20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი და კიდევ ორი პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 17 სექტემბერს გაიმართა. სხდომას ესწრებოდა მორის მაჩალიკაშვილის ბიძაც, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

დღევანდელ სხდომაზე ოთხი ბრალდებულის საქმე განიხილეს, მათ შორის ბეჟან ლორთქიფანიძის, რომელიც აგვისტოში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე აქვთ წაყენებული. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს და ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

20-21 ივნისის მოვლენებს საქართველოს პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იძიებს. 20 ივნისის საქმეზე ამ დრომდე 20-მდე პირია პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის ორი პოლიტიკური ლიდერი, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი.

ამავე თემაზე: რა მოხდა 20 ივნისს თბილისში — მოკლედ