ჩერნობილის სრული ისტორია ფოტოებში: აშენებიდან დღემდე
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის, ოფიციალურად კი, ვ.ი ლენინის სახელობის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 1970 წელს დაიწყო. განლაგების ადგილად უკრაინის ჭაობიანი ჩრდილოეთ საზღვარი შეირჩა, პატარა ქალაქ ჩერნობილიდან 15 კილომეტრში. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არჩევანი ამ ადგილზე შეჩერდა, წყლის მუდმივ რესურსთან, მდინარე პრიპიატთან სიახლოვე იყო. გარდა ამისა, რკინიგზა უკვე გადაჭიმული იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ოვრუკიდან ჩერნიგოვამდე.
ეს ქვეყანაში პირველი ატომური ელექტროსადგური იყო და საბჭოთა კავშირის ხელში არსებული ტექნოლოგიის პიკად ითვლებოდა.
მასშტაბური პროექტის ხელმძღვანელად ტურბინების ექსპერტი და გულმხურვალე კომუნისტი, 35 წლის ვიქტორ ბრიუხანოვი დაინიშნა. ის აღმოსავლეთ უკრაინიდან გადმოიყვანეს, სადაც თერმული ელექტროსადგურის ინჟინერი იყო. ბრიუხანოვი მარცხნიდან მეორეა.
პარალელურად დაიწყო საბჭოთა კავშირის მეცხრე ატომოგრადის (ატომური ქალაქის) მშენებლობა. პრიპიატი ატომური ელექტროსადგურიდან სამი კილომეტრით იყო დაშორებული. ქალაქში 50 000 ადამიანს უნდა ეცხოვრა: ოპერატორებს, მშენებლებს, მუშებსა და მათ ოჯახებს.
არქიტექტორებმა პრიპიატი "უტოპიად" ჩაიფიქრეს
გამოცდილი პროფესიონალების დარწმუნება, რომ საცხოვრებელი ქალაქები მიეტოვებინათ და პრიპიატში გადმოსულიყვნენ, ადვილი არ იყო. ამიტომ, ჩერნობილის მუშების დიდ ნაწილს ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. პრიპიატის მაცხოვრებლების საშუალო ასაკი 26 წელი იყო.
იმის გამო, რომ პრიპიატი პრესტიჟულ ქალაქად ითვლებოდა, აქ ბევრ ისეთ ფუფუნების საგანს ნახავდით, რომელზეც სხვა საბჭოთა ქალაქები ვერც კი იოცნებებდნენ.
პრიპიატში ყველაფერი იყო, რაც საშუალო ზომის ქალაქს შეიძლება დასჭირდეს: საავადმყოფო, კლინიკები, 15 საბავშვო ბაღი, 5 სკოლა, საზაფხულო სკოლა, მუსიკის სკოლა, ერთი დიდი პარკი და 35 სათამაშო მოედანი.
მთავრობამ იზრუნა გართობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზეც: ქალაქში 10 სავარჯიშო დარბაზი, 3 საცურაო აუზი, 10 ტირი, 2 სტადიონი, 4 ბიბლიოთეკა და კინოთეატრი აშენდა. გამოიცემოდა ადგილობრივი გაზეთი პრიპიატი.
ქალაქში 25 მაღაზია იყო განლაგებული, მათ შორის, წიგნების მაღაზია, სუპერმარკეტი და სურსათის წერტილები, ასევე, სპორტული მაღაზია, ტექნიკის მაღაზია და დიდი სავაჭრო ცენტრი პრიპიატის მთავარ მოედანზე.
ეს ყველაფერი არაა: ქალაქის სხვადასხვა წერტილში მოქმედებდა 27 კაფე, რესტორანი და სასადილო.
მოკლედ რომ ვთქვათ, პრიპიატში ბევრად უკეთ შეიძლებოდა ცხოვრება, ვიდრე სხვა საბჭოთა ქალაქებში.
ახალდაქორწინებული წყვილი ქალაქის ნიშანთან
ბავშვები მოედანზე თამაშობენ
ეშმაკის ბორბალი, რომელსაც უკანა ფონზე ხედავთ, არასდროს დატრიალებულა. ის აფეთქებიდან ორ დღეში უნდა გაეხსნათ.
პრიპიატელი ბავშვი მიკი მაუსთან
მარცხნივ კულტურის სასახლეს ხედავთ, სადაც საჯარო ღონისძიებები ტარდებოდა, ცენტრში - სასტუმროა.
ქალაქში ხშირად ტარდებოდა აღლუმები ატომური ენერგიის დარგში მიღწეული წარმატებების აღსანიშნად. სატვირთოზე გამოსახულია რეაქტორის საკონტროლო ოთახი.
ქვემოთ მოცემული ფოტოები საბჭოთა ცხოვრების ტიპური გამოხატულებაა
აუზი
ავტობუსის გაჩერება
პრიპიატიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ახალი ტიპის რადარების სისტემა იყო განლაგებული, რომელსაც ბალისტიკური შეტევის შემთხვევაში ადრეული განგაში უნდა აეტეხა. სისტემა 1976 წლიდან 1989 წლამდე მუშაობდა.
დუგას ტიპის სისტემა საოცრად მძლავრი იყო და მოკლეტალღოვანი რადიოსიგნალების გაშვება შეეძლო. ეს სიგნალი გაუფრთხილებლად ჩნდებოდა სამოყვარულო რადიოგადაცემებში, რაციებში და ასე შემდეგ. განმეორებითი მკვეთრი ხმის გამო მას "კოდალას სიგნალი" უწოდეს.
სადგურის მშენებლობა მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
გარკვეული სირთულეების გამო ელექტროსადგურის მშენებლობა გეგმას ჩამორჩა. პირველი რეაქტორი 1977 წლის ნოემბერში გაიხსნა, დანარჩენი სამი კი შემდეგი თანმიმდევრობით: მეორე - 1978 წელს, მესამე - 1981 წელს, მეოთხე კი 1983 წელს.
