მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი, პაატა შამუგია მხარს უჭერს გამოხატვის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლების რეალიზებას ლგბტ თემისათვის. ის მოუწოდებს მწერლებს, მუსიკოსებს, ცნობილ ადამიანებს, რომ გამოხატონ საჯარო მხარდაჭერა.

"ნუ შეუშინდებით სოციალური კაპიტალის შერყევას. ძალადობის დაგმობა და თანასწორობის პრინციპი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი სოციალური კაპიტალი. ეს არაა რომელიმე ჯგუფის მხარდაჭერა (თუმცა, მე პირადად ამ კონკრეტულ ჯგუფს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ), ეს არის ისეთი მაღალი იდეის მხარდაჭერა, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება", — წერს პაატა შამუგია განცხადებაში.

მისივე თქმით, ამ იდეისთვის იბრძოდნენ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა და ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფუნდამენტი შეუქმნა ქართულ სახელმწიფოს.

"ჯინი ამოშვებულია. მოძალადეები უკვე არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების, არამედ ნებისმიერი მათთვის არასასურველი ადამიანის დატერორებაზე გადავიდნენ", — ნათქვამია პენცენტრის განცხადებაში.

პაატა შამუგიას თქმით, იაფფასიანი სადღეგრძელოებით და კომბლებით შეიარაღებული აგრესორები ამ ქვეყანას არ სჭირდება.

"ჩვენ ისედაც საკმარისზე მეტი აგრესია და ძალადობა გამოვიარეთ, გამოვიარეთ, მათ შორის, სამოქალაქო ომი, რომლის ტრავმებს დღემდე ვეჯახებით", — ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პენცენტრი არის მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზება თითოეული მოქალაქისთვის.

"გამოხატვის უფლება არის ის სიკეთე, რომლით სარგებლობის ექსკლუზივი არ აქვს რომელიმე ჯგუფს, ის საერთოა ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. თუ ეს ვინმეს არ ესმის, ეს არის მისი პრობლემა, და არა, ამ შემთხვევაში, სექსუალური უმცირესობების", — ნათქვამია განცხადებაში.