარი გამოუმუშავდეს. მეგასტრუქტურები მართლაც შეიძლება, არსებობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ტაბის ვარსკვლავის ორბიტაზე მსგავსი რამის არსებობა არ დადასტურდა. პლანეტათა ზედაპირებზე, შეიძლება, მზის ენერგიით გამოკვებილი უცხოპლანეტელთა ქალაქები იყოს გაშენებული; ან, შეიძლება, მათ ხელოვნური სინათლის წყაროებიც ჰქონდეთ - მაგალითად, ჩინეთის მიერ მიზნად დასახული ყალბი მთვარის გაცილებით ძლიერი ვერსია; ან, თუნდაც, თავიანთ მზის სისტემაში მრავალი, ერთმანეთის მსგავსი მახასიათებლების მქონე პლანეტა ჰქონდეთ შექმნილი.

ფოტო: Wired

რეალურად, მეცნიერებს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმაზე, რა შეიძლება მოიმოქმედონ უცხოპლანეტელებმა კონტაქტის შემთხვევაში ან როგორაა შესაძლებელი მათი აღმოჩენა. ჰიპოთეტური კოსმოსური არსებების პოვნა, შესაძლოა, ისე მოხდეს, როგორც ბებიები სიყვარულზე გვეუბნებიან ხოლმე, - სწორედ მაშინ და იქ იპოვი, როცა და სადაც არ დაეძებო. მაგრამ ალბათ როგორც თქვენ არ გაგითვალისწინებიათ სიყვარულის ძებნისას ბებიის რჩევა, SETI-ის მეცნიერებიც ჯიუტად განაგრძობენ თავიანთ კვლევას და თუ არ სწამთ, იმედოვნებენ მაინც, რომ ერთ დღესაც საწადელს მიაღწევენ.

თუმცა, სიყვარულის ძიებისაგან განსხვავებით, SETI, შეიძლება, მრავალთაობიანი ძალისხმევა იყოს, რომელიც მეცნიერებისგან განუსაზღვრელი, პოტენციურად კი მრავალწლიანი პროექტის შენარჩუნებას მოითხოვს. შესაბამისად, მათ საქმის მცოდნე ახალ-ახალი ადამიანები სჭირდებათ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პენსილვანიის შტატის არამიწიერ არსებათა სადაზვერვო ცენტრი, PSETI, სადაც სწავლება და SETI-ის მიერ შედგენილი კურიკულუმის დაუფლება ბაკალავრიატის საფეხურიდან დოქტორანტურის საფეხურამდეა შესაძლებელი (მსგავსი პროგრამა აქამდე არსად და არასდროს შემუშავებულა). ამ კვლევას სტაბილური დაფინანსებაც სჭირდება, რის მოგვარებასაც NASA-ს ჯერ კიდევ ნაწილობრივი ინტერესი ეხმარება (მილიარდერები მოკლე ვადით კი წარმოადგენენ ძლიერი მხარდაჭერის წყაროს, მაგრამ მათ ნებისმიერ მომენტში შეიძლება, აზრი შეიცვალონ და პროექტის დაფინანსება შეწყვიტონ). მეცნიერებმა, ასევე, ზედმიწევნით უნდა აღნუსხონ, რა სივრცეები დაძებნეს, რათა ერთი და იმავე ტერიტორიის ტკეპნაში არ გაიფლანგოს დრო და ფინანსები. ამიტომაც, SETI-ის ინსტიტუტმა მონაცემთა ბაზა TechnoSearch დააარსა, რომელშიც წარსული, ახლანდელი და მომავალი კვლევების ჩანაწერებია აღრიცხული.

მართალია, ეს მონაცემთა ბაზა ჯერჯერობით აბაზანის ამოსავსებად საკმარისი წყლის ოდენობის ინფორმაციას შეიცავს, - და ალბათ ამაზე ნაკლებსაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ რადიოტალღები სიგნალის პოვნის ერთადერთი გზა არაა, - მაგრამ ასტრონომები წყლის ახალ-ახალ სათავსოებს უპრეცედენტო სისწრაფით ავსებენ. და ვინ იცის - იქნებ ერთ დღესაც მათ აღმოაჩინონ, რომ მონაცემებით ამოვსებულ მათ აუზში რაღაც ცურავს.