ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
რუსულ კანონს არც ჩვენს ქვეყანაში არსებული სტარტაპები ემხრობიან. ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ "საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა, რომლის მავნე შედეგებიც უკვე გაზომვადია და კიდევ უფრო სავალალო იქნება მომავალში".
განცხადებას ამ დროისთვის სტარტაპების 258 წარმომადგენელი აწერს ხელს. იხილეთ სრული ტექსტი:
დღევანდელი მსოფლიოს სწრაფი და ეფექტური განვითარება ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებზე გადის. ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა ტექნოლოგიური და სტარტაპ ინდუსტრია, რაშიც ერთ-ერთი კრიტიკული წვლილი საერთაშორისო, დასავლური ორგანიზაციების ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას მიუძღვის.
ბოლო წლებში, ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მოიზიდეს მილიონობით აშშ დოლარი საერთაშორისო ინვესტორებისაგან, დაასაქმეს ათასობით ადამიანი და მოახერხეს საქართველოს სწრაფად მზარდ და საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყნად პოზიციონირება, რაც შეუძლებელი იქნებოდა ქვეყნის დასავლელი პარტნიორების გარეშე.
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 38 მილიონი ლარით დააფინანსა 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. შედეგად კი სტარტაპებმა მოიპოვეს 1.5 მილიარდი ლარის კერძო ინვესტიცია და შექმნეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
15 მილიონი ლარის დაფინანსება გამოყო გერმანიის მთავრობამ, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დააფინანსა ევროკავშირმა და ამერიკის მთავრობამ. ისეთი ორგანიზაციების ჩართულობით, როგორიც არის: USAID, EBRD, UNDP, UN, განხორციელდა უამრავი პროექტი, ტექნიკური განათლების ხელმისაწვდომობის, ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისა და ახალ ბაზრებზე წვდომისთვის.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, აშკარა გადახვევაა ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური კურსიდან, რაც სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, შეაჩერებს ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებას. დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხის შემცირება კი სასიკვდილო განაჩენი იქნება ტექნოლოგიური კომპანიებისა და სტარტაპებისათვის
ქართული სტარტაპები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა, რომლის მავნე შედეგებიც უკვე გაზომვადია. და კიდევ უფრო სავალალო იქნება მომავალში.
საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!
არა რუსულ კანონს!
თუკი ქართული სტარტაპის წარმომადგენელი ხართ, განცხადებაზე ხელის მოწერას ამ ბმულიდან შეძლებთ. იხილეთ ხელმომწერთა სია:
კომენტარები