ცეკვა მთვარის მკრთალ შუქზე: როგორ უთვალთვალებდა CIA საბჭოთა კოსმოსურ პროგრამას
1960-იან წლებში, კოსმოსური რბოლის პიკში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) და ამერიკის ყველა სხვა სადაზვერვო საზოგადოება საბჭოთა კავშირის მიერ მთვარემდე მიღწევის პროგრესისათვის თვალყურის დევნებას ცდილობდა. ამ თემაზე აქამდეც მრავლად დაწერილა, თუმცა ერთი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება: რა ხარისხით იმოქმედა 1960-იან წლებში CIA-ის მიერ საბჭოთა კავშირის მთვარის პილოტირებული პროგრამის თვალთვალმა აპოლოს პროგრამაზე, კონკრეტულად კი - მის განრიგზე? რამდენიმე ათეულმა დოკუმენტმა, მათ შორის CIA-ის არქივში არსებულმა მთვარის პილოტირებული მისიის ფაილმა, ამ საკითხს გარკვეულწილად ნათელი მოჰფინა.
დოკუმენტებში კოსმოსური რბოლის პირველ ათწლეულთან დაკავშირებულ მრავალ დამატებით დეტალსა და კონტექსტზეა საუბარი. საბჭოთა კავშირის კოსმოსური პროგრამის იმდროინდელი შეფასებების ნახვისას ადვილად შესამჩნევია, რომ, მართალია, CIA საბჭოთა კავშირის გეგმებისა და შესაძლებლობების განსაზღვრისას ხანდახან ცდებოდა, მაგრამ მისი ანალიტიკოსები ხელში ჩავარდნილ ინფორმაციას გასაოცრად კარგად აანალიზებდნენ. თუმცა ისინი საბჭოთა კავშირის ჭკვიანურ პროპაგანდისტულ ხრიკებზეც ეგებოდნენ ხოლმე.
მაგალითად, 1962 წლის ნოემბერში ეროვნულ შეფასებათა ბიურომ (ONE) შეადგინა მემორანდუმი სახელწოდებით საბჭოთა კავშირის შესაძლო სამხედრო რეაქციები კუბის კრიზისის შედეგებზე: ხრიკები და პროგრამები. დოკუმენტის წანამძღვარი გახლდათ ის, რომ საბჭოთა კავშირი თავს დამცირებულად გრძნობდა, რადგან კუბაში საშუალო დისტანციის რაკეტების გამოყენების შესაძლებლობა არ მიეცა და, ამის შედეგად, სავარაუდო იყო, რეპუტაციის აღსადგენად სხვადასხვა გზა ეძია. ONE-ის ანალიტიკოსთა შეფასებით, მსგავს გზათაგან ერთ-ერთი პროპაგანდის მიზნით კოსმოსური მისიების დაგეგმვა შეიძლებოდა გამხდარიყო. ისინი წერდნენ: "1962-1963 წლებში საბჭოთა კავშირს ქვემოთ ჩამოთვლილი ინდივიდუალური კოსმოსური მისიების განხორციელების უნარი შესწევს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ყველა მათგანს ამ პერიოდში მოიყვანენ სისრულეში: მულტი-პილოტირებული სატელიტი; ორი სატელიტის შეხვედრა და შესაძლო შეერთება; 10-დღიანი პილოტირებული სატელიტი; უპილოტო ფრენა მთვარის გარშემო; მთვარის ორბიტაზე უპილოტო სატელიტის განთავსება; აღჭურვილობებისგან შემდგარი ბარგების მთვარეზე რბილი დაშვება; პლანეტური ზონდები".
ის, რაც CIA-მ ვერ გაითვალისწინა, გაცილებით მარტივად შესასრულებელი ხრიკი აღმოჩნდა, კერძოდ კი, 1963 წლის ივნისში საბჭოთა კავშირმა კოსმოსში პირველი ქალი, ვალენტინა ტერეშკოვა გაუშვა.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის პატარ-პატარა გამარჯვებებს შეერთებული შტატების პოლიტიკურად შერცხვენა შეეძლო, CIA-მ ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხს დაუთმო: ეს იყო რბოლა მთვარემდე, რომლის მოგებაც, თავის მხრივ, NASA-ს ინტერესებშიც შედიოდა. 1965 წლის სექტემბერში, როდესაც აპოლოს პროგრამის დაფინანსებამ პიკს მიაღწია, NASA-ს ადმინისტრატორმა, ჯეიმს უებმა CIA-ს წერილობით მიმართა, სადაც სთხოვა, რომ ორგანიზაციას აპოლოსთან კონკურენციის პირობებში საბჭოთა კავშირის მიერ მთვარეზე ადამიანის დაშვების ალბათობა და შედეგები შეეფასებინა. იმავე წლის დასაწყისისთვის ეროვნულ შეფასებათა ბიუროს საბჭოთა კავშირის კოსმოსური პროგრამის შესახებ ეროვნული სადაზვერვო შეფასება (NIE) - სადაზვერვო საზოგადოების უმაღლესი დონის ანგარიში - უკვე დამზადებული ჰქონდა. დოკუმენტის მიხედვით, არ არსებობდა არანაირი წინაპირობა იმისა, რომ საბჭოთა კავშირი მთვარესთვის რბოლაში კონკურენტუნარიანი იყო. თუმცა უებს განახლებული ინფორმაცია სჭირდებოდა.
პასუხად ეროვნული შეფასებათა ბიუროს ხელმძღვანელმა, შერმან კენტმა ცენტრალური დაზვერვის დირექტორს, ვიცე-ადმირალ უილიამ რებორნს მემორანდუმი გაუგზავნა. ეს მემორანდუმი, რომელიც CIA-ის NASA-სთვის განკუთვნილი პასუხის შავი ვერსია უნდა ყოფილიყო, ადრინდელ - კერძოდ, 1965 წლის ეროვნული სადაზვერვო შეფასების (NIE) გამოთვლებს ეყრდნობოდა. კენტი აღნიშნავდა, რომ უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში მოპოვებული მტკიცებულება იმ ადრეულ დასკვნასთან თანხვედრაში იყო, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა კავშირს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მთვარისთვის რბოლაში კონკურენციის გაწევა არ შეეძლო.
კენტის მემორანდუმში ეწერა: "ჩვენს შეფასებაში, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ მომავალში მთვარეზე პილოტირებული დაშვების შესაძლებლობას შეეხებოდა, გათვალისწინებული იყო მთვარის შესწავლისადმი მათი აშკარა ინტერესი. თუმცა საბჭოთა კავშირის პროგრამის განვითარების ტემპი არათანაბარი და, ზოგადად, წარუმატებელი გახლავთ". კენტი ასევე აღნიშნავდა, რომ 1958 წლიდან ამ დრომდე საბჭოთა კავშირის მიერ მთვარემდე გაგზავნილი 18 რობოტული ზონდიდან წარმატებული მხოლოდ სამი აღმოჩნდა.
ამასთან, საბჭოთა კავშირში პოლიტიკური სიტუაციაც შეცვლილი იყო. კუბის სარაკეტო კრიზისის შედეგებთაგანი ნიკიტა ხრუშჩოვის იძულებითი წასვლა და მისი ლეონიდ ბრეჟნევით ჩანაცვლებაც იყო. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ეკონომიკური სიტუაცია არ იცვლებოდა, სამოქალაქო და სამხედრო კოსმოსური პროგრამები სხვა ინდუსტრიებს იშვიათ, მაღალი ხარისხის რესურსებში კვლავ ეცილებოდნენ. თუმცა ბრეჟნევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მზარდი აქცენტი სამხედრო სფეროზე კეთდებოდა, რასაც საბჭოთა კავშირის სამოქალაქო კოსმოსური პროგრამის დაფინანსებაზე ზემოქმედების მოხდენა შეეძლო.
კენტი ამატებდა: "თუ საბჭოთა კავშირი მთვარესთვის რბოლაში ჩაბმას არ აპირებს, ჩვენ ველით, რომ ისინი აპოლოს წარმატებული მისიის გავლენის შემცირებას რომელიმე სხვა მიღწევის მეშვეობით შეეცდებიან. მათ ღიად დააყენეს ეჭვქვეშ მთვარეზე პილოტირებული დაშვების მეცნიერული მნიშვნელობა და აუცილებლობა და დიდი ალბათობით იმ მიზნებს დაისახავენ, რომელთათვისაც მეტი ღირებულების მიწერას მოახერხებენ". ამ მიზნებში შეიძლებოდა შესულიყო გაფართოებული დედამიწის ორბიტული ოპერაციები და კოსმოსური სადგურები, ასევე - რობოტების საშუალებით მთვარის ზედაპირის დაზვერვა. სხვა შესაძლებლობა მთვარის გარშემო პილოტირებული მისიის გაგზავნაც იყო, რომლის მიზანიც "აპოლოს წარმატებული შედეგების დაბალანსება და მთვარის პირველად შესწავლასა საბჭოთა კავშირს შორის არსებული ასოციაციის გაძლიერება" იქნებოდა.
"საბოლოო ჯამში", - ასკვნიდა კენტი, - "ჩვენ ველით, რომ საბჭოთა კავშირი ისეთი მძლავრი და პროგრესირებადი კოსმოსური პროგრამის განვითარებას განაგრძობს, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ზოგად კონტექსტში კონკურენციას გაუწევს. მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ მათი მთვარის პილოტირებული დაშვების პროგრამა აპოლოსადმი კონკურენტუნარიანია. თუმცა სრულად ვერც ამ ალბათობას გამოვრიცხავთ. ჩვენი გათვლებით, ისინი, ყველაზე ადრე, 1969 წლის შუა პერიოდისთვის შეძლებენ მთვარეზე პილოტირებულ დაშვებას. მაგრამ თუ ისინი ამერიკის პროგრამაში შეფერხებას შეამჩნევენ, შეიძლება, თავიანთი პროგრამა ააჩქარონ".
ვიღაცამ, - შეიძლება, თავად ცენტრალური დაზვერვის დირექტორმა, უილიამ რებორნმა, - მემორანდუმის ამ უკანასკნელი წინადადების გასწვრივ ხელით მიაწერა: "ან, შეიძლება, არც ააჩქარონ. შეიძლება, შეანელონ კიდეც".
მართალია, კენტი უბრალო სპეკულაციებს ეყრდნობოდა, მაგრამ ჩვენ დღეს უკვე ვიცით, რომ მოსკოვში პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებამ საბჭოთა კავშირის სამოქალაქო კოსმოსურ პროგრამაზე ნამდვილად იმოქმედა და მთვარის პროექტი დაფინანსების გარეშე დატოვა. თუმცა სამოქალაქო პროგრამის ხელმძღვანელებს კვლავაც სჯეროდათ, - თავის მოტყუება ხომ ავტორიტარული საზოგადოებების მთავარი დამახასიათებელი ნიშანია, - რომ ამერიკელებს მთვარემდე მისვლას დაასწრებდნენ. მათ ამის მას შემდეგაც კი სწამდათ, რაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკელებმა ადამიანთა კოსმოსში გაფრენის პროგრამის განვითარებაში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს.
