"დამალვა აღარ შემიძლია" — ალმოდოვარის გულახდილი აღიარება
მწერალი და ჟურნალისტი, ზენ ბრუკსი, ცნობილ ესპანელ რეჟისორს, პედრო ალმოდოვარს მადრიდში შეხვდა და მის ახალ ფილმსა და ცხოვრების განვლილ გზაზე ესაუბრა.
"ფილმების გადაღების გარეშე ჩემი ცხოვრება უმნიშვნელოა", - ამბობს სალვადორ მალო, დეპრესიაში მყოფი რეჟისორი ალმოდოვარის ახალი ფილმიდან, ტკივილი და დიდება. ფილმის ეს მთავარი გმირი ასაკში შესული, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე კაცია, რომელიც მოგონებებით სავსე უზარმაზარ ბინაში ცხოვრობს. ის ყველა მეგობარმა მიატოვა და იმის შიშშია, რომ კარგს ვეღარაფერს შექმნის. არადა, დრო გადის, მისი სხეული კი დღითი დღე იშლება.
ალმოდოვარი ხაზს უსვამს, რომ ამ ფილმის სიუჟეტი გამოგონილია, რადგან მას დოკუმენტური კინოს გადაღების ინტერესი არ აქვს და ამის გაკეთებას ვერც ვერასდროს შეძლებდა. ამიტომ არ სურს, რომ სალვადორ მალო მის პროტოტიპად აღვიქვათ - იმის მიუხედავად, რომ ამ როლის შესრულებისას ანტონიო ბანდერასს ალმოდოვარის ტანსაცმელი ეცვა, ფილმის გადაღებები რეჟისორის ბინაში მიმდინარეობდა და სალვადორ მალოს სიუჟეტური ხაზი ალმოდოვარის ცხოვრების გზას ძალიან ჰგავს. საბოლოოდ, რეჟისორი მაინც გატყდა: "ვცდილობ, საკუთარი თავი დავარწმუნო, რომ გამოგონილ პერსონაჟზე ვსაუბრობ, მაგრამ გულის სიღრმეში ვხვდები, რომ ჩემს ისტორიას ვყვები. ასე რომ, მკითხეთ, რაც გინდათ. სალვადორ მალოს უკან დამალვა აღარ შემიძლია".
ალმოდოვარი თავისი ფილმების მიღმა ალბათ არც არასდროს დამალულა; ან თუ დამალულა, ამას ყოველთვის მსუბუქი ირონიითა და მაყურებლისთვის თვალის ეშმაკურად ჩაკვრის მიზნით აკეთებდა. თავის ხმაურიან და თავაშვებულ ახალგაზრდობაში ასეთივე ხმაურიანი და თავაშვებული ფილმები გადაიღო. შედარებით მშვიდ შუა ასაკში კი დახვეწილი მელოდრამები და თრილერები შექმნა. თუმცა ახლა უკვე სამოცდაათ წელს მიუკაკუნა და ზურგის, ყურისა თუ სულიერი ტკივილებით ნასაზრდოები ფარსით იტანჯება. ამიტომაც ტკივილი და დიდება ასაკში შესული კაცის აღსარებაა და ის, ამასთან, მისი ხანშიშესულობის პერიოდის შედევრიც შეიძლება იყოს.
ყველა მის ფილმს ჰქონდა ნაკლი - ზოგს მეტად, ზოგს კი ნაკლებად. თუმცა ის თავისი ბოლო ნამუშევრის მისამართით გამოთქმულ საქებარ სიტყვებს თავის სწრაფი დაკვრით იღებს: "მე მეტისმეტად ვამაყობ ამ ფილმით. ან ალბათ უმჯობესია ვთქვა, რომ მეტისმეტად ვამაყობ ამ ფილმის ზოგიერთი კადრით".
