პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი თავისი "პროვოკაციული ქმედებებით" ხელს უწყობს ოკუპაციას და ეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ემსახურება. მისივე თქმით, ამ ძალებს სურთ ომი, დესტაბილიზაცია და სახელმწიფოს ჩამოშლა, რათა თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები გაატარონ.

"ოპოზიციის ნაწილი იქცევა სამარცხვინოდ და იმის ნაცვლად, რომ მათ მხარი დაუჭირონ საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობით, განვითარებითა და საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა, რათა მომავალში ქვეყანას ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, ისინი არიან დაკავებული თავისი სახელმწიფოს, თავისი ხელისუფლების მისამართით ტალახის სროლით", — განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს განვითარების პრაგმატული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, რათა ქვეყანამ ომის გარეშე გააგრძელოს განვითარება. მანვე აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ "პროვოკაციული გეგმების განხორციელებას".

"ეს ადამიანები პირდაპირ გეტყვით, არიან ომის მომხრეები. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც სურთ ომი, სურთ დესტაბილიზაცია და სურთ ჩამოიშალოს ჩვენი სახელმწიფო და ამაზე რაღაც იხეირონ. მე მივმართავ მათ, კიდევ ერთხელ ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფოს, მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს... მათ აქვთ ერთდერთი მიზანი, როგორმე ძირი გამოუთხარონ საკუთარ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო და რამდენიმე დღეში შეწყდა. 15 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა მუშაობა განაახლა.

რუსი სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გაავლეს საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა მათი საცხოვრებელი სახლი, ყანები და სავარაუდოდ, წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს, სახლების დასაცლელად. რაზმაძეების ოჯახმა სახლი მთლიანად დაშალა და საშენი მასალა გამოიტანა.