იაპონიამ მთვარეზე კოსმოსური აპარატი გაუშვა, რომლის მიზანიც კერძო მისიის ფარგლებში ციურ სხეულზე წარმატებით დაშვება იყო. ქვეყნისთვის ეს პირველი მსგავსი მიღწევა იქნებოდა (არაკერძოს ჩათვლით, მეორე), მაგრამ Resilience-ად წოდებული მოდული დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირს მაღალი სიჩქარით შეეჯახა.

ეს კომპანია iSpace-ისთვის მეორე წარუმატებელი მცდელობაა.

აპარატი მთვარეზე მდებარე Mare Frigoris-ის ("სიცივის ზღვა) რეგიონში უნდა დამჯდარიყო, რომელიც დედამიწისკენ მობრუნებულ ნახევარსფეროშია. ეს მნიშვნელოვანი მანევრი თბილისის დროით 6 ივნისის 23:17 საათზე იგეგმებოდა, მაგრამ Resilience-ის ტელემეტრიული მონაცემების მიღება 1 წუთითა და 45 წამით ადრე შეწყდა. ამის მიზეზად ინსტრუმენტების გაუმართაობას ასახელებენ.

ფოტო: ispace

ბოლო მომენტებში აპარატისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ასკვნიან, რომ მისმა ლაზერულმა ინსტრუმენტმა, რომელსაც დისტანცია უნდა განესაზღვრა, დაყოვნებით მუშაობა დაიყო. ამის გამო მოდულსა და მთვარის ზედაპირს შორის მანძილი ზუსტად ვერ დადგინდა.

"შედეგად, მოდულმა სიჩქარის ეფექტიანად შენელება ვერ შეძლო, რათა დაგეგმილი დაშვებისთვის საჭირო სისწრაფისთვის მიეღწია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამჟამად მიგვაჩნია, რომ ის მთვარის ზედაპირზე მძიმედ დაეშვა", — განაცხადეს კომპანიაში.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ Resilience ამ "მძიმედ დაშვებას" გადარჩენოდა. ყოველ შემთხვევაში, ორკვირიან მისიას თავს ვეღარ გაართმევს და ციურ სხეულზე ვერც ევროპის კოსმოსური სააგენტოს მცირე ზომის მავალს განათავსებს, რომელსაც Tenacious ჰქვია.

სპეციალისტები ხარვეზებს განიხილავენ და ამ მონაცემებს შემდეგი მისიების გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.