NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე რთულ ორგანულ ნაერთს მიაგნო — სიცოცხლის კვალი?
ფოტო: NASA/JPL-Caltech/MSSS
NASA-ს მავალი Perseverance მარსს 2021 წლიდან შეისწავლის. ის ეზეროს კრატერს იკვლევს, სადაც დაახლოებით 3.7 მილიარდი წლის წინ ტბა და მდინარის დელტა იყო. მაშინ წითელი პლანეტის გარემო ამჟამინდელისგან განსხვავდებოდა, რადგან იქ სიცოცხლისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო არსებობდა. მათ შორისაა ატმოსფერო და თხევადი წყლის ბუნებრივი რეზერვუარები.
მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში Perseverance-ის ინსტრუმენტის, SHERLOC-ის, მეშვეობით ეზეროს კრატერში მდებარე ქვების შედგენილობა გააანალიზეს. მათ ყურადღება რთულ ნახშირბადულ ნაერთებზე გაამახვილეს და Cheyava Falls-ის სახელით ცნობილ კლდოვან ნიმუშებზე მაკრომოლეკულური ნახშირბადი (MMC) დააფიქსირეს. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მარსზე ორგანული მატერიის ყველაზე ნაკლებ სიღრმეში (ზედაპირული) აღმოჩენის შემთხვევაა.
სპეციალისტების თქმით, უკანასკნელი მიგნება მიანიშნებს, რომ ორგანული მოლეკულები ან შედარებით ახალია, ან მათ გამოსხივებისგან მინერალები იცავდა. ორი ქვა, რომლებზეც ისინი დააფიქსირეს, ძველი მდინარის არხშია (Neretva Vallis) — ის ეზეროს დასავლეთ დელტაში ჩაედინებოდა. ერთ-ერთი ნიმუში არგილიტია (დანალექი ქანის ტიპი), რომელიც ერთგვარ ლაქებს შეიცავს და 2025 წელს "სიცოცხლის პოტენციური კვალის" აღმოჩენის გამო ყურადღების ცენტრში მოექცა.
იხილეთ: NASA-მ მარსზე სიცოცხლის შესაძლო კვალი აღმოაჩინა
MMC მარსის ქვებში მიკვლეული კიდევ ერთი ისეთი კომპონენტია (კარბონატებთან, სულფატებთან და ფოსფატებთან ერთად), რომელიც სიცოცხლის ე.წ. საშენი მასალის წარმოსაქმნელად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მატერია 3500-ზე მეტი კილომეტრის მოშორებით მდებარე მავალმა Curiosity-მაც დააფიქსირა (გეილის კრატერში). ეს მიუთითებს, რომ მარსზე ასეთი ნართები შეიძლება გავრცელებული იყო.
საინტერესოა, რომ ახალაღმოჩენილი ნახშირბადი იმაზე რთული სტრუქტურისაა, ვიდრე მარსზე აქამდე მიკვლეული სხვა ორგანული მოლეკულები. მეცნიერებმა ნიმუშთა სპექტრული მონაცემებიც შეადარეს, მათ შორის იყო მეტეორიტებში ნაპოვნი და დედამიწაზე არსებული მასალები. შედეგად დადგინდა, რომ საქმე ამორფულ ნახშირბადთან გვაქვს, რომლის სპექტრული ნიშნებიც ბიოტური (მაგ. მიკრობული) და აბიოტური (მეტეორიტები, ჰიდროთერმული ქანები) წარმომავლობის ამგვარი მატერიისას ჰგავს.
გამოდის, რომ ის შეიძლება ბიოლოგიურ პროცესებსაც უკავშირდებოდეს, მაგრამ მეცნიერები დარწმუნებით ჯერ ვერაფერს ამბობენ. მათი თქმით, ამ კვალის წარმომავლობა ზუსტად არ დაუდგენიათ, მაგრამ რამდენიმე ვარაუდი აქვთ. მაგალითად, ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ეს მოლეკულები მარსზე პლანეტათაშორისი მტვრის ან მეტეორიტების მეშვეობით მოხვდა.
მეორე მხრივ, შესაძლოა, ისინი აბიოტური პროცესების დროს წარმოქმნილიყო, როგორიც ვულკანური, ელექტროქიმიური და ჰიდროთერმული აქტიურობაა; მესამე ვარაუდი ბიოლოგიურ სინთეზს უკავშირდება, რასაც ამ ეტაპზე ვერც გამორიცხავენ და ვერც ადასტურებენ.
იმის გასაგებად, თუ რომელი სცენარია რეალობასთან ახლოს, მარსიდან ნიმუშების ჩამოტანა და მათი პირდაპირ შესწავლა გვჭირდება. ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

კომენტარები