თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის 4 სექტემბრის მთავრობის სხდომა გიორგი გახარიასთვის მილოცვით დაიწყო. მან წარმატება უსურვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მინისტრობის კანდიდატებს. კალაძემ მადლობა გადაუხადა მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისთვის.

"მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, წარმატებები ვუსურვო მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც, ერთიანი ძალისხმევით და თანამშრომლობით შევძლებთ, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ დედაქალაქისთვის", — თქვა კახა კალაძემ.

მინისტრი, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი 77-ე დღეა ითხოვს, მმართველმა პარტიამ დააწინაურა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია ამტკიცებდა, რომ პრემიერობა არ სურს. ასევე, ამბობდა, რომ 20 ივნისის საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანდა, ამიტომ გადადგომას არ აპირებდა, თუმცა დღეიდან შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ არის.