სადღაც დილის სამი საათი იქნებოდა, ალექსანდრე ესაულოვი რომ ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. "ჯანდაბა!", - გაიფიქრა მან, სანამ ყურმილის მოსაძებნად ხელს აფათურებდა, - "ეს შაბათ-კვირაც არ შემარგეს".

მას შემდეგ, რაც მეუღლე და შვილები რამდენიმე კვირით ცოლის მშობლების სახლში გაეშვა, ესაულოვი ნანატრი მარტოობის რამდენიმე დღის თავის გემოზე გატარებას გეგმავდა: შესაძლოა, სათევზაოდაც კი მოეხერხებინა ცოტა ხნით გაძვრომა. სახლში ორი ბავშვის ყოლა, - მისი გოგო ხუთი წლისა იყო, ბიჭი კი მალე ექვსი თვის შესრულდებოდა, - იმას ნიშნავდა, რომ სამსახურის გარეთაც არ აკლდა საქმეები. ამასთან, როგორც ქალაქ პრიპიატის აღმასრულებელი კომიტეტის, ისპოლკომის თავმჯდომარის მოადგილე, რაც, რეალურად მერის მოადგილეობას ნიშნავდა, ესაულოვი თავის დღეებს დაუსრულებელი ადმინისტრაციული თავისტკივილების მოგვარებაში ატარებდა.

პრიპიატში ის კიევიდან ჩამოსულიყო, სადაც ქალაქის მუნიციპალური საფინანასო დაგეგმარების დეპარტამენტში მუშაობდა. ეს 33 წლის ბუღალტერისა და მისი ოჯახისთვის კარიერულ კიბეზე მნიშვნელოვან აღმასვლას ნიშნავდა: უკან დარჩა ჩამომპალი კომუნალური ბინა, სადაც ყოველ დილით სააბაზანოს რიგში უნდა მდგარიყავი; სანაცვლოდ კი, ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე ყოფნა და პრესტიჟული სამუშაო ადგილი ერგო. ახლა საკუთარი მდივანიც ჰყავდა და, მართალია, მოძველებული, მაგრამ მუშა მანქანითაც სარგებლობდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ახალი პასუხისმგებლობები ესაულოვისთვის მძიმე აღმოჩნდა. მას არა მხოლოდ ქალაქ პრიპიატის ბიუჯეტის, ხარჯებისა და შემოსავალისათვის უნდა ეხელმძღვანელა, არამედ, ამასთან, დაგეგმარების კომისიის უფროსის ვალდებულებებსაც ითავსებდა და ტრანსპორტირებას, ჯანდაცვას, კომუნიკაციას, გზისა და ქალაქის დასუფთავებას, დასაქმების ბიუროსა და სამშენებლო მასალების დისტრიბუციასაც ზედამხედველობდა. დღე ისე არ გავიდოდა, რომ რაღაც მწყობრიდან არ გამოსულიყო და პრიპიატის მოქალაქეები ნებისმიერი გაუმართაობის გასაპროტესტებლად ყოველთვის მზად იყვნენ.

ქალაქ პრიპიატის მერიის შენობაში ქალაქის ადმინისტრაციის შტაბი, იგივე ისპოლკომი და ქალაქის პარტიული ადმინისტრაცია იყო განლაგებული. ხოლო ზედა სართულზე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, იმავე სუკის კაბინეტები მდებარეობდა.

ფოტო: Vitaly Kozlov / Pripyat-city.ru

ყურმილის მეორე მხარეს მარია ბოიარჩუკი აღმოჩნდა, ისპოლკომში მომუშავე მდივანი. ის ახლახან გაეღვიძებინა მეზობელს, რომელიც ატომური ელექტროსადგურიდან დაბრუნებულიყო. იქ ინციდენტი მომხდარიყო: ხანძარი გაჩენილიყო... შესაძლოა, აფეთქების შედეგად.

დილის 3:50 საათისთვის ესაულოვი უკვე აღმასრულებელ კომიტეტში, თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა. თავმჯდომარე - ქალაქის მერი - საქმის ვითარებაში გასარკვევად სადგურში წასულიყო. ესაულოვმა პრიპიატის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელს დაურეკა, რომელიც საწოლიდან მაშინვე წამოხტა და სამსახურში გამოცხადდა. მაგრამ არცერთმა მათგანმა არ იცოდა, რა უნდა მოემოქმედებინა. სადგურს საკუთარი სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ჰყავდა და ქალაქის ადმინისტრაციას მათ წვრთნაში მონაწილეობა არასოდეს მიეღო. სადგურზე უბედური შემთხვევები აქამდეც მომხდარაიყო, მაგრამ ისინი ყოველთვის ყოველგვარი აურზაურის გარეშე გვარდებოდა.

ახლა ისინი სადგურთან დასაკავშირებლად ყველა იმ ნომერზე რეკავდნენ, რომელიც კი მოეპოვებოდათ, მაგრამ, არავინ არაფერს ეუბნებოდათ. ისიც კი იფიქრეს, თავად ხომ არ წასულიყვნენ იქ, მაგრამ მანქანა არ ჰყავდათ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ, ჯდომა და ლოდინი იყო. ფანჯრის მიღმა ლამპიონები მოედნის გარშემო ქარვისფერი ნათების გუბეებს აყენებდნენ; კურჩატოვის ქუჩის გასწვრივ ჩამომწკრივებული კორპუსები კი სიბნელესა და სიჩუმეში რჩებოდნენ.

მაგრამ როგორც კი განთიადი მოახლოვდა, სამუშაო მაგიდასთან მჯდომმა ესაულოვმა ლენინის გამზირზე სადგურის მხრიდან ჩამოქროლილ სასწრაფო დახმარების მანქანას გააყოლა თვალი. მანქანაზე საგანგებო შემთხვევებისთვის განკუთვნილი შუქები კი ანათებდა, მაგრამ სირენა ჩუმად იყო. მძღოლმა სავაჭრო ცენტრ ცისარტყელასთან მკვეთრად მოუხვია, მოედანი სამხრეთის მხრიდან გადაკვეთა და საავადმყოფოს მიმართულებით განაგრძო სვლა. რამდენიმე წუთის შემდეგ მას სასწრაფო დახმარების მეორე მანქანაც მიჰყვა და ისიც იმავე კუთხეში გაუჩინარდა.

ცისფერი შუქები შორ მანძილზე ჩაიკარგა და ქალაქის ქუჩებს ადრინდელი სიმშვიდე დაუბრუნდა. მაგრამ შემდეგ სასწრაფო დახმარების კიდევ ერთმა მანქანამ ჩაიქროლა. და კიდევ ერთმა. ესაულოვმა იეჭვა, რომ ეს უბედური შემთხვევა წინებისგან განსხავევბული იყო.

როგორც კი გათენდა, სადგურის ღამის ცვლაში მომუშავეთა მეგობრებსა და ნათესავებს შორის ხმა გავრცელდა, რომ იქ რაღაც უბედური შემთხვევა მომხდარიყო. თუმცა, დეტალები ზუსტად არავინ იცოდა.

კურჩატოვის ქუჩის კუთხე და ქალაქის მთავარი ბულვარი, ლენინის გამზირი. მარცხნივ ჩანს სავაჭრო ცენტრი რადუგა. სადგურის დირექტორი, ვიქტორ ბრუხანოვი, ბირთვული სადგურის უფროს თანამშრომელთა უმრავლესობის მსგავსად, თავის ოჯახთან ერთად სავაჭრო ცენტრის თავზე, დიდ ბინაში ცხოვრობდა.

ფოტო: Sergey Yakunin / Pripyat-city.ru

დაახლოებით დილის 7 საათისთვის ანდრეი გლუხოვი, სადგურის ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის მუშაკი, სტროიტელის გამზირზე საკუთარ ბინაში იმყოფებოდა, როცა ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. მისი მეგობარი რეკავდა, რომელიც ინსტრუმენტირებისა და კონტროლის განყოფილებაში მუშაობდა. ისიც სახლში იყო და ყური მოეკრა, რომ სადგურზე რაღაც რიგზე ვერ იყო, თუმცა დეტალურად არაფერი იცოდა. როგორც ბირთვული უსაფრთხოების დეპარტამენტის წევრს, გლუხოვს ჰქონდა უფლებამოსილება, ქარხნის რეაქტორული კონტროლის ყველა კაბინეტს პირდაპირ დაკავშირებოდა. მეგობარმა სთხოვა, იქნებ, გადაერეკ-გადმოერეკა და მომხდარში გარკვეულიყო.

საუბრის დასრულებისთანავე გლუხოვმა თავის სხვა მეგობართან, ლეონიდ ტოპტუნოვთან დარეკა, რომელიც მეოთხე ბლოკის რეაქტორული კონტროლის საინჟინრო მაგიდასთან მუშაობდა. ყურმილი არავინ აიღო. "უცნაურია", - გაიფიქრა მან, - "ალბათ, დაკავებულია". ამჯერად ნომერ მეორე კონტროლის ოთახში მოსინჯა დარეკვა და რეაქტორული კონტროლის უფროსმა ინჟინერმაც დაუყოვნებლივ უპასუხა.

