ახალი კვლევის თანახმად, მთვარის კრატერებში ტრილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასი მეტალებია

ფოტო: gbnews
კაცობრიობის მომავალი კოსმოსის ათვისებასთან ასოცირდება. ითვლება, რომ მომავალში ჩვენი ცივილიზაცია ასტეროიდებიდან ძვირფასი ლითონების მოპოვებას დაიწყებს. და, აი, ახლა ახალი კვლევის თანახმად, ჩვენ შეიძლება ასე შორს წასვლა არ მოგვიწიოს — ამისთვის იდეალური კანდიდატი მთვარეა.
თუ მთვარეს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ის თითქმის მთლიანად კრატერებითაა დაფარული. და მაინც, რამდენი კრატერია მთვარეზე? 2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის დაბალი და საშუალო განედების რეგიონებში 109 000-ზე მეტი ახალი კრატერი აღმოაჩინა.
"ეს კრატერები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ასტეროიდი, მეტეორიტი, ან კომეტა მთვარის ზედაპირზე ეცემა. ობიექტის ენერგია, რომელიც განისაზღვრება მისი ზომით, სიმკვრივითა და სიჩქარით გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი კრატერი წარმოიქმნება შეჯახების შედეგად", — აღნიშნულია NASA-ს განცხადებაში.
როგორც ახალ კვლევაშია განმარტებული, ამ ზემოქმედებების შედეგად მთვარის ზედაპირზე (ან მის ქვემოთ, ხელმისაწვდომ სიღრმეში) საკმაოდ დიდი რაოდენობით ძვირფასი მეტალები ჩამოყალიბდა.
2014 წელს, მარტინ ელვისის ხელმძღვანელობით მკვლევრებმა სცადეს შეეფასებინათ დედამიწასთან ახლოს მდებარე ძვირფასი ლითონის მადნების შემცველი ასტეროიდების რაოდენობა. ახალმა კვლევამ, ჯაიანთ ჩენამანგალამის ხელმძღვანელობით, გამოიყენა ეს ტექნიკა მთვარის ზედაპირთან მოქმედი ასტეროიდების შესაფასებლად და სცადა დაედგინა, რამდენი მადნის შემცველი ასტეროიდის ნაშთია მთვარეზე იმ ადგილებში, სადაც მათი კომერციული გამოყენებაა შესაძლებელი.
ეს საკმაოდ რთული ამოცანა იყო. მკვლევრებს უნდა შეეფასებინათ შეჯახების მასშტაბები, ასტეროიდებში შემავალი ლითონები და ამ ობიექტებიდან რამდენი დაეცემოდა მთვარეს ისეთი სიჩქარით, რომ ძვირფასი ლითონები მთვარის ზედაპირთან ახლოს გაჩენილიყო. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თითქმის 6500 კრატერი უნდა შეიცავდეს ასეთ ძვირფას ლითონებს.
მკვლევრების თქმით, ამ ნიმუშებში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა ჰიდრატირებული მინერალები.
New Scientist-ისთვის მოწოდებული უხეში შეფასებით, მთვარეზე, შესაძლოა, ერთ ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ძვირფასი პლატინა და სხვა ლითონები იყოს.
მეცნიერების თქმით, მომავალში კოსმოსური კვლევების მონეტიზაცია მოხდება და ამის კარგი მაგალითი მთვარის რესურსები იქნება.
კვლევა ჟურნალ Planetary and Space Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები