გზა საქართველოდან დიზაინის საერთაშორისო ინდუსტრიამდე — ნატალი შურღაიას ისტორია
დიზაინის საერთაშორისო ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება რთული და საინტერესო გზაა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ-ბრიტანელმა დიზაინერმა, ნატალი შურღაიამ, წარმატებით გაიარა. ნატალი სწორედ იმ ნიჭიერი ქართველების ახალ ტალღას მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარ ხელწერას უკვე გლობალურ დონეზე ამკვიდრებენ.
დღეს ნატალი Peter mikic Studio-ში საერთაშორისო დონის პროექტებზე მუშაობს. ინტერიერის დიზაინის საერთაშორისო ინდუსტრიაში ლონდონურ Peter Mikic Studio-ს გამორჩეული ადგილი უკავია. მოდის სფეროდან მოსული ლეგენდარული დიზაინერის, პიტერ მიკიჩის მიერ დაარსებული სტუდია დღეს 33 პროფესიონალისგან შედგება და AD Collector-ისა თუ House & Garden-ის მსოფლიო ტოპ-ასეულებში მოწინავე ადგილს სტაბილურად იკავებს. სტუდიის პორტფოლიო ულტრა-ლუქს კლასის კერძო რეზიდენციებს, იახტებსა და სასტუმროებს მოიცავს, სადაც თითოეული პროექტი ექსკლუზიურია.
საინტერესოა, რომ ინტერიერის დიზაინში აქტიურ ჩართვამდე, მას უკვე ჰქონდა საკოლექციო ობიექტების საკუთარი ხაზი, დღეს კი, პარალელურად, პერსონალურ კოლექციებზე მუშაობს. თავისი საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ ნატალი ინტერვიუში ვრცლად გვიყვება:
გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. როგორია თქვენი ინტერესები როგორც ინტერიერის დიზაინში, ისე მის გარეთ?
ვმუშაობ როგორც ინტერიერის, ისე ავეჯისა და ექსკლუზიური ობიექტების დიზაინის მიმართულებით. ამჟამად დიზაინერი ვარ Peter Mikic Studio-ში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საერთაშორისოდ აღიარებული სტუდიაა. პარალელურად, ვავითარებ ჩემს დამოუკიდებელ ხაზს — ავეჯსა და ინტერიერის აქსესუარებს.
ყველაფრის ცენტრში, რასაც ვაკეთებ, მასალების საშუალებით ამბის მოყოლა დგას. განსაკუთრებულ მიზიდულობას ვგრძნობ ისეთი მასალების მიმართ, რომლებსაც გამოკვეთილი ტექსტურა აქვთ. მიყვარს ტრადიციული ტექნიკისა და მეთოდების ახლებურად, მოულოდნელი გზებით კომბინირება, რის გამოც დიდ დროს ვატარებ სახელოსნოებში — მსოფლიოს საუკეთესო ხელოსნებისგან სხვადასხვა ტექნიკის შესასწავლად.
ფოტო: Natali Shurghaia
ჩემთვის უდიდესი მისწრაფებაა ისეთი ობიექტებისა და ინტერიერის შექმნა, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ისტორიულსა და თანამედროვე კონტექსტს, და ამავდროულად, თითოეული დამკვეთის ინდივიდუალურ ხასიათს ასახავს. ძალიან გამიმართლა, რომ ვმუშაობ სტუდიაში, სადაც დიზაინი ყველაფრის საწყისია და მაქვს პრივილეგია, ჩემი წვლილი შევიტანო ყველაზე ამბიციურ საერთაშორისო პროექტებში.
რა იყო მთავარი მოტივაცია და როდის მიხვდით, რომ ეს იყო სფერო, რომელშიც საკუთარი თავის დანახვა შეგეძლოთ?
მანამ, სანამ ინტერიერის დიზაინერი გავხდებოდი, ნივთებს საკუთარი ხელით ვქმნიდი. ამაში უდიდესი როლი ჩემი ოჯახის წარსულმა ითამაშა. საქართველოში დავიბადე, თუმცა ლონდონში გავიზარდე, რამაც საბოლოოდ ჩამოაყალიბა ჩემი დიზაინერული ხედვა და გემოვნება. ბაბუაჩემი მხატვარი და დიზაინერი იყო, მის ნამუშევრებს დღესაც მუდმივად ვიყენებ შთაგონების წყაროდ. დედაჩემი კი დამწყები ხელოვანებისთვის არაკომერციულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, რომელიც ისეთ წამყვან ინსტიტუციებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა MoMA და Bauhaus. ასეთ გარემოში გაზრდამ ის მყარი საფუძველი მომცა, რომელზეც ჩემს კარიერას დღემდე ვაშენებ.
იმ მომენტში, როდესაც მივხვდი, რომ ზუსტად დიზაინის სფეროში მინდოდა ყოფნა, გადავწყვიტე გამეფართოებინა იმის საზღვრები, რისი გაკეთებაც მარტოს შემეძლო. მინდოდა, მემუშავა მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერებსა და ხელოსნებთან ერთად, რათა გამეგო, თუ რა იყო შესაძლებელი ამ სფეროს ყველაზე მაღალ, პროფესიონალურ დონეზე.
სანამ ინტერიერის დიზაინში დაიწყებდით მუშაობას, საკუთარ ხელნაკეთ და დიზაინერულ ობიექტებს ქმნიდით. როგორ ჩამოყალიბდა იმ პერიოდში თქვენი ესთეტიკა და რა გავლენა მოახდინა ამ გამოცდილებამ თქვენს დღევანდელ სტილსა და ხედვაზე?
ეს პერიოდი გარდამტეხი აღმოჩნდა — მან თითქმის ის ყველაფერი განსაზღვრა, თუ როგორ ვმუშაობ დღეს. როდესაც ობიექტებს საკუთარი ხელით ქმნი, მასალების მიმართ ღრმა ცოდნა და პატივისცემა გიყალიბდება. ჩემი სტილი ყოველთვის ისტორიული და თანამედროვე ელემენტების სინთეზისგან შედგებოდა, რაზეც, გასაკვირია, მაგრამ ხშირად ისეთი სფეროები ახდენს გავლენას, როგორებიცაა მუსიკა, კინო და ძველი ქანდაკებები. ყოველთვის მაინტერესებდა, სრულიად სხვა ხელოვნების დარგიდან წამოსული განწყობისა თუ ატმოსფეროს აღება და მისი ფიზიკურ ობიექტად ან სივრცედ ქცევა. თუმცა, იმისთვის, რომ ეს ინსტინქტები რეალურ, სერიოზულ პროექტებად მექცია, მყარი ტექნიკური ცოდნის განვითარება დამჭირდა.
ფოტო: Natalie Shurghaia
პროექტი, რომელიც ამ ყველაფერს საუკეთესოდ გამოხატავს და რომელზეც უკვე ორ წელზე მეტია ვმუშაობ, საქართველოდან წამოღებული ერთი მოგონებით დაიწყო. საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ასეთი საოცარი ქანდაკებაა — მიწაში ვერტიკალურად ჩარჭობილი უზარმაზარი ხმლები. ხმლის ფორმა ყოველთვის მიზიდავდა: მისი სიმძიმე და ის, თუ როგორ შეიძლება ტრადიციულმა ოსტატობამ ერთ კონკრეტულ ობიექტში მოიყაროს თავი. მინდოდა, ეს შთამბეჭდავი ფორმა და მისგან წამოსული ძალა ისეთ განსაკუთრებულ ნივთად მექცია, რომელიც ოთახში დგომისას ყურადღებას მიიპყრობდა და მთელ ინტერიერს სიცოცხლეს შემატებდა. სახლში სანთლების დანთება ძალიან მიყვარს, ჩემთვის ეს ერთგვარი რიტუალია. სწორედ ამიტომ, ორ წელზე მეტი მოვანდომე იმ სასანთლის შექმნას, რომლის დიზაინშიც ხმლის ძირითადი ფორმები და კონტურები გადავიტანე და ის ინტერიერის ხელოვნების ნიმუშად ვაქციე.
ფორმების შესასწავლად დიდ დროს ვატარებდი ლონდონში, Wallace Collection-ში, სადაც ისტორიული იარაღისა და დეკორატიული ხელოვნების უდიდესი კოლექციაა დაცული. პარალელურად, მუდმივად ვუბრუნდებოდი ცნობილი დიზაინერის, Yves Saint Laurent-ის პარიზის ბინას, როგორც შთაგონების წყაროს. მაოცებდა ის, თუ როგორ იტევდა ეს სივრცე ამდენ სხვადასხვა ეპოქასა და კულტურულ გავლენას ისე, რომ ქაოსის განცდას საერთოდ არ აჩენდა. გარდა ამისა, წვდომა მქონდა YSL-ის ერთ-ერთ უნიკალურ საარქივო ნივთზე — ეს იყო თითბერის სახელური, რომელიც ხელით იყო შეღებილი ფირუზისფრად, რათა დაძველებული ლითონის ეფექტი შეექმნა. ამ ნივთის ორნამენტებმა და მოტივებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს ხედვასა და ფიქრის მიმართულებაზე.
ფოტო: Natalie Shurghaia
რაც შეეხება ზედაპირის დამუშავებას, ლითონის დასაძველებლად ჩემ მიერ ხელით შექმნილ უნიკალურ ფაქტურებზე (პატინებზე) დიდი გავლენა მოახდინა ვინჩენცო დე კოტისის შემოქმედებამ. ამ დიზაინერს უზომოდ ვაფასებ იმის გამო, რომ შეუძლია ერთ ნივთში ისეთი მასალები გააერთიანოს, რომელთა სინთეზიც მანამდე, ისტორიულად, სრულიად წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. მეც ზუსტად ეს მინდოდა — ჩემს დასრულებულ ნამუშევრებს ისეთი განცდა გაეჩინა, თითქოს მიწაში ნაპოვნი, უძველესი რელიკვიებია, რომლებიც მანამდე ბუნებაში არასდროს არსებულა.
ამ პროექტში ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მასზე მუშაობა ჩემი პროფესიული ცხოვრების ყველაზე დატვირთულ და საპასუხისმგებლო პერიოდს დაემთხვა. სტუდიაში, პარალელურ რეჟიმში, ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტზე ვმუშაობდით — მსოფლიოში წამყვანი მოდის სახლის მთავარი მაღაზიის ინტერიერს ვქმნიდით. საოცარი ის იყო, რომ ორ სრულიად განსხვავებულ საქმეში აბსოლუტურად იდენტური ესთეტიკური კითხვების წინაშე აღმოვჩნდით: როგორ ავიღოთ ტრადიციული მოტივი და ვაქციოთ ის სრულიად ახალ, თანამედროვე რამედ? ამ ორმა პროცესმა ერთმანეთზე უდიდესი გავლენა მოახდინა. როდესაც ჩემი შემოქმედების ეს ორი სხვადასხვა სამყარო ერთსა და იმავე კითხვას სვამს, სწორედ მაშინ ვგრძნობ ყველაზე დიდ შთაგონებასა ჩემს პროფესიაში.
ფოტო: Natalie Shurghaia
ახლა Peter Mikic Studio-ში მუშაობთ. როგორ გახდით ამ გუნდის წევრი და რას ნიშნავს თქვენთვის ასეთ საერთაშორისო გარემოში მუშაობა?
Peter Mikic Studio-ს დიზაინის სამყაროში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სტუდია ულტრა-ლუქს კლასის პროექტებზე მუშაობს სხვადასხვა ქვეყანაში — იქნება ეს საცხოვრებელი სახლები, კომერციული სივრცეები თუ სასტუმროები. დამკვეთები ჩვენს სტუდიას იმიტომ ირჩევენ, რომ მათთვის უმაღლესი ხარისხი და ორიგინალურობა უმნიშვნელოვანესია. ამ გუნდის წევრობა ნიშნავს, რომ თითოეული შენი გადაწყვეტილება ისეთი მაღალი სტანდარტით ფასდება, სადაც კომპრომისისთვის ადგილი თითქმის არ რჩება.
საერთაშორისო გარემოში მუშაობამ ჩემი აზროვნება ისე შეცვალა, რასაც თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდი. როდესაც პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აკეთებ, ბევრად უფრო ღრმად გესმის, თუ როგორ შეინარჩუნო ერთიანი და მკაფიო დიზაინერული ხედვა სრულიად განსხვავებულ კულტურულ თუ გეოგრაფიულ კონტექსტში.
გუნდთან ერთად განხორციელებული პროექტებიდან რომელს გამოარჩევდით?
ერთ-ერთი პროექტი, რომელიც განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, ლონდონის WOW!House-ის გამოფენაა. ეს არის პრესტიჟული ყოველწლიური ღონისძიება, სადაც წამყვან დიზაინერებს იწვევენ და სრულ შემოქმედებით თავისუფლებას აძლევენ, რათა საკუთარი ფანტაზიით, ყოველგვარი წინასწარი პირობებისა და ჩარჩოების გარეშე, შექმნან მთლიანი ოთახის დიზაინი. ჩვენი სტუდიისთვის ამ გამოფენის ნაწილად ყოფნა არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო სწორედ იმიტომ, რომ სტანდარტული შეზღუდვები საერთოდ არ არსებობდა.
ფოტო: Natalie Shurghaia
ოთახის ცენტრალურ ფიგურად დიდი, მრგვალი სასადილო მაგიდა ვაქციეთ. მაგიდის ზედაპირი ძვირფასი ქვებით იყო გაფორმებული, რომელიც ლაქით დაიფარა და ქრომირებული კანტით დასრულდა. მისი დამზადება ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი იყო, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. ეს ყველაფერი ნიჭიერ ოსტატებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და უშუალოდ მუშაობის პროცესში გადაწყვეტილებების მუდმივად მიღების უნარს მოითხოვდა. სწორედ ასეთი საქმე მიტაცებს ყველაზე მეტად — სადაც დიზაინის შთაგონება და ამ შთაგონების ფიზიკურ საგნად ქცევა ერთმანეთისგან განუყოფელი პროცესია.
სტუდიაში ბევრი საინტერესო პროექტი მქონია, მაგრამ ეს იმიტომ გამოირჩევა, რომ მოგვეცა იშვიათი შანსი, გვემუშავა ყოველგვარი ლიმიტების გარეშე და გვენახა, რისი შექმნა შეუძლია გუნდს, როდესაც მასში თითოეული წევრი მაქსიმუმს დებს. გარდა ამისა, პიტერ მიკიჩთან ერთად მუშაობა ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გამოცდილებაა. მას აქვს არაჩვეულებრივი კრეატიულობა და უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთოს. დროთა განმავლობაში, მისი მაღალი თამასა შენს პირად პროფესიულ სტანდარტად იქცევა ხოლმე.
ფოტო: Natalie Shurghaia
როგორია თქვენი ყოველდღიური სამუშაო დღე სტუდიაში — რა არის ყველაზე საინტერესო ნაწილი თქვენთვის ამ პროცესში?
დიზაინი რეალურად სულ სხვაა, ვიდრე ეს უმრავლესობას წარმოუდგენია. თითოეული პროექტის მიღმა უზარმაზარი დაგეგმარება და კოლაბორაცია დგას — სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებთან მუშაობა, დამკვეთებთან და კონტრაქტორებთან სხვადასხვა სასაათო სარტყელში კოორდინაცია, ანტიკვარიატის მოძიება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და კიდევ უამრავი რამ. იმისთვის, რომ ეს ულამაზესი პროექტები რეალობად იქცეს, საოცარი გუნდი და კოლოსალური შრომაა საჭირო.
თუმცა, ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო მაინც კონცეფციაზე მუშაობის ეტაპია. ეს არის პროექტის საწყისი წერტილი, როდესაც ყველაფერი ჯერ კიდევ აბსოლუტურად ღიაა ახალი იდეებისთვის. უზომოდ მიყვარს შთაგონების წყაროების პოვნის, მათი დახვეწისა და იმის წარმოდგენის პროცესი, თუ რისი შექმნაა შესაძლებელი.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩემი მთავარი მიზანია, ინტერიერის, ავეჯისა და ექსკლუზიური ობიექტების ჩემი დამოუკიდებელი ხაზი ისე განვავითარო, რომ მან საერთაშორისო დონეზე დაიმკვიდროს სახელი. მინდა, როგორც დიზაინერმა, მუდმივად გავაგრძელო სწავლა და განვითარება.
საერთოდ, ინტერიერისა და ავეჯის სამყაროს ძალიან საინტერესო და ოდნავ ბუნდოვანი ადგილი უჭირავს სახვით ხელოვნებასა და ფუნქციურ დიზაინს შორის. ვფიქრობ, დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ სად გადის ზღვარი ამ ორ სფეროს შორის. მე კი ძალიან მინდა, ამ დიდი და საინტერესო პროცესის ნაწილი ვიყო.
ვფიქრობ, საქართველო საერთაშორისო დიზაინერულ სივრცეში საკმარისად არ არის წარმოდგენილი. არადა, ხელოსნობისა და შემოქმედების ტრადიცია ჩვენთან — იქნება ეს მოდის სფერო, მუსიკა, კერამიკა, ლითონზე მუშაობა თუ ტექსტილი — უბრალოდ არაჩვეულებრივია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჯერ კიდევ დიდწილად აღმოუჩენელია. ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ეს უნიკალური ქართული ხედვა და გემოვნება ჩემს საერთაშორისო პროექტებში გადავიტანო.
კომენტარები