შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე ციური სხეულია, შესაბამისად, პირველ რიგში, სწორედ მისი ათვისება იგეგმება. ამაში ბაზის მშენებლობა მოიაზრება, რომელიც იქ გამგზავრებული ასტრონავტების სამყოფელი იქნება. ამის მიუხედავად, ადამიანთა საქმიანობა მხოლოდ ასეთ მცირე არეალში ვერ შემოიფარგლება, რადგან მათ ერთი ადგილიდან მეორემდე სხვადასხვა მასალის გადატანაც დასჭირდებათ.
სპეციალისტები ეფექტიანი და ავტონომიური ტრანსპორტირებისთვის საინტერესო ტექნოლოგიას გვთავაზობენ, რომელსაც FLOAT ეწოდება. ესაა სარკინიგზო სისტემა, რომელიც ლევიტაციური იქნება. მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდება, რომ ხომალდების დაშვების ზონიდან ბაზამდე ტვირთი, მთვარის გრუნტი ან ადგილობრივად მოპოვებული სხვა რესურსი გადაიზიდოს, რომელსაც, მაგალითად, მშენებლობისთვის გამოიყენებენ.
ეს რკინიგზა კონკრეტულ არეალებში ფიქსირებულად არ ჩაშენდება, არამედ მისი განთავსება ნებისმიერ ადგილას უნდა იყოს შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მთვარის ზედაპირის მხოლოდ მინიმალური წინასწარი მომზადება იქნება საჭირო. ასეთ გზებზე გადაადგილებისას მაგნიტური რობოტექნიკა ჰაერში ილივლივებს, ამიტომ მათ არც ბორბლები ექნება და არც მექანიკური ფეხები.
რკინიგზის ერთ-ერთი შრე მინერალ გრაფიტისგან დამზადდება, რომელიც დიამაგნიტურ ლევიტაციას ხდის შესაძლებელს. ელექტრომაგნიტურ ძალას ელასტიკური წრედი წარმოქმნის, მესამე ფენა კი არჩევანზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველაზე გამოსადეგი მზის პანელები იქნება, რომლებითაც სისტემა ენერგიას დამატებითი წყაროების გარეშე მიიღებს. ვარაუდობენ, რომ მსგავს რკინიგზაზე კილომეტრობით მანძილზე ყოველდღიურად 100 ტონამდე ტვირთის გადატანა მოხერხდება.
ჯერჯერობით ეს მხოლოდ ინოვაციური კონცეფციაა. ის NASA-ს პროექტის NIAC მეორე ეტაპზე შერჩეულ 6 იდეას შორის მოხვდა, რომელთა ავტორებმაც 600 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღეს. ახლა გუნდმა სისტემის დიზაინი უნდა შექმნას და მიახლოებითი საჩვენებელი ვერსიაც დაამზადოს, რომელსაც მთვარის მაგვარ გარემოში გამოცდიან.
კომენტარები