ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ასამბლეაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ასამბლეის სხდომაზე მიღებულ რეზოლუციას PACE-ს რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს, რომელიც კრძალავს ევროსაბჭოს დელეგაციებისთვის ხმის და ასამბლეაში გამოსვლის უფლების ჩამორთმევას.

რეზოლუციას მხარი 118 დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 62, ხოლო თავი შეიკავა 10-მა ადამიანმა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა, რომ ქვეყნები, რომლებიც ამჟამად PACE-ში წარმოდგენილი არ არიან, ასამბლეის ივნისის სესიაში მონაწილეობისთვის განაცხადი ახლა შეიტანონ. როგორც ცნობილია, რუსეთი განაცხადის გაკეთებას აპირებს.

რეზოლუციის განხილვა თითქმის ცხრა საათს გაგრძელდა. დოკუმენტის ტექსტში 200-მდე შესწორება იქნა შეტანილი, რომელსაც ძირითადად საქართველო, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი წარადგენდნენ. საბოლოოდ რეზოლუცია გვიან ღამით მიიღეს.

ყირიმის ანექსიის გამო PACE-მ 2014 წელს რუსეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. ერთი წლის შემდეგ ორგანიზაციამ სანქციები გაახანგრძლივა, რის გამოც რუსეთმა ასამბლეის სესიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, 2017 წლიდან რუსეთმა ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო შენატანის გაკეთება შეწყვიტა.

ხმის უფლების ჩამორთმევის გარდა რუსებს არ შეუძლიათ იყვნენ PACE-ში მომხსენებლები, სხვა ქვეყნებში დააკვირდნენ არჩევნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებში ასამბლეას წარადგენდნენ. ამასთანავე, მათ PACE-ში წამყვანი პოზიციების დაკავება ეკრძალებათ.

ამ დროის განმავლობაში რუსეთი მოითხოვდა ყველა უფლების აღდგენას და PACE-ს რეგლამენტიდან პუნქტის ამოღებას, რომელიც ნაციონალურ დელეგაციებს უფლებამოსილებას უზღუდავდა.