კვების სისტემის მონტაჟი
მესამე რეაქტორი და ცნობილი "საკვამური"
მეოთხე რეაქტორის შუაზე გაჭრილი მოდელი
ოთხივე რეაქტორი შედარებით ახალი, RBMK-1000 ტიპის იყო, რაც მაღალი სიმძლავრის არხული ტიპის რეაქტორს ნიშნავს (Реактор Большой Мощности Канальный). თითოეულ მათგანს 1000 მეგავატის ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლო. 1986 წელს ასეთი ტიპის 14 რეაქტორი არსებობდა და კიდევ 8 - შენდებოდა. მათ შორის ორი - ჩერნობილში. მეხუთე რეაქტორი ტრაგედიის დროს თითქმის დასრულებული იყო და წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო.
1. რეაქტორის ბირთვი
2. საკონტროლო ღერძები
3. წნევის არხები და საწვავის ღერძები
4. წყლისა და ორთქლის ნაზავი
5. წყალი
6. წყლისა და ორთქლის განმაცალკევებელი
7. ორთქლის შესაშვები არხი
8. მაღალი წნევის ორთქლის ტურბინა
9. დაბალი წნევის ორთქლის ტურბინა
10. გენერატორი
11. ტუმბო
12. ორთქლის კონდენსატორი
13. გამაგრილებელი წყალი (მდინარიდან, ზღვიდან და ა.შ)
გახლეჩის რეაქცია შესაძლებელი ხდება ე.წ. ნეიტრონის მოდერატორის დახმარებით, რომლის როლსაც RBMK რეაქტორის შემთხვევაში ვერტიკალური გრაფიტის ბლოკები ასრულებენ. თითოეული RBMK 1850 ტონა გრაფიტს შეიცავს. გრაფიტი ანელებს - და არეგულირებს - საწვავში ნეიტრონების მოძრაობას, შენელებული ნეიტრონები კი, უფრო სავარაუდოა, ურანიუმ235 ბირთვებს შეეჯახონ და გაიყონ. ილუსტრაციისთვის წარმოვიდგინოთ ეს მაგალითი: თუ გოლფს თამაშობ და შენი ბურთი ხვრელიდან რამდენიმე სანტიმეტრითაა დაშორებული, აუცილებელი არაა, მთელი ძალით დაარტყა. პირიქით, მსუბუქად უბიძგებ მიზნისაკენ. იგივე პრინციპი მუშაობს ნეიტრონებთან დაკავშირებით. რაც უფრო ხშირად ხდება ატომის გახლეჩა, მით უფრო უკეთ ინარჩუნებს ჯაჭვური რეაქცია თავის თავს და მეტი ენერგია წარმოიქმნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გრაფიტის მოდერატორი საჭირო გარემოს ქმნის ენერგიის გამოსამუშავებლად. გრაფიტი იგივე როლს ასრულებს რეაქციისთვის, რასაც ჟანგბადი ხანძრისათვის: მთელი მსოფლიოს სამყოფი საწვავი რომც გქონდეს, ჟანგბადის გარეშე ცეცხლს ვერ გააჩენ.
ტუმბოების დახმარებით, წნევის ქვეშ მყოფი წყალი ბირთვის ძირში ხვდება, სადაც დუღდება და ორთქლის სახით ზემოთ ამოდის. სისტემაში წნევა 1000psi ანუ 65 ატმოსფეროა.
რეაქტორის მშენებლობა: აქ ყველაზე უკეთ ჩანს, რამხელა მოწყობილობაზეა საუბარი.
საწვავის ჩაშვება დასრულებულ რეაქტორში
ახალთახალი საწვავის ღერძი საფრთხეს არ წარმოადგენს.
ეს სტატია აფეთქებამდე რამდენიმე წლით ადრე დაიბეჭდა
მას შემდეგ, რაც ატომური რეაქტორი ამოქმედდა, პერსონალს შენობაში შესვლა-გამოსვლისას რადიაციის დეტექტორში უნდა გაევლო. ამ დეტექტორებს დღესაც იყენებენ.
ფოტოზე ხედავთ გიგანტური ტუმბოს ზედა ნაწილს, რომლითაც ბირთვს წყალი მიეწოდება. სითხე ჯერ რეაქტორს გაივლის, შემდეგ კი ზემოთ კონდენსატორში ხვდება, სადაც ორთქლი წყლისგან ცალკევდება. დარჩენილი წყალი ისევ რეაქტორში ბრუნდება.
ტურბინების დარბაზის ერთი სექცია: კონდენსატორიდან ორთქლი ელექტროენერგიის გამომმუშავებელ ტურბინებში ხვდება. ტურბოგენერატორში გავლის შემდეგ ორთქლი ისევ კონდენსირდება და წყლის სახით უბრუნდება ტუმბოებს, სადაც ციკლი თავიდან იწყება.
თითო რეაქტორს თითო საკონტროლო ოთახი ჰქონდა.
ნებისმიერ ატომურ რეაქტორში, განსაკუთრებით კი RBMK რეაქტორში მნიშვნელოვანია, ბირთვს გრილი წყალი მუდმივად უნდა მიეწოდებოდეს. მის გარეშე შეიძლება აფეთქება მოხდეს ან ინფრასტრუქტურა დადნეს. მაშინაც კი, როცა რეაქტორი "გამორთულია", საწვავი მაინც გამოყოფს სითბოს, რომელსაც გაგრილების გარეშე ბირთვის დაზიანება შეუძლია. ტუმბოები, რომლებიც წყლის მიწოდებას უზრუნველყოფენ, ტურბინებიდან გამოყოფილი ელექტროენერგიით მუშაობენ, თუმცა თუ მიწოდება შეწყდება, შესაძლებელია მომარაგების სხვა წყაროზე გადართვაც. ენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში დიზელის გენერატორები ავტომატურად მიაწვდიან ენერგიას წყლის ტუმბოებს, თუმცა ასეთი მასშტაბური ტუმბოების ამუშავებას შეიძლება 50 წამი დასჭირდეს.
ჩერნობილის შემთხვევაში ასეთი სცენარისთვის არსებობდა წყლის მარაგი, ექვსი ავზი, ჯამში 250 ტონა წყლით, თუმცა არსებობდა ერთი მაგრამ... ბირთვში წყლის ჩაშვებას 3.5 წამი სჭირდებოდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ RBMK რეაქტორი საათში 37 000 ტონა წყალს მოიხმარს, ანუ წამში 10 ტონას, 250 ტონა წყალი 50-წამიან დაყოვნებას ვერ ეყოფოდა.