სხვა რამდენიმე გასაჯაროებული დოკუმენტი უების კითხვაზე პასუხის გასამყარებელ მონაცემებს იძლევა. მაგალითად, 1965 წლის ნოემბერში მომზადებული საბჭოთა კავშირის ოფიციალურ პირთა გაკეთებული კომენტარების ანალიზი ასტრონავტ ვლადიმერ კომაროვის ჩეხ კორესპონდენტთან მიცემული ინტერვიუდან ციტატებსაც შეიცავს. კომაროვი, რომელიც ამ ინტერვიუდან ორი წლის შემდეგ კოსმოსური ხომალდის, საიუზ 1-ის პარაშუტის გაუხსნელობის გამო დაიღუპა, აღნიშნავდა, რომ თუ მთვარეზე პილოტირებული დაშვებისას ამერიკული ფორმულა 1969 + X იყო, საბჭოთა კავშირი 1969 + (X–1) ფორმულას იყენებდა. საბუთში CIA-ის უცნობ თანამშრომელს ამ ციტატის გვერდით ეს სიტყვები აქვს მიწერილი: "დიდი ალბათობით, ეს არის ყველაზე ზუსტი თარიღი, რასაც ოდესმე საბჭოელებისგან ასე ღიად მოვისმენთ". CIA-ის სხვა დოკუმენტი, სახელწოდებით მთვარეზე პილოტირებული დაშვების შესახებ საბჭოთა კავშირის 1965 წლიდან დღემდე გაკეთებული რჩეული განცხადებების ქრონოლოგია, მიუთითებდა, რომ სხვადასხვა საბჭოთა კოსმონავტი და მეცნიერი, აგრეთვე თვით ლეონიდ ბრეჟნევიც, უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში, მთვარესთან დაკავშირებით არა მხოლოდ პირად სურვილებს გამოთქვამდნენ, არამედ კონკრეტული გეგმების შესახებაც საუბრობდნენ. ნათელი იყო, რომ საბჭოთა კავშირში თემაზე სრულ დუმილს არ ინარჩუნებდნენ, თუმცა ისინი, ამავდროულად, ამერიკული დაზვერვის ანალიტიკოსებს თავიანთი გეგმების გაშიფვრას ნამდვილად არ უადვილებდნენ.
იმ ძალისხმევის მიუხედავად, რომელიც ამ მემორანდუმის შექმნას მოხმარდა, NASA-ში კენტის ჩანაწერის არც ერთი ვარიანტი არ გაგზავნილა. ამავდროულად, რებორნს კოსმოსის სადაზვერვო კომისიის დაარსების იდეა გაუჩნდა, რათა მზვერავთა ერთ ჯგუფს კონკრეტულად კოსმოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ემუშავა. CIA-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დირექტორის მოადგილე, ალბერტ ვილონი რებორნს NASA-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების გადადებისა და, პირველ რიგში, კომისიის მიერ საკითხის გარკვევის აუცილებლობის შესახებ ესაუბრა. რებორნი დაეთანხმა, რომ ეს საუკეთესო გზა იქნებოდა და NASA-სგან თანხმობა მოიპოვა, რომ სააგენტო თავის კითხვაზე დაუყოვნებელ პასუხს არ მოითხოვდა. კოსმოსის სადაზვერვო კომისიის შეხვედრა პირველად ოქტომბრის დასასრულს შედგა. შერმან კენტის მოცულობითი პასუხის ნაცვლად, კომისიამ NASA-სთვის ორ-აბზაციანი დასკვნა მოამზადა. "ნათელია, რომ საბჭოთა კოსმოსის პროგრამა დიდი, ზოგადად კონკურენტული და მრავალმხრივია", - წერდა კომისია, - "მისი მთავარი მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით კოსმოსში წარმატებების მიღწევის გზით საბჭოთა კავშირის ტექნოლოგიური და სამხედრო იმიჯის გაუმჯობესებაა. ამჟამად შეუძლებელია სრული სიზუსტით იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რა გზით შეეცდება საბჭოთა კავშირი საწადელის მიღწევას". ბევრი რამ საბჭოთა რაკეტის ძრავის განვითარებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა 1965 წლის დასასრულს CIA-ის ხელში არსებული მტკიცებულებები ვერ იძლეოდა იმის გარკვევის საშუალებას, საბჭოთა კავშირი მთვარეზე დაშვების პილოტირებულ პროგრამას გეგმავდა თუ - დიდი მასშტაბის პილოტირებული კოსმოსური სადგურის დაარსებას. "იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბჭოთა კავშირი მთვარის პროგრამაში ჩართული არის", - ნათქვამი იყო კომისიის დასკვნაში, - "ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ამერიკაზე წინ არ არიან და მათი ჩამორჩენა 0-დან 18 თვემდე მერყეობს".