ალმოდოვარის ფილმებს ბევრი საერთო აქვს: ტანჯული ადამიანების დრამა იაფფასიანი ფარსითაა გარემოცული. ფილმში, ტკივილი და დიდება, სალვადორ მალოს უახლოეს მეგობრებთან უთანხმოება აქვს, მნიშვნელოვანი ინტერვიუს დროს თავს ირცხვენს და ტკივილს ოპიუმით იყუჩებს. ფილმში თხრობის ტონალობა ცვალებადი და იუმორით გაჯერებულია. ალმოდოვარისთვის დამახასიათებელი ხალასი ფერები ამჯერად გამუქებულია და მისი ფიქრებიც უფრო საკუთარი თავისკენაა მიმართული. თუმცა მისი, როგორც რეჟისორის, ნაბიჯები ასეთი მსუბუქი არასოდეს ყოფილა. ტკივილი და დიდება მაყურებელს ხალისიან ცეკვაში იწვევს.
რეჟისორობის გარეშე მალოს ცხოვრება აზრს კარგავს და იმავესვე ფიქრობს ალმოდოვარიც. ის ალბათ მუდამ ასე ფიქრობდა. უბრალოდ, ბოლო პერიოდში ეს ფიქრი მის გონებაში კიდევ უფრო ახმაურდა. "მე ამით ვცხოვრობ; ეს ერთგვარი დამოკიდებულებაა, როცა ამბების მოყოლის მოთხოვნილება გაქვს. თუ რაიმე შეიცვალა, მხოლოდ ის, რომ ჩემი ურთიერთობა კინოსთან უფრო დაძაბული და პრობლემური გახდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ეს კითხვა მაწუხებს: ჩემი დრო როდის ამოიწურება? იქნება ეს უკანასკნელი ფილმი, რომელსაც შევქმნი? შესაძლოა, ესაა მიზეზი, რის გამოც ჩემი ცხოვრების სხვა ასპექტების განვითარებისთვის არც კი მიზრუნია. უფრო მეტიც, მე ისინი ჩავახშე. შედეგად კი იმ მდგომარეობამდე მივედი, სადაც კინო ერთადერთია, რაც თავს მთლიანობად მაგრძნობინებს. კინო ერთადერთი რამაა, რაც მომეპოვება. საბოლოოდ, ის ჩემს მიზნადაც იქცა და - საშუალებადაც", - ამბობს ალმოდოვარი.
ცხოვრების ასეთი სტილი, შესაძლოა, როგორც ხელოვანს კი აგრძნობინებს თავს მთლიანობად, მაგრამ ამან ის, როგორც პიროვნება, არასრულყოფილი ხომ არ გახადა? ამაზე შეკრთა: "კარგი კითხვაა. კინო ჩემს ცხოვრებაზე გაბატონდა, მაგრამ ეს ისეთი რამაა, რასაც ეჩვევი. პირად ცხოვრებაში სხვა ადამიანები აღარ მჭირდებოდა. მე მათ წასვლის უფლება მივეცი. მე ისინი ჩამოვიშორე. ალბათ, თუ მომინდება, მათ დაბრუნებას შევძლებ კიდეც, მაგრამ ამისთვის რაღაც სტიმული, მიზეზი დამჭირდება".
ასე ამთავრებენ დიდი ხელოვანები თავიანთი ცხოვრების გზას: მდიდრულ კოშკში გამოკეტილები, ვარსკვლავების შემყურე? ეს თითქოს ალმოდოვარის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ იმ ურყევ განწყობას ეწინააღმდეგება, რომელიც ყოველთვის ხმაურით, ფერებით, მოულოდნელობებითა და სხეულების შეხლა-შემოხლით იყო სავსე. მისი საუკეთესო ნამუშევრები რაღაც ისეთია, რისი შოვნაც მადრიდის ყველაზე პოპულარულ, ელ-პასტროს მეორადი ნივთების ბაზრობაზე შეგიძლია: რიგიანად გამოყენებული, საუცხოო და შთამბეჭდავი საჩუქარი სამყაროსთვის.
