დააფიქსირეს კოსმოსური აფეთქება, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ ყველაზე მძლავრია
ფოტო: W. M. Keck Observatory
ასტრონომებმა ყველაზე ენერგიული აფეთქება აღმოაჩინეს, რომელიც სამყაროს წარმომქმნელი დიდი აფეთქების შემდეგ მომხდარა. ის მსგავსი მოვლენების სრულიად ახალ ტიპს მიეკუთვნება, რომელსაც მეცნიერებმა ექსტრემალური ბირთვული ტრანზიენტი (ENT) უწოდეს. ეს შავი ხვრელის მიერ მოქცევითი ძალებით ვარსკვლავის განადგურების პროცესს უკავშირდება, მაგრამ ჩვეულებრივზე უფრო მძლავრია.
მეცნიერებმა ENT აფეთქებების კვალი ევროპის კოსმოსური სააგენტოს გაიას ტელესკოპის მონაცემებში შენიშნეს. ეს უცნაური და ხანგრძლივი ანთებები 2016 და 2018 წლებში დაფიქსირდა, შემდეგ კი — 2020-ში. სხვა ობსერვატორიების დახმარებით მათ დაასკვნეს, რომ ასეთი ენერგიული მოვლენები მანამდე ცნობილი არ იყო, ამიტომ ახალ ტიპში გააერთიანეს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ENT-ის დროს თითქმის 10-ჯერ ძლიერი სიკაშკაშე წარმოიქმნება, ვიდრე შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის ჩვეულებრივი მოქცევითი განადგურებისას. ასევე, ეს ელვარება წლების განმავლობაში ნარჩუნდება, ენერგიით კი ყველაზე კაშკაშა ზეახალ ვარსკვლავებსაც (იგივე სუპერნოვას, ანუ მნათობის აფეთქებას) კი აჭარბებს.
ვარსკვლავის აფეთქების ენერგია დაახლოებით უტოლდება იმ ენერგიას, რომლის გამოყოფასაც მზე 10 მილიარდ წელს მოანდომებს. შედარებისთვის, ENT-ის ეს მაჩვენებელი 100 მზეს უტოლდება და დროის გარკვეულ მონაკვეთში მშობელი გალაქტიკის ყველა ვარსკვლავსა თუ სუპერნოვაზე მეტად ელვარებს. ახალი ტიპის მოვლენებს შორის უმძლავრესი Gaia18cd-ის სახელითაა ცნობილი და 25-ჯერ უფრო ენერგიულია, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ენერგიული სუპერნოვა.
ENT ბევრდ იშვიათი მოვლენაა, თუმცა მისი შესწავლა შორეული გალაქტიკების ზემასიური შავი ხვრელების გამოკვლევაში შეიძლება დაგვეხმაროს. ეს იმიტომ, რომ ამგვარი აფეთქებები არა მხოლოდ ვარსკვლავის სიცოცხლის კატასტროფულ დასასრულზე, არამედ უდიდესი შავი ხვრელების წარმოქმნაზეც გვაწვდის ინფორმაციას.
ასტრონომიაში შორს გახედვა წარსულში დაბრუნების ტოლფასია, ამიტომ ENT-ის მეშვეობით საშუალება გვეძლევა გავაანალიზოთ, როგორ იზრდებოდა შავი ხვრელები ადრეულ კოსმოსში. რაც შეეხება თავად ექსტრემალურ ბირთვულ ტრანზიებტებს, მიაჩნიათ, რომ ეს დიდი მასის ვარსკვლავის მოქცევითი განადგურებაა, რა დროსაც მატერია შავ ხვრელში ჩაედინება. მასიურობა ხანგრძლივ ანთებებს უწყობს ხელს.
"მოქცევითი მოვლენისას ვარსკვლავური მასის თითქმის ნახევარი სისტემიდან გაედინება, ამიტომ მთლიანი გამოყოფილი ენერგიის გათვალისწინებით მნათობის მასის ქვედა მიჯნა მზეზე სამჯერ მეტია. ~3-დან 10-მდე მზის მასის ვარსკვლავების განადგურების პერიოდულობა და სიკაშკაშე ENT-ზე დაკვირვებებს კარგად შეესაბამება", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები