მუზეუმმა 200 წლის პრეზერვატივი მოიპოვა — როგორია ის და რას გვიყვება მე-19 საუკუნის სექსზე
ექსპონატი განსაკუთრებით იშვიათი ზედ დატანილი ილუსტრაციის გამოა.

ამსტერდამის ერთ-ერთ მუზეუმში იშვიათ ექსპონატს შეხვდებით — 200 წლის პრეზერვატივს, რომელზეც შიშველი ხალხია გამოსახული.
რეიკსმუზეუმის კურატორები 6 თვის წინ აუქციონზე იყვნენ და უჩვეულო ლოტს წააწყდნენ. მათ 1830 წლით დათარიღებული პრეზერვატივი იპოვეს, რომელსაც ზედ ილუსტრაცია აქვს დატანილი. ეს იშვიათი ნივთი მათ შეიძინეს, ახლა კი იგი მუზეუმის ექსპონატია.
შეძენის შემდეგ გაირკვა, რომ პრეზერვატივი, სავარაუდოდ, ცხვრის აპენდიქსისგანაა დამზადებული; იგი სუვენირის სახით უნდა გაეცათ საროსკიპოში. მუზეუმის განცხადების მიხედვით, ექსპონატი ძალიან იშვიათია — დღემდე, მის გარდა, მხოლოდ ერთი სხვა კონტრაცეფციული საშუალებაა შემონახული. ეს პრეზერვატივი გამოყენებული არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მყიფეა, იგი მაინც შესანიშნავ მდგომარეობაშია შემონახული.
პრეზერვატივი განსაკუთრებით იშვიათი მასზე დატანილი ილუსტრაციის გამოა. ზედ მონაზონია გამოსახული, რომელიც მოშიშვლებული ზის სკამზე და ხელს იშვერს წინ მდგომი სამი მღვდლისკენ, რომლებიც ასევე მოშიშვლებულნი არიან. ნახატის ქვეშ ფრანგულ წარწერას "Voilà mon choix" ("ეს არის ჩემი არჩევანი") ვხედავთ.
მუზეუმში ვარაუდობენ, რომ ეს დაუქორწინებლობის, ასევე პარისის სამსჯავროს პაროდიაა. პარისის სამსჯავრო ზღაპარია ბერძნული მითოლოგიიდან. პარისს, ტროის პრინცს, სამ ქალღმერთს შორის — ჰერა, ათენა და აფროდიტე — ყველაზე მშვენიერი უნდა დაესახელებინა. მან აფროდიტე აარჩია, რადგან იგი დაჰპირდა, რომ ელენეს, მშვენიერ ახალგაზრდა ქალს, მიუყვანდა ცოლად. პარისისთვის ეს კარგად არ დასრულებულა, რადგან ელენე უკვე დაქორწინებული იყო და მისი მოტაცება გადაწყვიტა, შედეგად კი ტროის ომი დაიწყო.
მუზეუმის მიზანი მხოლოდ იშვიათი ნიმუშის დემონსტრირება ან ჩვენი გართობა არაა. მათი აზრით, ეს მე-19 საუკუნის საზოგადოებისა და სექსისადმი მათი მიდგომების უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება.
"პრეზერვატივის მოპოვებამ საშუალება მოგვცა, მე-19 საუკუნის სექსუალობასა და პროსტიტუციაზეც გაგვემახვილებინა ყურადღება, რადგან ჩვენს კოლექციაში ეს თემები ნაკლებადაა წარმოდგენილი", — განმარტავს რეიკსმუზეუმი — "იგი სქესობრივი ჯანმრთელობის შედარებით ნათელ და ბნელ მხარეებს ასახავს პერიოდში, როცა ხორციელი სიამოვნება აღსავსე იყო არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, განსაკუთრებით სიფილისის, შიშით".
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა საროსკიპოში დასაფლავებული ჩვილი შეისწავლეს — პროსტიტუცია და დედობა შუა საუკუნეებში
სექსისადმი მიდგომები და დამოკიდებულება დროსთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლებოდა. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები მე-19 საუკუნეზე ბევრად ადრე არსებობდა — თავისთავად, არა ისეთი ეფექტიანი, როგორიც თანამედროვე კონტრაცეპტივებია.
კომენტარები