ილონ მასკის Grok AI მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ჩარლი კირკი ცოცხალია
ფოტო: Jim Watson / Andri Tambunan / AFP via Getty / Futurism
ცნობილი მემარჯვენე აქტივისტი, ჩარლი კირკი, 10 სექტემბერს სროლის შედეგად მოკვდა. როგორც სხვა მსგავსი მოვლენების შემთხვევაში, მცდარი ინფორმაცია ამ თავდასხმის შემდეგაც მალე გავრცელდა. ამჯერად ამ საქმეში ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი, Grok AI-ც, ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ მას სოციალური პლატფორმა X (ყოფილი Twitter) ფაქტების გადასამოწმებლად იყენებს.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩატბოტს ჰკითხა, მსგავსი ჭრილობის შემდეგ საერთოდ თუ იყო შესაძლებელი კირკის გადარჩენა, რაზეც ბოტმა უპასუხა, რომ აქტივისტი ცოცხალია და თავს მშვენივრად გრძნობს.
მსგავსმა პასუხმა მეორე მომხმარებელი გააკვირვა. ის ჩატბოტს შეედავა და უთხრა, რომ კისრის არეში დაჭრილი ადამიანის გადარჩენა წარმოუდგენელია. ამაზე ბოტმა უპასუხა, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო ხელოვნურადაა დამუშავებული და სინამდვილეში კირკისთვის არც არავის უსვრია.
მასკი ხშირად აცხადებს, რომ სხვებისგან განსხვავებით თავისი ჩატბოტი ჭეშმარიტებასთან ყოველთვის მაქსიმალურად ახლოსაა, თუმცა ბოლოდროინდელის მსგავსი შემთხვევები ამაში გვაეჭვებს.
ამის შემდეგ ჩატბოტმა შეცდომა გაასწორა: "ჩარლი კირკს იუტის ველის უნივერსიტეტში ესროლეს. როგორც ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, აქტივისტი შემთხვევას ვერ გადაურჩა".
მეორე მხრივ, 12 სექტემბრის დილას Grok AI ისევ თავის "აზრს" დაუბრუნდა და მომხმარებლებს ატყობინებს, რომ კირკი ცოცხალია და მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებული ამბები უბრალოდ "სატირაა".
"ჩარლი კირკი დღესაც ცოცხალი და აქტიურია. არცერთი სანდო წყარო მის სიკვდილს არ ადასტურებს. შესაბამისად, ისიც ჭორია, რომ ტრამპი მას სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპრეზიდენტო მედალს გადასცემს. ისეთი წყაროები, როგორებიცაა Fox, CNN და NYT კირკის სიკვდილს არ ადასტურებს, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს უბრალოდ ინტერნეტში გავრცელებული მიმია. თუ საპირისპირო შინაარსის მასალა გავრცელდება, განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით", — უთხრა ჩატბოტმა ერთ-ერთ მომხმარებელს.
Grok-ს მომხმარებლები კირკის მკვლელის ვინაობის შესახებაც შეჰყავს შეცდომაში. თავიდან New York Times-მა გამოაქვეყნა, რომ ეჭვმიტანილი 77 წლის კანადელი კაცი, მაიკლ მოლინსონი, იყო. პოლიციამ იგი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა X-ის მომხმარებლებს Grok მაინც აქტიურად ეუბნებოდა, რომ მკვლელი სწორედ მოლინსონი იყო.
კომენტარები