Chernobyl-ის ვასილი იგნატენკო რეალურად არსებობდა – ეს მისი ისტორიაა
HBO-ს პროექტი Chernobyl ერთი ადამიანის ისტორია არაა. ის ყველა იმ ადამიანზე მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებაც 1986 წელს ჩერნობილის ატომურ რეაქტორთან სიახლოვემ შეცვალა. ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელსაც სერიალის შემქმნელებმა განსაკუთრებით დიდი დრო დაუთმეს, ვასილი იგნატენკოა – მეხანძრე, რომელიც იმ ხანძარს ებრძოდა, რომლის ჩაქრობაც შეუძლებელი იყო. ის ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა გამოძახებას და შესაბამისად, რადიაციის ყველაზე მაღალი დოზა მიიღო. ვასილი დასხივებით გამოწვეული პრობლემების გამო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი სიკვდილი სერიალში შოკისმომგვრელი სიზუსტით არის ნაჩვენები.
ვასილის მოგონებები და განცდები მისმა ცოლმა, ლიუდმილა იგნატენკომ შემოინახა, შემდეგ კი სვეტლანა ალექსიევიჩს გადასცა წიგნისთვის, რომელმაც 2015 წელს ნობელის პრემია დაიმსახურა: Voices of Chernobyl: The Oral History Of A Nuclear Disaster. როგორც The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებული ნაწყვეტიდან ჩანს, ლიუდმილა არა მხოლოდ იმ საშინელებებს იხსენებს, რომელთა გადატანაც რადიაციით დაშავებულებს მოუხდათ, არამედ იმ გაურკვევლობასაც, რომელიც ჩერნობილის აფეთქებას ზოგადად ახლდა.
"ისინი ცდილობდნენ, ცეცხლი დაემარცხებინათ", - ამბობდა ლიუდმილა ვასილისა და სხვა მეხანძრეების შესახებ, - "აალებულ გრაფიტს ფეხით წევდნენ გვერდით, სათანადო აღჭურვილობა არ ეცვათ. რადიაციის რისკის შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია".
ექიმმა ლიუდმილას უთხრა, რომ ვასილის ცენტრალური ნერვული სისტემა და თავის ქალა სამუდამოდ დაუზიანდა და მის გვერდით ტირილი აუკრძალა: "თუ ტირილს დაიწყებ, მაშინვე გამოგაგდებ. არავითარი ჩახუტება და კოცნა. ახლოსაც არ მიხვიდე. მხოლოდ ნახევარი საათი გაქვს".
მიზეზი, რის გამოც ლიუდმილას ქმართან შეხება აუკრძალეს, მალე ხილული გახდა: ვასილის სხეულმა რადიაციის გამო დაშლა დაიწყო.
"დღეში 25-30-ჯერ გადიოდა კუჭში და ყოველ ჯერზე სისხლით და ლორწოთი. ხელებზე და ფეხებზე კანი უსკდებოდა. მთლიანად ძირმაგარებით იყო დაფარული. ყოველ ჯერზე, როცა თავს გვერდით აბრუნებდა, ბალიშზე თმის ნაწილი რჩებოდა", - ყვება ლიუდმილა, - "ვეხუმრებოდი, რა მოსახერხებელია, სავარცხელი აღარ გჭირდება-მეთქი".
ვასილი იგნატენკო საავადმყოფოში მიყვანიდან 14 დღეში გარდაიცვალა, ისევე, როგორც სხვა მეხანძრეები, რომლებიც აფეთქების ღამეს რეაქტორთან იმყოფებოდნენ.
ჩერნობილის ტრაგედიამ უამრავი სხვა ადამიანიც იმსხვერპლა, თუმცა ლიუდმილას მონათხრობი სერიალის ემოციურ ბირთვს წარმოადგენს. მისი სიუჟეტური ხაზი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ახალდაქორწინებულების იდილიური ქორწინება ერთ ღამეში იქცეს ტრაგიკულ სასიყვარულო ისტორიად. ვასილი ერთ-ერთია იმ უამრავი ადამიანიდან, რომელთა ცხოვრებაც საბედისწერო შეცდომების ჯაჭვის გამო დასრულდა და ერთგვარი კრებითი სახეა ყველა იმ მსხვერპლის, რომელთაც ვერ წარმოედგინათ, რომ რეაქტორის აფეთქება საერთოდ შესაძლებელი იყო.
