დაადგინეს, სად ჩაიძირა ჯეიმზ კუკის გემი — 26-წლიანი ძიება დასრულებულია

ფოტო: Samuel Atkins/National Library of Australia via Wikimedia Commons (public domain)
მეცნიერებმა ჯეიმზ კუკის გემის ადგილმდებარეობა დაადასტურეს. საუბარია HMS ენდევერზე — პირველ ხომალდზე, რომელმაც ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწია.
ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმის მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ გემი ნიუპორტის ნავსადგურთან, როდ-აილენდში, აშშ-ში, არის ჩაძირული. კონკრეტულ ადგილს RI 2394 ჰქვია. ისტორიკოსები და არქეოლოგები გემს 26 წელი ეძებდნენ.
ჯეიმზ კუკი 1768 წელს სწორედ ენდევერით წავიდა სამოგზაუროდ. მისიის ფარგლებში უნდოდათ, რომ ტაჰიტიში ვენერას გავლას დაჰკვირვებოდნენ, თუმცა "სამხრეთის აღმოუჩენელი მიწების" აღწერაც უნდოდათ. კუკმა და მისმა ეკიპაჟმა რუკაზე პირველებმა მონიშნეს ახალი ზელანდია და აღმოსავლეთი ავსტრალია. ევროპელების მიერ რეგიონის კოლონიზაციის კუთხით ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იყო.
ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ გემი კერძო მფლობელს მიჰყიდეს და "ლორდი სენდვიჩი" შეერქვა. შემდეგ იგი ამერიკის რევოლუციურ ომში მსახურობდა და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები გადაჰყავდა. გემის ცვეთასთან ერთად მას თანდათან შეუცვალეს დანიშნულება და ნიუპორტის ნავსადგურში იყენებდნენ ამერიკელი სამხედრო ტყვეების გადასაყვანად.
როცა საფრანგეთმა 1778 წელს ნარაგანსეტის ყურე გადაკეტა, გემი განზრახ ჩაძირეს სხვა სამხედრო გემებით. მას შემდეგ HMS ენდევერი ოკეანის ფსკერზეა. მისი ძიება 1999 წელს დაიწყეს მეცნიერებმა, კერძოდ ავსტრალიის ეროვნულმა საზღვაო მუზეუმმა როდ-აილენდის საზღვაო არქეოლოგიურ პროექტთან (RIMAP) თანამშრომლობით.
მეცნიერებმა წარსულში უკვე ივარაუდეს, რომ ჩაძირვის ადგილი RI 2394 იყო, თუმცა ახალი მოხსენებით ამას უკვე საბოლოოდ ასკვნიან. სავარაუდო მდებარეობად განიხილებოდა სხვა ადგილიც, სახელად RI 2578, თუმცა დეტალური შესწავლის მერე ეს ვარიანტი გამოირიცხა.
ცნობისთვის, 2022 წელს ავსტრალიის ეროვნულმა საზღვაო მუზეუმმა გამოაცხადა, რომ ენდევერის ჩაძირვის ადგილი იპოვეს. ამის მიუხედავად, RIMAP-მა დასკვნას "ნაადრევი" უწოდა. ახალ მოხსენებას იგი ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა მუზეუმიდან აცხადებენ, რომ ეს პროექტის დასკვნითი მოხსენებაა.
კომენტარები