კოსმოსის სადაზვერვო კომისიის შეფასება უჩვეულოდ ზუსტი აღმოჩნდა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოება საბჭოთა კოსმოსური პროგრამისთვის თვალყურის დევნებას განაგრძობდა. ვინაიდან 1965 წლის გაზაფხულიდან 1967 წლის გაზაფხულამდე საბჭოთა კავშირს პილოტირებული კოსმოსური ხომალდები არ აუშვია, გამყარდა რწმენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მთვარემდე რბოლაში მნიშვნელოვან უპირატესობას ინარჩუნებდა, - მიუხედავად 1967 წლის იანვარში აპოლო 1-ზე მომხდარი ტრაგიკული ხანძრისა, რამაც ამერიკული პროგრამა უკან მნიშვნელოვნად დახია.
1967 წლის ოქტომბერში CIA-ის დაზვერვის დირექტორატმა წარადგინა მოხსენება სახელწოდებით, საბჭოთა კავშირის კოსმოსური პროგრამა სპუტნიკ I-დან 10 წლის შემდეგ. მასში ეწერა: "საბჭოთა კავშირის კოსმოსურ პროგრამას ზოგი მხოლოდ თვალისმომჭრელი სტატიების დასაწერად შეკოწიწებულ ტყუილად აღიქვამს; ზოგი მიიჩნევს, რომ მას მხოლოდ სამხედრო დანიშნულება აქვს; სხვები კი განვლილ ათ წელს გულისყურით გაწერილ გრძელვადიან გეგმად აღიქვამენ, რომელსაც ერთი კრახიც არ განუცდია. თავად საბჭოელები ხშირად თავიანთ პროგრამას წმინდა მეცნიერულად ახასიათებენ და შეერთებულ შტატებთან კონკურენციის არსებობას გამორიცხავენ". თუმცა CIA-ის დოკუმენტი აღნიშნავდა, რომ ამ შეფასებათაგან არც ერთი არ იყო სავსებით მართალი ან სავსებით მცდარი. მართალია, მათი მიღწევათა დიდი რაოდენობა თვალისმომჭრელი სტატიების გამოქვეყნებას ემსახურებოდა, მაგრამ, "მეორე მხრივ, ზოგიერთმა საბჭოთა გაფრენამ ადამიანის მიერ კოსმოსის შესწავლის საქმეშიც დიდი წვლილი შეიტანა". იქვე დამატებული იყო, რომ პროგრამის ზოგიერთი ნაწილი მაღალი ხარისხის დაგეგმვითა და გონივრული შესრულებით მართლაც გამოირჩეოდა; მაგრამ მათ მრავალი ჩიხი, უხეში შეცდომა და ტრაგიკული შემთხვევაც გამოეცადათ.
ამ ათწლიან მიმოხილვას თუ შევადარებთ სააგენტოს დასკვნას, რომელიც CIA-მ 1965 წელს ჯეიმს უების მიერ ინფორმაციის გამოთხოვის საპასუხოდ შეადგინა, ცხადი ხდება, რომ იღბალი კოსმოსურ რბოლაში ხან ერთი მხარისკენ იყო, ხანაც - მეორის. მაშინ, როცა შერმან კენტის 1965 წლის სექტემბრის მემორანდუმში იმ დროისათვის საბჭოთა მთვარის ზონდების მასობრივი წარუმატებლობის შესახებ იყო აღნიშნული, CIA-მ ვერ განჭვრიტა, რომ საბჭოთა კავშირი ამ არასასიამოვნო პერიოდს მალევე დაასრულებდა და წარმატებას წარმატებაზე მიაღწევდა. ამ საბუთის შექმნიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, 1966 წლის იანვარში, საბჭოთა კავშირმა უვნებლად დასვა ლუნა 9 მთვარეზე. 1967 წლის მიმოხილვაში CIA-ის მხრიდან მსგავსი დაუდევრობა შემდეგნაირადაა გამართლებული: "საბჭოთა კავშირი საოცრად ნელი ტემპებით ასწორებდა პროგრამულ ხარვეზებს, მსგავსი ტენდენცია კოსმოსური ძალისხმევის სხვა ნაწილებშიც შეინიშნებოდა". მაგრამ საბჭოთა კავშირმა ლუნა 9-ის წარმატებას მალევე სამი ორბიტერი - თანამგზავრის ორბიტაზე მფრინავი აპარატები - ლუნა 10, ლუნა 11 და ლუნა 12 დააწია, ლუნა 13 კი ასევე უვნებლად დაჯდა მთვარის ზედაპირზე.
