AI-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს
ფოტო: Vicki Jauron, Babylon and Beyond Photography/Getty
ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად თითქმის 2000 წლის წინ დამწვარი უძველესი გრაგნილის შემორჩენილი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვირტუალურად გაშალეს და წაიკითხეს.
მკვლევრებმა აქამდე დამალული ტექსტის 20 ფრაგმენტი გაშიფრეს, რაც ერთ მეტრზე მეტ დამწვარ პაპირუსს მოიცავს, და ეს ყველაფერი გრაგნილის ფიზიკურად გაშლის გარეშე. ნაშრომი სტოიკურ ფილოსოფიას ეხება: ეთიკას, ხელოვნებასა და ადამიანის ქცევას, და ძვ. წ. II ან გვიანი III საუკუნით თარიღდება.
PHerc 1667 სახელით ცნობილი ეს გრაგნილი ქალაქ ჰერკულანეუმის კოლექციის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია და მდიდრული რომაული ვილის ბიბლიოთეკიდანაა, სადაც ასეულობით გრაგნილი ინახებოდა. ახ. წ. 79 წელს ვულკანის ამოფრქვევამ ახლომდებარე პომპეი გაანადგურა, ჰერკულანეუმი კი სიცხემ და ფერფლმა დაფარა.
პროფესორი ბრენტ სილსი და მისი გუნდი ჰერკულანეუმის გრაგნილს წითელი ლაზერული ხაზებით ასკანირებს.
ფოტო: EduceLab
წლებმა და ადამიანის ხელმა გრაგნილს საკუთარი კვალი დაატყო: ოდესღაც ორ ნაწილად გატყდა, ხოლო მის გასაშლელად წარსულში განხორციელებულმა მცდელობებმა გარე ფენები დააზიანა და გაანადგურა. ახლა ორიგინალის მხოლოდ ნახევარია შემორჩენილი.
ნეაპოლის ფრიდრიხ II უნივერსიტეტის პაპიროლოგი, დოქტორი ფედერიკა ნიკოლარდი განმარტავს: "სრული გრაგნილი არ გვაქვს, მაგრამ შემორჩენილი ნაწილი წავიკითხეთ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, რადგანაც გვიჩვენებს, რომ ამ გრაგნილების სრულად გახსნა შეგვიძლია".
მიღწევა ნეაპოლში ხუთშაბათს გამართულ კონფერენციაზე გამოცხადდა. ეს 2023 წელს დაარსებული Vesuvius Challenge-ის უახლესი წარმატებაა. Vesuvius Challenge დამწვარი გრაგნილების შესახებ გლობალური შეჯიბრია და მონაწილე გუნდებს ასობით ათას დოლარს უნაწილებს იმ ხელოვნური ინტელექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის, რომლითაც გრაგნილებს ვირტუალურად ხსნიან და მაღალი გარჩევადობის რენტგენის სურათებიდან ტექსტს კითხულობენ.
ჰერკულანეუმის ბიბლიოთეკა ძირითადად ძვ. წ. I საუკუნის ეპიკურელი ფილოსოფოსისა და პოეტის, გადარელი ფილოდემოსის ნაშრომებით არის სავსე. PHerc 1667-ის სათაურიც და ავტორიც უცნობია, თუმცა გრაგნილის ასაკი და შინაარსი სხვა ავტორზე მიუთითებს.
ნიკოლარდისა და მისი კოლეგების ანალიზი ვარაუდობს, რომ ამ სტოიკური ტრაქტატის ავტორი, შესაძლოა ბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპოსია. ის სტოიკური სკოლის მესამე ხელმძღვანელი იყო და ამ კოლექციაში სხვა ნაშრომებიც ეკუთვნის. ტექსტი მის ძმისშვილსა და მოწაფეს, არისტოკრეონს, მოიხსენიებს.
