20 ივნისს თბილისში რამდენიმე ათასიანი აქცია ძალის გადამეტებითა და ათეულობით დაშავებულით დასრულდა. დაშავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტები და მოქალაქეები. ორმა მათგანმა თვალი დაკარგა, დაშავებულების ნაწილი ამ დრომდე მკურნალობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა კითხვები ამ დრომდე რჩება. კითხვებთან ერთად თანამდებობაზე რჩება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც, რომელიც ამბობს, რომ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.

გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფოებს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის თანხის გადახდა მოუწიათ. ყველა გადაწყვეტილება აქციის დაშლის დროს მოქალაქეთა და ჟურნალისტების დაშავებას უკავშირდება.

აბდულა იესა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (44827/08)

2006 წლის 29 მარტს 13 წლის აბდულა იესა დეიდის სახლისკენ მიდიოდა იმ ბულვარის გავლით, სადაც დემონსტრაცია იმართებოდა, რა დროსაც მას პოლიციელებმა სახის არეში ცრემლსადენი გაზის ყუმბარა ესროლეს. სროლის შედეგად აბდულამ სახის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო. თურქეთის პროკურატურამ პოლიციელთა მიერ გამოყენებული ძალის პროპორციულობის შემოწმების გარეშე გადაწყვიტა, არ დაეწყო დევნა მათ მიმართ იმ საფუძვლით, რომ ისინი საჯარო წესრიგისა და მტრულად განწყობილი დემონსტრანტებისგან თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ.

აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთის სახელმწიფომ მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) დაარღვია მისი არასათანადო მოპყრობის გამო და მომჩივანს მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანისთვის 15 ათასი ევრო დაევალა.

ევროპული სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან დემონსტრაცია მშვიდობიანი არ იყო, პოლიციელებს ჰქონდათ ცრემლსადენი გაზის გამოყენების უფლება. თუმცა, შეფასებას საჭიროებდა ის საკითხი, რამდენად სწორად მოხდა მისი გამოყენება. ეროვნულ დონეზე პროკურატურამ არ შეისწავლა ცრემლსადენი გაზის გამოყენების მეთოდი და ტრაექტორია, შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ მომჩივნისთვის მიყენებული დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მას დამიზნებით ესროლეს. სასამართლოს მსჯელობით, ყუმბარმტყორცნით ცრემლსადენი გაზის გასროლა პირდაპირი მიმართულებით არ შეიძლება მიიჩნეოდეს პოლიციელთა მხრიდან ადეკვატურ ქმედებად, რადგან ამ ფორმით სროლას შეუძლია მიაყენოს სერიოზული რისკი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ყუმბარმტყორცნით ცრემლსადენი გაზის გასროლა ჰაერში ზემო მიმართულებით მისი გასროლის წესია, თუმცა, იმ დროს თურქეთში მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებდა დემონსტრაციების მიმდინარეობისას ცრემლსადენი გაზის გამოყენების წესებს.

ნაჯაფლი აზერბაიჯანის წინააღმდეგ (2594/07)

2009 წლის 5 ოქტომბერს ჟურნალისტი, ნაჯაფლი ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ არასანქცირებულ აქციას აშუქებდა. აქციის დაშლის დროს პოლიციელებმა ხელკეტებით სცემეს. ცემის შედეგად მომჩივანმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო თავის არეში. აზერბაიჯანის პროკურატურამ ნაჯაფლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, მალევე შეწყვიტა, რადგან ვერ მოხდა პასუხისმგებელი პოლიციელების გამოვლენა.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-10 მუხლები (გამოხატვის თავისუფლება) დაარღვია დემონსტრაციის დროს პოლიციელთა მხრიდან მისი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არაეფექტიანი გამოძიების ჩატარებისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის გამო. სასამართლომ აზერბაიჯანს მომჩივანის სასარგებლოდ 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ დაადასტურა მომჩივანის მიმართ ძალის გამოყენების აუცილებლობა. შესაბამისად, ნაჯაფლის მიმართ გამოყენებული ძალა იყო არასაჭირო, გადაჭარბებული და მიუღებელი. მომჩივნის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებები დროულად არ ჩატარდა. ასევე, მომჩივანს არ ჰქონდა ეფექტიანი წვდომა გამოძიებაზე და დროულად არ იყო ინფორმირებული ყველა პროცედურული ნაბიჯის შესახებ. დამატებით, გამოძიება არ იყო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, რადგან პასუხისმგებელი პოლიციელების გამოვლენა იმავე უწყებას დაევალა, რომლის თანამშრომლებმაც, სავარაუდოდ, იძალადეს მომჩივანზე. სასამართლოს განმარტებით, გამოძიების შეწყვეტის საფუძველი (პოლიციელთა ვინაობის დადგენის სავარაუდო შეუძლებლობა) ასევე, არაადეკვატური იყო.

გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფოს არგუმენტი, რომ პოლიციელებმა ვერ შეიცნეს მომჩივანი, როგორც ჟურნალისტი, რადგან ნაჯაფლი ატარებდა ჟურნალისტის ბეჯს. სასამართლოს განმარტებით, პროფესიული საქმიანობის გახორციელების დროს, სახელმწიფო მოხელეების მიერ ჟურნალისტის არასათანადო მოპყრობა სერიოზულად აფერხებს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როცა ნაჯაფლი, რომელმაც მიიღო ყველა საჭირო ზომა პოლიციელების მხრიდან მისი იდენტიფიცირებისთვის, მაინც გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. მისაღები არ იყო სახელმწიფოს არგუმენტი, რომ პოლიციელთა მიზანი არ ყოფილა მომჩივნის ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა.

იზჯი თურქეთის წინააღმდეგ (42606/05)

2006 წლის 6 მარტს მომჩივანი, იზჯი ქალთა დღის აღსანიშნავ დემონსტრაციაში მონაწილეობდა, როდესაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციელებმა დემონსტრანტები ხელკეტებით სცემეს და მათ მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიციელებს არ გაუფრთხილებიათ დემონსტრანტები მიტინგის დაშლაზე. ცემის შედეგად მომჩივანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებაზე გამოძიება მალევე დაიწყო, თუმცა, ეროვნულმა სასამართლომ 48 პოლიციელი გაამართლა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, 6 პოლიციელი კი დამნაშავედ ცნო. მათ წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და გამოძიების არაეფექტიანობის გამო. ამასთან, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრების უფლება) დარღვევა. მომჩივნისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლომ თურქეთს 20 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ როგორც ვიდეომასალით იკვეთებოდა, პოლიციელები დემონსტრანტებს, რომლებიც ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ, ხელკეტებს ურტყამდნენ და განურჩევლად ყველას მიმართ ცრემლსადენ გაზს ისროდნენ. ამასთან, მომჩივანი პოლიციელებს არ უწევდა წინააღმდეგობას და არ უქმნიდა მათ საფრთხეს. ამ პირობებში სასამართლომ არ მიიჩნია დამაჯერებლად სახელმწიფოს არგუმენტი, რომ გამოყენებული ძალა პროპორციული იყო.

სასამართლოს განმარტებით, თურქეთში იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებდა ცრემლსადენი გაზის გამოყენების წესებსა და მეთოდებს. რაც შეეხება გამოძიების ვალდებულებას, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ მხოლოდ 6 პოლიციელი ცნო დამნაშავედ, ხოლო სხვა პასუხისმგებელ პოლიციელთა გამოვლენა და იდენტიფიცირება ვერ მოხდა, წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს ჩატარებული გამოძიების ეფექტიანობის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, არც ერთ პოლიციელს არ შეჩერებია უფლებამოსილება საქმის განხილვის დროს. მიუხედავად იმისა, რომ იმ საქმეში, სადაც სახელმწიფო მოხელე არის ბრალდებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ჩადენაში, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამგვარ პირებს შეუჩერდეს უფლებამოსილება გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობის პროცესში, ხოლო გამტყუნების შემთხვევაში შეუწყდეს უფლებამოსილება.

შეკრების უფლებასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ დასტურდებოდა დემონსტრანტებისა და მომჩივნების მხრიდან ძალადობა ან/და საჯარო წესრიგის დარღვევა, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციის ჩარევა დემონსტრაციის მიმდინარეობისას და დემონსტრანტების წინააღმდეგ მათ მიერ გამოყენებული ძალა არ იყო პროპორციული და საჭირო დანაშაულისა და არეულობის თავიდან ასაცილებლად.

გაფგაზ მამადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ (60259/11)

2011 წლის 19 ივნისს მომჩივანი, მამადოვი პოლიციელებმა მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლის პროცესში დააკავეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. დაკავების შემდეგ მომჩივანი პოლიციის განყოფილებაში მოათავსეს. ეროვნულმა სასამართლოებმა მამადოვი სამართალდამრღვევად ცნეს და 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

ადმიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე იმსჯელა მშვიდობიანი შეკრების უფლების, დაკავების კანონიერებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან დაკავშირებით და სამივე მუხლის დარღვევა დაადგინა. სახელმწიფოს მომჩივნისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 600 ევროს გადახდა დაევალა.

საქმის სამართლიან განხილვასთან დაკავშირებით (კონვენციის მე-6 მუხლი) სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა სათანადო დრო და საშუალება მისი დაცვის მოსამზადებლად.