1986 წლის 26 აპრილის დილას რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ გუნდს უნდა შეემოწმებინა, რამდენად შესაძლებელი იყო, წყლის ტუმბოებს საკუთარი თავი ესაზრდოებინათ 50 წამის განმავლობაში, სანამ დიზელის ძრავები ჩაირთვებოდა. თუ ელექტროენერგია გაითიშებოდა, გახლეჩის რეაქცია კვლავაც წარიმართებოდა, მილებში ჩარჩენილი წყალი კი ცოტა ხანს ისევ აორთქლდებოდა, თუმცა ბევრად ნაკლები "სიმძლავრით". ამ ორთქლს დროებით უნდა შეენარჩუნებინა ტუმბოების სიცოცხლისუნარიანობა, სანამ დიზელის გენერატორები აიღებდნენ მომარაგებას. სწორედ ეს მექანიზმი უნდა გამოეცადათ ოპერატორებს.
ეს 26 წლის ლეონიდ ტოპტუნოვია, რეაქტორის უფროსი ინჟინერი. მან შეცდომა დაუშვა, როცა ღერძების მართვა ავტომატურ რეჟიმზე გადართო. შედეგად, ღერძები ბევრად "ღრმად" ჩაეშვა ბირთვში, ვიდრე საჭირო იყო. ამის გამო რეაქტორი თითქმის მთლიანად გაჩერდა. უსაფრთხოების პროცედურების თანახმად, ამ დროს ოპერატორებს მთლიანად უნდა გაეთიშათ რეაქტორი, რადგან დაბალ სიმძლავრეზე RBMK არასტაბილური ხდება. სამწუხაროდ, მთავარი ინჟინრის მოადგილემ, ანატოლი დიატლოვმა გადაწყვიტა, რომ ცდა უნდა გაგრძელებულიყო. მომდევნო ერთი საათის განმავლობაში გუნდის წევრებმა რეაქტორის თავიდან ასამუშავებლად უსაფრთხოების გარკვეული ფუნქციები გათიშეს, შემდეგ კი ექსპერიმენტი დაიწყეს.
01:23:04-ზე მერვე ტურბინა სისტემას გამოეთიშა. რა მოხდა მომდევნო წუთებში, ბოლომდე ცხადი არაა. ენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა, თუმცა მილებისა და ტუმბოების ლაბირინთში რაღაც არასწორად წავიდა. შიდა ანგარიშში წერია, რომ საბჭოს დასკვნით, პრობლემა საწვავმა შექმნა, თუმცა, რიცხვებს თუ დავუჯერებთ, თავდაპირველი პროცესისთვის სხვა ფაქტორებს უნდა შეეწყო ხელი: მაგალითად, მთავარი ტუმბოს კავიტაციას, წყლის ქვედა არხებში გაჟონვას ან ორთქლის სარქველების რამდენიმეწამიან გახსნას. ასე თუ ისე, ოპერატორებმა რეაქტორის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს.
01:23:40-ზე აკიმოვმა საგანგაშო გათიშვის ღილაკს დააჭირა ხელი. მომდევნო ოთხ წამში მთავარი ტუმბოები ორთქლით აივსო, გამაგრილებელი წყლის მიწოდება შესუსტდა და რეაქტორის გამომუშავებული ენერგია დაშვებულ ნორმაზე ბევრად მეტჯერ გაიზარდა. მეტი ორთქლი = ნაკლები წყალი = მეტი ენერგია = მეტი სითბო = მეტი ორთქლი. გამომუშავებულმა სითბომ და წნევამ საწვავის არხები გახეთქა, შემდეგ წყლის მილები გასკდა, რის გამოც ავტომატური სარქველები დაიკეტა. ამან წყლის მიწოდება დამატებით შეზღუდა. ორთქლის წნევა გამუდმებით იმატებდა, ბოლოს კი სისტემა აფეთქდა. 01:23:58-ზე, ანუ გამორთვის ღილაკზე დაჭერიდან 18 წამში ორთქლმა 450-ტონიანი ზედა ბიოლოგიური საცავი ჰაერში აწია. ბირთვი გაშიშვლდა.
"საშინელი გრუხუნი იყო", - იხსენებს ინჟინერი საშა იუვჩენკო Guardian-თან ინტერვიუში. ის 1986 წელს მხოლოდ 24 წლის იყო, - "სქელი ბეტონის კედლები რეზინივით გადაიღუნა. ვიფიქრე, რომ ომი დაიწყო. ხოდემჩუკის ძებნა დავიწყეთ (მარცხნივ), თუმცა ის ტუმბოებთან ახლოს იყო და აფეთქებისას აორთქლდა. გარშემო მხოლოდ ორთქლი იყო, ბნელოდა და საშინელი სისინა ხმა ისმოდა. ჭერი აღარ იყო, მხოლოდ ცა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა".
ამბობენ, რომ ეს ავარიის შემდეგ გადაღებული პირველი ფოტოა. იგორ კოსტინი კიეველი ფოტოგრაფია, რომელმაც სახელი ტრაგედიის ლიკვიდაციისას გადაღებული ფოტოებით გაითქვა. კოსტინი ამბობს, რომ ფოტოს მარცვლოვანი ტექსტურა რადიაციის ზემოქმედების შედეგია. უამრავ კადრს შორის ეს ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც არ გაფუჭებულა.
შემთხვევის ადგილას მეხანძრეები გაემართნენ. აფეთქების გამო რამდენიმე წერტილში ცეცხლი იყო გაჩენილი, რომელიც მესამე რეაქტორის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა. მეხანძრეები სახურავზე აძვრნენ და საათობით ებრძოდნენ ცეცხლს, სანამ რადიაცია მათ ორგანიზმს ანადგურებდა.
ეს ფოტო არაა, თუმცა საკმაოდ ზუსტი მოდელია იმისა, თუ როგორ გამოიყურებოდა შენობა აფეთქების დილას.
როცა რეაქტორის გარშემო რადიაციის გაზომვაზე მიდგა საქმე, დოზიმეტრებმა ყველაზე მაღალი გაზომვადი ნიშნული, 3,6 რენტგენი/საათში აჩვენეს. ეს ნორმალურ დოზებთან შედარებით მაღალია, თუმცა სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ბრიუხანოვმა და დიატლოვმა ივარაუდეს, რომ ეს ზუსტი მაჩვენებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, მოწყობილობა მეტს უბრალოდ ვერ აჩვენებდა. რეალურად კი, რადიაციის დონე 30 000 რენტგენი/საათში იყო. ბრიუხანოვმა გამოაცხადა, რომ ხელსაწყოები გაფუჭდა და მოსკოვში ზედამხედველებს განუცხადა, რომ რეაქტორს არაფერი მოსვლია.
კვამლი, რომელსაც ხედავთ, უკიდურესად რადიოაქტიური ნაწილაკების ატმოსფეროში აორთქლების პროცესს გამოხატავს. ამ ღრუბელმა რადიაცია მთელ კონტინენტზე გაავრცელა.
საზღვრებს გარეთ ჩერნობილის კატასტროფის შესახებ ჯერაც არაფერი იცოდნენ. 28 აპრილს, ორშაბათს, ინჟინერმა კლიფ რობინსონმა სენსორებზე რადიაციის დონის მომატება შენიშნა. ის შვედეთის ატომურ სადგურზე, ჩერნობილიდან 1 000 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა.
საქმეში სამეცნიერო საზოგადოების გამორჩეული წევრი, 49 წლის ვალერი ლეგასოვი ჩაერთო. ის კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო.
შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებისა და მეცნიერებისგან იყო დაკომპლექტებული. კომისიის მეთაურად ბორის შერბინა დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ მას დაბალი რანგის პოლიტიკოსი არ ეთქმოდა, შერბინა პოლიტბიუროს წევრი არ ყოფილა - ეს ფაქტი ადასტურებს, რომ იმ მომენტისთვის ჯერაც არავინ იცოდა, რამხელა კატასტროფასთან ჰქონდათ საქმე.
მთავარი, რაზეც ყველა ღელავდა ის იყო, რომ შესაძლოა, რეაქტორის სიღრმეში ჯერაც მიმდინარეობდა გახლეჩის პროცესი: ბირთვი შეიძლება იმდენად გაცხელებულიყო, რომ შენობის სტრუქტურა დაედნო და მიწაშიც ჩასულიყო. ამ შემთხვევაში გაცილებით სერიოზული აფეთქება იქნებოდა მოსალოდნელი. ამიტომ, ცეცხლის ჩაქრობა პრიორიტეტი გახდა. ლეგასოვის შემოთავაზება იყო, რომ ყველაზე ცხელი წერტილისათვის ვერტმფრენებიდან ქვიშაში არეული ბორიუმის მჟავა დაესხათ, რაც რეაქციას გაანეიტრალებდა. პირველი დღის შემდეგ საჰაერო ძალების გენერალმა შერბინას ამაყად განუცხადა, რომ 150 ტონა დაასხეს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ რეაქტორისთვის 150 ტონა ქვიშის დასხმა იგივეა, რაც სპილოსთვის კენჭის სროლა. 28 აპრილს ვერტმფრენებიდან 300 ტონა მასალა დაისხა, 29 აპრილს - 750, 30-ში - 1500, პირველ მაისს - 1900. მთლიანად, რეაქტორი 5 000 ტონა ნივთიერებით დაიფარა.
ამ ფოტოზე ჩანს, რამდენად შეძლეს ვერტმფრენებმა რეაქტორის "ამოვსება". ცხელი წერტილის დახუფვამ ატმოსფეროსთან მიმდინარე მიმოცვლის პროცესი დაამუხრუჭა, თუმცა ამას თავისი მინუსებიც ჰქონდა. ბირთვის ტემპერატურა გაიზარდა. ოპერაციისას ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა.
შემდეგი საკითხი დატბორილი საძირკვლის დაცლა იყო. მას შემდეგ, რაც ამ დავალებას სამმა მამაცმა ადამიანმა თავი გაართვა, ჩერნობილის სიღრმეში მდებარე მიწაზე მიდგა ჯერი. მაღაროელებს მეოთხე რეაქტორის ქვეშ 150-მეტრიანი გვირაბი უნდა გაეთხარათ, სადაც ბირთვის გასაცივებლად გამაგრილებელ მოწყობილობას დაამონტაჟებდნენ. მეცნიერები ღელავდნენ, რომ პნევმატური ბურღი ისედაც არამყარ ფუნდამენტს დააზიანებდა, ამიტომაც სამუშაო ადამიანებს უნდა შეესრულებინათ. ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ და მათგან დიდი ნაწილი დასხივებისგან დაიღუპა. ერთი თვის თავზე გვირაბი მზად იყო, თუმცა გამაგრილებელი სისტემა არავის გამოუყენებია. ბირთვი თავისით გაცივდა.
პრიპიატის მაცხოვრებლებმა იცოდნენ, რომ ავარია მოხდა, თუმცა არ იცოდნენ, რამდენად - მასშტაბური. შაბათს მათ ჩვეულებრივად გაიღვიძეს, თუმცა დღის განმავლობაში დაირხა ხმა, რომ რეაქტორთან რაღაც საშიში ხდებოდა. ინფორმაცია ოფიციალურად არავის გაუვრცელებია. ვინც ქალაქის დატოვება სცადა, მალევე აღმოაჩინა, რომ პრიპიატიდან გამავალ გზებს პოლიცია აკონტროლებდა და ტერიტორია ჩაკეტილი იყო.
27-ში რადიაციის დოზამ პიკს მიაღწია. ლეგასოვი აღნიშნავდა, რომ "დედები ეტლებს ჩვეულებისამებრ მიაგორებდნენ, ბავშვები კი ქუჩაში თამაშობდნენ - როგორც ნებისმიერ კვირა დღეს". ევაკუაციის ბრძანება საბოლოოდ 27-ში, დილის 11 საათზე გაიცა. ამ დროს აფეთქებიდან 34 საათი იყო გასული.
რადიაციით დაბინძურებული მანქანები ქალაქის კიდეში შეაგროვეს.
პრიპიატი შემოღობეს.