ათწლედის მიმოხილვა უზარმაზარ საბჭოთა რაკეტაზე დისკუსიით სრულდებოდა. მას საბჭოთა ინჟინრები ტიურატამის (იმავე ბაიკონურის) გამშვებ კომპლექსში აშენებდნენ. მიუხედავად CIA-ის ანალიტიკოსების რწმენისა, რომ რაკეტა 113,000 კილოგრამის მასის მქონე კოსმოსური სადგურის დედამიწის დაბალ ორბიტაზე გადასატანად შეიძლებოდა გამოყენებულიყო, "საბჭოთა კავშირის მიზანს, დიდი ალბათობით, მომდევნო ხუთწლედის განმავლობაში მთვარეზე პილოტირებული დაშვება" წარმოადგენდა, - დასკვნის სახით ეწერა დოკუმენტში.
მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკულმა სადაზვერვო სატელიტებმა ამ დიდ რაკეტათა კომპლექსში მნიშვნელოვანი წინსვლები შენიშნეს. 1968 წლის მარტში მართვადი რაკეტისა და ასტრონავტიკის სადაზვერვო კომიტეტმა საბჭოთა კავშირის ზედაპირი-ზედაპირი კლასის რაკეტის გაშვებაზე განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნულ კომპლექსზე - CIA-ის სახელდებით, Complex J-ზეც იყო საუბარი. მოცემულ ტერიტორიაზე ორი დიდი გამშვები პლატფორმა იმყოფებოდა მშენებლობის პროცესში. პირველ გამშვებ პლატფორმაზე დამონტაჟებული რაკეტის ამშვები ანძის სიმაღლეს 135 მეტრისთვის მიეღწია და, სავარაუდოდ, დასრულებული იყო, რადგან იმ ამწეკრანს, რომლიც მის ასაშენებლად გამოიყენებოდა, უკვე შლიდნენ. ამავე გამშვები პლატფორმის გარშემო ორი 180-მეტრიანი ელვის საწინააღმდეგო კოშკურაც აღემართათ. მეორე გამშვები პლატფორმის, CIA-ის სახელდებით - J2-ის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, მისი რაკეტის გამშვები ანძის საძირკველზე მუშაობა კი თითქმის დაესრულებინათ. ამ ორი გამშვები პლატფორმის შორის არსებული შენობები მიწითა და დამცავი მასალით იყო დაფარული.
ამერიკული დაზვერვის მთავარი წარმატება სატელიტების მიერ გადაღებული რაკეტამზიდის დაფიქსირება იყო, რომელიც დასრულებულ პლატფორმაზე 100 მეტრის სიმაღლეზე აღმართულიყო. CIA-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს გამშვები დანადგარისა და მისი აღჭურვილობის შესამოწმებლად შექმნილი მოდელი გახლდათ - მზვერავები NASA-ს გამოცდილებით ხელმძღვანელობდნენ, რომელმაც სატურნი V-ის აფრენის წინ სწორედ ასეთი ტესტი განახორციელა. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღჭურვილობის დასაყენებლად და შესამოწმებლად კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდებათ და ობიექტი J1 გაშვების უზრუნველსაყოფად მზად 1968 წლის შუა პერიოდში იქნება", - ეწერა განცხადებაში.