ლიუდმილა იგნატენკოს მონათხრობი – ნაწყვეტი წიგნიდან
ახალდაქორწინებულები ვიყავით და ჯერაც ხელჩაკიდებულები დავდიოდით, მაშინაც კი, როცა მაღაზიაში რაიმეს ვყიდულობდით. ხშირად ვეუბნებოდი, მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რამდენად ძლიერი იყო ეს გრძნობა.
სახანძრო განყოფილების საერთო საცხოვრებელში სამ ახალგაზრდა წყვილთან ერთად ვცხოვრობდით. საზიარო სამზარეულო გვქონდა. ქვედა სართულზე სახანძრო მანქანები ეყენა. ეს იყო მისი სამსახური.
ერთ ღამეს აფეთქების ხმამ გამაღვიძა. ფანჯრიდან გავიხედე. ვასილიმ დამინახა და მითხრა: "ფანჯარა დახურე და დაიძინე. რეაქტორთან ხანძარია. მალე დავბრუნდები".
აფეთქება არ დამინახავს, მხოლოდ ცეცხლი. ყველაფერი გადანათებული იყო. მთელი ცა. ცეცხლი საკმაოდ მაღლა აღწევდა. კვამლიც იყო. აუტანლად ცხელოდა, ის კი ჯერ არ ბრუნდებოდა. ცეცხლი მთელ სახურავს იყო მოდებული. მოგვიანებით მითხრა, იქ გავლა კუპრში სიარულს ჰგავდაო.
ცდილობდნენ, ცეცხლი ჩაექროთ. სპეციალური აღჭურვილობა არ ჰქონიათ. გავარვარებულ გრაფიტებს ფეხით წევდნენ გვერდით. რადიაციის რისკის შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია.
დილის შვიდ საათზე მითხრეს, საავადმყოფოშიაო. მაშინვე იქ გავიქეცი, მაგრამ პოლიცია უკვე მობილიზებული იყო. არავის უშვებდნენ, სასწრაფოს მანქანების გარდა. პოლიციელმა დაიყვირა: "სასწრაფოს მანქანები რადიოაქტიურია, გვერდით გაიწიეთ"
მერე კი დავინახე... მთლიანად დასიებული იყო. თვალები აღარ უჩანდა.
– რძე სჭირდება, ძალიან ბევრი რძე, - მითხრა მეგობარმა, - თითოეულმა სამი ლიტრი მაინც უნდა დალიოს.
– ჰო, მაგრამ რძე რომ არ უყვარს?!
– უნდა შეიყვაროს.
ექიმები და მედდები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მიმღებში მუშაობდნენ, თვითონაც დაავადდებოდნენ და მოკვდებოდნენ, თუმცა მაშინ ეს არ ვიცოდით.
იმ საღამოს საავადმყოფოში ვერ შევაღწიე. ექიმი გამოვიდა და გვითხრა, მოსკოვში უნდა გადავიყვანოთ და ტანსაცმელი მოიტანეთო. ის ტანსაცმელი, რომელიც გამოძახების ღამეს ეცვათ, დამწვარი იყო. ავტობუსები აღარ დადიოდა და მთელი ქალაქი სირბილით გადავჭერით. უკან ჩანთებით დავბრუნდით, მაგრამ თვითმფრინავი უკვე წასული დაგვხვდა. მოგვატყუეს.
მოსკოვში სპეციალური საავადმყოფო იყო, რადიოლოგიის განხრით. იქ საშვის გარეშე ვერ შეხვიდოდი, თუმცა კარში მდგომ ქალს ფული მივეცი და გვერდზე გაიწია. მერე კიდევ ვიღაცისთვის უნდა მეთხოვა. ბოლოს კი, როგორც იქნა, მთავარ რადიოლოგთან აღმოვჩნდი ოთახში. მაშინვე მკითხა, ბავშვები თუ გყავთო.