"თავდაპირველად ადგილი გვაბნევდა და ვფიქრობდით, შესაძლოა ეპიკურელი ავტორი სტოიკურ მოძღვრებაზე წერდა", — ამბობს ნიკოლარდი — "მაგრამ შემდეგ მივხვდით: სხვა ადგილას რომ ყოფილიყო ნაპოვნი, ეჭვის გარეშე სტოიკურ ნაშრომად დავახარისხებდით".
Vesuvius Challenge კენტუკის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორის, ბრენტ სილსის ნაშრომს ეყრდნობა. მან აჩვენა, რომ მანქანური სწავლების ალგორითმები შეიძლება გავწვრთნათ გრაგნილების ფარულ ფენებზე მელნის საპოვნელად. მეთოდი რენტგენის სურათებში პაპირუსის ბოჭკოების მცირე განსხვავებების ამოცნობას ეყრდნობა. სილიკონ ველის დონორებით მხარდაჭერილმა შეჯიბრმა გრაგნილების ვირტუალური გაშლისა და წაკითხვის ტექნიკებზე მომუშავე გუნდები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოიზიდა.
პროფესორი ბრენტ სილსი და მისი გუნდის წევრი ჰერკულანეუმის გრაგნილს ასკანირებს.
ფოტო: EduceLab
ახლად გაშიფრული ტექსტი სტოიკურ კონცეფცია ჰორმეს, ანუ იმპულსს, ეხება და გვაფრთხილებს: ვინც ქმედებას გონებით ვერ მართავს, მავნე ვნებებს ემონება და საკუთარი მიზნებიდან გადაუხვევს. ტექსტში კიდევ ერთი კონცეფციაა განხილული, ფრონესისი, ანუ "პრაქტიკული სიბრძნე", რომელიც სტოიკური ფილოსოფიის მიხედვით ადამიანის უმაღლეს სათნოებად ითვლება.
ერთ-ერთ პასაჟში ავტორი წერს: "ჩვენ რაღაცას ვეძებთ, მაგრამ ვერ მოვიხელთებთ, თუ რამე ფორმით საკუთარ თავს და ჩვენს ბუნებას დავშორდებით". ეს სტრიქონი გვაჩვენებს, რომ ცოდნის გასაღრმავებლად გონება და სიკეთისაკენ ადამიანის თანდაყოლილი ლტოლვა გადამწყვეტი იყო.
კიდევ ერთ ვირტუალურად გახსნილ გრაგნილში ასეთი სიტყვები გამოჩნდა: ფილოდემოსი, ღმერთების შესახებ, წიგნი 8. ეს პირველად ადასტურებს, რომ ღმერთების შესახებ მრავალტომიანი ნაშრომი ყოფილა. აქამდე მხოლოდ პირველი ტომი იყო ცნობილი. "ეს ჰერკულანეუმის გაუხსნელი გრაგნილები მკვდარ წიგნებს ჰგავს, მაგრამ ასე არ არის", — ამბობს ნიკოლარდი — "ისინი ხელახლა ლაპარაკობენ".
სლაიდი გვიჩვენებს, როგორ კითხულობენ მეცნიერები PHerc 1667 გრაგნილს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
სიტყვები "ფილოდემოსი, ღმერთების შესახებ, წიგნი 8" პირველად ადასტურებს, რომ ღმერთების შესახებ მრავალტომიანი ნაშრომი ყოფილა.
ფოტო: EduceLab
სილსი ამბობს, რომ გამოწვევამ ახლა დამწვარი გრაგნილების წაკითხვის ტექნიკებიდან მათი შინაარსის გააზრებაზე გადაინაცვლა. "ადამიანებმა ახლა იციან, რომ ეს შესაძლებელია, და ვიკვლევთ, რას ნიშნავს ეს ტექსტები სინამდვილეში", — ამბობს ის — "ჩემთვის ესაა მსოფლიო ჩემპიონატი. სწორედ ახლა მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი და ეს ჩემი გამარჯვებაა".
კომენტარები