მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორსულ თაგვებში რკინის დაბალი დონის გავლენით მათ მამრ ემბრიონებს საკვერცხეები განუვითარდათ. ეს მიგნება სქესის განსაზღვრის ბიოლოგიური მექანიზმების უკეთ გაგების საშუალებას გვაძლევს.

ზოგადად მიჩნეულია, რომ ძუძუმწოვრების ჩანასახში სქესი მაშინ განისაზღვრება, როცა სპერმა კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს. ამის მიუხედავად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემბრიონი არც მდედრია და არც მამრი, მაგრამ შემდეგ, როგორც წესი, გენეტიკის მიხედვით რომელიმე მიმართულებით ყალიბდება. თუ ჩასახვისას მას Y ქრომოსომა ჰქონდა, მამრს ვიღებთ, XX ქრომოსომის შემთხვევაში კი — მდედრს.

"როგორც წესი" მაინც არ ნიშნავს "ყოველთვისს", რადგან ემბრიონული განვითარება საკმაოდ რთული პროცესია. ალბათ, გსმენიათ, რომ თავდაპირველად ყველა ემბრიონი მდედრია — ეს კომპლექსური ფაზის ზედმეტად გამარტივებული გაგებაა. სინამდვილეში, ადრეულ პერიოდში ჩანასახის გონადები (სასქესო უჯრედების წარმომქმნელი ორგანოები) დიფერენცირებული არაა და ამიტომ იგი ფენოტიპური თვალსაზრისით მდედრია. მოგვიანებით, Y-ქრომოსომის არსებობისას ისეთი გენი აქტიურდება, რომელიც მამრის სასქესო ორგანოების ფორმირებას უწყობს ხელს.

ეს გენი SRY არის, რომელიც Y ქრომოსომაში გვხვდება. ის ინსტრუქციებს აგზავნის, რის შედეგადაც სქესის განმსაზღვრელი ცილები წარმოიქმნება და, ჩვეულებრივ, მამრისთვის დამახასიათებელი ორგანოები ვითარდება და არა საკვერცხეები, საშვილოსნო თუ სხვა. ასევე, სქესობრივი ჰორმონების გამოყოფაც იწყება და სხვა ისეთი გენები აქტიურდება, რომლებიც სქესის მხრივ სპეციფიკურ ფიზიკურ თვისებებს განაპირობებს.

ძუძუმწოვრებში აღნიშნული პროცესი საშვილოსნოში მიმდინარეობს, რომელზეც გარემო ფაქტორების გავლენა, ერთი შეხედვით, ძალიან მცირედით ან საერთოდ არ უნდა აისახებოდეს. ახალი კვლევა საპირისპიროს ამტკიცებს.

ექსპერიმენტების მეშვეობით მეცნიერთა გუნდმა დაადგინა, რომ როცა ორსული თაგვების ორგანიზმში რკინის კონცენტრაცია გარკვეულ დონეზე იყო შემცირებული, SRY გენი ზოგჯერ პასიური ხდებოდა. რკინის დეფიციტი სპეციალური პრეპარატით ხელოვნურად იყო გამოწვეული. ამის შედეგად XY ქრომოსომების მქონე 72 ემბრიონიდან 4-ს წყვილი საკვერცხე ჩამოუყალიბდა, 1-ს კი — ცალ-ცალი სათესლე და საკვერცხე.

ექსპერიმენტების მეორე ნაწილში მამრი ემბრიონების რკინის დონეები ინ ვიტრო გონადური კულტურების მეშვეობით შეცვალეს. აღმოჩნდა, რომ ამან 39 ჩანასახიდან 6-ში წყვილი საკვერცხის განვითარება განაპირობა, ხოლო 1-ში — ისევ ცალ-ცალი სათესლისა და საკვერცხის.

აქედან ასკვნიან, რომ ძუძუმწოვრებში გარემო ფაქტორებს სქესობრივ ფორმირებაზე ზემოქმედება შეუძლია. ფიქრობენ, რომ რკინის ძალიან დაბალი დონე ფერმენტ KDM3A-ზე აისახება, რომელიც SRY გენის "გათიშვაში" მონაწილეობს. უცნობია, იგივე ეფექტი აქვს
თუ არა მსგავს ფაქტორებს ადამიანებზეც, თუმცა უკანასკნელი მიგნება სქესის განსაზღვრაზე ამის მიუხედავადაც გვიცვლის წარმოდგენას.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.