რა უნდა მეთქვა? ორსულობის გამხელა არ შეიძლებოდა, თორემ ვასილის ნახვის უფლებას არ მომცემდნენ. გამხდარი ვიყავი და ვერაფერს მიხვდებოდნენ
– გვყავს, - ვუპასუხე მე.
– რამდენი?
ორი უნდა მეთქვა. მხოლოდ ერთს თუ ვეტყოდი, არ შემიშვებდნენ.
– ბიჭი და გოგო.
– ძალიან კარგი, ესე იგი, მეტის გაჩენა საჭირო აღარაა. ახლა მისმინე: ცენტრალური ნერვული სისტემა მთლიანად დაზიანებული აქვს. თავის ქალაც დაზიანებული აქვს.
კარგი, ვფიქრობდი მე, ესე იგი, შეიძლება გართულებები დარჩეს...
– და კიდევ: თუ ტირილს დაიწყებ, მაშინვე გამოგიყვან. არავითარი კოცნა და ჩახუტება. მიახლოებაც არ შეიძლება. ნახევარი საათი გაქვს.
ვასილი სასაცილოდ გამოიყურებოდა: ზომაზე პატარა პიჟამა ეცვა. სახელოები ძალიან მოკლე ჰქონდა, შარვლის ტოტებიც ზემოთ ჰქონდა აწეული. დასიებას გაევლო. როგორც ჩანს, გადასხმები გაუკეთეს.
– აქ როგორ გაჩნდი? - მკითხა და ჩასახუტებლად გამოიწია.
ექიმმა უფლება არ მისცა: არავითარი ჩახუტებები.
იმ პირველ დღეს ხელსაწყოთი გამზომეს. ტანსაცმელი, ჩანთა, ფეხსაცმელი – ყველაფერი "ცხელი იყო". ყველაფერი გამომართვეს და სადღაც წაიღეს, საცვლებიც კი. მხოლოდ ფული დამიტოვეს.
ყოველდღიურად იცვლებოდა. თითქოს სხვადასხვა ადამიანი იყო. დამწვრობები ზედაპირზე ამოსდიოდა: პირში, ენაზე, ლოყებზე. თავიდან პატარა ნაპრალივით ჩნდებოდა და მერე იზრდებოდა, მერე ფენებად იშლებოდა - თეთრი ფირივით. სახე.. სხეული... სხვადასხვა ფერის კანი ჰქონდა: წითელი, ლურჯი, მოყავისფრო-მოშავო...
ერთადერთი, რამაც გადამარჩინა, ის იყო, რომ ყველაფერი სწრაფად ხდებოდა. ტირილის დრო არ მქონდა, არც ფიქრის. საავადმყოფო სავსე იყო სასიკვდილოდ დასხივებული პაციენტებით. 14 დღე. 14 დღეში კვდება ადამიანი.
ფეხებზე და ხელებზე კანი უსკდებოდა და ნახეთქებითა და ძირმაგარებით იფარებოდა. თავის ოდნავ გადაბრუნებისას ბალიშზე თმა რჩებოდა. "მოსახერხებელია, სავარცხელი აღარ დაგჭირდება", - ვეხუმრებოდი მე. მალე თმა მთლიანად მოაცილეს.
მედდას ვუთხარი, კვდება-მეთქი. მან კი მიპასუხა: "რა გეგონა? 1600 რენტგენი მიიღო. სასიკვდილო დოზა ოთხასია. ფაქტობრივად ატომურ რეაქტორთან ზიხარ".
როცა ყველანი დაიღუპნენ, საავადმყოფო თავიდან ააწყვეს. კედლები ჩამოფხიკეს, პარკეტი აყარეს. როცა ვასილი მოკვდა, სამსახურის უნიფორმაში გამოაწყვეს, თავზე ჩაფხუტით. ფეხსაცმელი ვერ ჩააცვეს, რადგან ფეხები ძალიან დასიებული ჰქონდა. ასე დამარხეს, ფეხშიშველი. ჩემი სიყვარული.
კომენტარები