მთავარი წინააღმდეგობა, რომელიც დამცავი სტრუქტურის, სარკოფაგის მშენებლობას ხელს უშლიდა, მესამე რეაქტორის სახურავსა და საკვამურთან მიმობნეული გრაფიტის ნამსხვრევები იყო.
უკიდურესად რადიოაქტიური მასალის გადასაყრელად სახურავზე ზემოდან დისტანციური მართვის რობოტები უნდა დაესვათ. ეს რობოტები რუსეთიდან, გერმანიიდან და იაპონიიდან შეაგროვეს.
მათ შორის იყო რამდენიმე ექსპერიმენტული STR-1 რობოტი, რომელიც მთვარეზე გადაადგილებისთვის იყო გამიზნული.
"თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ძალიან დაბინძურებული ტერიტორიისთვის რობოტებს გამოვიყენებდით", - წერდა იგორ კოსტინი 2006 წელს გამოცემულ ფოტოწიგნში, - "რეაქტორის სახურავზე ძალიან დახვეწილი გერმანული რობოტი მოვათავსეთ, თუმცა რადიაციამ მასზეც იმოქმედა. ის უბრალოდ კიდემდე მივიდა და გადავარდა. შეიძლება გეფიქრა, რომ თავი მოიკლა". რაც შეეხებათ სხვა რობოტებს, ისინი რადიაციას უძლებდნენ, თუმცა მალევე ეხვეოდნენ ნანგრევებში და ვეღარ მოძრაობდნენ.
სხვა გამოსავალი არ არსებობდა. "საუკეთესო რობოტები ადამიანები არიან", - თქვა ნიკოლაი სტეინბერგმა, რომელმაც ბრიუხანოვი ჩაანაცვლა.
სახურავის გამწმენდ მუშებს ხელით შეკერილი, ტყვიით დაფარული კოსტიუმები ეცვათ, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა (ტყვია ზედმეტად ბევრ რადიაციას ისრუტავდა). მათ ბიორობოტებს უწოდებდნენ.
მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ სახურავზე 40-60 წამის გატარება შეიძლებოდა, სანამ ადამიანი რადიაციის სასიკვდილო დოზას მიიღებდა. მუშები მთელი დღის განმავლობაში ადიოდნენ სახურავზე, გრაფიტის 40-50 კილოგრამიან ნაწილებს დაათრევდნენ და მერე უკან მირბოდნენ. მანქანებმა სამუშაოს მხოლოდ 10% შეასრულეს, დანარჩენი 90% კი 5 000-მა ბიორობოტმა აიღო საკუთარ თავზე.
ეს ფოტო ნაწილობრივ რადიაციის გამოა დაზიანებული.
ბიორობოტებმა თავდადებისთვის სერტიფიკატი და 100 რუბლი მიიღეს (დაახლოებით $75). მათ გარეშე სარკოფაგის აშენება შეუძლებელი იქნებოდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული დავალება იყო თანამედროვე ინჟინერიისათვის. ასეთი მნიშვნელობის შენობა ასეთ მოკლე ვადებში არასდროს აშენებულა. 170 მეტრის სიგრძისა და 66 მეტრის სიმაღლის სარკოფაგმა მთელი მეოთხე რეაქტორი ჩამალა.
სარკოფაგის მშენებლობისთვის გამოყენებული მძიმე ტექნიკა
პილოტები ვერტმფრენებიდან სპეციალურ ქიმიურ კოაგულანტს აფრქვევდნენ.
ამ მეთოდით რადიოაქტიური ნაწილაკები მიწაზე ილექებოდა, საიდანაც მათი მოშორება უფრო ადვილი იყო. საერთო ჯამში ლიკვიდატორებმა 300,000m³ მიწა ამოთხარეს და ორმოებში ჩამარხეს, შემდეგ კი ზემოდან ცემენტი დაასხეს.
მონადირეთა ჯგუფები კვირების განმავლობაში ხოცავდნენ მიტოვებულ შინაურ ცხოველებს. ეს გარდაუვალი "ბოროტება" იყო რადიაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, თავდასხმებისგან მუშების დასაცავად და ცხოველთა ტანჯვის შესამსუბუქებლად. ცხოველები რადიაციისგან გამოწვეული გართულებებისა და შიმშილისგან მაინც დაიხოცებოდნენ.
სარკოფაგი საკმარისად მდგრადი უნდა ყოფილიყო, რომ უკრაინის მკაცრი კლიმატური პირობებისთვის გაეძლო და 20 წლის განმავლობაში შეეკავებინა რადიაციის წარმოუდგენელი დოზა. ამასობაში კი შედარებით საიმედო გამოსავალიც მოიძებნებოდა.
როცა მშენებლები რადიაციის დაშვებულ დოზებს აჭარბებდნენ, მათ ემშვიდობებოდნენ და სახლში აგზავნიდნენ.
ხედი დაზიანებული ტურბინიდან
ყველა მანქანა, რომელიც რეაქტორიდან 30 კილომეტრის რადიუსში მოძრაობდა, საგულდაგულოდ ირეცხებოდა.
მეხანძრეები, რომლებიც პირველები შეებრძოლენ რადიაციას, სათითაოდ დაიღუპნენ გართულებებით მოსკოვის მეექვსე საავადმყოფოში.
ადამიანები, რომლებმაც რადიაციის სასიკვდილო დოზა მიიღეს, ამბობდნენ, რომ რადიაციას მეტალის გემო აქვს. თუ გემოს გრძნობ - ესე იგი, დოზა ძალიან, ძალიან მაღალია.
დასხივების პირველი სიმპტომები თავბრუსხვევა და გულისრევაა, რასაც ენისა და თვალების დასიება მოსდევს. მუხლებში სისუსტეს გრძნობ, თითქოს მთელი ძალა გამოგაცალეს. თუ სასიკვდილო დოზა მიიღე, კანი მალევე გიმუქდება, რასაც ატომურ დამწვრობას უწოდებენ. ერთი ან ორი საათის განმავლობაში თავი გტკივდება, რასაც მოსდევს სიცხე და დიარეა, რის შემდეგაც მსხვერპლების უმრავლესობა გონებას კარგავს.
თავდაპირველი სიმპტომების შემდეგ დგება "ლატენტური" პერიოდი, როცა დასხივებულს შეიძლება ეგონოს, რომ უკეთ ხდება. დასიება იკლებს, თუმცა სხვა სიმპტომები არ ქრება. ამ პერიოდის ხანგრძლივობა დასხივების დოზაზეა დამოკიდებული. შესაძლოა, რამდენიმე დღეც გაგრძელდეს. განსაკუთრებული სისასტიკეა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანებს გამოჯანმრთელების იმედი უჩნდებათ. შემდეგ კი გულისრევა და დიარეა ბრუნდება. მტანჯველი ტკივილი მთელ სხეულში ვრცელდება, პაციენტებს ცხვირიდან და პირიდან სისხლი მოსდით. თმა სცვივათ, კანი ეხევათ და სხეული მთლიანობაში უმუქდებათ.
ამას მოსდევს ძვლების ლპობა. სისხლის ახალი უჯრედები აღარ იქმნება. სიკვდილის წინ იმუნური სისტემა მთლიანად ირღვევა, ფილტვები, გული და სხვა შინაგანი ორგანოები იშლება და შეიძლება პაციენტმა ამოახველოს. ერთი კაცი, რომელიც ჩერნობილში მუშაობდა, ყვებოდა, რომ ფეხზე დგომისას წვივიდან კანი წინდასავით ჩამოუცურდა. მაღალ დოზაზე რადიაცია დნმ-ის სტრუქტურას ცვლის. ასე რომ, შენ აღარ ხარ ის ადამიანი, ვინც იყავი - პირდაპირი გაგებით. მერე კი სიკვდილი დგება.
საბჭოთა კავშირის ოფიციალური წყაროებით, აფეთქების გამო 30 კაცი და ერთი ქალი დაიღუპა. ამ სიაში მხოლოდ ის ადამიანები არიან, რომლებიც შემთხვევისას შენობაში იმყოფებოდნენ. აქ ვერ ნახავთ სამხედრო პერსონალს, რომელიც გაწმენდის ოპერაციისას დაშავდა, მოქალაქეებს, რომლებიც საშიშ ზონასთან ახლოს ცხოვრობდნენ, ექიმებს, ჟურნალისტებს და ასე შემდეგ... იმ ადამიანებს, რომელთა ცხედრებიც თუთიის კუბოებით დამარხეს, რათა მათ რადიაციულ სხეულებს მიწა არ დაებინძურებინათ.
სანამ გარდაცვლილებს მარხავდნენ, ჩერნობილის ზონა უზარმაზარი გამწმენდი ოპერაციის ადგილად იქცა, სადაც ასიათასობით ადამიანი გააგზავნეს - ლიკვიდატორები.
ისინი რეაქტორიდან რამდენიმე კილომეტრში, კარვებში ცხოვრობდნენ.
მათი ერთ-ერთი მთავარი დავალება მიწისთვის ზედა ფენის მოცილება და ღრმად ჩამარხვა იყო.
პრიპიატის მანქანები ერთ ადგილას შეკრიბეს.
ლიკვიდატორებს მთელი ოპერაციის განმავლობაში არასათანადოდ ეცვათ. მათ მხოლოდ სამი ხელი ტანსაცმელი მისცეს, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში უნდა ეკმარათ.
მუშები თავადაც არ უდგებოდნენ სერიოზულად საკუთარი უსაფრთხოების საკითხს:
"ჩვენი დამცავი ტანსაცმელი რესპირატორებისა და აირწინაღებისგან შედგებოდა. მათ არავინ იკეთებდა, რადგან გარეთ 30 გრადუსი იყო", - იხსენებს ივან ჟუკოვი, - "თუ გაიკეთებდი, მოკვდებოდი. ხელს ვაწერდით, რომ დამცავი აღჭურვილობა მივიღეთ, მერე კი ამის შესახებ ვივიწყებდით".
ეს იგორ კოსტინის მიერ გადაღებული ცნობილი ფოტოა. ლიკვიდატორი ამბობდა, რომ სახლში მიტოვებული ჩვილი იპოვა, თუმცა არავინ იცის, რა ბედი ეწია მას.
აუზი არ გაუუქმებიათ, რათა მუშებს დროდადრო ებანავათ და სტრესი მოეხსნათ.
ქალაქში ყველაფერი უნდა გაწმენდილიყო.
სამუშაოს თვეები დასჭირდა. თითქოს საქმის სიმძიმე საკმარისი არ იყო, ყოველ ჯერზე, როცა რეაქტორიდან 100 კილომეტრის რადიუსში წვიმდა, ახალი დაბინძურების კერები ჩნდებოდა, რადგან რადიოაქტიური ღრუბლები ჯერაც არსებობდა.
1986 წლის ბოლოსთვის ლიკვიდატორებმა 600-ზე მეტი სოფელი და ქალაქი გაწმინდეს.
თუ სახლის გაწმენდა შეუძლებელი იყო, მას უბრალოდ მიწაში მარხავდნენ.
სარკოფაგის მშენებლობა 1986 წლის ნოემბერში დასრულდა.
206 დღის განმავლობაში მშენებლებმა 400,000m³ ცემენტი და 7,300 ტონა მეტალი გამოიყენეს.
ზამთარი მნიშვნელოვანი გამოცდა იყო. თუ თოვლი დადნებოდა, ესე იგი, კაცობრიობას სერიოზული პრობლემა ჰქონდა. თოვლი არ დამდნარა.
ჩერნობილი ჩაკეტილ ზონად გამოცხადდა.
სანამ სარკოფაგის მშენებლობა დასრულდებოდა, გამბედავი მეცნიერების ჯგუფი კვლავ შევიდა მეოთხე რეაქტორში, რათა საფრთხეები შეესწავლა.
ყველას ეშინოდა, რომ აფეთქება განმეორდებოდა, რადგან რეაქტორი "უკონტროლო" იყო. ექსპედიციას უნდა დაედგინა, არსებობდა თუ არა კიდევ ერთი კატასტროფის შანსი.
