საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის გაურკვეველი ვადით ჩაკეტვა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის კრიტიკულ ჰუმანიტარულ პირობებს ქმნის და ვითარების დეესკალაციას აფერხებს. მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს.

"აღნიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილს, სხვადასხვა აგრესიული ქმედებებითა და პროვოკაციებით მოახდინოს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაცია", — აღნიშნა კონსტანტინიდმა.

როგორც ის ამბობს, მსგავს ამოცანებს ემსახურება სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავება ე.წ. საზღვრის ნიშნის განთავსება და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას და მის საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში, შეწყვიტონ პროვოკაციული მოქმედებები და საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყონ.

ამასთანავე, ისინი მოუწოდებენ რუსეთს, რომ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად.

ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი ერთი კვირაა ჩაკეტილია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი 4 სექტემბერს ჩაკეტა და ამ დრომდე არ გაუხნიათ.

დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ გამშვები პუნქტი 6 სექტემბერს გაიხსნებოდა, თუმცა მოგვიანებით მათმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ე.წ. საზღვარზე სიტუაციის დარეგულირებას ელოდებიან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგორელების ნაწილმა დაბის დატოვება მოასწრო, დარჩენილები კი გზის გახსნას ითხოვენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივებს პროდუქტი და მედიკამენტები უთავდებათ და დახმარებას ითხოვენ.

სუს-ში აცხადებენ, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მუდმივად აწვდიან ინფორმაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. აღნიშნული საკითხი, ასევე, იქნება განხილული IPRM-ის ფარგლებში 13 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. ტექნიკურ შეხვედრაზე.

ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობა ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაპირისპირების მიზეზი აგვისტოს ბოლოს გახდა. დე ფაქტო მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჩორჩანას ტერიტორია მათ მიერ ოკუპირებული სოფელ წნელისის შემადგენლობაში შედიოდა და პოლიციის საგუშაგოს დაშლას მოითხოვდა, რისთვისაც ქართულ მხარეს ულტიმატუმი წამოუყენა და რამდენიმე საათი მისცა. რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ქართულმა მხარემ მოთხოვნები არ შეასრულა და საგუშაგო არ დაშალა. პასუხად, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ომი უნდოდა, მაგრამ ამას არ დაუშვებდნენ და "ჰუმანიტარულ ოპერაციას" დაიწყებდნენ.

ამის შემდეგ მათ ქართული საგუშაგოს თავზე საოკუპაციო ბანერი დადგეს და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს. როგორც ე.წ. უსაფრთხოების სამსახური განმარტავდა, დროშა სპეციალურად აღიმართა ზღვის დონიდან 944,8 მეტრზე, ქართულ საგუშაგოზე მაღლა, რადგან ასე "დომინანტად იქცა საზღვრის იმ მონაკვეთში".

გარდა ამისა, ჩორჩანას საგუშაგოს პასუხად საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ორი საგუშაგოს მშენებლობა დაიწყო, ამჯერად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.