მამადოვი 19 ივნისს დააკავეს და დაკავებიდან მალევე პოლიციელებმა შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამ პერიოდში მომჩივანს არ ჰყავდა ადვოკატი. მამადოვმა ღამე პატიმრობაში გაატარა, რა დროსაც მას გარე სამყაროსთან კონტაქტი არ ჰქონდა, მეორე დღეს კი სასამართლო პროცესი გაიმართა.

ამავდროულად, მომჩივანს არ გადასცეს სამართალდარღვევის ოქმის და საქმეში არსებული სხვა მასალების ასლები. დამატებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის მიმართ ბრალდების საქმეს პირველი ინსტანციის მოსამართლე წარმოადგენდა, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ მოითხოვდა ეროვნული სასამართლოს წინაშე საჯარო პროკურორის მონაწილეობას, რომელიც სამართალდარღვევის საქმეს დაიცავდა.

ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება, ძირითადად, დაეყრდნო პოლიციელის მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და ამ პოლიციელის ჩვენებას, რომელიც იყო პროცესზე დაკითხული ერთადერთი მოწმე. ამრიგად, ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ წარმოადგინეს ადეკვატური მიზეზები, რატომ მიიჩნიეს პოლიციელის ჩვენება უფრო სანდოდ ვიდრე მომჩივნის ჩვენება. ევროპულ სასამართლომ დაადგინა, რომ ამგვარ პირობებში საქმის განხილვით შეუძლებელი იყო მომჩივანს ესარგებლა შეჯიბრებით პროცესში ადეკვატური დაცვის უფლებით და ჰქონოდა სათანადოდ გაცნობოდა მისთვის წაყენებული დარღვევის არსს და ჰქონოდა საკმარისი დრო დაცვის მოსამზადებლად.

დუმბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

2011 წლის 26 მაისს თბილისში, პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს პოლიციელებმა აქციის მონაწილეთა მიმართ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ამასთან, პოლიციელები აქციის მონაწილეებს ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. არასათანადო მოპყრობის შედეგად აქციის მონაწილე მომჩივნებმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს, მათ შორის ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ რეზინის ტყვიის შედეგად მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა.

აღნიშნულ საქმეზე საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ სახელმწიფოს მოხელეების მხრიდან მომჩივნები არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) მოთხოვნების საწინააღმდეგოდ. ამავდროულად, სახელმწიფომ აღიარა, რომ მომჩივნების მიმართ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება), რადგან მომჩივნებს არ მიეცათ მშვიდობიანი შეკრებით სარგებლობის უფლება. სახელმწიფომ მომჩივანთა სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო, რომელიც თითოეულ მომჩივანის შემთხვევიდან ორიდან ექვს ათას ევრომდე.

ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და შპს მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს აქციის მონაწილეთა მიმართ და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქციის მონაწილეთა ცემა გაგრძელდა პოლიციის შენობაშიც, სადაც დაკავებული პირები გადაიყვანეს. პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც, რომლებიც აქციის მიმდინარეობას აშუქებდნენ. არასათანადო მოპყრობის შედეგად აქციის მონაწილეებმა და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. დამატებით პოლიციელებმა აქციის დაშლის დროს ჟურნალისტებს მათი პროფესიული საქმიანობაშიც შეუშალეს ხელი. კერძოდ, მათ არ მისცეს მიმდინარე აქციის გადაღების საშუალება, ასევე, ჩამოართვეს აქციის დაშლის ამსახველი ვიდეომასალა და დაუზიანეს ვიდეოკამერა და ფოტოაპარატი. ამ ფაქტებზე საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს, მაგრამ გამოძიების ფარგლებში რამე შედეგი არ დამდგარა. დაკავებულ აქციის მონაწილეებს ეროვნულმა სასამართლომ პოლიციელთა დაუმორჩილებლობისთვის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულ საქმეზე საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არაეფექტიანი იყო კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) მოთხოვნების საწინააღმდეგოდ და სახელმწიფომ აიღო ეროვნულ დონეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ვალდებულება.

დამატებით, სახელმწიფომ აღიარა კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა აქციის მონაწილე მომჩივნებთან მიმართებით, რადგან მათ ვერ შეძლეს ესარგებლათ მშვიდობიანი შეკრების უფლებით, ხოლო ჟურნალისტებთან მიმართებით აღიარა კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა, რადგან სახელმწიფოს მოხელეებმა მათ ხელი შეუშალეს მათი პროფესიული საქმიანობაში.

ამავდროულად, სახელმწიფომ აღიარა აქციის მონაწილე რამდენიმე მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა, რადგან მათ არ მიეცათ საკმარისი დრო და საშუალება თავის დაცვის. სახელმწიფომ მომჩივანთა სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო, რომელიც თითოეულ მომჩივანის შემთხვევაში ათასიდან 4,5 ათას ევრომდე იყო.

მასალა მომზადებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობის ფარგლებში.