მეცნიერებმა რეაქტორის განადგურებული და წყობიდან გამოყვანილი მექანიზმი ფანრებით შეისწავლეს. ერთ-ერთი მეცნიერი იხსენებს: "იმ მომენტისთვის მეოთხე რეაქტორში არც ერთი უსაფრთხო ზონა არ არსებობდა. ისეთ ადგილებში ვხვდებოდით, სადაც გამოსხივება 100, 200, 250 რენტგენი იყო საათში. ასეთ დროს ყველაფერი მოულოდნელი სცენარით ვითარდება. მიდიხარ დერეფანში და რადიაციის დონე ნორმალურია, 1 ან 5 რენტგენი საათში, მერე უცებ შეუხვევ და დოზიმეტრი გაჩვენებს, რომ 500 რენტგენია საათში. ერთადერთი, რაც დაგრჩენია, გაქცევაა".
აფეთქებიდან ექვს თვეში, დეკემბერში, მეცნიერებმა კედელში მოთავსებული კამერების დახმარებით საწვავი იპოვეს, რომელიც ჯერაც ძალიან რადიოაქტიური იყო. მასთან მიახლოება სიკვდილის ტოლფასი იყო.
მეცნიერებს რეაქტორი უფრო ახლოდან უნდა ენახათ, ასე რომ მათ ნავთობის ინდუსტრიაში მომუშავე ინჟინრებს სთხოვეს, ბეტონის საყრდენი ბოძები გაეხვრიტათ. 1988 წლის ზაფხულში, 18-თვიანი ბურღვის შემდეგ კამერამ ბირთვში ჩააღწია.
"უამრავი თეორია არსებობდა იმის შესახებ, რა სურათი შეიძლება გვენახა", - ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, ბუზულუკოვი, - "თუმცა ყველა ვთანხმდებოდით, რომ იქ რეაქტორის დაზიანებული ბირთვი დაგვხვდებოდა, სავარაუდოდ, საწვავის ღერძებთან გადახლართული გრაფიტის ბლოკები. თუმცა შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა. რეაქტორი ცარიელი იყო"
1991 წელს ექსპედიციის წევრებმა გადაწყვიტეს, რეაქტორის ნანგრევებში ჩასულიყვნენ. მეორე აფეთქების რისკი იმდენად დიდი იყო, რომ მისი იგნორირება არ გამოვიდოდა.
გრაფიტის ფრაგმენტებში ცოცვის შემდეგ მკვლევრები ცხელ ბეტონს მიადგნენ, რომელიც ქვემოდან თბებოდა. ახლოს მისვლისას მათ აღმოაჩინეს, რომ სიცხე რადიოაქტიური ლავიდან მოდიოდა. გუნდმა რეაქტორის ბაზისკენ მიმავალი ვიწრო დანგრეული დერეფანი დოზიმეტრების შემაშფოთებელი წრიპინის ხმაზე გაიარა (ეკრანი 1 000 რენტგენს აჩვენებდა). ერთ-ერთმა მეცნიერმა შეამჩნია, რომ ქვედა ბიოლოგიურ ფარს კედელი ჩაენგრია. ნელ-ნელა გამოცანის ყველა დეტალი ხილული ხდებოდა.
აი, რა მოხდა იმ საბედისწერო დილას: აფეთქებამ, რომელმაც რეაქტორს სახურავი ახადა, ამავე დროს გვერდითა კედლებიდან ქვიშა და ცემენტიც დაადნო. დარტყმის ძალამ ბირთვის ქვედა ნახევარი (მათ შორის, ქვედა დამცავი ფენაც) რამდენიმე მეტრით ქვემოთ ჩააგდო.
მომდევნო კვირის განმავლობაში რადიოაქტიური ნარჩენების ხრწნისგან გამოყოფილმა სიმხურვალემ საწვავის ნაერთი დაადნო, რომელიც ჩამოიღვარა და ცემენტსა და ქვიშაში აირია. ასე წარმოიქმნა რადიოაქტიური ლავა, სახელად კორიუმი. შემდეგ ამ ლავამ ყველა მილსა და ბზარში შეაღწია.
ამ ილუსტრაციაზე საწვავის მოძრაობის ტრაექტორიაა გამოსახული. რადიოაქტიური ლავისგან ჩამოყალიბებულ უკიდურესად საშიშ მასას სპილოს ფეხს უწოდებენ. ამ მასასთან სიახლოვე 3 წუთზე ნაკლებ დროში კლავს ადამიანს.
არტურ კორნეიევი, სარკოფაგის პროექტის დირექტორის მოადგილე "სპილოს ფეხთან", 1996 წელი.
დაზიანებული ტურბინები
1987 წელს საბჭოთა პოლიტიკურ ელიტას უნდა გადაეწყვიტა, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას ამ კატასტროფაზე. საბჭოთა სასამართლომ ექვს ადამიანს წაუყენა ბრალი, მათ შორის, ბრიუხანოვს (რეაქტორის მენეჯერს), დიატლოვს (უფროსი ინჟინრის მოადგილეს და ტესტის გაგრძელების გადაწყვეტილების ავტორს) და ნიკოლაი ფომინს (რეაქტორის მთავარ ინჟინერს).
საბჭოთა ლიდერებს ვ.პ ვოლკოვისგან, კურჩატოვის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის ლიდერისგან უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აფეთქება დიზაინის კრიტიკული შეცდომებით იყო გამოწვეული, თუმცა იმის აღიარება, რომ საბჭოთა რეაქტორები სრულყოფილებისგან შორს იყო, არავის გეგმაში არ შედიოდა. საბჭოთა კავშირი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უპირატესობის კონცეფციაზე იდგა. არსებობდა შიშიც იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კატასტროფა ატომური ენერგიის იდეას ეჭვქვეშ დააყენებდა, რასაც ისედაც მყიფე ეკონომიკა ვეღარ გადაიტანდა.
საბჭოს თავმჯდომარეს რეაქტორის დეფექტებზე საუბარი არ უნდოდა. მუშაობის პრინციპის ნაკლოვანებები შერბინამ და ლეგასოვმა თავიდანვე აღმოაჩინეს, თუმცა მოსამართლეებმა მათი ანგარიშიდან მხოლოდ ის ნაწილები დაიტოვეს, რომლებიც ოპერატორების ბრალეულობაზე მიუთითებდა. ე.წ. "დამოუკიდებელი ექსპერტები" სინამდვილეში იმ ინსტიტუტებიდან არჩეული ადამიანები იყვნენ, რომელთაც თავის დროზე RBMK რეაქტორი შექმნეს.
ექვსივე ბრალდებული დამნაშავედ სცნეს და დააპატიმრეს. ბრიუხანოვი და დიატლოვი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვადაზე ადრე გამოუშვეს. მთავარი ინჟინერი ნიკოლაი ფომინი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების გამო ფსიქიატრილ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცნაურია, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ მას კალინინის ატომურ რეაქტორზე სამუშაოდ დაბრუნების ნება მისცეს.
ლეგასოვი მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა "ოფიციალურ ვერსიას" იმასთან დაკავშირებით, რომ აფეთქება მხოლოდ პერსონალის ბრალი იყო. ამ წინააღმდეგობამ მისი კარიერა შეიწირა. რეპუტაციასთან ერთად ნელ-ნელა ნადგურდებოდა მისი ჯანმრთელობაც. უსამართლობისა და პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთის გამო მან ტრაგედიის ორი წლის იუბილეზე თავი ჩამოიხრჩო. წინა დღეს მისი წინადადება უკეთესი საბჭოთა სამეცნიერო საზოგადოების შესაქმნელად მთავრობამ უარყო.
პრიპიატი ისევ მიტოვებულია.
ახალი ატომური ელექტროსადგურების შენება ზოგ შემთხვევაში შეჩერდა, ზოგ შემთხვევაში კი სრულიად გაუქმდა.
მთავრობამ RBMK დიზაინის გაუმჯობესებაზე მუშაობა შეწყვიტა, არსებული რეაქტორების გაუმჯობესების გარდა, ამ ტიპის რეაქტორებზე სხვა სამუშაოები აღარ ჩატარებულა. 17 RBMK რეაქტორიდან დღეს 11 ისევ მოქმედებს. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა VVER ტიპის რეაქტორი აეშენებინა, რომელიც თავდაპირველად RBMK-ს კონკურენტი იყო.
ჩერნობილის მახლობლად ასეთი ცხოველების ნახვა ჩვეულებრივ ამბად იქცა.
ოპერაციების დროს გამოყენებული მანქანები მეტჯერ აღარავის დაუქოქავს. ისინი წლების განმავლობაში მინდორში ეყენა, მერე კი ეტაპობრივად ჩამარხეს.
საკონტროლო ოთახი დღეს ასე გამოიყურება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სარკოფაგი დროებით სტრუქტურად იყო ჩაფიქრებული. მას დაახლოებით 20 წელი უნდა გაეძლო. 1997 წელს 46 სხვადასხვა ქვეყანა და ორგანიზაცია მის ჩასანაცვლებლად გაერთიანდა. ახალი საფარის ასაშენებლად €2 მილიარდი გამოიყო. მშენებლობა 2011 წელს დაიწყო.
უზარმაზარი თაღი სიგანეში 250 მეტრია, სიგრძეში კი - 165. ის 30 000 ტონას იწონის და მეოთხე რეაქტორიდან 400 მეტრის მოშორებით იწყება. ახალ საცავში არსებული სარკოფაგიცაა მოთავსებული. ძველი სტრუქტურისგან განსხვავებით, თაღმა 100 წელი უნდა გაძლოს, რა დროისთვისაც მეოთხე რეაქტორი სახიფათო აღარ იქნება. სურათზე თაღი 2016 წლის აპრილის მდგომარეობითაა გამოსახული.
2014 წელს ჩერნობილის საკვამური მოხსნეს.
ასე გამოიყურება პრიპიატი ახლა.
ჩერნობილის მემორიალი, სლავიტუჩი - ქალაქი, რომელიც პრიპიატის ჩასანაცვლებლად აშენდა. მარცხნივ აკიმოვის სურათი მოჩანს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვასსს-ის მტკიცებით, უწყებას აქტივისტ ნატალი ჭანიშვილთან არცერთი ზარი არ განუხორციელებია სსს-ის მტკიცებით, უწყებას აქტივისტ ნატალი ჭანიშვილთან არცერთი ზარი არ განუხორციელებია
-
-
გადახედვათსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ თსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ
-
გადახედვაპიტერ ფიშერის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს პიტერ ფიშერის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს
-
გადახედვა"ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს "ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს
-
გადახედვამერია: კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მერია: კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
გადახედვაილიაუნის "ა" კორპუსის წინ ხვალ 7 ლექცია ჩატარდება — ლექციების განრიგი ილიაუნის "ა" კორპუსის წინ ხვალ 7 ლექცია ჩატარდება — ლექციების განრიგი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე გახარიას გუნდს შეხვედრას სთავაზობს მამუკა ხაზარაძე გახარიას გუნდს შეხვედრას სთავაზობს
-
გადახედვა22 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება 22 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
-
გადახედვაგიორგი ვაშაძე: შაბათს გვექნება დიდი აქცია გიორგი ვაშაძე: შაბათს გვექნება დიდი აქცია
-
გადახედვაპუტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინაში ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს პუტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინაში ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს
-
გადახედვასსს ცრუს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს სსს ცრუს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს
-
გადახედვაეუთო/ოდირი: ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით ეუთო/ოდირი: ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით
-
გადახედვაპროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა — ქალი კლინიკაში გარდაიცვალა პროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა — ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
-
გადახედვალიზი თირქია: საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა ლიზი თირქია: საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა
-
გადახედვაგიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ გიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ
-
გადახედვა1 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი იქნება 1 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი იქნება
-
გადახედვადამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქართულ დიასპორას ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქართულ დიასპორას ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა
-
გადახედვაგიორგი კალანდარიშვილს 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია გიორგი კალანდარიშვილს 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია
-
გადახედვააზერბაიჯანელ აქტივისტ ვაფა ნაგს COP29-ის პროტესტისთვის სამთავრობო მედია ესხმის თავს აზერბაიჯანელ აქტივისტ ვაფა ნაგს COP29-ის პროტესტისთვის სამთავრობო მედია ესხმის თავს
-
გადახედვაარსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია არსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია
კომენტარები