ამერიკული სადაზვერვო სატელიტები იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ მათ კომპლექსის გიგანტური საკონსტრუქციო შენობის სახურავზე ტელემეტრულ ანტენათა წყებაც კი დაინახეს. "ამ შენობის გარეთ დაფიქსირდა ობიექტი, რომელიც რაკეტის გადამტანი შეიძლება იყოს. სავარაუდოდ, მძიმე ლითონებით დამზადებული, დაახლოებით 60 მეტრი სიგრძისა და 25 მეტრი სიგანის გადამტანის ერთი ბოლო აწეული იყო. იქვე მეორე გადამტანი აწყობის პროცესში იმყოფებოდა. Complex J-ის კოსმოსური ხომალდისთვის განკუთვნილ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა". შენობის გარე ნაწილი დასრულებული იყო და მშენებლობა, დიდი ალბათობით, შიგნით გრძელდებოდა.
კოსმოდრომზე მიღწეული უახლესი პროგრესის მიუხედავად, არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ საბჭოთა კავშირი შეერთებულ შტატებზე უპირატესობას იპოვებდა. ამ უკანასკნელს ჯემინის პროგრამის ფარგლებში ხომალდთა კოსმოსში შეხვედრის ტექნიკა დაეხვეწა და აპოლოს კოსმოსურ ხომალდთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში მნიშვნელოვანი პროგრესისთვის მიეღწია. 1967 წლის 24 აპრილს კომაროვის სიკვდილი საბჭოთა კავშირისათვის უფრო დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა, ვიდრე - აპოლო 1-ის ტრაგედია NASA-სთვის. შედეგად, 1968 წლის ზაფხულისთვის NASA-ს ხელმძღვანელობამ და CIA-მ ყურადღება გადაიტანეს საბჭოთა კავშირის მთვარის გარშემო მოძრაობის პროგრამაზე, რომლის მიზანიც იყო, რომ ადამიანს მთვარის ორბიტაზე წრე დაერტყა. წარმატების შემთხვევაში, საბჭოთა კავშირს შეეძლო, გადაეწონა თანამგზავრის ზედაპირზე აპოლოს დაშვება, რაც მომდევნო წელს იყო დაგეგმილი. სწორედ ამ დროს NASA-ს ხელმძღვანელობამ აპოლო 8-ის მთვარის გარშემო გაგზავნის სარისკო გადაწყვეტილება მიიღო.
მთავარი კითხვა დაზვერვით მიღებული ცოდნის მნიშვნელობის შეფასებისას იმის გარკვევაში მდგომარეობს, რა დონის გავლენა იქონია საბჭოთა ზონდის მთვარის გარშემო მისიების შესახებ მოპოვებულმა ინფორმაციამ NASA-ს ხელმძღვანელების მიერ აპოლო 8-სთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე. დღეისათვის შეგროვებული მტკიცებულება ამყარებს დასკვნას, რომ, მართალია, ზონდის პროგრამა აპოლოს მისიის დროს გათვალისწინებული ფაქტორი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მეორეული, და არა გადამწყვეტი ან ერთადერთი, ფაქტორი გახლდათ. აპოლოს პროექტს ისედაც უსაფრთოხების საზღვრების ლიმიტამდე ჰქონდა სისწრაფე აკრეფილი. NASA-ს ხელმძღვანელები ნაკლებად წუხდნენ უკან ჩამორჩენილ კონკურენტებზე, რადგან მათი პრიორიტეტი მასიურ ბიუროკრატიულ, მენეჯერულ და განვითარებად მანქანაზე კონტროლის შენარჩუნება და მაქსიმალური შედეგების მიღება გახლდათ. მთვარის მოდული აპოლო 8 სატესტო ფრენისთვის მზად არ იყო, ხოლო NASA-ს ხელმძღვანელობას დამშვები აპარატის გამოცდისთვის ლოდინი, რაც მთავარი მისიის გადადებას გამოიწვევდა, არ სურდა. მათ გადაწყვიტეს, კოსმონავტები არა დედამიწის ორბიტაზე, არამედ მთვარის გარშემო გაეგზავნათ.
