გერმანიაში ხელისუფლება შხამიანი მუხლუხოების მასობრივი გავრცელების წინააღმდეგ იბრძვის. ამ მწერთან კონტაქტი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, რამაც პარკებისა და სხვა ღია სივრცეების დახურვა გამოიწვია, მათ შორის ბერლინშიც.

მუხის პროცესიული ჩრჩილის (ლათ. Thaumetopoea processionea) მუხლუხოები დაფარულია მიკროსკოპული, ეკლიანი თმებით, რომელიც ტოქსინს შეიცავს. ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში, ეს თმები გამონაყარს, კონიუნქტივიტსა და სუნთქვის გაძნელებას იწვევს. ამასთან, ტოქსიკური თმები ადვილად იმტვრევა და ქარის საშუალებით დიდ მანძილზე ვრცელდება.

მუხის პროცესიულ ჩრჩილს სახელი სწორედ ამ ფოტოზე გამოსახული მოვლენის გამო ჰქვია — მუხლუხოები ხის ტოტებზე ჯაჭვივით, პროცესიის სახით მოძრაობენ.

ფოტო: Saxifraga-Jeroen Willemsen

ინფიცირებულ მუხის ხეებზე მუხლუხო ასევე ქმნის თეთრ, აბრეშუმისებრ ბუდეებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ტოქსიკურ თმას შეიცავს.

მუხლუხოების გავრცელება განსაკუთრებით მძიმეა ბერლინში. შედეგად, ქალაქის ყველაზე პოპულარული მწვანე სივრცეები ახლა დანაშაულის ადგილს ჰგავს, სადაც წითელ-თეთრი ლენტები მოქალაქეებს გადაადგილებს უზღუდავს. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდოს ადგილობრივ პარკს და მიმდებარე სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და ქუჩებს.

ბერლინის მეორე უდიდეს პარკში სპეციალური აღჭურვილობის მქონე ბრიგადები მუშაობენ. ამწე მანქანებიდან, 20 მეტრის სიმაღლეზე, სრული დამცავი კოსტუმებითა და სავენტილაციო ნიღბებით შემოსილი მუშები ხეების ტოტებიდან მუხლუხოს ბუდეებს აზბესტის მოსაცილებლად განკუთვნილი სამრეწველო მტვერსასრუტებით აშორებენ.

სრული დამცავი აღჭურვილობით შემოსილი მუშები დაზიანებული ხეებიდან ბუდეებს აზბესტის მოსაცილებლად განკუთვნილი მტვერსასრუტებით აშორებენ.

ფოტო: Claudia Otto/CNN

ამ სახის მტვერსასრუტების გამოყენება უზრუნველყოფს, რომ თითოეულ მუხლუხოზე არსებული დაახლოებით 700 000 ტოქსიკური მიკრო-თმა არ გაიფანტება.

სამუშაოებზე მეთვალყურე ქალაქის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა CNN-ს განუცხადა, რომ პარკში 2000 ხეა დაინფიცირებული და შესაბამისად, შემოსაზღვრული. მან აღიარა, რომ პრობლემის სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია და მიზანი ზიანის შემცირებაა; მუშები პირველ რიგში სასეირნო ბილიკებთან ახლოს მდგომ ხეებს ამუშავებენ.

ჩინოვნიკმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდი დღეში დაახლოებით 20 ხის გასუფთავებას ცდილობს, თუმცა ინფექციის სიმძიმე ძალიან განსხვავდება. მისი თქმით, გასულ შაბათ-კვირას ერთ-ერთმა რაზმმა მთელი დღე ერთი ხის გასუფთავებაზე დახარჯა, რომელზეც 800 ბუდე იყო.

გერმანიის დედაქალაქის პარკებში მრავალი ხე მუხის პროცესიული ჩრჩილის მუხლუხოების ბუდეებითაა დაავადებული. თითოეულ მუხლუხოს შეიძლება 700 000 ტოქსიკური მიკრო-თმა ჰქონდეს.

ფოტო: Claudia Otto/CNN

ამჟამად ბერლინის ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, პარკში ყოველი ვიზიტის შემდეგ ტანსაცმელი საფუძვლიანად გარეცხოს და სარკმლები და კარი შეძლებისდაგვარად დახურული ჰქონდეს.

EPS-Radar-ის, გავრცელებაზე დამკვირვებელი ვებსაიტისა და ციფრული რუკის ცნობით, სხვა მასშტაბური ინფექციის შემთხვევები გამოვლენილია ჰამბურგსა და გერმანიის დასავლეთ მხარეს, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში.

ვებსაიტის შემქმნელმა ბრიტა ვუნდერვალდმა CNN-ს განუცხადა, რომ ჩვეულებრივ მარკეტინგის სფეროში მუშაობს, მაგრამ ვებსაიტი AI-ინსტრუმენტის დახმარებით შექმნა მეგობრის შვილის სტუმრობის შემდეგ, რომელსაც მუხლუხოებთან კონტაქტის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა.

"ვფიქრობდი, შემიძლია თუ არა გარეთ გასვლა და სად შეიძლება პიკნიკი", — თქვა მან სატელეფონო ინტერვიუში — "და მერე ვნახე, რომ ამ წლისთვის არანაირი რუკა არ არსებობს. ვიმედოვნებ, მომავალ წელს (საბჭო) უფრო სერიოზულად მოეკიდება ამ საკითხს და წინასწარ იმოქმედებს".

მუხის პროცესიული ჩრჩილის მუხლუხოები ბერლინის იუნგფერნჰაიდეს უბანში, გერმანია, 2026 წლის ივნისი.

ფოტო: Michael Ukas/dpa/picture alliance/Getty Images

ურბანული ბუნების ექსპერტმა დერკ ელერტმა ბერლინის ქალაქის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პოსტში მოსახლეობა გააფრთხილა, არ მიუახლოვდეს მუხლუხოებს ან მათ ბუდეებს და არ შეეხოს მათ. ელერტის მიხედვით, წელს ბერლინში წინა წლებთან შედარებით მეტი მუხლუხო დაფიქსირდა.

მუხის პროცესიული ჩრჩილის მასობრივი გამრავლება შემთხვევითი არ არის. გერმანიის ამინდის სამსახურის (DWD) მონაცემებით, 2026 წლის გაზაფხული საშუალოზე თბილი, მზიანი და მშრალი იყო, განსაკუთრებით აპრილში. ეს სწორედ ის დროა, როცა მუხლუხოები იჩეკება და რაც უფრო თბილი და მშრალია გაზაფხული, მით უფრო სწრაფად იზრდება. თუ ხეები ადრე იფოთლება, მათთვის საკვებიც მზადაა. ეს მხოლოდ ამ წლის ფენომენი არ არის, უკვე 30 წელია მუხის პროცესიული ჩრჩილი გერმანიაში ვრცელდება და კლიმატის ცვლილებასთან ერთად პირობები მისთვის სულ უფრო ხელსაყრელი ხდება: ზამთარი თბება, გაზაფხული ადრე იწყება, ხოლო ძლიერი ყინვები, რომელიც ადრე მუხლუხოების პოპულაციას ბუნებრივად ამცირებდა, სულ უფრო იშვიათია.

გამონაყარისა და სუნთქვის გაძნელების გარდა, მუხლუხოების თმებთან კონტაქტი ასევე იწვევს ჭინჭრის ციებასა და კანის გაღიზიანებას, ხოლო მძიმე შემთხვევებში, ალერგიულ რეაქციას, მათ შორის ანაფილაქსიურ შოკს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.