რამდენად რეალურია ადამიანის გონების გაციფრულება — რას ამბობენ მეცნიერები
შესაძლებელია თუ არა თქვენი ცნობიერების ციფრულ სამყაროში ატვირთვა?!

ფოტო: stock.adobe
წარმოიდგინეთ მომავალი, რომელშიც თქვენი გონების კომპიუტერში ატვირთვა შეგიძლიათ. ეს ერთგვარი ტვინის ასლი იქნება, თქვენი გონებისა და აზრების ციფრული ვერსია.
ასეთ რეალობაში თქვენ ციფრულად იცხოვრებდით, შესაძლოა, სამუდამოდ. ციფრულ სამყაროში გექნებოდათ საკუთარი თავის შესახებ ცნობიერება, შეინახავდით თქვენს მოგონებებს და იგრძნობდით თავს ისე, როგორც ახლა — ერთი განსხვავებით, სხეული არ გექნებოდათ.
ამ სიმულირებულ გარემოში თქვენ შეგეძლებოდათ ყველაფერი — ჭამა, მანქანის მართვა, სპორტით დაკავება. ასევე შეგეძლებათ ისეთი რამის გაკეთება, რაც რეალურ სამყაროში შეუძლებელია, მაგალითად, კედლებში სიარული, ჩიტივით ფრენა ან სხვა "პლანეტებზე" მოგზაურობა.
ეს რეალურია? თეორიულად, გონების ატვირთვა შესაძლებელი უნდა იყოს.
და მაინც, გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ შეიძლება ეს მოხდეს? ბოლოს და ბოლოს, მეცნიერებმა ტვინის შესწავლა ახლახან დაიწყეს. ეს შეიძლება ახლა წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ დაფიქრდით, ოდესღაც ადამიანის მთვარეზე გაგზავნაც ფანტასტიკა იყო, ან გინდაც ადამიანის გენომის გაშიფვრა. კაცობრიობის ისტორია სავსეა მაგალითებით, თუ როგორ იქცა ფანტასტიკა რეალობად!
დობრომირ რაჰნევი, ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მიიჩნევს, რომ გონების ატვირთვა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო.
"ახლა ეს სამეცნიერო ფანტასტიკაა, მაგრამ მომავალში რეალობად იქცევა", — ამბობს რაჰნევი.
ცხოვრება ლეპტოპში
ჩვენთვის ცნობილ სამყაროში ყველაზე რთულ ობიექტად სწორედ ტვინი ითვლება. მთელი ამ სირთულის რეპლიკაცია უკიდურესად პრობლემური იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ატვირთულ ტვინს იგივე მონაცემები სჭირდება, რაც ყოველთვის ჰქონდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარე სამყარო მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. გაციფრულებულს თქვენ მაინც დაგჭირდებათ გრძნობების სიმულაცია: დანახვის, მოსმენის, ყნოსვის, შეხების, შეგრძნების უნარის რეპროდუქცია — ასევე მოძრაობის, თვალის დახამხამების, გულისცემის დაფიქსირების და ათასობით სხვა რამის კეთების უნარის რეპროდუქცია.
და მაინც, რა საჭიროა ეს ყველაფერი? ნუთუ არ შეიძლება უბრალოდ არსებობდეს წმინდა გონებრივი ბუშტი, სენსორული ზემოქმედების გარეშე?
ადამიანისთვის გრძნობების დაკარგვას, მაგალითად, სრულ სიბნელეში ან ხმის გარეშე ოთახში ყოფნას, სენსორული დეპრივაცია ეწოდება და ეს წამების ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევა. ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ საკუთარი სხეულის სიგნალების: წყურვილის, შიმშილის, ტკივილის და ქავილის აღქმა, ხშირად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები უჩნდებათ.
სწორედ ამიტომ, გონების ატვირთვისას, თქვენი გრძნობების სიმულაცია განსაკუთრებით ზუსტი უნდა იყოს. უმნიშვნელო ხარვეზმაც კი შეიძლება სერიოზული ფსიქიკური შედეგები გამოიწვიოს.
ამ ეტაპზე, მკვლევრებს არ აქვთ გამოთვლითი შესაბამისი სიმძლავრე და მით უმეტეს, არ გააჩნიათ საჭირო სამეცნიერო ცოდნა, ასეთი სიმულაციების ჩასატარებლად.
მილიარდობით წერტილის სკანირება
გონების ატვირთვისთვის პირველი დავალება შემდეგია: ადამიანის ტვინის სრული 3D სტრუქტურის სკანირება და შემდეგ რუკის შექმნა.