გასაჯაროებული დოკუმენტები ამ საკითხზე ერთი მტკიცებულებით გვამარაგებს. 1968 წლის ოქტომბერში, CIA-ის მაღალჩინოსნებისათვის განკუთვნილი რეგულარულად ჩანიშნული დილის შეხვედრისას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დირექტორის მოადგილემ, კარლ დიუკეტმა (რომელმაც ალბერტ ვილონი ამ შემთხვევიდან რამდენიმე წლით ადრე ჩაანაცვლა) "აღნიშნა, ნათელია, რომ NASA-ს გეგმა დეკემბერში მთვარის გარშემო პილოტირებულ გაშვებაზე საბჭოთა კავშირის კოსმოსური მიზნების შესახებ ცოტა ხნის წინ გამართული სადაზვერვო ბრიფინგის პირდაპირი შედეგიაო".
ეს, ცოტა არ იყოს და, არგუმენტებით გაუმყარებელი დაშვება იყო: შეუძლებელია, რომ დიუკეტს NASA-ს ხელმძღვანელობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას განხილული ყველა ფაქტორი ან ის სცოდნოდა, რომელი იყო ამ ფაქტორთაგან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. არსებული მტკიცებულებანი უფრო იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი მთვარის მოდულის გამოცდის გადადებამ დააჩქარა. კიდევ სხვა მტკიცებულება კი ააშკარავებს, რომ აპოლოს მიერ მთვარის გარშემო წრის დარტყმის მისიის შესაძლებლობა პირველად NASA-ში ჯერ კიდევ 1968 წლის გაზაფხულზე განიხილეს, ანუ იქამდე, სანამ CIA-ის მთვარის გარშემო საბჭოთა კავშირის პილოტირებული ფრენის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაცია ჩაუვარდებოდა ხელში. 1968 წლის ზაფხულში NASA-ს ნამდვილად არ სჭირდებოდა CIA-სთან სპეციალური სადაზვერვო ბრიფინგების გამართვა, რათა საბჭოთა ზონდის მისიების შესახებ სცოდნოდა. მათზე ინფორმაცია პრესაში ვრცელდებოდა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ NASA-ს ხელმძღვანელებს CIA-ის, NSA-ის და ამერიკის სამხედრო ფლოტის მიერ მოპოვებულ სადაზვერვო მასალებზე მყისიერი წვდომა ჰქონდათ, ისინი ნამდვილად ვერ შეძლებდნენ უკვე აკრეფილ ტემპზე სწრაფად წინსვლას. სწორ ხაზზე მორბენალის მსგავსად, NASA-ს ხელმძღვანელობა ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, თუ ვინ იყო მათ წინ და არა იმაზე, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მათ უკან. მთვარეზე დაშვება ფინიშის ხაზს წარმოადგენდა და აპოლოს სრული შემადგენლობა სწორედ მასზე გახლდათ ფოკუსირებული.
-
გადახედვა22 დეკემბერს თბილისში ვეტერანებისა და "ანწუხელიძის" საპროტესტო მსვლელობები გაიმართა 22 დეკემბერს თბილისში ვეტერანებისა და "ანწუხელიძის" საპროტესტო მსვლელობები გაიმართა
-
გადახედვატრამპს პანამის არხზე შეერთებული შტატების კონტროლის აღდგენა სურს ტრამპს პანამის არხზე შეერთებული შტატების კონტროლის აღდგენა სურს
-
გადახედვადონალდ ტრამპი: პრეზიდენტი პუტინი მზადაა ჩემთან შესახვედრად — ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი დონალდ ტრამპი: პრეზიდენტი პუტინი მზადაა ჩემთან შესახვედრად — ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი მამუკა ხაზარაძე: ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი
-
გადახედვაფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო ფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
კომენტარები