"დილა მშვიდობისა, ბორის", - უთხრა გლუხოვმა, - "როგორ მიდის საქმეები?"

"კარგად", - უპასუხა ინჟინერმა, - "მეორე ბლოკში სიმძლავრეს ვზრდით. პარამეტრები ნორმაშია. განსაკუთრებული არაფერი ხდება".

"კარგი. მეოთხე ბლოკზე რას იტყვი?"

ხაზზე ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა.

"გაგვაფრთხილეს, რომ ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. უმჯობესია, ფანჯრიდან გაიხედო".

გლუხოვი აივანზე გავიდა. ბინა მეხუთე სართულზე ჰქონდა და ქალაქის ახალი ეშმაკის ბორბლის უკან მდგარი კორპუსიდან სადგური გარკვევით მოჩანდა. მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი შენიშნა; თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მეოთხე რეაქტორის თავზე კვამლი მოჩანდა. გლუხოვმა ფინჯანი ყავა დალია და ცოლს უთხრა, რომ კურჩაკოვის ქუჩაზე მიდიოდა, რათა სადგურიდან მომავალ ღამის ცვლის ავტობუსს დახვედროდა. მათგან მაინც ხომ გაიგებდა, ზუსტად რა ხდებოდა.

მთელ ქალაქში კორპუსების ფასადები პარტიის ძლიერებისა და ლენინის მიღწევათა საზეიმო ბანერებითა და პოსტერებით იყო გაფორმებული. მარცხენა მხარეს მდებარე კორპუსის სახურავზე დამონტაჟებულ ნიშანზე ვკითხულობთ, მშვიდობა მსოფლიოს.

ფოტო: Sergey Yakunin / Pripyat-city.ru

გლუხოვი ავტობუსის გაჩერებაზე მივიდა, მაგრამ ღამის ცვლის ავტობუსი არ გამოჩენილა. მის ნაცვლად პოლიციელებით გავსებული სატვირთო მანქანა შეჩერდა. გლუხოვმა მათ ჰკითხა, რა ხდებოდა. "გაუგებარია", - უპასუხა ერთ-ერთმა პოლიციელმა, - "რეაქტორის დარბაზის კედელი ჩამოიშალა".

"რა?"

"რეაქტორის დარბაზის კედელი ჩამოიშალა".

ამის დაჯერება წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ტოპტუნოვს აუცილებლად ექნებოდა საჭირო ინფორმაცია.

"შესაძლოა, ავტობუსს ვერ მოვუსწარი", - გაიფიქრა გლუხოვმა, - "ლეონიდი ალბათ უკვე სახლშია".

ავტობუსის გაჩერებიდან ტოპტუნოვის საცხოვრებელ კორპუსამდე 15 წუთზე ნაკლები სავალი მანძილი იყო. გლუხოვი სულ ზედა სართულზე ავიდა, კიბეების თავზე მარჯვნივ შეტრიალდა და დერეფნის ბოლოს აღმართულ კართან შეჩერდა. ნომერი 88 - იკითხებოდა ხელოვნური ტყავისგან ლამაზად დამზადებულ ნიშანზე. ზარი დარეკა. კიდევ ერთხელ დარეკა - კვლავ უშედეგოდ.


ქალაქის აღმოსავლეთ განაპირას მდებარე პრიპიატის საავადმყოფო, სამედიცინო-სანიტარული ცენტრი ნომერი 126, დაბალი რკინის ღობით შემოფარგლულ, ორცხობილასფერი შენობებისგან შემდგარ პატარა კომპლექსს წარმოადგენდა. ის იმისთვის იყო აღჭურვილი, რომ მზარდ ქალაქს და მის ახალგაზრდა მოსახლეობას სათანადოდ მომსახურებოდა. 400-ზე მეტ საწოლიან კომპლექსში 1,200-კაციანი პერსონალი მუშაობდა და მოზრდილი სამშობიარო განყოფილებაც ჰქონდა. მაგრამ იქაურობა კატასტროფულ რადიაციულ ინციდენტთან გასამკლავებლად ნამდვილად არ შეექმნათ და შაბათი დღის გამთენიისას მისი კედლების წინ სასწრაფო დახმარების პირველი მანქანის გამოჩენისთანავე პერსონალს შექმნილი ვითარების ტვირთი მხრებზე მძიმედ დააწვა. რადგან კვირის ბოლო იყო, ექიმების პოვნა გაჭირდა და თავდაპირველად ვერც ვერავინ მიხვდა, რასთან ჰქონდათ საქმე: ფორმიან ახალგაზრდა კაცებს, რომლებიც სადგურიდან მოჰყავდათ, ხანძართან ებრძოლათ და ახლა თავის ტკივილს, ყელის სიმშრალესა და თავბრუსხვევას უჩიოდნენ. ზოგის სახე საშინლად ალისფერი იყო, ზოგის კი - მკვდარივით თეთრი. მალე ყველა მათგანს ღებინება დაეწყო. ხელსაბანებსა და ვედროებს იქამდე ავსებდნენ, სანამ მუცლები არ დაიცარიელეს და ამის მერეც ვერ გაჩერდნენ. პირველადი დახმარების ექთანს ტირილი აუტყდა.

ბავშვები იკრიბებიან აღლუმისათვის, რომელიც ჩერნობილის ატომური სადგურის წარმატებული მუშაობის აღსანიშნავად 1986 წლის აპრილში, უბედური შემთხვევიდან რამდენიმე კვირით ადრე ჩატარდა. სადგურის დირექტორი, ვიქტორ ბრუხანოვი (ქუდსა და ჰალსტუხში) და სადგურის პარტიის მდივანი, სერგეი პარაშინი (სათვალეში) უკიდურეს მარჯვენა მხარეს ჩანან. ამ დროისათვის ბავშვები პრიპიატის მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენდნენ.

ფოტო: Petr Vyhovsky / Pripyat-city.ru

დილის 6 საათისთვის საავადმყოფოს დირექტორმა პაციენტთა ოფიციალურ დიაგნოზად რადიაციული მოწამვლა დაასახელა და ეს ამბავი მოსკოვის ბიოფიზიკის ინსტიტუტს აცნობა. სადგურიდან მოყვანილ ქალებსა და კაცებს სამოსის გახდა და პირადი ნივთების - მაჯის საათების, ფულის, პარტიული ბარათების - ჩაბარება მოსთხოვეს. ყველა ეს საგანი ინფიცირებული იყო. ინციდენტამდე საავადმყოფოში მწოლიარე პაციენტები სახლებში გაგზავნეს, ზოგს პირდაპირ პიჟამებში მოუწია ქუჩაში გასვლა. ექთნებმა საგანგებო სიტუაციების პაკეტები გახსნეს, რომლებიც რადიაციული გაჟონვის დროს გამოსაყენებელი წამლებისა და ერთჯერადი ინვენტარული აღჭურვილობისგან შედგებოდა. დილისთვის კლინიკაში 90 პაციენტი იწვა. მათ შორის ნომერ ოთხ საკონტროლო ოთახში მომუშავეებიც იყვნენ: სარეაქტორო კონტროლის უფროსი ინჟინერი, ლეონიდ ტოპტუნოვი, ცვლის მეთაური, ალექსანდერ აკიმოვი და მათი უშუალო უფორსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე, ანატოლი დიატლოვი.

თავდაპირველად, დიატლოვმა მკურნალობაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მხოლოდ ძილი სჭირდებოდა. მაგრამ, ექთნის დაჟინებით, ინტრავენური ინექცია მაინც გაუკეთეს და, შედეგად, მდგომარეობაც გაუუმჯობესდა. არც სხვებს აღენიშნებოდათ განსაკუთრებულად საშიში სიმპტომები. უფროსი ინჟინერ-მექანიკოსი, ალექსანდრე იუვჩენკო თავსბრუსხვევას გრძნობდა და აღელვებული იყო, მაგრამ მალე ჩაეძინა და მხოლოდ მას შემდეგ გაეღვიძა, რაც ექთანმა წვეთოვანი გადასხმის დასაყენებლად მიაკითხა. იუვჩენკომ მასში თავისი მეზობელი ამოიცნო და სთხოვა, როცა ცვლას დაამთავრებდა, მისი მეუღლე ეპოვა და ეთქვა, რომ არ ენერვიულა და რომ ის სახლში მალე დაბრუნდებოდა. იქამდე კი იუვჩენკო და მისი მეგობრები იმის დადგენას ცდილობდნენ, რენტგენის ბიოლოგიური ეკვივალენტის საზომით რა რაოდენობის დასხივება მიეღოთ. მათი ვარაუდი 20-დან 50-მდე მერყეობდა. მაგრამ პალატაში მყოფთაგან ერთი წყალქვეშა გემის ბირთვული ავარიის შემსწრე აღმოჩნდა და გამოცდილებაზე დაყრდნობით აღნიშნა: "50-ზე ღებინება არ გეწყება".

