ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე, ჩრდილოეთ ვენესუელა ორმა ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია.

პირველი მიწისძვრა სან-ფელიპეს მახლობლად მოხდა, იარაკუის შტატის დედაქალაქთან. მხოლოდ 39 წამის შემდეგ კი მეორე დარტყმა მოჰყვა, იუმარეს სიახლოვეს, პირველი კერიდან 5-10 კილომეტრის მოშორებით.

ძლიერი ბიძგები რეგიონში ყველგან იგრძნობოდა, მათ შორის ვენესუელის დედაქალაქ კარაკასშიც, რომელიც კერებიდან დაახლოებით 150 კილომეტრშია. შენობები დაინგრა, ხოლო ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლი ათასობით ადამიანი შეიძლება იყოს.

ძლიერ ბიძგებს გრუნტის დეფორმაციაც დაემატა: მეწყერებისა და ნიადაგის გათხევადების შემთხვევები მთელ რეგიონშია მოსალოდნელი. მიწისძვრა მთიან ადგილას მოხდა, სადაც ფერდობების ჩამოქცევა ხშირია. კარაკასის ქვეშ არსებული ნალექური ქანები კი სეისმურ ტალღებს აძლიერებს და ზარალს ზრდის.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, ეს იყო ორმაგი მიწისძვრა (doublet) — იშვიათი სეისმური მოვლენა, რომლის დროსაც ორი მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა მოკლე ინტერვალით ხდება. ჯერ 7.2 მაგნიტუდის პირველი დარტყმა მოხდა, 39 წამის შემდეგ კი 7.5 მაგნიტუდის მთავარი მიწისძვრა მოჰყვა.

რა არის ორმაგი მიწისძვრა?

ორმაგი მიწისძვრა არის ერთმანეთთან ახლოს, მოკლე დროში მომხდარი ორი მიწისძვრა.

ჩვეულებრივი მიწისძვრის თანმიმდევრობისგან განსხვავებით, სადაც ძლიერ მიწისძვრას შედარებით სუსტი შემდგომი ბიძგები მოჰყვება, ორმაგი მიწისძვრის შემთხვევაში ორივე მიწისძვრა მსგავსი სიმძლავრისაა, მიზეზობრივად დაკავშირებული, მაგრამ სეისმოლოგიურად განცალკევებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მიწისძვრის სეისმური ტალღები დროში გამოყოფილია და/ან სხვადასხვა წყაროდან მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელის მიწისძვრების კერები ერთმანეთიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული, USGS-ის სეისმური ტალღების მონაცემები მიუთითებს, რომ ისინი სავარაუდოდ სხვადასხვა რღვევიდან, განსხვავებული გახლეჩის სტილით წარმოიშვა.

ეს შეესაბამება ამ რეგიონის აქტიური რღვევების ადრე შედგენილ რუკებს. მათზე ჩანს დიდი გვერდული ძვრის რღვევები, სადაც ქანები ერთმანეთს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ეხახუნება, სხვადასხვა ორიენტაციის პატარა რღვევების ქსელთან ერთად.

სავარაუდოდ, პირველმა მიწისძვრამ მეორე გამოიწვია. ეს შეიძლება მოხდა იმიტომ, რომ პირველი რღვევის გამო დედამიწის ქერქის გადაადგილებამ მეორე მიწისძვრის წყარო-რღვევაზე დაძაბულობა გაზარდა. გარდა ამისა, პირველი მიწისძვრის სეისმური ტალღები შეიძლება ახლომდებარე, უკვე მოწყვლად რღვევებს შეხებოდა და მათი გახლეჩა გამოეწვია.

ორმაგი მიწისძვრები იშვიათია, მაგრამ ხდება. 2023 წელს ასეთმა ორმაგმა მიწისძვრამ 7.8 და 7.7 მაგნიტუდით თურქეთსა და სირიას მიაყენა დარტყმა. ეს ორი მიწისძვრა 95 კილომეტრის მანძილით და ცხრა საათის სხვაობით მოხდა, 14 მილიონ ადამიანს შეეხო და ფართომასშტაბიანი განადგურება გამოიწვია.

1988 წელს ავსტრალიის ტენანტ კრიკში სამმაგი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლებიც ერთმანეთს ნახევარ საათში მიჰყვა.

რატომ არის ვენესუელა ასე მიდრეკილი მიწისძვრებისკენ?

ვენესუელაში ორმაგი მიწისძვრა კარიბისა და სამხრეთ ამერიკის ტექტონიკური ფილების საზღვარზე მოხდა.

ჩრდილოეთ ვენესუელაში ეს ფილები წელიწადში დაახლოებით 20 მილიმეტრის სიჩქარით ეხახუნება ერთმანეთს, კარიბის ფილა აღმოსავლეთისკენ, სამხრეთ ამერიკის ფილის მიმართ მოძრაობს. ამის შედეგად ყალიბდება გვერდული ძვრის დიდი რღვევები, მათ შორის ბოკონოს, სან-სებასტიანისა და ელ-პილარის რღვევის სისტემები.

ეს აქტიური ფილების საზღვარი ხშირ ზედაპირულ (კერის დედამიწის ქერქის ზედა შრეებში მქონე) მიწისძვრებს წარმოქმნის, რომელთა ნაწილი დამღუპველია.

რეგიონს წარსულშიც განუცდია მნიშვნელოვანი მიწისძვრები: 1900 წლის 7.7 მაგნიტუდის კარაკასის მიწისძვრა და 1967 წლის 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა.

ბოლო მიწისძვრის დასავლეთით ფილების საზღვარი უფრო ფართო და რთული ხდება, სეისმური აქტივობა კი გავრცელებულია ზედაპირული და საშუალო სიღრმის მიწისძვრებით.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.