შეისწავლეს 6000 წლის წინ მცხოვრები ხალხი — მათ წარმოშობასა და შთამომავლობას ვერავინ მიაგნო

ფოტო: Yuichiro Chino//Getty Images
დაახლოებით 6 ათასი წლის წინ სამხრეთისკენ გადასული მონადირე-შემგროვებლები ბოგოტას ალტიპლანოზე (დღევანდელი კოლუმბია) დასახლდნენ. შემდეგი 4 000 წლის განმავლობაში მათ აქ აგრარული საზოგადოება შექმნეს, ბოლოს კი საერთოდ გაქრნენ.
ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ფაქტია, რომ მათ შესახებ გენეტიკური ჩანაწერები არ არსებობს. მკვლევართა გუნდმა ისინი ჩონჩხის ნეშტიდან აღდგენილი ფრაგმენტული დნმ-ის მეშვეობით აღმოაჩინა. მათი უძველესი ნათესავები ან თანამედროვე შთამომავლები ვერ იპოვეს.
უცნაურია, მაგრამ ისინი ადგილობრივ კოლუმბიელ ინდიელებთან არ არიან დაკავშირებულნი. მათ მეტი გენეტიკური საერთო პანამის ყელზე მცხოვრებ ადამიანებთან აქვთ. ეს ხალხი ჩიბჩანურ ენებზე საუბრობს. სავარაუდოდ, ისინი მთელი რეგიონის მასშტაბით გავრცელდნენ, მათი გენები კი მთლიანად გაითქვიფა სხვა, ადგილობრივი მოსახლეობის, გენურ მასაში. მეორე მხრივ, ამის ზუსტი მტკიცებულება არ გვაქვს.
როგორ დასახლდნენ ამერიკის კონტინენტზე თანამედროვე ადგილობრივების წინაპრები? ამაზე პასუხი გენეტიკას აქვს. მათი წარმოშობა ციმბირისა და აღმოსავლეთ აზიის ჯგუფებს უკავშირდება. ისინი, სავარაუდოდ, 20 ათასი წლის წინ (გვიანი პალეოლითის ხანაში) გადაიკვეთნენ. მათ ყინულის ხიდი 16 ათასი წლის წინ გადაჭრეს, რის შედეგადაც ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოჩნდნენ, შემდეგ კი ეს შტო ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის ხაზებად გაიყო. ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა იქვე დარჩა, სამხრეთ ამერიკის მოსახლეობისგან კი დამატებით 3 შტო წარმოიშვა. ისინი შემდეგ კიდევ უფრო სამხრეთით წავიდნენ.
"კოლუმბიის ყელის რეგიონი, რომელიც ჰონდურასის სანაპიროდან ჩრდილოეთ კოლუმბიის ანდებამდე ვრცელდება, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყოველივეს გასაგებად", — აღნიშნეს მკვლევრებმა — "ის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის ხმელეთის ხიდის როლს ასრულებს. გარდა ამისა, იგი სამ მთავარ კულტურულ რეგიონს — მესოამერიკას, ამაზონიასა და ანდებს — შორის მდებარეობს".
ერთი გენეტიკური ხაზი Anzick-1-ისგან მოდის — ინდივიდისგან, რომლის თავის ქალაც 1968 წელს მშენებლობის დროს აღმოაჩინეს. იგი 12 700 წლის წინ გარდაცვლილი კლოვისელ ბავშვს ეკუთვნოდა. ეს ბიჭი გენეტიკურად ჩრდილოეთ, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის თანამედროვე ადგილობრივ მოსახლეობას უკავშირდება.
სხვა გენეტიკური ხაზი, რომელიც ცენტრალურ ანდებში გვხვდება, კალიფორნიის არხების კუნძულებზე მცხოვრები უძველესი მოსახლეობისგან მოდის. კიდევ ერთი ხაზი, რომელიც ასევე კლოვისის მოსახლეობიდან იღებს სათავეს, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის უძველეს მაცხოვრებლებთან (მათ შორის ბელიზიდან, ბრაზილიიდან და ჩილედან) ასოცირდება.
ჯერ კიდევ უცნობია, ზუსტად როდის გამოჩნდა ეს მოსახლეობები ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. სავარაუდოდ, მათ ხმელეთის ხიდი მოგზაურობით გადმოიარეს. ეს ხიდი ცენტრალური ამერიკის სამხრეთ ნაწილს სამხრეთ ამერიკის ქვეკონტინენტს უკავშირებს.
აღსანიშნავია ენობრივი კავშირის არსებობაც: ჩიბჩანური ენების მატარებელ ხალხს ამ იდუმალ მოსახლეობასთან გარკვეული გენეტიკური და კულტურული მსგავსება აქვს.
უცნობია, თუ როდის და სად წარმოიშვა პროტოჩიბჩანურის წინაპარი ენა. მიიჩნევა, რომ მისგან განსხვავებული ენების განვითარება რამდენიმე ათასი წლის წინ დაიწყო — სავარაუდოდ, ცენტრალური ამერიკის სამხრეთ ნაწილში. ამ რეგიონში ჩიბჩანურ ენებზე მოსაუბრე ხალხმა დღემდე ყველაზე მეტი ასეთი ენა შემოინახა.
ადგილობრივი აბორიგენების გენეტიკურმა ანალიზმა ჩიბჩანურ ენებზე მოსაუბრე უძველეს ხალხთან ნათესაური კავშირი აჩვენა. ამისდა მიუხედავად, ზოგიერთი მიგნება მიუთითებს, რომ ისინი კოლუმბიის ამ ნაწილში დასახლებული პირველი ხალხის პირდაპირი შთამომავლები არ არიან.
მკვლევრებმა როგორც მიტოქონდრიული დნმ (mtDNA), ასევე მთლიანი გენომის მონაცემები შეისწავლეს. ეს მონაცემები იმ 21 უძველეს ადამიანს ეკუთვნის, რომლებიც ამ რეგიონში 500-6 000 წლის წინ ცხოვრობდნენ. შედეგად მათ ამ ადამიანების ვინაობაზე გარკვეული ინფორმაცია მიიღეს. მეორე მხრივ, ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა.
აღმოჩნდა, რომ უძველესი პანამელების გენეტიკური კავშირი თანამედროვე ჩიბჩანურ ენებზე მოსაუბრეებთან უფრო ძლიერია, ვიდრე უძველეს კოლუმბიელებთან. ამისდა მიუხედავად, ცენტრალური ამერიკის ჩიბჩანურ ენებზე მოსაუბრე ადგილობრივი მოსახლეობა გენეტიკურად ყველაზე ახლოს იმ უძველეს კოლუმბიელებთანაა, რომლებიც 2 ათასი წლის შემდეგ ცხოვრობდნენ.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს საკითხი დამატებით კვლევას საჭიროებს. ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები