დღეს, 13 ივნისს პრაღაში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ზურაბ აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრებენ.

"ზოგადად ვიმსჯელებთ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის თაობაზე. ჩვენი ინიციტივით ვაყენებთ ამ საკითხებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, მილიტარიზაცისთან, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან, ზოგადად საერთაშორისო სამართლის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე", — განუცხადა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსთავი 2-ს.

აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრა 27 თებერვალს შედგა. მაშინ, შეხვედრის დაწყებამდე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ქართველი კოლეგა "უსიამოვნო მოულოდნელობებზე" უნდა გააფრთხილოს. შეხვედრის შემდეგ კი მან აღნიშნა, რომ თბილისმა უნდა აირჩიოს ან რეგიონული კეთილდღეობა, ან ევროატლანტიკური კურსი. მისი თქმით, თუ სამხრეთ კავკასიაში ნატოს სამხედრო აქტივობა განვითარდება, ადრე თუ გვიან ეს პრობლემებს მოიტანს.

კარასინის საპასუხოდ აბაშიძემ განაცხადა, რომ კარასინის მუქარა საქართველოსა და უკრაინის მიმართ მიუღებელია. მისი თქმით, ეს სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს.