ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მეცნიერები ნემატოდებს დააკვირდნენ, რომლებიც პაწაწინა ჭიებისგან შემდგარ კოშკებს ქმნიან. მსგავსი შემთხვევა ველურ ბუნებაში აქამდე არასდროს იყო აღბეჭდილი.

მსგავსი უცნაური ქცევა აქამდე მხოლოდ ექსპერიმენტულ გარემოში იყო დაფიქსირებული და მიიჩნეოდა, როგორც ჯგუფის დანარჩენი წევრებისგან თავის დაღწევის კონკურენტული მცდელობა. ველურ ბუნებაში ამის დაფიქსირება მიუთითებს, რომ ეს შეიძლება უფრო ურთიერთსასარგებლო იყოს.

კადრები გერმანიის ქალაქ კონსტანცაში, ადგილობრივი ბაღების ტერიტორიაზე გადაიღეს. მაქს პლანკის ცხოველთა ქცევის ინსტიტუტისა (MPI-AB) და კონსტანცის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ამ კადრების ლაბორატორიულ ექსპერიმენტებთან დაკავშირება შეძლეს. მათ ამით აჩვენეს, რომ მსგავსი რამ ბუნებრივადაც ხდება. ამით მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ ჭიები ამგვარად მასობრივად გადაადგილდებიან.

"აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც ეს ბუნებრივი კოშკები პირველად ვნახე. დიდი ხნის განმავლობაში ჭიების მსგავსი ქცევა მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში არსებობდა", — თქვა კვლევის უფროსმა ავტორმა, MPI-AB-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სერენა დინგმა.

მკვლევრებმა რამდენიმე საინტერესო ასპექტიც გამოავლინეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე ხილში მრავალი ნემატოდური სახეობა დააფიქსირეს, "კოშკის" აშენებაში მხოლოდ ერთი სახეობა მონაწილეობდა. ჭიები ამას ლავრის ფაზაში ყოფნისას აკეთებდნენ. ეს ფაქტორები მიანიშნებს, რომ მსგავსი მოქმედება შემთხვევითი არ არის და მას კონკრეტული ახსნა უნდა ჰქონდეს.

"ნემატოდების კოშკი უბრალოდ ჭიების გროვა არ არის. ეს არის კოორდინირებული სტრუქტურა, მოძრავი სუპერორგანიზმი", — თქვა კვლევის პირველმა ავტორმა, დანიელა პერესმა.

იმის გასარკვევად, შეეძლოთ თუ არა სხვა სახეობის ჭიებსაც მსგავსი "სუპერორგანიზმის" შექმნა, მკვლევრებმა მრგვალ ჭიებს (Caenorhabditis elegans) შესაბამისი პირობები შეუქმნეს. ექსპერიმენტმა გაამართლა და ჭიებმა შესაბამისი "სუპერორგანიზმები" შექმნეს.

"ეს კოშკი რეაგირებს, როდესაც მას ეხებით", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

მკვლევრები ასევე დაინტერესდნენ, არსებობდა თუ არა ამ აქტივობისას რაიმე იერარქია. მაგალითად, ვინ ასრულებდა ძირითად სამუშაოს. აკეთებდნენ თუ არა ამას ძირითადად ახალგაზრდები და პატარები.

აღმოჩნდა, რომ მრგვალი ჭიები საოცრად "თანასწორები" იყვნენ. ხილის ბაღში მობინადრე ნემატოდებისგან განსხვავებით, ლაბორატორიაში მოხვედრილი ჭიები იყვნენ როგორც ლავრის პერიოდში, ისე ზრდასრულები — სუპერორგანიზმის შექმნაში ყოველი მათგანი მონაწილეობდა. ეს იმაზე უთითებს, რომ მსგავსი კოშკის შექმნა ჯგუფური გადაადგილების უფრო განზოგადებული სტრატეგიაა.

"ჩვენი კვლევა სრულიად ახალ ფანჯარას ხსნის იმის შესასწავლად, თუ როგორ და რატომ მოძრაობენ ცხოველები ერთად", — ამბობს დინგი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.