ვლადიმერ შაშენოკი, რომელიც ხარჯსაზომის ოთახის ნანგრევებიდან კოლეგებმა იხსნეს, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საავადმყოფოში მიიყვანეს. მისი სხეული დამწვრობებსა და წყლულებს დაეფარა, გულის ფიცარი ჩანგრეოდა და წელშიც გადატეხილიყო. როცა პალატაში შეიყვანეს, ექთანმა დაინახა, რომ ტუჩებს ამოძრავებდა; ის ლაპარაკს ცდილობდა. ექთანი მისკენ დაიხარა. "მომშორდი - რეაქტორის განყოფილებიდან ვარ", - გაიგონა მან.

ექთნებმა მას კანიდან ნაკუწებად ააჭრეს დაბინძურებული ტანსაცმელი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, მაგრამ მისთვის ბევრი ვერაფრის გაკეთება შეეძლოთ. დილის 6 საათისთვის შაშენოკი გარდაცვლილი იყო.


სახლში, სტალინგრადის გმირების ქუჩაზე, დაახლოებით დილის 8 საათისთვის მარია პროცენკოს ქვედა ბინიდან უცნაური ხმები მოესმა. როგორც მეზობლებისთვის მნიშვნელოვანი ამბის შეტყობინების ან განსაკუთრებულად გემრიელი საჭმლის გაზიარების სურვილის გაჩენისას სჩვეოდა, პროცენკომ ახლაც სამზარეულოს რადიატორზე კოვზით დააკაკუნა. პასუხი ჩხაკუნის ფორმით იმ წამსვე მოვიდა: დაბლა ჩამოდი!

ქალაქ პრიპიატის მთავარი არქიტექტორი, მარია პროცენკო (შუაში) მერის მოადგილე, ალექსანდერ ესაულოვთან (მარჯვნივ) და მწერალ და პოლიტიკოს იური შერბაკთან (მარცხნივ) ერთად. ფოტო გადაღებულია 1986 წლის უბედური შემთხვევის შემდეგ.

ფოტო: Maria Protsenko

პროცენკო პატარა ტანის, მაგრამ დიდი გავლენის მქონე 40 წლის ქალი იყო, მოკლედშეკრეჭილი მუქი, ხვეული თმით. ჩინელი და რუსი მშობლების პატრონი, ჩინეთში კი დაბადებულიყო, მაგრამ ხასიათი საბჭოთა კავშირში ცხოვრებით გამოეწრთო. ბაბუამისი სტალინური წმენდის პერიოდში გადაესახლებინათ გულაგში. ჯერ კიდევ ფეხაუდგმელი იყო, როდესაც მისი ორივე ძმა დიფტერიისგან გარდაიცვალა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ჩინეთის სასაზღვრო ქალაქში, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, კომენდანტის საათის მოქმედებისას ექიმამდე მიღწევა შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ დარდს გადაყოლილი მამა ოპიუმზე დამოკიდებული გახდა, დედა კი საბჭოთა ყაზახეთში გაიქცა, სადაც მარია მარტომ გაზარდა.

უსტ-კამენოგორსკის გზებისა და ტრანსპორტის ინსტიტუტში არქიტექტურულის დამთავრების შემდეგ პროცენკო შვიდი წლის განმავლობაში პრიპიატის უფროს არქიტექტორად მუშაობდა და ისპოლკომის მეორე სართულზე საკუთარი კაბინეტითაც სარგებლობდა. სწორედ აქედან ხელმძღვანელობდა ის პრიპიატის ახალ სამშენებლო პროექტებს და დეტალებისადმი საბჭოური მენტალიტეტისთვის ფრიად უცხო ინტერესსაც ავლენდა. რადგან ჩინური წარმოშობის გამო პარტიის წევრობაზე უარი ეთქვა, პროცენკო ქვეყნისადმი თავდადებას მუხლჩაუხრელი შრომით ამტკიცებდა. ის ქალაქის ქუჩებს სახაზავით ხელში უვლიდა ხოლმე, რათა ახალ საცხოვრებელ კორპუსებში ბეტონის პანელების ხარისხი თავად შეემოწმებინა. არც მუშებისთვის ინანებდა საყვედურებს უხარისხოდ დაგებული ტროტუარების გამო: "ბავშვები ფეხებს რომ დაიტეხენ, მერე როგორ იგრძნობთ თავს?" და როცა მსუბუქი დატუქსვა არ ამართლებდა, ლანძღვაზეც კი გადადიოდა ხოლმე. ბევრ მუშას ეშინოდა მისი.

პრიპიატის მრავალი საცხოვრებელი კორპუსი და მთავარი შენობები - კულტურის სასახლე, სასტუმრო, თავად ისპოლკომის შენობაც - იმ სტანდარტული ფორმატით იყო აგებული, რომელიც მოსკოვში დამტკიცდა და საბჭოთა კავშირის ყველა ქალაქში იდენტური არქიტექტურის შექმნის გეგმას ემსახურებოდა. მაგრამ პროცენკომ ყველა ღონე იხმარა, რომ თავისი ქალაქის ნაგებობებს უნიკალურობის ბეჭედი დასმოდა. მიუხედავად გაბატონებული სახელმწიფო დოქტრინისა, რომელიც პროლეტარული ესთეტიკის სახელით მოიხსენიებოდა და დასავლური ინდივიდუალიზმის დეკადენტურ ახირებას ეკონომიის სასარგებლოდ უარყოფდა, პროცენკოს უნდოდა, რომ შენობები ლამაზები ყოფილიყო. ის სამშენებლო ხის, კერამიკის ფილების თუ გრანიტის მწირ მარაგს გონივრულად ახმარდა პრიპიატის საზოგადოებრივი შენობების ინტერიერის გაფორმებას. შედეგად, ქალაქის მთავარი რექსტორნის იატაკი ბოტანიკური ქარაგმების მქონე პარკეტით იფარებოდა, კულტურის სასახლის კედლებში კი მარმარილოს მცირე ზომის ფილები ჩნდებოდა. პროცენკოს თვალწინ ქალაქის ორ მიკრორაიონს ჯერ მესამე, შემდეგ კი მეოთხე დასახლებაც მიემატა. ის ახალი ქუჩებისთვის სახელების შერჩევაშიც მონაწილეობდა და ქალაქის კეთილმოწყობისთვის განკუთვნილ თითოეულ ახალ გეგმას მთელი გულისყურით ჩაჰკირკიტებდა. ბიბლიოთეკა, საცურაო აუზი, სავაჭრო ცენტრი, სპორტული მოედანი - ყველაფერმა მის ხელებში გაიარა.

როცა იმ დილით პროცენკომ საკუთარი ბინა დატოვა, ჯერ კიდევ დარწმუნებული იყო, რომ მთელ დღეს თავის კაბინეტში გაატარებდა და ქალაქის მორიგი გაფართოების გეგმაზე იმუშავებდა. წინა დღით მას კიევის ურბანული განაშენიანების ინსტიტუტიდან ჩამოსული დელეგაციითვის ემასპინძლა. ისინი გაერთიანებული ძალებით გეგმავდნენ ქალაქ პრიპიატის მეექვსე ახალი რაიონის ინსფრასტრუქტურას. ახალი უბნისთვის მიწა მდინარის პირას გაემოყოთ და იქ ის მუშები უნდა დასახლებულიყვნენ, რომლებიც სადგურის დირექტორის, ვიქტორ ბრუხანოვის ახალი უზარმაზარი სადგურის, ჩერნობილი ორის პირველ რეაქტორებს აამუშავებდნენ. ფსკერსაღრმავებელი სამუშაოები უკვე დაწყებული იყო და ახალი უბნის საძირკვლის უზრუნველსაყოფად მდინარის ფსკერიდან ქვიშაც ამოჰქონდათ. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ პრიპიატი 200,000-ზე მეტი ადამიანისთვის გახდებოდა სახლი.

როგორც საბჭოთა კავშირის ნებისმიერ მოზრდილ ქალაქს, პრიპიატსაც უნდა ჰქონოდა ლენინის საკუთარი ქანდაკება. უბედური შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ქალაქის საბჭომ ძეგლის დიზაინის კონკურსი გამოაცხადა. მისთვის განკუთვნილი ადგილმდებარეობა ლენინის გამზირზე სამკუთხა სტრუქტურით უკვე მონიშნული იყო. ეს პედესტალი ფოტოს მარცხენა ზედა კუთხეში მოჩანს.

