მეცნიერთა მიერ გამოცემა AGU Advances-ში გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, დედამისის ენერგიული დისბალანსი იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე პროგნოზირებული იყო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის ზუსტი მიზეზი უცნობია და ყველაზე ცუდი სცენარით, შესაძლოა, მისი დადგენის შანსიც დავკარგოთ. ეს იმიტომ, რომ NASA-ს სატელიტები, რომლებიც ყველაზე ღირებულ მონაცემებს გვაწვდის, მისიის დასასრულს უახლოვდება.

მსგავსი დისბალანსი იმ სხვაობას ეწოდება, რომელიც დედამიწის მიერ მზისგან მიღებულ და, პირიქით, კოსმოსში გაჟონილ ენერგიას შორისაა. თანაფარდობის დარღვევას სათბურის აირის ემისიები იწვევს, რის გამოც ენერგიის ნაწილი პლანეტის ატმოსფეროში გროვდება და გარეთ ვეღარ აღწევს. ეს ტემპერატურის მატებასაც განაპირობებს.

სატელიტური მონაცემების თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დედამიწის ენერგიული დისბალანსის მაჩვენებელი 2-ზე მეტჯერ გაიზარდა, რაც კლიმატური მოდელების პროგნოზებს არ შეესაბამება. მაგალითად, 2023 წელს დისბალანსმა ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე 1.8 ვატს მიაღწია, ანუ მოსალოდნელთან შედარებით გაორმაგდა.

მაჩვენებლების შეცვლისას თავდაპირველად მკვლევრებს ეგონათ, რომ ეს ისეთი კლიმატური მოვლენების ბრალი შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორიც ელ ნინიოა. ამის მიუხედავად, მალევე ცხადი გახდა, რომ საქმე უფრო მასშტაბურ ფენომენთან ჰქონდათ. მეცნიერთა ვარაუდით, მთავარი პრობლემა დედამიწის მიერ მზის სხივების არეკვლადობის შემცირებაა, რაც ნიშნავს, რომ ვარსკვლავისგან მიღებული ენერგია ჩვენი პლანეტიდან გარეთ უფრო და უფრო ნაკლებად გაედინება. მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს, როგორიცაა ამრეკლავი ზედაპირების (მაგ: ყინულის საფარები) შემცირება, სხვადასხვა აქტივობის შედეგად გამოყოფილი აეროზოლები და ა.შ. და მაინც, კლიმატური მოდელები ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გვაძლევს.

დედამიწის ენერგიული დისბალანსის ცვლილება წლების განმავლობაში.

ფოტო: AGU Advances

"რაც უფრო დიდია დისბალანსი, მით უფრო ჩქარდება კლიმატის ცვლილება. დისბალანსის ზრდა ნიშნავს, რომ მეტი ენერგია გროვდება, ამიტომ ტემპერატურა ბევრად სწრაფად იმატებს", — აცხადებს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი, ტორსტენ მაურიტსენი.

ის იმასაც აღნიშნავს, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში ტემპერატურის სტაბილიზაცია გაგვიჭირდება. მართალია, 2024 წელს მაჩვენებლები პროგნოზირებულ ნიშნულზე დავიდა, თუმცა მკვლევრებმა არ იციან, რა იქნება მიმდინარე წელს ან მის შემდეგ.

ამჟამად ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ენერგიული დისბალანსის გასაზომად საჭირო ინსტრუმენტებით აღჭურვილი 4 სატელიტია. მათი ჩანაცვლება 2027 წლისთვის იგეგმება მისიის ("Libera") ფარგლებში, რომელიც მხოლოდ ერთი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას ითვალისწინებს. ანალიზის ავტორები ამბობენ, რომ სხვადასხვა ზონდის თანადროული და უწყვეტი მონაცემების გარეშე სრული ინფორმაციის მიღება ძალიან ძნელი იქნება, მითუმეტეს თუ ინსტრუმენტი დაზიანდება და წყვეტას გამოიწვევს. ამ მხრივ ოკეანური დაკვირვებები დიდად გამოსადეგი არაა, რადგან მისი მეშვეობით მსგავსი პროცესები 1 დეკადის შემდეგ ვლინდება, რაც ძალიან გვიანია.

NASA-ში მომუშავე სპეციალისტები ენერგიული დისბალანსის გასაზომად ახალ იდეებზეც მუშაობენ, მაგრამ მათ განხორციელებას ტრამპის მიერ სააგენტოს ბიუჯეტის შემცირება აბრკოლებს. მაგალითად, ორბიტაზე სფერული სატელიტების გაგზავნა შეიძლება, რომლებიც რადიაციას ყველა კუთხიდან დააფიქსირებს და მათ წყაროსაც დაადგენს.

ახალ ანალიზში მეცნიერები სწორედ ასეთი მეთოდებით მონიტორინგის გაუმჯობესების საჭიროებას უსვამენ ხაზს, რადგან სხვაგვარად სიტუაციას შეფასება გაგვიჭირდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.