ამისთვის საჭიროა ძალიან დახვეწილი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) აპარატი, რომელსაც ტვინის დეტალური აღწერა შეუძლია. ამ ეტაპზე მეცნიერები ტვინის რუკების შემუშავების მხოლოდ ძალიან ადრეულ ეტაპზე არიან, რაც მოიცავს ბუზის მთელ ტვინსა და თაგვის ტვინის მცირე ნაწილებს.
რამდენიმე ათწლეულში ადამიანის ტვინის სრული რუკის შექმნა უნდა შეძლონ. მეორე მხრივ, მხოლოდ 86 მილიარდი ნეირონის, რომლებიც ქინძისთავზე პატარაა, და მათი ტრილიონობით კავშირის იდენტიფიცირებაც კი საკმარისი არ არის.
მხოლოდ ამ ინფორმაციის კომპიუტერში ატვირთვა დიდ შედეგს არ მოგვცემს. ეს იმიტომ, რომ თითოეული ნეირონი მუდმივად არეგულირებს თავის ფუნქციას და ესეც მოდელირებას საჭიროებს.
ძნელი სათქმელია, რამდენი საფეხურით ქვემოთ უნდა ჩავიდნენ მეცნიერები, რათა სიმულირებული ტვინი ამუშავდეს. საკმარისი იქნება თუ არა მოლეკულურ დონეზე ჩასვლა? ამჟამად ეს არავინ იცის.
2045? 2145? თუ უფრო გვიან?
იმის ცოდნა, თუ როგორ ასრულებს ტვინი გამოთვლებს, გონების გასაციფრულებლად უმნიშვნელოვანესია. ეს მეცნიერებს მისცემს საშუალებას, მხოლოდ ტვინის არსებითი ნაწილები გააციფრულონ და არა მისი ყველა ბიოლოგიური თავისებურება.
ახალი მანქანის წარმოება გაცილებით ადვილია, როცა იცი, როგორ მუშაობს ის. ბევრად რთული იქნებოდა ამ ცოდნის გარეშე უბრალოდ მანქანის მექანიზმების ზუსტად დაკოპირება და გამრავლება.
მეორე მხრივ, ამ მიდგომისთვის აუცილებელია, მეცნიერებმა გაიგონ, როგორ ქმნის ტვინი აზრებს — როგორ ერთიანდება ათასობით ან მილიონობით ნეირონი ისე, რომ წარიმართოს გამოთვლები, რომლებიც ადამიანის გონებას სიცოცხლეს სძენს.
მოწინავე ნეირომეცნიერები აღიარებენ, რომ ისინი ამისგან ჯერ ძალიან შორს არიან.
მეცნიერები გაციფრულების კიდევ ერთ გზაზე საუბრობენ: 86 მილიარდი რეალური ნეირონის ხელოვნურით ჩანაცვლება. ეს მიდგომა გონების ატვირთვას გაცილებით გაამარტივებდა. და მაინც, აქაც დიდი პრობლემაა: ამჟამად მეცნიერებს ერთი ბიოლოგიური ნეირონის ხელოვნურით ჩანაცვლებაც კი შეუძლიათ.
გასათვალისწინებელია, რომ ტექნოლოგიების განვითარების ტემპი ექსპონენციურად ჩქარდება. სავარაუდოა, რომ უახლოეს ათწლეულებში გამოთვლითი სიმძლავრისა და ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდეს.
კიდევ ერთი რამ ფაქტია: თუ გონების ატვირთვა რეალური გახდება, მისთვის ფინანსების მოძიება პრობლემა არ იქნება. დაფიქრდით, ვის დაენანება თავისი ფული, თუ შედეგად მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს?
"მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები ძალიან დიდია და გზა გაურკვეველია, მე მჯერა, რომ ერთ დღეს გონების ატვირთვა რეალობად იქცევა. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზები 2045 წელზე მიდის — ანუ სულ რაღაც 20 წლის შემდეგ. ზოგს მიაჩნია, რომ გონების გაციფრულებას 21-ე საუკუნის ბოლოსთვის შევძლებთ", — ამბობს რაჰნევი.
თავად რაჰნევის მიაჩნია, რომ ჩვენი თაობა გონების გაციფრულებას ვერ მოესწრება, მაგრამ შეიძლება მოვესწროთ იმ ადამიანების დაბადებას, რომლებიც პირველები გაციფრულდებიან.
კომენტარები