ფოტო: Stanislav Konstantinov / Pripyat-city.ru

იმ დროისთვის, როცა პროცენკომ ქვედა სართულის ბინამდე მიაღწია, 8 საათს გადაცილებული იყო. მისი 15 წლის ქალიშვილი სკოლაში უკვე წასულიყო, მის მეუღლეს კი, რომელიც ქალაქის ავტომექანიკოსად მუშაობდა, ჯერ კიდევ ეძინა. მას მეზობლები - ახლო მეგობარი სვეტლანა და მისი მეუღლე ვიქტორი - სამზარეულოს მაგიდასთან მსხდომები დაუხვდა. მიუხედავად დილის საათებისა, ისინი სახლში გამოხდილ არაყს, სამოგონს სვამდნენ. სვეტლანამ უთხრა, რომ მის ძმას სადგურიდან დაერეკა. იქ აფეთქება მომხდარიყო.

"შიტიკიებს ვაფრთხობთ!" - თქვა ვიქტორმა ჭიქის აწევით. როგორც სადგურში მომუშავე ბევრ სხვა მშენებელსა და ტექნიკოსს, მასაც სჯეროდა, რომ რადიაცია სისხლში დაბინძურებულ ნაწილაკებს - შიტიკიებს - აჩენდა, რომელთა საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებაც არაყი იყო. ზუსტად იმ დროს, როცა პროცენკო მეზობელს უხსნიდა, რომ სამოგონს ვერაფრის დიდებით ვერ დალევდა, კარის ზღურბლზე მისი ქმარიც გამოჩნდა: "გირეკავენ".

მდივანი იყო აღმასრულებელი კომიტეტიდან. "მოვდივარ", - ჩასძახა ყურმილს პროცენკომ.


დილის 9 საათისთვის პრიპიატის ქუჩებში მილიციის ასობით თანამშრომელი მობილიზირდა და ქალაქში შემავალი ყველა გზა ბარიკადებით გადაიკეტა. მაგრამ სანამ ქალაქის მმართველები - მათ შორის პროცენკო, მერის მოადგილე ესაულოვი, პრიპიატის საქალაქო თავდაცვის უფროსი და სკოლისა და საწარმოების დირექტორები - საგანგებო სიტუაციასთან გასამკლავებლად ისპოლკომის შენობაში იკრიბებოდნენ, პრიპიატის დანარჩენ ქუჩებზე დღე ზუსტად ისე დაიწყო, როგორც არაფრით გამორჩეული შაბათის თბილ დილას შეეფერებოდა.

ქალაქის ხუთ სკოლაში და ოქროს თევზისა და მზის ნათების საბავშვო ბაღებში ათასობით ბავშვს დაეწყო გაკვეთილები. გარეთ, ხეების ჩრდილქვეშ, დედები ბავშვებს ეტლებით ასეირნებდნენ. ზოგი პლაჟზე გასარუჯად წავიდა, ზოგიც - სათევზაოდ ან მდინარეში საცურაოდ. სასურსათო მაღაზიებიდან მყიდველებმა საპირველმაისოდ ახალი პროდუქტი, სოსისი, ლუდი და არაყი მოიმარაგეს. ზოგიც ქალაქის განაპირა დაჩებსა და ბოსტნების მოსანახულებლად გაემგზავრა. მდინარის ნავსადგომთან, კაფეს გარეთ, წინა-საქორწინო სამზადისი გაჩაღებულიყო, სტადიონზე ქალაქის საფეხბურთო გუნდი შუადღის მატჩისთვის ხურდებოდა.

ყოველ წელს პრიპიატში საბჭოთა კავშირის მთავარი დღესასწაულები აღლუმებით აღინიშნებოდა. 1986 წლის 25 აპრილს, პარასკევ დღეს, ქალაქის მოსახლეობა დასვენების დღეების მოლოდინში იყო: ჯერ მშრომელთა საერთაშორისო დღე უნდა ეზეიმათ, შემდეგ კი 9 მაისი - საბჭოთა კავშირის გამარჯვება ფაშისტურ გერმანიაზე.

ფოტო: Sergey Yakunin / Pripyat-city.ru

ამ დროს კი მეოთხე სართულზე, საკონფერენციო დარბაზში პარტიის მეორე მდივანი კიევის რეგიონში, ვლადიმერ მალომუჟი სცენაზე იდგა. მალომუჟი კიევიდან ერთი თუ ორი საათის ჩამოსული იყო და რადგან საგანგებო მდგომარეობისას ადგილობრივი მმართველობა პარტიას უნდა დამორჩილებოდა, ახლა სწორედ ის ედგა საქმეებს სათავეში. მის გევრდით ქალაქის ორი ყველაზე გავლენიანი პირი - სადგურის დირექტორი ვიქტორ ბრუხანოვი და სამშენებლო უფროსი ვასილი კიზიმა - იდგა.