ალმოდოვარი ესპანეთის რეგიონის, ლა-მანჩას პატარა ქალაქში დაიბადა. მამამისი ბენზინგასამართ სადგურზე, დედა კი ღვინის მაღაზიაში მუშაობდა. ახალ ფილმზე მუშაობისას სწორედ იმდროინდელ წარსულში დაბრუნდა და ათი წლის მსახიობი, ასიერ ფლორესი თავისი ბავშვობის გასაცოცხლებად გამოიყენა; იმ გულჩათხრობილი და მეტისმეტად ემოციური ბიჭის გასაცოცხლებლად, რომელსაც მომხიბვლელი კაცის შიშველი სხეულის ხილვისას აქამდე უცხო ვნების გაჩენა თავბრუს ხვევს.
ფილმის დასასრულისკენ სალვადორ მალო მომაკვდავ დედას ეუბნება: "იმედი გაგიცრუე მხოლოდ იმით, რომ ის ვიყავი, ვინც ვარ". ესეც ის ერთ-ერთი ემოციური სცენაა, რომელიც რეჟისორის ცხოვრებას ეხმიანება: "რეალურად, არასდროს ვყოფილვარ ის შვილი, რომელიც ჩემს მშობლებს სურდათ, რომ ჰყოლოდათ. არა, მათ ნამდვილად ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ამ დამოკიდებულებას მაინც პატარა ასაკიდანვე ვგრძნობდი", - ამბობს ალმოდოვარი.
ის მაინც არ ადანაშაულებს თავის მშობლებს, რადგან იმ ადგილსა და დროს ითვალისწინებს, რომელშიც მათ ცხოვრება უწევდათ. მისი მშობლები ტრადიციული ღირებულებების მქონე ესპანელები გახლდნენ: მათ ირგვლივ არსებულმა გარემომ აქცია ისინი ისეთებად, როგორებიც იყვნენ. "1949 წელს დავიბადე. ამ დროს ლა-მანჩას რეგიონი ძალიან კონსერვატიული და ჩამორჩენილი იყო. ჩემი მშობლები, ფაქტობრივად, მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდნენ, მათი ვაჟი კი უფრო ოცდამეერთე საუკუნის ბავშვს ჰგავდა. ამიტომაც მათსა და ჩემს მოლოდინებს შორის უზარმაზარი უფსკრული იყო. მათ სურდათ, რომ სოფელში დავრჩენილიყავი, ოჯახი შემექმნა და მუშაობა ბანკში დამეწყო. მიშოვეს კიდეც სამსახური ბანკში, მაგრამ მე უარი ვთქვი. სოფლის ცხოვრება მძულდა. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ამაზე ფიქრიც კი მაძრწუნებდა. იქ ყველა ერთამენთთან მეტისმეტად დაკავშირებული იყო, ყველა ერთმანეთის ცხოვრებით იყო დაინტერესებული. ერთადერთი, რასაც იქ მნიშვნელობა ჰქონდა, ის იყო, შენი მეზობლები რას აკეთებდნენ ან შენზე რას ფიქრობდნენ. ჩემთვის კი ეს ჯოჯოხეთი იყო, ამიტომაც ერთი სული მქონდა, იქაურობას თავს როდის დავაღწევდი, როდის გავიქცეოდი", - იხსენებს ალმოდოვარი.
