აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც ასტრონომიულ თეორიებს ეჭვქვეშ აყენებს

ფოტო: MSN
მეცნიერებმა გიგანტური ეგზოპლანეტა ისეთ ადგილას აღმოაჩინეს, სადაც მისი არსებობა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. მას TOI-6894b ჰქვია და ჩვენგან 241 სინათლის წლით დაშორებული, დაბალი მასის მქონე წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. აღმოჩენა 4 ივნისს გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა. ეს მიგნება პლანეტების წარმოქმნის სტანდარტულ მოდელებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
"ეს ძალიან საინტერესო აღმოჩენაა", — ამბობს კვლევის თანაავტორი, ლონდონის კოსმოსური კვლევების ლაბორატორიის ასტროფიზიკოსი, ვინსენტ ვან ეილინი — "ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, როგორ შეუძლია ასეთი მცირე მასის ვარსკვლავს გიგანტური პლანეტის შექმნა. სწორედ ამის გარკვევაა ეგზოპლანეტების ძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი".
წლების განმავლობაში ასტრონომები მიიჩნევდნენ, რომ დაბალი მასის ვარსკვლავებს (მზის მასის მესამედზე ნაკლების მქონეებს) გიგანტური პლანეტების შექმნა არ შეეძლო. ამ მოსაზრებას რამდენიმე მაგალითი ეწინააღმდეგება, ამიტომ მეცნიერები მეტი მსგავსი შემთხვევის პოვნას ცდილობენ. შემდეგ პლანეტების წარმოქმნის თეორიებს განაახლებენ.
2 წლის წინ ბრაიანმა და მისმა კოლეგებმა NASA-ს ტრანზიტულ ეგზოპლანეტებზე დასაკვირვებელი სატელიტის (TESS) გამოყენებით 15 პოტენციური გიგანტური ციური სხეული დააფიქსირეს. მათ შორის იყო TOI-6894b. მკვლევრებმა მეტი ყურადღება სწორედ მას და მის ვარსკვლავს დაუთმეს. დამატებითი მონაცემების მოსაპოვებლად ისევ კოსმოსური ტელესკოპი TESS და რამდენიმე სახმელეთო ობსერვატორია გამოიყენეს.
შედეგად დაადგინეს, რომ TOI-6894b-ს იუპიტერის მასის 17% აქვს, ანუ დედამიწაზე 53-ჯერ მასიურია. ეგზოპლანეტის რადიუსი სატურნისას ოდნავ აღემატება, თავად ვარსკვლავი კი მზის მასის დაახლოებით 20%-ს შეიცავს. მის გარშემო მოძრაობას ციური სხეული სულ რაღაც 3 დღეს ანდომებს.
"ასეთი დაბალი მასის ვარსკვლავების გარშემო TOI-6894b-ის მსგავსი ეგზოპლანეტების წარმოქმნა შესაძლებელი არ გვეგონა", — ნათქვამია ედუარდ ბრაიანის განცხადებაში — "წითელი ჯუჯა ვარსკვლავი ჩვენთვის ცნობილი ყველაზე დაბალი მასის მნათობია, რომელსაც გიგანტური პლანეტა აღმოაჩნდა. ეს მიგნება პლანეტების წარმოქმნის შესწავლისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი იქნება".
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათად ფიქსირდება, შესაძლოა, ირმის ნახტომში ასეთი გიგანტების რაოდენობა გაცილებით მეტი იყოს.
"ჩვენს გალაქტიკაში ვარსკვლავების უმეტესობა სწორედ ასეთია: მცირე ზომისა და დაბალი მასის. აქამდე მიიჩნეოდა, რომ მათ მახლობლად გიგანტური პლანეტები ვერ განვითარდებოდა", — თქვა კვლევის თანაავტორმა დენიელ ბეილისმა, რომელიც უორვიკის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსია — "მსგავსი ფაქტი მნიშვნელოვნად ცვლის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რამდენი ასეთი ციური სხეული შეიძლება იყოს ჩვენს გალაქტიკაში".
TOI-6894b და სხვა გიგანტური ეგზოპლანეტები, რომლებიც დაბალი მასის ვარსკვლავების ირგვლივ მოძრაობს, ე.წ. ბირთვის ზრდის (აკრეციის) მოდელს ეჭვქვეშ აყენებს. ეს მსგავსი პლანეტების წარმოქმნის ყველაზე გავრცელებული თეორიაა. მისი მიხედვით, ციური სხეულის ბირთვი იქამდე იზრდება, სანამ საკმარისად მასიური არ გახდება, რომ მიმდებარე პროტოპლანეტური დისკოდან აირი სწრაფად მიიზიდოს. წესით, მცირე ვარსკვლავის გარშემო არსებული დისკოები იმდენად პატარაა, რომ ამ პროცესისთვის საჭირო მასალა არ უნდა ჰქონდეს.
შეიძლება, TOI-6894b-მ აირი ნელა და თანდათანობით დააგროვა. მეცნიერების თქმით, პლანეტის ატმოსფეროში მასალის განაწილების შესწავლა მის წარმოშობაზე გარკვეულ მინიშნებებს მოგვცემს.
"ეს სისტემა პლანეტების წარმოქმნის თეორიებისთვის ახალ გამოწვევას ქმნის. ის შემდგომი დაკვირვებებისთვის საინტერესო ობიექტია, რათა მისი ატმოსფეროს თვისებები უკეთ გავიგოთ", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, ასტროფიზიკოსმა ანდრეს ჯორდანმა.
მეცნიერები გეგმავენ, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ეგზოპლანეტის ატმოსფეროს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით (JWST) დააკვირდნენ.
კომენტარები