რა (ვერ) გავიგეთ შალვა თადუმაძისგან თავის დიპლომზე
"სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი; რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე; რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე..."
ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტს; შემდგომში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და გენერალური პროკურორს, რომელსაც უზენაესის მოსამართლეობა სურს და ამბიცია აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს, იმის მტკიცება უწევს, რომ უმაღლესი განათლება მიიღო. ორი დღეა საზოგადოება, მედია, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და მმართველი პარტიაც იმას არკვევს, როგორ ჩააბარა თადუმაძემ 1993 წელს იმ ინსტიტუტში, რომელიც ერთ წლის მერე დაარსდა.
უკვე რამდენიმე საათია, რაც თადუმაძე დეპუტატებს ამ საკითხზე პასუხობს და უწევს არამხოლოდ კანდიდატი, არამედ ადვოკატიც იყოს, რომელიც მისსავსე ინტერესებს იცავს. ირონიანარევი ტონით თადუმაძე ამტკიცებს, რომ სამართლის ფაკულტეტი ნამდვილად დაამთავრა და დიპლომიც საეჭვოა, მაგრამ ნამდვილი.
როგორ "ჩაირიცხა" თადუმაძე 1993 წელს არარსებულ უნივერსიტეტში
თადუმაძემ გაგვიმხილა, რომ 1993 წელს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა და ამ ინსტიტუტში იმ შემთხვევაშიც ვერ ჩააბარებდა, დაარსებულიც რომ ყოფილიყო. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინსტიტუტი 1994 წელს გაიხსნა და სწორედ ამ წელს დაიწყო სწავლა.
"სკოლა დავამთავრე 1994 წელს და ამავე წელს ჩავაბარე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო სახელწოდება იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტი...
1997 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ სტუდენტს და მოსწავლეს შეეძლო ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა რომელიმე კურსი. მე, ბუნებრივია, გამოვიყენე ეს შესაძლებლობა. მივმართე ინსტიტუტს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 1998 წელს სპეციალურად გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი.
არსებობს ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვითაც, მაშინაც და დღესაც აუცილებელი მოთხოვნა იყო დიპლომის გაცემის ფაქტიური პერიოდი, ანუ 1998 წლის კონკრეტული რიცხვი [ყოფილიყო მითითებული] იმიტომ, რომ ფაქტიურად 1998-ში გასცა. მეორე, აუცილებელი მოთხოვნა იყო, სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის დაფიქსირება. არა ის, თუ როდის ჩააბარა სტუდენტმა, არამედ სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა.
1998 წელს მე დავამთავრე 5-წლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით. შესაბამისად, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა 5-წლიანი პროგრამის განმსაზრვრელი ვადა... რომ ჩაეწერათ ოთხწლიანი ფაქტიური თარიღები, ანუ 1994-1998 წლები ერთის მხრივ მე მექმნებოდა პრობლემა და მეორეს მხრივ ეს არ იქნებოდა იურიდიული საფუძველი.
ბუნებრივია, მიმითითეს ის დრო, როდესაც უნივერსიტეტი არ არსებობდა, მაგრამ ეს დრო მიმითითეს მაშინ, როდესაც უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა და ქონდა დიპლომის გაცემის უფლება".
რა ერქვა რეალურად ინსტიტუტს რომელშიც ის სწავლობდა
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინათინ ბოკუჩავამ კომიტეტის სხდომაზე წარადგინა სასამართლოს 2003 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტს სახელი შეეცვალა და ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი გახდა. ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ თადუმაძის დიპლომში, რომელიც 1998 წელს გაიცა უნივერსიტეტის ის სახელი წერია, რომელიც მას 5 წლის შემდეგ მიენიჭა.
თადუმაძემ ბოკუჩავას უთხრა, რომ ცრუობდა:
"ჩავაბარე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო სახელწოდება იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტი. თქვენ, რაც აღნიშნეთ, ქალბატონო თინა, არის ტყუილი იმიტომ, რომ უნივერსიტეტი და ინსტიტუტი ერთმანეთისგან განსხვავდება და სასამართლოს დადგენილებაში სახელის მინიჭება არის უნივერსიტეტზე და არა ინსტიტუტზე.
ჩავაბარე 1994 წელს მაშინდელი კანონმდებლობით, ეს კანონდებლობა ბაზაში არსებობს, ყველა კონკრეტულ იურიდიულ პირს ქონდა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა განეხორციელებინა, თუ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რომლებიც მოთხოვნილი იყო იურიდიული პირებისთვის. მე, რამდენადაც ვიცი, არსებობს დოკუმენტები, მათ შორის განათლების სამინისტროდან, რომ ეს ინსტიტუტი უფლებამოსილი იყო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსამთავრებულები გამოეშვა.
1994 წელს მოქმედი სამეწარმეო სახელის თანახმად, ყველა შპს-ს ქონდა ვალდებულება ქონოდა სახელწოდება, თუმცა საწარმოს და იურიდიულ პირს არ უკრძალავდა, რომ მათ სამეწარმეო სახელად სხვა რამე გამოეყენებინათ.
მე არ ვიცი ვინ, რა და რატომ ჩაწერა. მე ჩავაბარე ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, მე დავამთავრე ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარულ ინსტიტუტი".
რას და როგორ სწავლობდა თადუმაძე
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა თადუმაძეს სთხოვა დაესახელებინა საგანი, რომლითაც თადუმაძემ პირველ კურსზე სამართლის შესწავლა დაიწყო. თადუმაძემ უპასუხა, რომ მას არ ახსოვს, რა საგანი გაიარა პირველ კურსზე, რაზეც სამადაშვილმა უპასუხა:
"მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა იურისტი, ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში, სამართლებრივ განათლებას იწყებს რომაული სამართლის საფუძვლებით".
ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ოთო კახიძემ კი პროკურორს ჰკითხა, რა ნიშანი ყავდა საერთაშორისო სამართალში, თუმცა თადუმაძეს ქულა არ ახსოვდა და კახიძეს შესთავაზა დიპლომში მოეძებნა. საბოლოოდ, ქულის ძებნა თავადვე დაიწყო და თქვა: "სამიანები მყავს, სამწუხაროდ".
"ბატონო შალვა, რატომ ვერ პოულობთ იცით? საერთასორისო სამართალს საერთოდ არ სწავლობდით, თქვენი დიპლომის შესაბამისად, საერთოდ არ ფიგურირებს მანდ ეგ საგანი", — უპასუხა კახიძემ.
მოგვიანებით თადუმაძემ აღნიშნა, რომ კახიძის წარდგენილ ნიშნების ფურცელს საგნების ბოლო ორი რიგი აკლდა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა.
"როცა ვსაუბრობთ თაღლითობაზე, მემგონი აღნიშნული დეპუტატის ქმედება არის, აი, ეს, რომ ამომრჩეველი, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. შეგნებულად დააქსეროქსოს დოკუმენტი ისე, რომ საგნები არ ჩანდეს შიგნით და შემდეგ კითხვა და ნარატივი შექმნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ თურმე შალვა თადუმაძე ერთი, რომ სარდაფის ინსტიტუტში სწავლობდა და მერე ისეთ საგანს, როგორიც საერთაშორისო სამართალი იყო არ გადიოდა."
ვინ არიან თადუმაძის კურსელები და ლექტორები
მეტი სანდოობისთვის, დეპუტატებმა თადუმაძეს კურსელებისა და ლექტორების სახელების ჩამოთვლა სთხოვეს, რაზეც მან უარი თქვა. ამის მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ მათგან ნებართვა არ აქვს აღებული.
გიგა ბოკერია: სირცხვილია თქვენი კურსელობა, თუ რა ნებართვა გჭირდებათ?
თადუმაძე: სირცხვილი არ არის. ეს სტანდარტია ასეთი, რომ ადამიანის სახელი გვარები ასახელოს თანამდებობის პირმა...
გიგა ბოკერია: რა იყო? ბრალდებას ხომ არ უყენებ?.. შალვა თადუმაძის კურსელი ვიყავიო, გამამტყუნებელი განაჩენია?
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, რომან გოცირიძეს კი იდეა გაუჩნდა აქეიფოს თადუმაძის მთელი კურსი, თუ მათი არსებობა დადასტურდება.
"მე მინდა მივმართო თქვენს თანაკურსელებს... მე მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენ ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი [სახინკლეში დაპატატიჟებას]. ოღონდ არ მომატყუოთ, მე ხელში მექნება ეს თქვენი დიპლომი. ვინც ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში".
არის თუ არა დიპლომი ყალბი
გარდა იმისა, რომ დიპლომში კითხვებს აჩენს თარიღები და სახელწოდება, კრიტიკა გამოწივია დოკუმენტის ინგლისურმა ვერსიამაც, რომელშიც დეპუტატებმა შეცდომები იპოვეს.
"ინგლისური ტექსტი წაკითხული გაქვთ თქვენი დიპლომის? 20 სიტყვაში 10 შეცდომაა", — უთხრა ბოკერიამ თადუმაძეს.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა სერგი კაპანაძემ კი ეს შეცდომები დაახარისხა.
მართალია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ეუხერხულებოდა, მაგრამ თადუმაძემ დაადასტურა, რომ მისი სტუდენტობის დროს დიპლომებს აყალბებდნენ.
"მე მახსოვს [დიპლომების გაყალბება, მოსყიდვა, ყიდვა და ა.შ.] ბუნებრივია", — დასძინა თადუმაძემ, მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერიამ დააკონკრეტა, რომ მას თავის თავზე არ ეკითხებოდა.
ამ ყველაფერის მიუხედავად თადუმაძე ამტკიცებს, რომ მისი დიპლომი ნამდვილია და ამას საგამოძიებო კომისიაც დაადასტურებს. თუმცა, წინააღმდეგია კომისიიაზე ამ საკითხის გამოკვლევის გამო თანამდებობაზე უარი თქვას. ამბობს, რომ რამდენიმე "არაკვალიფიცური", "არაკეთილსინდისიერი" და "ეჭვიანი" არასამთავრობოს გამო კარიერას წყალში არ ჩაყრის.
"არსად გადადგომას არ ვაპირებ. არ მიცხოვრია ისე, რომ რამე დამემალოს. მათ შორის, მითუმეტეს დიპლომი არ მაქვს დასამალი...
იმიტომ, რომ რამდენიმე ან არაკვალიფიციური ან არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვიანობს ჩემს დიპლომზე, ამიტომ 18 წელი ჩემი მუშაობა და მე აღარ ვიხსენებ რა მუშაობები და პირობები მაქვს გადატანილი, ეს უნდა გადავდო და დაველოდო საგამოძიებო კომისია იტყვის თუ არა, რომ ჩემი დიპლომი არის ნამდვილი. ახლავე გეტყვით, რომ საგამოძიებო კომისია დიპლომის ნამდვილობას დაადასტურებს".
კომენტარები