1970-იან წლებში ალმოდოვარი მადრიდში ჩავიდა და იქ ახალი ოჯახიც იპოვა: La Movida Madrileña თავისუფალი ხელოვანების გაერთიანება იყო, რომელიც გენერალი ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ ჩამოყალიბდა და განვითარდა. ალმოდოვარი განმარტავს, რომ La Movida ყველა იმდროინდელი მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებების შტრიხებს ატარებდა. მასზე ზეგავლენა მოახდინა ბრიტანულმა როკ მიმდინარეობებმა - პანკმა და გლემმა, ამერიკული კინოს ახალმა ტალღამ, 60-იანი წლების სექსუალურმა რევოლუციამ და ენდი უორჰოლის ფოტოგრაფიამ. თან ეს ყველაფერი ადგილობრივ, წმინდად ესპანურ ფენომენად იქცა იმ უსაზღვრო შემოქმედებითი მუხტით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე რეპრესიებზე რეაქციით იკვებებოდა. La Movida-ში გატარებული პერიოდი ახალგაზრდა რეჟისორისთვის ოცნებების ასრულებას უდრიდა - ეს იყო საუკეთესო გამოცდილება, რაც ცხოვრებაში მიუღია. ეს კი მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ალმოდოვარი ლა-მანჩიდან გამოიქცა, ხოლო ურჩხული, რომელიც მანამდე ესპანეთს ტერორში ამყოფებდა, მოკვდა. როგორც თავად ამბობს: "მე რომ სიცოცხლე შემძლებოდა, ფრანკო უნდა მომკვდარიყო".
La Movida-ს განსაკუთრებულ ხიბლს ის მოულოდნელობა და სპონტანურობა მატებდა, ნაჩქარევზე ქუჩის საჭმლით პირის ჩატკბარუნებას რომ ჰგავს: "მადრიდში ეს თითქმის რევოლუციას უდრიდა. ჟურნალისტები ყოველდღიურად მოდიოდნენ ჩვენთან იმის გასაგებად, თუ რას ვაკეთებდით, მაგრამ მეორე დღეს მათ მიერ დაწერილ სტატიებს ვკითხულობდი და ვხვდებოდი, რომ რეალურად ვერც ვერაფერი გაიგეს. რაც ჩვენს თავს ხდებოდა, მეტისმეტად სპეციფიკური და ქაოსური იყო. ამ მოვლენის მონაწილეებიც მეტისმეტად ქაოსურები იყვნენ: ბევრ ნარკოტიკს იღებდნენ და ეს მათ შემოქმედებასაც ეტყობოდა", - იხსენებს ალმოდოვარი.
იმ დროისათვის ალმოდოვარი უცნაურ, კლარკ კენტისეულ ფიგურას წარმოადგენდა. ღამეებს ის კომედიური შინაარსის კომიქსების წერაში, ექსპერიმენტულ თეატრალურ დადგმებში მონაწილეობასა თუ ბენდთან ერთად სიმღერაში ატარებდა. მან Super-8 გადასაღები კამერაც იყიდა და ეროტიკული შინაარსის მუნჯი კომედიებისა თუ ბიბლიური ისტორიების მკრეხელური ვერსიების გადაღება დაიწყო, რომლებსაც შემდეგ ღამის კლუბებისა და ბარების კედლებზე მინათებული პროექტორებით აჩვენებდა. ამ დროს ხშირად თავადაც იქვე იდგა და ჩვენების პარალელურად მაყურებლებს თავის მოსაზრებებს უზიარებდა. დღისით კი ის ადგილობრივ სატელოფონო კომპანია Telefónica-ში მუშაობდა. ალმოდოვარს თორმეტი წლის განმავლობაში ეკავა ოფისის ადმინისტრატორის პოზიცია და კლიენტების მიერ უკან დაბრუნებული გაფუჭებული ტელეფონების შესახებ ჩანაწერებს აწარმოებდა. ამ საქმეს მან მხოლოდ მაშინ დაანება თავი, როცა 80-იანებში რეჟისორულ კარიერაში წარმატებას მიაღწია. როცა 1988 წელს მისმა ფილმა, ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე, ოსკარის ნომინაცია მიიღო, დედამისმა უთხრა, რომ ალბათ უმჯობესი იქნებოდა, Telefónica-ში დაერეკა და ძველი სამსახურის დაბრუნება ეთხოვა.
