წარმოიდგინეთ, მეცნიერებმა უცხოპლანეტელებისგან რომ შეტყობინება მიიღონ და მისი გაშიფვრა ვერ შეძლონ. მიხვდებიან, რომ ჭკვიანი არსება ცდილობს რაღაცის თქმას, თუმცა სხვა ყველაფერი — კონტექსტი, სინტაქსი და მთლიანად გრამატიკა — დედამიწელებისთვის გაუგებარი იქნება.

ამ სტატიაში უცხოპლანეტელებზე არ ვსაუბრობთ — დაახლოებით ასე არიან განწყობილნი მათემატიკოსები IUT-ს მიმართ. IUT აბრევიატურა იშიფრება, როგორც ინტერუნივერსალური ტეიხმიულერის თეორია. იგი ABC ჰიპოთეზის დამტკიცების მცდელობაა და მათემატიკოსმა შინიჩი მოჩიძუკიმ შეიმუშავა 2000-იან წლებში. თავად ABC ჰიპოთეზა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თავსატეხია რიცხვთა თეორიაში. იგი მარტივი რიცხვების ჯამს უკავშირდება და არაერთ სხვა მათემატიკურ ჰიპოთეზაზე აქვს გავლენა.

ახლახან ჭუნგფენგ ჭოუმ, 28 წლის ინჟინერმა, IUT-ს გაშიფვრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

რა უნდა ვიცოდეთ IUT-ს შესახებ

IUT მათემატიკის სხვა დარგებისგან იმდენად განსხვავდება, რომ "უცხოპლანეტელების ენას" უწოდებენ. გარკვეულ დონეზე მისი გააზრება მსოფლიოში სულ დაახლოებით 20-მა ადამიანმა შეძლო.

მოჩიძუკიმ IUT ამ საუკუნის დასაწყისში შეუმუშავა და 2012 წელს გამოაქვეყნა პრეპრინტებად. დამტკიცება ორიათას გვერდიანია, მიჩიძუკი კი ირწმუნება, რომ იგი ABC ჰიპოთეზას ხსნის. თუკი ეს მართალია და ჰიპოთეზა მართლაც მტკიცდება, არაერთი სხვა მათემატიკური თავსატეხი შეიძლება ამოვხსნათ, თუნდაც ფერმას დიდი თეორემა.

ამის მიუხედავად, IUT-ში განსხვავებული, მათემატიკური სამყაროსთვის უნიკალური, კონცეფციები და სიმბოლოებია გამოყენებული. შეიძლება ითქვას, მოჩიძუკიმ თავისივე მათემატიკური ენა შექმნა, რომელმაც მსოფლიოს არაერთ წამყვან მათემატიკოსს აუბნია თავგზა.

რამდენიმე მეცნიერმა, მათ შორის ივან ფესენკომ, IUT-ს ზოგიერთი ნაწილი გაშიფრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორია ათ წელზე მეტია არსებობს, სირთულის გამო იგი ბოლომდე დადასტურებული მაინც არ არის.

IUT-ის გაგების ახალი მცდელობა

ამ საკითხზე მუშაობა ჭუნგფენგ ჭოუმ გადაწყვიტა. როგორც დოქტორობის კანდიდატი, გრაფთა თეორიას შეისწავლიდა, თუმცა აკადემიური სფერო მიატოვა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად განაგრძო მუშაობა. მათემატიკისადმი ინტერესი არ განელებია: IUT-თ ლამის შეპყრობილი გახდა და თავისუფალ დროს ამ თეორიის შესწავლას უთმობდა. ხუთი თვის განმავლობაში მან რამდენიმე ცვლილება შეიტანა ნაშრომში, შემდეგ კი იგი მოჩიძუკისა და ფესენკოს გაუგზავნა.

მათემატიკოსებზე ახალმა ნაშრომმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ფესენკომ ჭოუს თანამშრომლობა შესთავაზა, ახალგაზრდა მათემატიკოსი კი ახლა მასთან ერთად განაგრძობს მუშაობას. თეორიულად, კვლევა შეიძლება არაერთი დანიშნულებით გამოვიყენოთ, იქნება ეს კრიპტოგრაფიასა და კვანტურ გამოთვლებში თუ სივრცე-დროის უკეთ გასააზრებლად — ცხადია, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის შინაარსი სხვა მეცნიერებისთვისაც გასაგები გახდება.

IUT-ის ზოგიერთი ნაწილი ჯერაც გაუგებარია, სრულად გაშიფვრას კი, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება — თუ, რა თქმა უნდა, ვინმე ამას შეძლებს. ჭოუს ნაშრომები წინამორბედთა კვლევებს ემყარება. როგორც ამბობს, თავად მხოლოდ უმნიშვნელო ინოვაციებს გვთავაზობს და იმედი აქვს, რომ სფეროში მოკრძალებულ წვლილს შეიტანს.

ჭოუს ნაშრომი პრეპრინტების პლატფორმა arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.