ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ინდური ცივილიზაციის წარმომადგენლები
მეცნიერებმა 2500 წლის წინ ამჟამინდელი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ორი ადამიანის სახე ციფრულად აღადგინეს. ეს რეალისტური მოდელები სოფელ კონდაგაიში მიკვლეული თავის ქალების მიხედვით შეიქმნა.
აღნიშნული ტერიტორია მასთან მდებარე კილედის არქეოლოგიური ზონის მაცხოვრებელთა სასაფლაოდ მიიჩნევა. ეს იყო რთული ურბანული ცივილიზაცია, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 580 წლიდან არსებობდა. მათი კულტურიდან აგურის სახლები, ფილებიანი სახურავები, იმ დროისთვის მოწინავე წყლის სისტემები და ტექსტებია შემორჩენილი. ცნობილია ისიც, რომ მათ შორეულ რეგიონებთან სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ.
ცივილიზაციის კვალი პირველად 2013 წელს აღმოაჩინეს. ექსპედიციებისას ძველი ურბანული დასახლების მხოლოდ მცირე ნაწილსა და მასთან დაკავშირებულ სასაფლაოს მიაგნეს. მეცნიერები იქ არსებული ჩონჩხების დნმ-ის ანალიზის გზით ამ ადამიანებზე მეტის გაგებას ცდილობენ.
მათ შორის ორ თავის ქალას არქეოლოგებმა 2021 წელს სპეციალურ დასამარხ ჭურჭელში მიაკვლიეს, რომლებიც იქ ათობითაა. სამარხებში სამკაულები, კერამიკა და საკვებიცაა აღმოჩენილი. დადგინდა, რომ ორივე ინდივიდი კაცი იყო, 50 და 60 წლის. მათი სიკვდილის მიზეზი უცნობია.
ამ ადამიანების სახეების აღსადგენად ავტორებმა თავის ქალებს კომპიუტერული ტომოგრაფით სურათები გადაუღეს და სამგანზომილებიანი მოდელები შექმნეს. შემდეგ ეს მონაცემები დიდ ბრიტანეთში მდებარე Face Lab-ში გაგზავნეს, რომელიც სწორედ სახეების რეკონსტრუქციაზე მომუშავე კვლევითი ორგანიზაციაა.
იქ სპეციალისტებმა სახის შემადგენელი ელემენტები — კუნთები, ცხიმი და კანი — ციფრულად აღადგინეს. ამისთვის სამხრეთ აზიის თანამედროვე პოპულაციების გარეგნული მახასიათებლები გამოიყენეს. თვალების, კანისა და თმის ფერი გარკვეულწილად ინტერპრეტაციულია ისევე, როგორც ასაკობრივი ნიშნები.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მოდელები პირველადი ვერსიებია და თავის ქალებიდან მოპოვებული დნმ-ის ანალიზის შედეგად შეიძლება შეიცვალოს. ეს მათი წარმომავლობის შესახებ მეტის გაგებაშიც დაგვეხმარება. თავდაპირველი გენეტიკური კვლევის თანახმად, ისინი თანამედროვე სამხრეთაზიულ პოპულაციებს ენათესავებიან, ანუ, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის წინაპრები იყვნენ.

კომენტარები