როგორც თავად აღიარებს, ამ სამსახურის ხელფასმა ბევრი რამისგან გადაარჩინა. მუშაობა ეხმარებოდა, რომ რეალობის შეგრძნება არ დაეკარგა: "La Movida ძალიან გახსნილი, თავისუფალი ადგილი იყო, სადაც ღამეები უსასრულოდ გრძელდებოდა. კი, მე ამ ღამეების თანამონაწილე ვიყავი, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, ვიცოდი, რომ მეორე დღეს დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი და სამსახურში წავსულიყავი. შესაძლოა, სწორედ ამან გადამარჩინა. ყველა სახის ნარკოტიკისა თუ თავაშვებულობის გარემოცვაში ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ სახლში სცენარზე სამუშაო მელოდებოდა, დილით კი - სამსახური. ყველა წვეულებაზე, რომელზეც მივდიოდი, პირველი ვიყავი, ვინც სახლში ბრუნდებოდა".
La Movida-ს მსგავსად, ალმოდოვარის ფილმებშიც შენიშნავთ გამოძახილებს იმ კულტურული მიმდინარეობებიდან, რომლებმაც რეჟისორზე გავლენა მოახდინეს: იქნება ეს დუგლას სირკისა და ჯორჯ კიუკორის დახვეწილი ჰოლივუდური მელოდრამები, ალფრედ ჰიჩკოკისთვის დამახასიათებელი გადაპრიალებული პერვერსიულობა თუ ენდი უორჰოლისა და ჯონ უოტერსის უხეში ტრანსგრესია. La Movida-ს მსგავსად, ამ ყველაფერს ალმოდოვარის პირადი მგრძნობელობა და გამორჩეულად ესპანური ხიბლი შეეზავა.რეჟისორის ასაკის მატებასთან ერთად კი მისი შემოქმედებაც შეიცვალა: დაუმორჩილებელი ენერგიით სავსე ისეთი ფილმებიდან, როგორებიცაა Labyrinth of Passion და Tie Me Up! Tie Me Down!, ისეთი დახვეწილი და ეგზოტიკური ნამუშევრების შექმნაზე გადავიდა, როგორებიცაა All About My Mother თუ Broken Embraces. პარალელურად კი ალმოდოვარი თავისი ქვეყნის უდაოდ ყველაზე წარმატებული, ლამის მონოპოლიის მქონე კულტურული საექსპორტო პროდუქტი და საერთაშორისო ბრენდი გახდა.
თავად ამტკიცებს, რომ ამ ფაქტის გამო სხვებზე არანაკლებ გაოცებული იყო. ის ყოველთვის ფიქრობდა, რომ მაქსიმუმ საკულტო რეჟისორი თუ გახდებოდა. მისი თქმით, საერთაშორისო აღიარება დაეხმარა, რომ საკუთარი მომავალი კარიერის სადავეები თავად აეღო ხელში და მის ხედვაში უხეშად არავინ ჩარეულიყო. თუმცა ამას ახლდა თავისი უარყოფითი მხარეც: ის თავის სამეგობრო წრეს ჩამოშორდა. "ასეთ დროს სცენაზე მაშინვე შური გამოდის და ეს ძალიან არასასიამოვნოა. მოულოდნელად აღმოაჩენ, რომ უკვე მეგობრებთან საუბარიც კი გიჭირს და ამის ერთადერთი მიზეზი ის წარმატებაა, რომელსაც ცოტა ხნის წინ მიაღწიე", - ამბობს ალმოდოვარი.