"უბედური შემთხვევა მოხდა", - თქვა მალომუჟმა, მაგრამ დამატებითი ინფორმაცია არ გაუცია, - "მდგომარეობა ამ დროისათვის ფასდება. მეტი დეტალი რომ გვეცოდინება, შეგატყობინებთ".

იქამდე კი, დაურთო მან, პრიპიატში ცხოვრება ჩვეულებრივად უნდა გაგრძელებულიყო. ბავშვები სკოლებში უნდა დარჩელიყვნენ; მაღაზიები ღია უნდა ყოფილიყო; იმ დღეს დაგეგმილი ქორწილები უნდა გამართულიყო.

ბუნებრივია, კითხვებიც გაჩნდა. მესამე სკოლის ახალგაზრდა პიონერები - ჯამში 1,500 ბავშვი - იმ დღეს კულტურის სასახლეში უნდა შეკრებილიყვნენ. ძალაში დაეტოვებინათ ეს შეხვედრა? მომდევნო დღეს ქალაქის ქუჩებში საბავშვო გამაჯანსაღებელი გარბენი იყო დაგეგმილი. არც ეს უნდა გადადებულიყო? მალომუჟმა სკოლის დირექტორი დაარწმუნა, რომ გეგმების შეცვლა საჭირო არ იყო; ყველაფერი ჩვეულებრივად უნდა გაგრძელებულიყო. "და, გთხოვთ, ნუ დაპანიკდებით", - თქვა მან, – "არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში".

ქალაქი პრიპიატი ატომგრადი - ატომური ქალაქი იყო, რომელიც ტექნიკოსების, ატომურ სადგურში მომუშავეთა და მათი ოჯახების საცხოვრებლად აშენდა. 1986 წლის აპრილისთვის ქალაქის მოსახლეობა თითქმის 50,000-ს შეადგენდა, თუმცა ზომით იმდენად პატარა იყო, რომ ფეხით მისი გადაკვეთა 15 წუთში იყო შესაძლებელი.

ფოტო: Vitaly Kozlov / Pripyat-city.ru

ჩერნობილის ატომური ენერგიის სადგურის მთავარი ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი უბედურ შემთხვევამდე. სახურავი და ფასადი შთამაგონებელი სლოგანებითაა გაფორმებული. სადგური პრიპიატიდან სულ რაღაც 3 კილომეტრში მდებარეობდა.

ფოტო: Pripyat-city.ru

კომუნისტურმა პარტიამ და მოსკოვის საბჭოთა ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყვეს, რომ პრიპიატი საბჭოთა კავშირის ბევრ სხვა, უფრო დიდ ქალაქზე უკეთ მომარაგებულიყო. აქ მაღაზიებში ისეთ სასურსათო და სამომხმარებლო საქონელს გადააწყდებოდი, რომლებიც კიევსა და მინსკშიც კი არ იყო ხელმისაწვდომი. ფოტოზე ნაჩვენები მაღაზია 1977 წელს ჩერნობილის პირველი რეაქტორის ამოქმედებიდან მალევე გაიხსნა.

ფოტო: Vitaly Kozlov / Pripyat-city.r

არქიტექტორებმა ქალაქის ბუნებრივ გარემოსთან ინტეგრირებისთვისაც იზრუნეს, რათა ასე დახმარებოდნენ გამოცდილი კადრების მოზიდვას მთელი საბჭოთა კავშირიდან. პრიპიატი ხეებითა და ყვავილებით ჰყვაოდა.

ფოტო: Vitaly Kozlov / Pripyat-city.

პრიპიატი გარშემორტყმული იყო ტყითა და თეთრი ქვიშის პლაჟებით. თბომავალი ყოველდღიურ იაფ და სწრაფ კავშირს უზრუნველყოფდა კიევთან, რომელიც სამხრეთით 2 საათის მგზავრობის სიშორეზე მდებარეობდა.

ფოტო: Vitaly Kozlov / Pripyat-city.ru

ქალაქს სახელი იმ მდინარის მიხედვით დაერქვა, რომლის ნაპირებზეც გაშენდა. პრიპიატი მდინარე დნეპრის შენაკადებით დასერილი ჭაობიანი დაბლობის შუაგულში მდებარეობდა. დნეპრი, შავ ზღვაში ჩადენამდე, კიევს სასმელი წყლით ამარაგებდა.

ფოტო: Pripyat-city.ru