აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა ბრძანებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კვანტურ კომპიუტერებზე მუშაობა გააქტიურდეს. მიზანი ისაა, რომ ამ ინდუსტრიის განვითარება დაჩქარდეს, რათა სამეცნიერო წინსვლას შეუწყონ ხელი და აშშ სამომავლო პოტენციური კიბერშეტევებისგან დაიცვან.

კვანტური გამოთვლების განვითარება AI-ს წინსვლის კვალდაკვალ კიდევ უფრო მეტადაა მოსალოდნელი. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება ეს ინდუსტრია ჩინეთსა და აშშ-ს შორის ტექნოლოგიურ შეჯიბრებაში მთავარ ბრძოლის ველადაც იქცეს. აღსანიშნავია, რომ კვანტური კომპიუტერები ჩინეთისთვისაც ძალიან პრიორიტეტულია.

"კვანტურ ტექნოლოგიებში ამერიკის ლიდერობის მისაღწევად უპრეცედენტო ინვესტიციების ჩადებას ვაპირებთ", — განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ხელის მოწერის ცერემონიაზე.

The Wall Street Journal-ის მიხედვით, პირველი ბრძანება ისაა, რომ ფედერალურმა სააგენტოებმა კერძო სექტორებთან და მკვლევრებთან ერთად იმუშაოს. ამ თანამშრომლობის მიზანი 2028 წლისთვის იმდენად მძლავრი კვანტური კომპიუტერის შექმნაა, რომ მან სამეცნიერო კვლევების ჩატარებაც კი შეძლოს. ეს მიღწევა დაამტკიცებს, რომ ასეთ კვანტურ მოწყობილობებს მნიშვნელოვანი პრაქტიკული დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს. ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მათი მეშვეობით რთული განტოლებების ამოხსნაა შესაძლებელი, თუმცა რეალური გამოყენების სფეროები ნაკლებადაა დემონსტრირებული.

თუ ამ ყველაფერს მართლაც შეძლებენ, კვანტური კომპიუტერები იმ ამოცანებსაც ამოხსნის, რომლებსაც კლასიკური კომპიუტერი ვერ ართმევს თავს, თანაც უფრო სწრაფად. ტრადიციული ბიტების (0 და 1) გამოყენების ნაცვლად, კვანტური კომპიუტერი კუბიტს იყენებს. ეს უკანასკნელი შეიძლება ერთდროულად ორივე მდგომარეობაში იყოს (ორი მნიშვნელობა ჰქონდეს), რაც მას მეტი ინფორმაციის შენახვის საშუალებას აძლევს.

გარდა ამისა, კუბიტები შეიძლება ერთმანეთთან გადახლართულიც იყოს და მსგავსი მდგომარეობაც ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ ერთი კუბიტის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში მეორეც მყისიერად იცვლება, რაც გამოთვლების სისწრაფეს მნიშვნელოვნად ზრდის. თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში ამას შეიძლება ცუდი შედეგებიც მოჰყვეს. მაგალითად, თუ ოდესმე კვანტური კომპიუტერი დაშიფვრის ალგორითმებს ამოიცნობს, შეიძლება კიბერუსაფრთხოების მხრივ "აპოკალიფსიც" დადგეს.

სწორედ ამ შესაძლო სცენარს ეხება ტრამპის მეორე ბრძანება. კერძოდ, სამთავრობო სააგენტოებმა "პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფია" (PCQ) უნდა დააჩქაროს. ეს ისეთი ალგორითმების შექმნას გულისხმობს, რომლებსაც მძლავრი კვანტური კომპიუტერებისგან "შეტევების" მოგერიება შეეძლება. ამის მიღწევის სამიზნე თარიღად ტრამპმა 2035 წელი დაასახელა (ბაიდენის ადმინისტრაციას 2031 წელი ჰქონდა მითითებული).

სხვათა შორის, მიმდინარე წლის დასაწყისში Google-მა PCQ-სისტემების შექმნის თარიღად 2029 წელი დაასახელა. ამ ყველაფერთან ერთად, ტრამპის ბრძანების თანახმად, პენტაგონმა 2028 წლისთვის ე.წ. კვანტური სენსორები უნდა დაამონტაჟოს. ეს მოწყობილობები ფიზიკურ გარემოში უკიდურესად მცირე ცვლილებების აღმოსაჩენადაა შექმნილი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.