La Movida-ს მსგავსი სუბკულტურისთვის დიდება ალბათ ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება დაემართოს: ყურადღების ცენტრში ყოფნისას ფოტოკამერის ნებისმიერი გაჩხაკუნება მის ბნელ კუთხეებს ნათელს ჰფენს. ასეთ დროს ყველა მნიშვნელოვანი ცვლილებებისას თუ კარიერაში გაკეთებული დიდი ნახტომისას რისკავ, რომ შენს მთავარ პრინციპებს უღალატებ. თუ მანამდე პედრო ალმოდოვარი და მისი სცენარების ერთგული ხორცშემსხმელი, ანტონიო ბანდერასი პოლისექსუალური შინაარსის კომედიებს დგამდნენ ძაღლისა და ორი ტრანსგენდერის შესახებ, უცებ რეჟისორის ფანი ისეთი გავლენიანი პიროვნებები გახდნენ, როგორიც პოპ-მომღერალი მადონაა; ბანდერასი კი მოულოდნელად ჰოლივუდის ვარსკვლავად გადაიქცა და ისეთ ფილმებში ითამაშა, როგორებიცაა Spy Kids, The Expendables 3 და Zorro.
ანტონიო ბანდერასმა ერთხელ მითხრა, რომ ამერიკაში გადასვლის გამო ალმოდოვარი მასზე ძალიან ბრაზობდა და თავს ისე გრძნობდა, თითქოს უღალატეს. რეჟისორი ამის გაგონებისას თვალებს ახამხამებს: "ასე თქვა? არ მგონია, ამის თქმა მისთვის პირისპირ გამებედა, მაგრამ კი, ასე იყო. მისი წარმატება კი მახარებდა, მაგრამ ის 80-იანებში გადაღებული თითქმის ყველა ჩემი ფილმის მთავარი გმირის როლს ასრულებდა და ამის გამო თავს იმ დედასავით ვგრძნობდი, რომელმაც ვაჟი დაკარგა. ის თითქოს სახლიდან გაიქცა, სახლი კი მადრიდი იყო, სადაც ის ჩემთვის მუშაობდა".
როცა წელს მაისში კანის კინოფესტივალზე ტკივილი და დიდება აჩვენეს, ხმები დაირხა, რომ გოიას, ბაფტასა და ოსკარების შემდეგ ალმოდოვარს ბოლოსდაბოლოს პალმის რტოსაც გადასცემდნენ. ამის მიუხედავად, მხოლოდ ბანდერასმა მოახერხა საუკეთესო მამაკაცის როლის ნომინაციაში გამარჯვება. რეჟისორი ამ გადაწყვეტილებას იზიარებს და ამბობს, რომ 1989 წელს ფილმში Tie Me Up! Tie Me Down! თამაშის შემდეგ ეს ნამდვილად მისი საუკეთესოდ შესრულებული როლი იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ Tie Me Up! მათი უკანასკნელი ერთობლივი ფილმი გახლდათ, რომლის მერეც ბანდერასი ამერიკაში წავიდა, ალმოდოვარი აცნობიერებს, რომ ეს შეფასება, შეიძლება, ორაზროვან კომპლიმენტად მიიღონ. მას არავის შეურაცხყოფა არ სურს. უბრალოდ, ბედნიერია, რომ თავისი მსახიობი დაუბრუნდა: "მეტსაც ვიტყვი: შესაძლოა, ეს მისი საუკეთესო ნამუშევარიც კია".
დროდადრო ის თავადაც დაფიქრებულა ჰოლივუდის დალაშქვრაზე. მაგალითად, სულ ცოტა დააკლდა, რომ Brokeback Mountain და The Paperboy გადაეღო. ადრეულ 90-იანებში კი ერთი უცნაური შემოთავაზებაც მიიღო, როცა მომღერალი მონაზვნების ისტორიაზე აგებული ფილმის, Sister Act-ის გადაღება სთხოვეს ვუპი გოლდბერგის მონაწილეობით. მაგრამ ყველაფრის კარგად აწონ-დაწონვის შემდეგ ალმოდოვარმა გადაწყვიტა, რომ მადრიდში დარჩენა ერჩივნა. ის ახლაც მარტო ცხოვრობს მალაზანიას უბნის სიახლოვეს, უზარმაზარ ბინაში, რომელიც სავსეა წიგნებით, ნახატებითა და DVD-ის 3000 დისკით. ძველად, სწორედ ამ უბანში მდებარეობდა La Movida. ეს დაშლის პირას მყოფი აგურით ნაშენი საწყობებითა და საეჭვო რეპუტაციის მქონე ღამის კლუბებით სავსე დასახლება იყო. იმის შემდეგ ეკონომიკა განვითარდა და იქაურობასაც შეეხო ჯენტრიფიკაცია. რეჟისორი შეიცვალა; და მასთან ერთად - მისი ქალაქიც.
ალმოდოვარის დედა, სანამ 1999 წელს გარდაიცვლებოდა, დაჯდა და თავისი დაკრძალვის დეტალები მშვიდად დაგეგმა. მან წინასწარ გადაწყვიტა, როგორი უნდა ყოფილიყო ცერემონიალი და რომელი კაბა უნდა ცმეოდა. მას სმენოდა, რომ გვამის გაპატიოსნებისას ცხედარს ფეხებს უბოჭავდნენ, რათა კუბოში არ გამოძრავებულიყო. ამიტომაც თავის შვილებს წინასწარ სთხოვა, რომ თუ ამას დაუპირებდნენ, ეს არ დაეშვათ: მას არ სურდა, რომ ფეხებშეკრული ყოფილიყო, რადგან ბოლომდე თავისუფლად დარჩენა გადაეწყვიტა. როცა ფილმის, ტკივილი და დიდება, სცენარის წერისას ალმოდოვარმა ეს ეპიზოდი გაიხსენა, მოულოდნელად ტირილი აუტყდა.
როგორც თავად ამბობს, დედამისს სიკვდილი არ აშინებდა და მისი ამ თვისებით მუდამ აღტაცებული იყო: "აი, ჩემთვის კი სიკვდილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადარდებელია და მასთან შეგუება არ შემიძლია. არ შემიძლია იმის დაჯერება, რომ სიკვდილი ნამდვილია. თანაც, ათეისტი ვარ და საიქიო სიცოცხლის არ მჯერა; არ მაქვს რწმენა, რომელსაც ჩავეჭიდებოდი. ვიცი, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს ჩემთვის მეტისმეტად არაბუნებრივი მოვლენაა. მე ძალიან, ძალიან მეშინია სიკვდილის", - ამბობს ის.
პედრო ალმოდოვარი უკვე ასაკში შესული აანალიზებს თავის ცხოვრებას, მაგრამ რას იტყოდა ამ ყველაფრის შესახებ ის ლა-მანჩელი ბიჭი, ტელესკოპის მეორე მხარეს რომ მდგარიყო და საკუთარი მრავალწლიანი მომავალი მოგზაურობის დანახვა შეძლებოდა? ვფიქრობ, ის თავისი მიღწევებით კმაყოფილი დარჩებოდა, მაგრამ რეჟისორს ამის დაჯერება უჭირს: ის იმაშიც კი არ არის დარწმუნებული, თავის ცხოვრებასა და კარიერას რაიმე აზრი თუ ჰქონდა. პირველ რიგში, ამბობს ის, ეს პასუხის არმქონე შეკითხვაა. ბავშვობაში კი უყვარდა ფილმები და მასში მონაწილე ვარსვლავები, მაგრამ რეჟისორების არსებობაზეც კი არ ჰქონდა წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კითხვა სისულელე ჰგონია, პასუხის გაცემისას მაინც სევდიანდება: "წარსულიდან ჩემი ამჟამინდელი თავის დანახვა რომ შემეძლოს, არ მგონია, დიდად კმაყოფილი დავრჩენილიყავი. სულაც არ მომეწონებოდა ის, რადაც გადავიქეცი. შევათვალიერებდი ჩემს თავს და გავიფიქრებდი: 'ვინ არის ეს მარტოსული მოხუცი კაცი?'"
ფილმის, ტკივილი და დიდება, ტრეილერის ნახვა აქ შეგიძლიათ:
კომენტარები